გადაწყვეტილება №28276/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№28276/2/2026
02 ნოემბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,23.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 12.10.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28276/2/2026).
დავის საგანი:
შემოსვლების სამსახურის 30.12.2025 წლის №28865 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 11.08.2026 წლის №021-88 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 23.09.2026 წლის №20913 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 156 232.72 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 74 630.17
დღგ - 63 449.97
საშემოსავლო გადასახადი - 11 180.20
ჯარიმა - 42 301.84
საურავი - 39 300.71
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს როგორც იმპორტირებული, ასევე ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი ტყავეულითა და სხვა სახის ქსოვილებით ვაჭრობა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.06.2025 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 23 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
- შემოწმების საწყის ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა ორისი, მოგვიანებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ინვენტარიზაციის ჩატარების პროცესში გამოიკვეთა, რომ კომპანიას ჰქონდა სასაწყობე პროგრამა - ფინა. პროგრამები ერთმანეთთან არ მოდიოდა შესაბამისობაში, კერძოდ, სასაწყობე პროგრამაში რეალიზაციით მიღებული შემოსავალი (ნაღდი ანგარიშსწორების გზით) აღემატებოდა ორისის ბაზებში აღწერილ მონაცემებს. ფინას პროგრამაში ასახული მონაცემები შედარებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებს (რომლის კომენტარის ველში მითითებული იყო ანგარიშსწორების ფორმა), რის შედეგადაც დადგინდა ფინას საბუღალტრო პროგრამაში მითითებული მონაცემების მართებულობა. აქედან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საბუღალტრო პროგრამა ფინას მონაცემებით, რომლის მიხედვითაც დაადგინა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. კერძოდ, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა პროგრამით აღრიცხული ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული შემოსავლისგან, რომელსაც დაემატა ბანკში ჩარიცხული თანხები და ტერმინალის გზით ანგარიშსწორება. შემოწმების პროცესში, ბუღალტრული პროგრამის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ ბუღალტერიაში აღრიცხული რეალიზებული საქონლის ღირებულება აღემატებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. აქედან გამომდინარე, დეკლარირებულ მონაცემებსა და ბუღალტერიაში აღრიცხულ გატარებებს შორის გამოვლენილი სხვაობა, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, დაექვემდებარა დაბეგვრას, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
ამასთან, გაზრდილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შესაბამისად, კორექტირებას დაექვემდებარა კომპანიის შემოსავლები. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვისა და საბანკო ამონაწერების გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში დადგენილი შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და აგროსილი თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა;
- ბუღალტრული პროგრამისა და საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან ბოლომდე, აქვს უძრავი დებიტორული დავალიანება, რომელიც შეადგენს 517 726 ლარს. კომპანიას აღნიშნულ არარეზიდენტთან უფიქსირდებოდა საწყისი დავალიანებაც, შემდგომ 2022 წელს აღნიშნული დავალიანების ნაშთი სტაბილურად ზრდადია. 2022 წლის ბოლოსთვის ჩარიცხულმა ავანსის თანხამ შეადგინა 517 726 ლარი, სანაცვლოდ კი არც საქონლის მიღება და არც თანხის უკან დაბრუნება არ მომხდარა. აქედან გამომდინარე, 2022 წლიდან დებიტორული დავალიანების ნაშთი უძრავადაა. შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებითა და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ 2024 წლის 29 ოქტომბრის №23106 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითებით - ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის თაობაზე, რომლის მიხედვითაც, კომპანიის მიერ არარეზიდენტზე ავანსის სახით ჩარიცხული თანხები დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და აგროსილი თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტი 2025 წლის 24 ოქტომბრის №23514 ბრძანება და №021-109 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 30 დეკემბრის №28865 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტებით მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით სადავო საკითხების ყოველმხრივ შესწავლა/გამოკვლევა, საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელს არ გაუსაჩივრებია.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 30 დეკემბრის №28865 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 29 ივლისის დასკვნის მიხედვით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა 553 721 ლარით. აღნიშნულის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 11 აგვისტოს №021-88 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 23.09.2026 წლის №20913 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტმა კომპანიის შემოსავლების გასაანგარიშებლად ბუღალტრული პროგრამის ნაცვლად იხელმძღვანელა გადასახადის გადამხდელის მიერ სალარო აპარატზე ამორტყმული ჩეკების, ტერმინალის ოპერაციებისა და საბანკო ამონაწერებში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე, რადგან დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის შემოსავალი არ იყო შესაბამისობაში ფინას პროგრამაში მითითებულ მონაცემებთან. გარდა ამისა, კომპანიას ბუღალტრულად უფიქსირდებოდა დამფუძნებლის წინაშე სასესხო ვალდებულება 937 497 ლარის ოდენობით. შემოწმების მიერ სრულად იქნა შესწავლილი სასესხო ანგარიშის ყველა გატარება და წინა პერიოდის ფულის მოძრაობის ანალიზით გამოიკვეთა სესხის საჭიროება. შემოწმების პროცესში, ბუღალტრული პროგრამისა და საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან ბოლომდე ჰქონდა უძრავი დებიტორული დავალიანება, რომელიც შეადგენდა 517 726 ლარს. აღნიშნული დავალიანების ნაშთი სტაბილურად იზრდებოდა. 2022 წლის ბოლოსთვის ჩარიცხულმა ავანსის თანხამ შეადგინა 517 726 ლარი, სანაცვლოდ კი არც პროდუქციის მიღება და არც თანხის უკან დაბრუნება არ მომხდარა. აღნიშნული ავანსის თანხის დასაბეგრი ბაზა შეადგენდა 647 158 ლარს, რომელიც სრულად დაექვემდებარა დამფუძნებლის წინაშე არსებული ვალდებულებიდან გაქვითვას.
დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის კორექტირების შემდეგ, კორექტირებას დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების ფარგლებში შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით გაანგარიშებული ფულის ნაშთი. დღგ-ის ბრუნვის კორექტირების შედეგად დარჩენილმა ფულის დასაბეგრმა ნაშთმა შეადგინა 346 864 ლარი, რომელიც ნაწილობრივ გაიქვითა დამფუძნებლის წინაშე არსებულ ვალდებულებაში. კერძოდ, დებიტორულ დავალიანების გაქვითვით დარჩენილმა სესხის ნაშთმა შეადგინა 290 339 ლარი (937 497-647 158), აღნიშნული თანხა სრულად გამოიქვითა, რის შედეგადაც სესხის ნაშთი განულდა, ხოლო დარჩენილი 56 526 ლარი დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტორმა ნაწილობრივ გაითვალისწინა მომჩივნის პოზიცია და უარყო სასაწყობე პროგრამა ფინას კომენტარების ველზე დაყრდნობილი მეთოდოლოგია. თუმცა, აუდიტის დეპარტამენტმა შემოსავლების გასაანგარიშებლად გამოიყენა სალარო აპარატის ჩეკები, ტერმინალის ოპერაციები და საბანკო ამონაწერები.
აღნიშნული მეთოდი შეიცავს შემოსავლების გაორების სერიოზულ რისკს, რადგან პოს-ტერმინალით ანგარიშსწორებისას ოპერატორები ხშირად პარალელურად ამოარტყამენ ხოლმე საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკსაც. აუდიტორმა კი ტერმინალის ოპერაციები და სალარო აპარატის ჩეკები მექანიკურად დააჯამა, რამაც გამოიწვია ერთი და იმავე შემოსავლის ორჯერ დაბეგვრა და ბრუნვის ხელოვნური გაზრდა.
კომპანიას ბუღალტერია სრულყოფილად აქვს ნაწარმოები პროგრამა ორისში, სადაც საბანკო ამონაწერებთან ერთად ზუსტად არის ასახული რეალური ფინანსური ნაკადები. აუდიტის მიერ ორისის მონაცემების უგულებელყოფა ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლს, რაც ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოების ყოველმხრივ გამოკვლევას.
საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარჩენილი დარიცხვის დაუსაბუთებლობაზე აღნიშნავს შემდეგს:
- გადაანგარიშების დასკვნით, დებიტორული დავალიანების (517 726 ლარი) დასაბეგრმა ბაზამ შეადგინა 647 158 ლარი, ხოლო დღგ-ის ბრუნვის კორექტირების შედეგად დარჩენილმა ფულის დასაბეგრმა ნაშთმა შეადგინა 346 864 ლარი. აღნიშნული თანხები სრულად გაიქვითა დამფუძნებლის წინაშე არსებულ სასესხო ვალდებულებაში (937 497 ლარი). თუმცა, აუდიტორმა დარჩენილი სხვაობა 56 526 ლარი მაინც დაუქვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას;
- აღნიშნული სხვაობის წარმოშობა პირდაპირ უკავშირდება დღგ-ის ბრუნვის გაზრდილ/არასწორ გაანგარიშებას. შემოსავლებისა და ბრუნვის რეალურ (ბუღალტრულ) მაჩვენებლებზე დაყვანის შემთხვევაში, აღნიშნული ფულის ნაშთის სხვაობა საერთოდ აღარ წარმოიშობა და შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის დარიცხვაც უსაფუძვლოა.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომით/არცოდნით.
გადასახადის დამალვის განზრახვის არარსებობასა და კეთილსინდისიერებაზე მიუთითებს გადაანგარიშების შედეგად, თავდაპირველად დარიცხული თანხების 553 721 ლარით შემცირება (დარიცხვის თითქმის 10-ჯერ კლება), რაც უტყუარად ადასტურებს, რომ მეწარმეს არავითარი გადასახადების დამალვა ან ბიუჯეტისათვის გვერდის ავლით საქმიანობა არ განუხორციელებია. საგადასახადო ორგანოს პირველადი დარიცხვა იყო ფუნდამენტურად მცდარი, ხოლო გადასახადის გადამხდელი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოქმედებდა აბსოლუტური კეთილსინდისიერებით.
გადაანგარიშების შემდეგ დარჩენილი მიზერული/არა არსებითი სხვაობა წარმოადგენს არა განზრახ გადაცდომას, არამედ ბუღალტრის ტექნიკურ შეცდომასა და პროგრამული აღრიცხვის სპეციფიკას (სასაწყობე პროგრამა ფინასა და საბუღალტრო პროგრამა ორისს შორის ოპერაციების ასახვის აცდენას).
სამართლებრივი სახელმწიფოსა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, მიზერული ტექნიკური აცდენების გამო კეთილსინდისიერი მეწარმის დასჯა და ჯარიმა-საურავების დაკისრება ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის სულისკვეთებას. შესაბამისად, არსებობს ყველა სამართლებრივი საფუძველი, რომ კომპანია სრულად გათავისუფლდეს დარიცხული სანქციებისგან (ჯარიმა 42 301.84 ლარი და საურავი: 39 300.71 ლარი).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს:
- დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების ხელახალი გადაანგარიშება კომპანიის ბუღალტრული პროგრამა ორისისა და ფაქტობრივი საბანკო ამონაწერების მონაცემებზე დაყრდნობით;
- საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მაღალი კეთილსინდისიერების, გადასახადის დამალვის განზრახვის არ არსებულობისა და დარჩენილი ტექნიკური შეცდომების ხასიათის გათვალისწინებით, კომპანია სრულად გათავისუფლდეს დაკისრებული საგადასახადო სანქციებისგან (ჯარიმა 42 301.84 ლარი და საურავი 39 300.71 ლარი).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოწმებით დარიცხული თანხები გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა და შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 30 დეკემბრის №28865 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტებით მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით სადავო საკითხების ყოველმხრივ შესწავლა/გამოკვლევა, საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა, ხოლო აღნიშნულის თაობაზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 29 ივლისის დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
- გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობით შესწავლილი და გაანგარიშებული იქნა დღგ და დადგინდა, რომ ინვენტარიზაციის საფუძველზე დადგენილი საბოლოო ნაშთის საფუძველზე გაანგარიშებული რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებისა (რპთ) და მასზე დოკუმენტური ფასნამატის გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელის შემოსავალი არ იყო შესაბამისობაში ფინას პროგრამაში მითითებულ კომენტარებთან (ნაღდი/უნაღდო). კერძოდ, გადაანგარიშების ეტაპზე დადგენილ რპთ-ზე (1 322 875) გავრცელებული დოკუმენტური ფასნამატით (50%) მიღებული შემოსავალი შეადგენდა 1 984 313 ლარს, ხოლო შემოწმებით დადგენილი შემოსავალი შეადგენდა 2 704 021 ლარს. ამასთან აღსანიშნავია, რომ ბუღალტრული მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის საშუალო ფასნამატია 60%, რაც აღემატება დოკუმენტურ ფასნამატს. აქედან გამომდინარე, შემოსავლების გასაანგარიშებლად ბუღალტრული პროგრამის ნაცვლად გამოყენებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ სალარო აპარატზე ამორტყმული ჩეკები, ტერმინალის ოპერაციები და საბანკო ამონაწერებში მითითებული შემოსავალი, რის შედეგადაც დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 2 339 185 ლარი;
- შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, კომპანიას ბუღალტრულად უფიქსირდება დამფუძნებლის წინაშე სასესხო ვალდებულება 937 497 ლარის ოდენობით. აღნიშნული სასესხო ვალდებულებების წარმოშობის შესასწავლად გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა ბუღალტრული პროგრამა ორისი დაფუძნების დღიდან (2014 წლიდან). შემოწმების მიერ, სრულად იქნა შესწავლილი სასესხო ანგარიშის ყველა გატარება და წინა პერიოდის ფულის მოძრაობის ანალიზით გამოიკვეთა სესხის საჭიროება. შემოწმების პროცესში ბუღალტრული პროგრამისა და საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან ბოლომდე აქვს უძრავი დებიტორული დავალიანება, რომელიც შეადგენს 517 726 ლარს. აღნიშნული დავალიანების ნაშთი სტაბილურად ზრდადია. 2022 წლის ბოლოსთვის ჩარიცხულმა ავანსის თანხამ შეადგინა 517 726 ლარი, სანაცვლოდ კი, არც საქონლის მიღება და არც თანხის უკან დაბრუნება არ მომხდარა. აღნიშნული ავანსის თანხის დასაბეგრი ბაზა შეადგენს 647 158 ლარს, რომელიც სრულად დაექვემდებარა დამფუძნებლის წინაშე არსებული ვალდებულებიდან გაქვითვას;
- კორექტირებული დღგ-ის ბრუნვის შესაბამისად (საკითხი 1), კორექტირებას დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების ფარგლებში შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით გაანგარიშებული ფულის ნაშთი. დღგ-ის ბრუნვის კორექტირების შედეგად დარჩენილმა ფულის დასაბეგრმა ნაშთმა შეადგინა 346 864 ლარი, რომელიც ნაწილობრივ გაიქვითა დამფუძნებლის წინაშე არსებული ვალდებულებაში. კერძოდ, დებიტორულ დავალიანების (საკითხი 2) გაქვითვით დარჩენილმა სესხის ნაშთმა შეადგინა 290 339 ლარი (937 497- 647 158), აღნიშნული თანხა სრულად გამოიქვითა, რის შედეგადაც სესხის ნაშთი განულდა, ხოლო დარჩენილი 56 526 ლარი დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
აუდიტის დეპარტამენტი 21.10.2026 წლის №„-------“ წერილით წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, სადაც აღნიშნულია შემდეგი:
გადაანგარიშების ეტაპზე გამოყენებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ სალარო აპარატზე ამორტყმული ჩეკები, ტერმინალის ოპერაციები და საბანკო ამონაწერებში მითითებული შემოსავალი, რის შედეგადაც დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 2 339 185 ლარი. აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელი აქტიურად იყო ჩართული გადაანგარიშების ყველა ეტაპზე და მასთან ერთადაა გავლილი გადაანგარიშების ცხრილების ყველა ასპექტი. გადასახადის გადამხდელის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ არსებობს ტერმინალისა და სალაროს მონაცემების დუბლირების რისკი, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. შემოწმების მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი როგორც სალაროზე, ისე ტერმინალზე განხორციელებული ოპერაციები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ არათუ დღის, არამედ თვის ჭრილშიც კი პრაქტიკულად გამორიცხულია იდენტურ თანხებზე ამორტყმული ჩეკების შემთხვევითი დამთხვევა. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს არანაირი ფაქტობრივი თუ სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია ივარაუდოს, რომ ადგილი ჰქონდა ოპერაციების დუბლირებას. საშემოსავლო გადასახადში დარიცხული გადასახადის კორექტირების საფუძველი გახდა კომპანიის ფინანსური ვალდებულების არსებობა დამფუძნებლის წინაშე 937 497 ლარის ოდენობით. გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელმა მოითხოვა დარიცხული საშემოსავლო გადასახადის აღნიშნული ვალდებულებით გაქვითვა, შედეგად, საშემოსავლოს გადასახადის დადგენილი დასაბეგრი ბრუნვა 994 022 ლარის ოდენობით, შემცირდა სესხის თანხით (937 497 ლარით), რითაც სესხის ნაშთი განულდა. სესხის თანხით ბრუნვის მაქსიმალური შემცირების შემდეგ, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრმა ნარჩენმა ბრუნვამ შეადგინა 56 525 ლარი, რაზეც კანონმდებლობის შესაბამისად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი 11 305 ლარის ოდენობით. შესაბამისად, გადაანგარიშების შედეგად დარჩენილი საშემოსავლო გადასახადის ვალდებულება განპირობებული იყო ზუსტად იმ ფაქტით, რომ არსებული სესხის ნაშთი ამოიწურა და ბრუნვა ვეღარ შემცირდებოდა სესხის თანხაზე.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დააფიქსირა წარმოდგენილ ინფორმაციაში დაფიქსირებულის ანალოგიური პოზიცია მომჩივნის არგუმენტებზე.
მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება ამასთან, მიუთითებს გარემოებებს, რომელიც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
ამგვარად, საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 30 დეკემბრის №28865 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია, ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების შესწავლის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, სადავო აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 11 აგვისტოს №021-88 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან (ჯარიმა -საურავისაგან) გათავისუფლების შესახებ, აღნიშნულზე საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 30 დეკემბრის №28865 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულის ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების ხელახალი გადაანგარიშება.
ასევე,სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, კომპანია სრულად გათავისუფლდეს დაკისრებული საგადასახადო სანქციებისგან.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების საწყის ეტაპზე, გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა ორისი,ინვენტარიზაციის ჩატარების პროცესში გამოიკვეთა, რომ კომპანიას ჰქონდა სასაწყობე პროგრამა - ფინა. პროგრამები ერთმანეთთან არ მოდიოდა შესაბამისობაში.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბუღალტერიაში აღრიცხული რეალიზებული საქონლის ღირებულება აღემატებოდა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. აქედან გამომდინარე, დეკლარირებულ მონაცემებსა და ბუღალტერიაში აღრიცხულ გატარებებს შორის გამოვლენილი სხვაობა, სსკ-ის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, დაექვემდებარა დაბეგვრას, რის საფუძველზეც გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
ამასთან, გაზრდილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შესაბამისად, კორექტირებას დაექვემდებარა კომპანიის შემოსავლები.შესამოწმებელ პერიოდში დადგენილი შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და აგროსილი თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა;
ბუღალტრული პროგრამისა და საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან ბოლომდე, აქვს უძრავი დებიტორული დავალიანება.კომპანიას აღნიშნულ არარეზიდენტთან უფიქსირდებოდა საწყისი დავალიანებაც, შემდგომ 2022 წელს აღნიშნული დავალიანების ნაშთი სტაბილურად ზრდადია. 2022 წლის ბოლოსთვის ჩარიცხულმა ავანსის თანის სანაცვლოდ არც საქონლის მიღება და არც თანხის უკან დაბრუნება არ მომხდარა. აქედან გამომდინარე, 2022 წლიდან დებიტორული დავალიანების ნაშთი უძრავადაა.კომპანიის მიერ არარეზიდენტზე ავანსის სახით ჩარიცხული თანხები დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და აგროსილი თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, სსკ-ის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 30 დეკემბრის №28865 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია, ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების შესწავლის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე,აღნიშნულზე საბჭო ვერ იმსჯელებს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
304(1).