ბრძანება N 10272

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 21.05.2025
№ დოკუმენტი 10272
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 10272

21 მაისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“(ს/ნ ------)

(მის.:---------)

2025 წლის 23 აპრილის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 7 მაისის სხდომაზე (ოქმი №36) განიხილა შპს „------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 23 აპრილის №95211/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 აპრილის №038-2 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. მომჩივანი არ ეთანხმება ურთიერთდამოკიდებულ პირზე მიწოდებული საქონლის საბაზრო ფასსა და რეალიზაციისას დაფიქსირებულ ფასს შორის გამოვლენილი სხვაობის საწარმოს დირექტორის სარგებლად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ურთიერთდამოკიდებული პირის მიმართ არსებული საწარმოს დებიტორული დავალიანების ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირებას და სესხზე დარიცხული პროცენტის სარგებლად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 იანვრის №1010 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის 29 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 8 აპრილის №6789 ბრძანება და 10 აპრილის №038–2 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 150 528 ლარი, მათ შორის გადასახადი 87 448 ლარი, ჯარიმა 44 291 ლარი და საურავი 18 789 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

1. შპს „--------“ მიერ 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მაისის ჩათვლით განხორციელებულია სხვადასხვა დასახელების საქონლის რეალიზაცია ი/მ ----------- (ს/ნ ---------), რომელიც არის საწარმოს ურთიერთდამოკიდებული პირი, კერძოდ, საწარმოს დირექტორის, ------- შვილი. შემოწმებას გადამხდელმა მიაწოდა განხორციელებული რეალიზაციების თვითღირებულებების ზუსტი გაანგარიშება (თვითღირებულება გამოყვანილია რეალიზებულ საქონელში შემავალი სხვადასხვა კომპონენტების საფუძველზე). შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელი სხვა მომხმარებლებთან რეალიზაციის დროს იყენებდა - 36,6%-იანი ფასნამატს, ხოლო ი/მ -------- საქონელი მიწოდებული ჰქონდა -17,6%-იანი ფასნამატით. შემოწმების მიერ სხვაობის თანხა, რომელიც წარმოიშვა ი/მ ---------- განხორციელებული რეალიზაციის საბაზრო ფასსა და რეალიზაციის დაფიქსირებულ ღირებულებას შორის, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სარგებლად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2. შპს „---------“ შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული აქვს საქონლის რეალიზაცია საწარმოს ურთიერთდამოკიდებულ პირზე, ი/მ ---------- (ს/ნ ------------). ნაწილი განხორციელებული რეალიზაციებისა ანაზღაურებულია ეტაპობრივად, ხოლო ნაწილი მათგანი არ არის ანაზღაურებული შემოწმების დასრულებამდე და საწარმოს ნაჩვენები აქვს, როგორც დებიტორული დავალიანება. ფაქტობრივი გარემოებებით დადგინდა, რომ საწარმოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში უფიქსირდება აუნაზღაურებელი დებიტორული დავალიანება, რომელიც შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა სესხად, ხოლო სესხზე დარიცხული პროცენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებულ სარგებლად (20%). შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადი. ასევე, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.

ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ი“ ქვეპუნქტის თანახმად:

ბ) ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

ი) ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება სარგებლის საბაზრო ფასი ამ კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით.

,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება ურთიერთდამოკიდებულ პირზე მიწოდებული საქონლის საბაზრო ფასსა და რეალიზაციისას დაფიქსირებულ ღირებულებას შორის გამოვლენილი სხვაობის დირექტორის სარგებლად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ საწარმოს დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, პროდუქციის შემდგომი რეალიზაციისთვის მოხდა მისი მიყიდვა ი/მ ------ (დირექტორის შვილზე), რომელიც შეძლებდა ბიზნესის გაგრძელებას. 2022 წლის შემდეგ არც შპს „---------“ და არც ი/მ --------- არ განუხორციელებია კარებების იმპორტი, რადგან კოვიდის შემდგომ მოხდა ფასების ვარდნა ამ სეგმენტზე, რამაც პროდუქციის რეალიზაციის ფაქტობრივი შეჩერება გამოიწვია. მიუთითებს, რომ პროდუქცია, რომელიც მიყიდა ი/მ --------, უმეტესწილად წარმოადგენდა სხვა დიდი კომპანიებიდან უკან დაბრუნებულ საქონელს, რომლის მოდელებიც იყო მოძველებული. ეს იყო პროდუქცია, რომელიც ვერ გაყიდეს ისეთმა დიდმა კომპანიებმა, რომლებსაც ჰყავთ სტაბილური კლიენტურა და მნიშვნელოვანი მარკეტინგული და სარეკლამო რესურსები. ასევე, აღსანიშნავია, რომ მოხდა უკან დაბრუნებული საქონლის ერთიანი შესყიდვა და ი/მ ------- არსებული ნაშთი შეიძინა შემდგომი რეალიზაციის მიზნით და თუ მასთან შპს „--------“ გაავრცელებდა საცალო ფასს, რასაკვირველია, მისთვის ეს საქონელი არ იქნებოდა საინტერესო. ეს ყველაფერი კი ცხადყოფს, რომ საბითუმო ფასნამატი (17.6%) შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ი/მ ---------- მიმართ არსებული დებიტორული დავალიანების ფიზიკურ პირზე გაცემული სესხად დაკვალიფიცირებას და სესხზე დარიცხული პროცენტის სარგებლად განხილვას. მიუთითებს, რომ დებიტორული დავალიანება წარმოიშვა მხოლოდ ჩვეულებრივი ბიზნეს ოპერაციების შედეგად, კერძოდ, საქონლის რეალიზაციიდან. ასეთივე პრაქტიკა ჰქონდა სხვა ბიზნესპარტნიორებთანაც, როგორებიცაა ჰიპერმარკეტი: "--------", "----------", "-----------" და სხვ. აღსანიშნავია, რომ ი/მ ---------- რეალიზებული პროდუქციის ნაწილი ეტაპობრივად ანაზღაურდა, ხოლო ის ნაწილი, რომელიც არ გაიყიდა, არ არის ანაზღაურებული და ფიგურირებს როგორც დებიტორული დავალიანება. სწორედ ეს გაუყიდავი პროდუქცია, რომელიც ფიზიკურად დღესაც არსებობს, არასწორად იქნა კვალიფიცირებული საგადასახადო ორგანოს მიერ როგორც სესხი. გადამხდელს სურს, რომ როგორც სხვა ბიზნეს პარტნიორებთან მიმართებაში არსებული დებიტორული დავალიანება გაუქმდა პროდუქციის უკან დაბრუნების გზით, აღნიშნული პრაქტიკა გავრცელდეს --------- შემთხვევაშიც და ანულირდეს დებიტორული დავალიანება პროდუქტის უკან დაბრუნების გზით. მიუთითებს, რომ კოვიდის შემდგომ პერიოდში კარებების ბაზარზე ფასების ვარდნამ და მოთხოვნის შემცირებამ გამოიწვია პროდუქციის რეალიზაციის ფაქტობრივი შეჩერება.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის თანახმად მომჩივანი მზაობას გამოთქვამს უკან დაიბრუნოს ი/მ ----------- მიწოდებული საქონელი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ი/მ -------- (ს/ნ --------) მიწოდებული საქონლის უკან დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ ი/მ --------- მიწოდებული საქონლის უკან დაბრუნების ფაქტი, აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით: ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ი/მ ---------- (ს/ნ -----------) მიწოდებული საქონლის უკან დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები; ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ ი/მ --------- მიწოდებული საქონლის უკან დაბრუნების ფაქტი, აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. მომჩივანი არ ეთანხმება ურთიერთდამოკიდებულ პირზე მიწოდებული საქონლის საბაზრო ფასსა და რეალიზაციისას დაფიქსირებულ ფასს შორის გამოვლენილი სხვაობის საწარმოს დირექტორის სარგებლად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ურთიერთდამოკიდებული პირის მიმართ არსებული საწარმოს დებიტორული დავალიანების ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირებას და სესხზე დარიცხული პროცენტის სარგებლად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.შპს-ს მიერ განხორციელებულია სხვადასხვა დასახელების საქონლის რეალიზაცია ი/მ-ზე რომელიც არის საწარმოს ურთიერთდამოკიდებული პირი, კერძოდ, საწარმოს დირექტორის შვილი. შემოწმებას გადამხდელმა მიაწოდა განხორციელებული რეალიზაციების თვითღირებულებების ზუსტი გაანგარიშება (თვითღირებულება გამოყვანილია რეალიზებულ საქონელში შემავალი სხვადასხვა კომპონენტების საფუძველზე). შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელი სხვა მომხმარებლებთან რეალიზაციის დროს იყენებდა - 36,6%-იანი ფასნამატს, ხოლო ი/მ -ზე საქონელი მიწოდებული ჰქონდა -17,6%-იანი ფასნამატით. შემოწმების მიერ სხვაობის თანხა, რომელიც წარმოიშვა ი/მ-ზე, განხორციელებული რეალიზაციის საბაზრო ფასსა და რეალიზაციის დაფიქსირებულ ღირებულებას შორის, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სარგებლად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

2.შპს-ს შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული აქვს საქონლის რეალიზაცია საწარმოს ურთიერთდამოკიდებულ პირზე, ი/მ-ზე ნაწილი განხორციელებული რეალიზაციებისა ანაზღაურებულია ეტაპობრივად, ხოლო ნაწილი მათგანი არ არის ანაზღაურებული შემოწმების დასრულებამდე და საწარმოს ნაჩვენები აქვს, როგორც დებიტორული დავალიანება. ხოლო სესხზე დარიცხული პროცენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებულ სარგებლად (20%). შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადი. ასევე, განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ი/მ-ის მიწოდებული საქონლის უკან დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები; აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირება);

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:18;73(9);982(3);101(2);154(1);