ბრძანება N 27249

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 06.11.2023
№ დოკუმენტი 27249
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27249

06 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ ------- (პ/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 5 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №111) განიხილა ფ/პ ------- (პ/ნ -------) №83933/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 8 სექტემბრის №023-16 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი აღნიშნავს, რომ არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, პედაგოგი. შეიტყო, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ეკუთვნოდა შეღავათი საშემოსავლო გადასახადის კუთხით. წარმოადგინა 2019, 2020, 2021 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები კუთვნილი შეღავათით სარგებლობის მიზნით. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, დეკლარაციების შევსებისას დაუშვა შეცდომა და პირად ბარათზე ზედმეტობაში აისახა უფრო მეტი თანხა ვიდრე კანონმდებლობით ეკუთვნოდა. პირმა ბარათზე არსებული ზედმეტობიდან დაიბრუნა კუთვნილი თანხა 3600 ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი ზედმეტობის შესახებ არ ჰქონდა ინფორმაცია. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა საგადასახადო შემოწმება და შედეგად, პირს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა გადასახადი 3455 ლარი და ჯარიმა 1727 ლარის ოდენობით. განმარტავს, რომ დეკლარაციების შევსებისას დაშვებული შეცდომა გამოწვეულია შეცდომა/არცოდნით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული ჯარიმისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის N 14057 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ფ/პ ------- (პ/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, 01.01.2020 წლიდან 01.01.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდში საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ,,საქართველოში გადასახადის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა 42) და აღნიშნული თანხების ოდენობით ,,კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა 43) შემცირების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 5 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 7 სექტემბრის №21882 ბრძანება და ამავე წლის 8 სექტემბრის №023-16 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 5 182 ლარი, მათ შორის, გადასახადი 3 455 ლარი, ჯარიმა 1 727 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით:

ფ/პ ------- (პ/ნ -------) ეკონომიკურ საქმიანობას არ ახორციელებს, შემოსავლის სახეს წარმოადგენს სსიპ ,,-------“ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები, რომელიც სრულად დაბეგრილია გადახდის წყაროსთან. პირს 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე წარდგენილი აქვს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები და ერთობლივი შემოსავალში აფიქსირებს მხოლოდ საქართველოში არსებული წყაროდან ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს. ამასთანავე, წარდგენილი დეკლარაციებში წყაროსთან დაბეგრილ შემოსავალსა და გრაფა №42-ში (გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ექვემდებარება ჩათვლას) გაორმაგებული აქვს ჩასათვლელი გადასახადის თანხა, რაც იწვევს დაბრუნებას დაქვემდებარებული გადასახადების გაზრდას და დეკლარაციებში თანხის შემცირებას. ზემოაღნიშნულის გამო გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე წარმოიშვა ზედმეტობა. გადამხდელს ბიუჯეტიდან დაბრუნებული აქვს 3 600 ლარი. შემოწმების მიერ გასწორდა აღნიშნული უზუსტობა, შედეგად, ფ/პ ------- 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის საფუძველზე, დამატებით დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა დეკლარაციებში თანხის შემცირების გამო 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტზე, რომლის თანახმადაც პირი არის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პედაგოგი, დეკლარაციების შეცდომით შევსება გამოწვეულია პირის არცოდნით და მისი მიზანი არ ყოფილა ბიუჯეტისათვის ზიანის მიყენება. ამასთან, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მოთხოვნით საურავის დარიცხვა არ უფიქსირდება

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, შესაბამისად, ფ/პ ------- (პ/ნ -------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 8 სექტემბრის №023-16 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე დამატებით გადასახდელად განსაზღვრული ჯარიმისგან.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ფ/პ ------- (პ/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ფ/პ ------- (პ/ნ -------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 8 სექტემბრის №023-16 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე დამატებით გადასახდელად განსაზღვრული ჯარიმისაგან.

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით შემოწმებით განსაზღვრული ჯარიმისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა პიზიკური პირის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, 01.01.2020 წლიდან 01.01.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდში საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ,,საქართველოში გადასახადის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა 42) და აღნიშნული თანხების ოდენობით ,,კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა 43) შემცირების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის საფუძველზე, დამატებით დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა დეკლარაციებში თანხის შემცირების გამო.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე დამატებით გადასახდელად განსაზღვრული ჯარიმისგან.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7);