ბრძანება N 17602
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17602
05 აგვისტო 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ ------- (პ/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის პირველი და 2 ივლისის საჩივრების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 24 ივლისის სხდომაზე (ოქმი №59) განიხილა ფ/პ ------- (პ/ნ -------) 2025 წლის პირველი ივლისის №102917/21 და 2 ივლისის №568152 (რეგ. №103981/21) საჩივრები, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 დეკემბრის №086-57 საგადასახადო მოთხოვნას და ითხოვს დავის დაწყებას ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე ითხოვს დავის დაწყებას. წარმოდგენილი აქვს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ 2025 წლის 30 ივნისს გაცემული ცნობა №9325/15-14-01, სადაც აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე შპს „-------“-ის ხელმძღვანელ პირთა მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე. აცხადებს, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე 2024 წლის 8 აგვისტოს მოწმის სახით გამოკითხულ იქნა მომჩივანი და ამ ეტაპზე საქმეზე გრძელდება გამოძიება. აცხადებს, რომ მისთვის ცნობილი არ იყო სისხლის სამართლის საქმის წარმოების თაობაზე და შესაბამისად, აღნიშნული წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ფაქტს, რომელიც არ იყო ცნობილი 2025 წლის 30 ივნისამდე და არსებით გავლენას ახდენს განსახილველ საქმეზე. მიიჩნევს, რომ შპს „-------“-ის ხელმძღვანელ პირთა მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე და შპს „-------“-ის მიერ გაფორმებულ შესყიდვის აქტებზე გამოძიების წარმოება ცალსახად მოწმობს იმას, რომ მომჩივნის მიმართ გამოცემული აქტი ეყრდნობა შპს „-------“-ის მიერ გაყალბებულ შიდა სამეურნეო დოკუმენტაციაში არსებულ შესყიდვის აქტებს, რომლებიც როგორც ამ ეტაპზე დადგენილია შპს „-------“-ის მიერ 2020-2023 წლებში მოტყუებით და უკანონოდ იქნა შედგენილი მომჩივნის ნების და ინფორმირებულობის გარეშე. აცხადებს, რომ გაყალბებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გამოცემული საგადასახადო შემოწმების აქტი და საგადასახადო მოთხოვნა ბათილად უნდა იქნას მიჩნეული. მომჩივანი ითხოვს მოქალაქის საკუთრების უფლების და საქართველოს ადმინისტრაციული სამართლის ძირითადი პრინციპების დაცვას და ასევე ადმინისტრაციული ორგანოს ძირითადი ვალდებულებების ფარგლებში აღსრულებითი ქმედებებისგან თავის შეკავებას. ასევე აღნიშნული ახლად აღმოჩენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების აქტის გადახედვას და ხელახლა განხილვა/გაბათილებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 დეკემბრის №30231 ბრძანების საფუძველზე ფ/პ ------- (პ/ნ -------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში შპს „-------“-თვის (ს/ნ -------) სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდების ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 5 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 დეკემბრის №30602 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №086-57 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 68 012 ლარი, მათ შორის გადასახადი 37 700 ლარი, ჯარიმა 18 850 ლარი და საურავი 11 462 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების ან მტკიცებულების საფუძვლით დავის დაწყების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. ხოლო ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი ვალდებულია დაამტკიცოს, რომ კონკრეტული გარემოება, რომელსაც იგი ემყარება დავის დაწყების მოთხოვნისას, ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებაა და აღნიშნული გარემოების შესახებ არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელის მიერ საჩივრებში აღნიშნული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების საფუძველს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების საფუძველი. ამდენად, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 დეკემბრის №086-57 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ ფ/პ ------- (პ/ნ -------) მიერ 2023 წლის 6 დეკემბრის №086-57 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2024 წლის 25 იანვარს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 თებერვლის №1983 ბრძანებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი. ასევე, 2024 წლის 10 დეკემბერს და 2025 წლის 28 აპრილს წარმოდგენილი საჩივრები, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 დეკემბრის №26995 და 2025 წლის 28 აპრილის ბრძანებებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ფ/პ ------- (პ/ნ -------) 2025 წლის პირველი და 2 ივლისის საჩივრები, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 დეკემბრის №086-57 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, უნდა დარჩეს განუხილველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ფ/პ ------- (პ/ნ -------) საჩივრები ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო დავის დაწყების მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
2. ფ/პ ------- (პ/ნ -------) საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 დეკემბრის №086-57 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;
3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე ითხოვს დავის დაწყებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ მომჩივანის მიერ 2023 წლის 6 დეკემბრის №086-57 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2024 წლის 25 იანვარს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 თებერვლის №1983 ბრძანებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი. ასევე, 2024 წლის 10 დეკემბერს და 2025 წლის 28 აპრილს წარმოდგენილი საჩივრები, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 დეკემბრის №26995 და 2025 წლის 28 აპრილის ბრძანებებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 2025 წლის პირველი და 2 ივლისის საჩივრები, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 დეკემბრის №086-57 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299(7); 301(ე, ზ)