ბრძანება N 1820

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.02.2023
№ დოკუმენტი 1820
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 1820

03.02.2023

შპს „------“ (ს/ნ ------- )

(მის.: ----------- )

2022 წლის 28 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „---------“ (ს/ნ -------) №"------" საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ნოემბრის №CB1422061 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 იანვრის სხდომაზე (ოქმი №5).

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა შიდა გადაზიდვის ზედნადებით, რომელშიც საქონლის ნაკლებობით მითითება გამოწვეული იყო სატრანსპორტო საშუალებაში დატვირთული მასალის აზომვის შეცდომით. შიდა გადაზიდვის ზედნადებში განზრახ ნაკლებობით საქონლის მითითებას აზრი არ ჰქონდა, ვინაიდან გადამხდელისათვის ცნობილი იყო, რომ ტვირთი გადამოწმდებოდა. ამის გარდა, ნაკლებობით საქონლის მითითებას ეკონომიკური ზიანი არ მოუტანია (მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც აღურიცხავი საქონელი სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმეულია).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმისგან გათავისუფლებას

ფაქტების აღწერა:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2022 წლის პირველ ნოემბერს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით "------" , რა დროსაც დადგინდა, რომ"-------" (პ/ნ ------- ) ახდენდა შპს „--------” (ს/ნ -------) სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (2133 ლარის საბაზრო ღირებულების 2.37მ3 წიფელის ჯიშის ფიცარი) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის "------"-ის რეგიონული სამმართველოს 2022 წლის 2 ნოემბრის №"------" წერილის შინაარსიდან ირკვევა, რომ 2022 პირველ ნოემბერს "--------" , დათვალიერების მიზნით, გაჩერებულ იქნა "------ - ის " მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით "------" , რომელსაც მართავდა მოქალაქე "------" ( პ/ნ -------).

დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ავტომანქანის ძარაზე განთავსებული იყო წიფელას ჯიშის პირველადი გადამუშავების პროდუქტი 21.3 მ 3 ფიცარი. შემოსავლების სამსახურში გადამოწმებით დადგინდა, რომ აღნიშნულ ტვირთზე გაწერილ ელექტრონულ ზედნადებში მითითებული მოცულობა შეადგენდა 18.8 მ 3 .

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დახერხილი ხის მასალის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების დასადგენად მოთხოვნილ იქნა ექსპერტიზა.

N"------" ექპერტიზის დასკვნის შინაარსიდან ირკვევა, რომ დახერხილი წიფლის ჯიშის ხემალასა (ფიცარი) ასაზომად წარმოდგენილი იქნა ავტომანქანის ძარაზე სხვადასხვა ზომის შტაბელის სახით. შესრულებული აზომვების შედეგად ხე-მასალის მთლიანი რაოდენობა განისაზღვრა 21.17 მ 3 .

საქონლის საბაზრო ღირებულება მიღებულია აღნიშნული პერიოდისათვის მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არ არსებობის შემთხვევაში მსგავსი) საქონლის მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად დადებული გარიგების საფუძველზე. საქონლის ბაზრად ითვლება მიმოქცევის სფერო, რომელიც განისაზღვრება გამყიდველის/მყიდველის შესაძლებლობებით, მნიშვნელოვანი დანახარჯების გარეშე გაყიდოს/შეიძინოს საქონელი გამყიდველისთვის/მყიდველისთვის უახლოეს ტერიტორიაზე საქართველოში.

საბაზრო ღირებულების დადგენისას ექპერტების მიერ გათვალისწინებულ იქნა, როგორც ადგილობრივ ბაზარზე არსებული ანალოგიური პროდუქციით მოვაჭრე ობიექტებიდან, ასევე სხვა თავისუფალი და ხელმისაწვდომი წყაროებიდან მოკვლეული ინფორმაცია. მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მსგავსი, დახერხილი წიფლის ჯიშის ხე-მასალის (ფიცარი) გასაყიდი ფასი დღგ-ის ჩათვლით შეადგენს 900 ლარს.

აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის შესაბამისად, შედგენილ იქნა №CB1422061 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს შეეფარდა სანქცია 5000 (ხუთი ათასი) ლარი და ჩამოერთვა ტრანსპორტირებული ხე-მასალა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის შესაბამისად:

1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.

2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

3. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ახორციელებენ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებული/შეძენილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, რაზედაც ადგენენ შესაბამის ოქმს;

ბ) უზრუნველყოფენ საქონლის განთავსებას და დალუქვას საწყობებში ან ამ მიზნისათვის გამოსაყენებელ სხვა ადგილებში;

გ) საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილი პირი საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის შესახებ ინფორმაციას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უგზავნის უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10000 ლარს იწვევს პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანი სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებას ახორციელებდა სასაქონლო ზედნადების გარეშე.

აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევს შეეფარდა სანქცია 5000 ლარი და ჩამოერთვა ტრანსპორტირებული ხე-მასალა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

136(4),286.