ბრძანება N 4795

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.03.2023
№ დოკუმენტი 4795
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 4795

14.03.2023

ი/მ ---------- (ს/ნ ----------)

(მის.: -----------)

2023 წლის 25 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 მარტის სხდომაზე (ოქმი №22) განიხილა ი/მ ---------- (ს/ნ ----------) 2023 წლის 25 იანვრის №12362/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №002-272 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს, კერძოდ, გამოვლენილი დანაკლისის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში აუსახველობის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას. განმარტავს, რომ გამოვლენილი დანაკლისი 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში ასახული აქვს და დაბეგრილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, თუმცა შესაძლოა გრაფები არ იყო სწორად შევსებული. შესაბამისად, მის მიერ დეკლარირებულ დანაკლისზე ხელმეორედ არის განსაზღვრული ვალდებულებები. მომჩივანი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 ნოემბრის №29024 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ---------- (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის 4 თებერვლის №2470 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 27 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 29 დეკემბრის №33729 ბრძანება და ამავე თარიღის №002-272 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 45 299 ლარი, მათ შორის, გადასახადი 23 484 ლარი, ჯარიმა 11 741 ლარი, საურავი 10 074 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 4 თებერვლის №2470 ბრძანების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელთან, ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა სმფ-ების დანაკლისი, საბაზრო ღირებულებით 132 483.80 ლარი (პირვანდელი ღირებულება - 96 389.43 ლარი). აღნიშნულთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2020 წლის 4 ივნისს შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №180132, რის საფუძველზეც გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, დაჯარიმდა სმფ-ების დანაკლისის საბაზრო ღირებულების 10%-ის ოდენობით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ აღნიშნული დანაკლისი 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში, ერთობლივ შემოსავალში ასახული არ არის. შემოწმებით, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სმფ-ების დანაკლისი, საბაზრო ღირებულებით ჩაითვალა მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.

ამავე მუხლის 28-ე ნაწილის მიხედვით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა არის პირის მიერ ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეული, მასალა, ნახევარფაბრიკატები, სამარაგო ნაწილები, ტარა და მზა პროდუქცია (საქონელი) ბასს-ის მიხედვით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 4 ივნისის საგადასახადო სამართალდარღვევის №180132 ოქმით გამოვლენილი დანაკლისი გადამხდელს არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის, 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი გადამხდელის მიერ განსაზღვრულია 54 231 ლარით, შეძენილი საქონლის ღირებულება შეადგენს 45 921 ლარს, სმფ-ების საწყისი ნაშთი - 105 236 ლარს, ხოლო საბოლოო ნაშთი - 0 ლარს. გამოქვითვას დაქვემდებარებული სხვა ხარჯები შეადგენს - 95 227 ლარს. 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის შეჯამებით, გადამხდელის მიერ დეკლარირებულია ზარალი 1 824 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო განეხორციელებინა დანაკლისის დეკლარირება/ერთობლივ შემოსავალში ასახვა და შესაბამისი გადასახადით (საშემოსავლო გადასახადით) დაბეგვრა, რაც არ განუხორციელებია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ი/მ ---------- (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს.აცხადებს, რომ მის მიერ დეკლარირებულ დანაკლისზე ხელმეორედ არის განსაზღვრული ვალდებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 4 ივნისის საგადასახადო სამართალდარღვევის №180132 ოქმით გამოვლენილი დანაკლისი გადამხდელს არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის, 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:8(11);28;286(9);100(3);102(1);