გადაწყვეტილება №22777/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.05.2024
№ დოკუმენტი 22777/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№22777/2/2024

16 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,26.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------"-ის 4.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22777/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18438 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2023 წლის №083-55 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 13.02.2024 წლის №3036 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 425 055.62 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 259 301

დღგ - 138 205

მიწა - არასასოფლო - 67

საშემოსავლო გადასახადი - 121 029

ჯარიმა - 129 651

საურავი - 36 103.62

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა და რეალიზაცია.

აუდიტის დეპარტამენტის 8.07.2022 წლის №17798 და 30.08.2022 წლის №22507 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.07.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 29.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა შემდეგი:

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული აქვს 15 ბინა, რომელთა ღირებულების ნაწილიც ანაზღაურებულია შესამოწმებელ პერიოდში. შემოწმების შედეგად გაანგარიშდა საწარმოს მიერ მიღებული და გადახდილი ფულადი სახსრები და დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი ყოველი წლის, ხოლო 2022 წელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, რამაც ჯამურად შეადგინა 533 051 ლარი. შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მოწოდებული მასალებით ირკვევა, რომ 14.06.2022 წლის მდგომარეობით კომპანიას არ გააჩნია სალარო და ფაქტობრივი ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, არსებული სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

შემოწმების შედეგად მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.12.2022 წლის №30413 ბრძანება და ამავე თარიღის №083-38 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 27.02.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.07.2023 წლის №18438 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის, სათანადო წესით დამოწმებული, დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18438 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 11.04.2024 წლის №22032/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი.

შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18438 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 28.12.2023 წლის დასკვნა, რომლითაც ვინაიდან გადასახადის გადამხდელს დავის ეტაპზე დამატებითი მტკიცებულება არ წარუდგენია, ხოლო შემოწმების პროცესში წარდგენილი მტკიცებულება არ წარმოადგენს გაანგარიშებული ფულის ნაშთის შემცირების საფუძველს, შემოწმების შედეგად დარიცხული ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელებულა.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2023 წლის №33710 ბრძანება და ამავე თარიღის №083-55 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც 2024 წლის 18 იანვარს, 23 იანვარს და 24 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.02.2024 წლის №3036 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილია ურთიერთშედარების აქტი, რომელიც ასევე წარდგენილი ჰქონდა შემოწმების პროცესშიც. აღნიშნული შედარების აქტი გაფორმებულია არარეზიდენტ კომპანიასთან და მითითებულია სესხის მიღების და დაბრუნების გრაფიკი. კერძოდ, სესხი მიღებულია 2009-2010 წლებში ღირებულებით 450 000 დოლარი, ხოლო დაბრუნება ხორციელდება 2010, 2012, 2013 წლებში, შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში სესხის დაბრუნება არ ხორციელდება და გრძელდება შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან (2019 წელი). შედარების აქტის თანახმად შესამოწმებელ პერიოდში დაბრუნებულია სულ 314 150 დოლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ანგარიშების მიხედვით დგინდება, რომ ხანდაზმულ პერიოდში სესხის დაბრუნება ხორციელდებოდა საბანკო გადარიცხვით, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში სესხის დაბრუნება არ ფიქსირდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გადამხდელის მიერ დამატებითი მტკიცებულება არ იქნა წარდგენილი, შემოწმებით დარიცხული ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადამხდელს წარდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. კომპანია ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა 2009 წლიდან. საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში არ ჰქონია რაიმე ტიპის საგადასახადო სამართალდარღვევა, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელები ყოველთვიურად ასრულებდა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას.

შესამოწმებელი პერიოდი მოიცავს კომპანიის საქმიანობის თითქმის 4 წელს, რომლის შემოწმებისას გამოვლინდა სხვადასხვა ტიპის სამართალდარღვევები, რაზეც წარმოადგენს პოზიციას. კერძოდ:

კომპანიას უცხოური საწარმოსგან აღებული ჰქონდა სესხი 2009 წლიდან 450 000 აშშ დოლარი, რომელიც მიღებულია ბანკით, აღნიშნული თანხის დაბრუნებას კომპანია ახორციელებდა, როგორც შესამოწმებელ პერიოდამდე ასევე, თანხის ნაწილს იხდის შესამოწმებელ პერიოდშიც. წარმოადგენს ურთიერთშედარების აქტს და კომპანიასთან ანგარიშსწორების ბარათს, ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს სესხის დასაფარად გადახდილი თანხების გათვალისწინებას და ნაღდი ფულის ნაშთიდან გამოკლებას.

კომპანიის, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელის მიერ, არ მომხდარა მიზანმიმართულად გადასახადებისთვის თავის არიდება, ყოველივე გამოწვეულია არ ცოდნით, რამაც გამოიწვია კომპანიის დაჯარიმება როგორც გადასახადის ნაწილში ასევე, დაეკისრა ჯარიმა და საურავი. საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. ვინაიდან, აღნიშნული საქმიანობა (საცხოვრებელი ბინების მშენებლობა) იყო ახალი გამოწვევა, პირველი და სრულად ვერ ერკვეოდნენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ საკითხებში, მოხდა გაუთვალისწინებელი შედეგი, რამაც გამოიწვია დარიცხვა.

კომპანიას ამ ეტაპზე შეჩერებული აქვს ეკონომიკური საქმიანობა, არ გააჩნია შემოსავალი იმისთვის, რომ მოახდინოს ბიუჯეტის წინაშე ვალდებულების დაფარვა. ითხოვს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებას, ჯარიმა, საურავისგან გათავისუფლებას და დარიცხული გადასახადის გადაანგარიშებას ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18438 ბრძანებით პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის, სათანადო წესით დამოწმებული, დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18438 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული 28.12.2023 წლის დასკვნით:

გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელმა მიღებულ სესხთან დაკავშირებით წარადგინა ურთიერთშედარების აქტი, რომელიც წარდგენილი ჰქონდა შემოწმების პროცესშიც, ხოლო დამატებით სხვა დოკუმენტი არ წარუდგენია. აღნიშნული შედარების აქტი გაფორმებულია არარეზიდენტ კომპანიასთან ("--------") და მითითებულია სესხის მიღების და დაბრუნების გრაფიკი. კერძოდ, 450 000 დოლარის სესხი მიღებულია 2009-2010 წლებში, ხოლო დაბრუნება ხორციელდება 2010, 2012, 2013 წლებში, შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში სესხის დაბრუნება არ ხორციელდება და გრძელდება შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან (2019 წელი). შედარების აქტის თანახმად შესამოწმებელ პერიოდში დაბრუნებულია სულ 314 150 დოლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ანგარიშების მიხედვით დგინდება, რომ ხანდაზმულ პერიოდში სესხის დაბრუნება ხორციელდებოდა საბანკო გადარიცხვით, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში სესხის დაბრუნება არ ფიქსირდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს დავის ეტაპზე დამატებითი მტკიცებულება არ წარუდგენია, ხოლო წარდგენილი მტკიცებულება არ წარმოადგენს გაანგარიშებული ფულის ნაშთის შემცირების საფუძველს, შემოწმების შედეგად დარიცხული ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელებულა.

მომჩივნის განმარტებით, კომპანიას უცხოური საწარმოსგან აღებული ქონდა სესხი 2009 წლიდან 450 000 აშშ დოლარი, რომელიც მიღებულია ბანკით, აღნიშნული თანხის დაბრუნებას კომპანია ახორციელებდა, როგორც შესამოწმებელ პერიოდამდე ასევე თანხის ნაწილს იხდის შესამოწმებელ პერიოდშიც. წარმოადგენს ურთიერთშედარების აქტს და კომპანიასთან ანგარიშსწორების ბარათს, ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს სესხის დასაფარად გადახდილი თანხების გათვალისწინებას და ნაღდი ფულის ნაშთიდან გამოკლებას. ასევე, კომპანია, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელის მიერ, არ მომხდარა მიზანმიმართულად გადასახადებისთვის თავის არიდება, ყოველივე გამოწვეულია არ ცოდნით. კომპანიას ამ ეტაპზე შეჩერებული აქვს ეკონომიკური საქმიანობა, არ გააჩნია შემოსავალი იმისთვის, რომ მოახდინოს ბიუჯეტის წინაშე ვალდებულების დაფარვა. ითხოვს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებას, ჯარიმა, საურავისგან გათავისუფლებას და დარიცხული გადასახადის გადაანგარიშებას ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე.

აღნიშნული გარემოებების, მხარეთა არგუმენტაციის და გადაანგარიშების ეტაპზე სადავო საკითხის დამატებით შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18438 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

რაც შეეხება, მომჩივნის მოთხოვნას დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლებაზე, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18438 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებას, ჯარიმა, საურავისგან გათავისუფლებას და დარიცხული გადასახადის გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული აქვს 15 ბინა, რომელთა ღირებულების ნაწილიც ანაზღაურებულია შესამოწმებელ პერიოდში. შემოწმების შედეგად გაანგარიშდა საწარმოს მიერ მიღებული და გადახდილი ფულადი სახსრები და დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი ყოველი წლის, ხოლო 2022 წელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, რამაც ჯამურად შეადგინა 533 051 ლარი.კომპანიას არ გააჩნია სალარო და ფაქტობრივი ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს.არსებული სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18438 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

101,154