გადაწყვეტილება №21513/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.04.2024
№ დოკუმენტი 21513/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21513/2/2023

03 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 6.12.2023 და 7.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №21513/2/2023).

 

დავის საგანი:

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 18.07.2023 წლის №081-143 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 16.11.2023 წლის №28177 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 229 715.49 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 141 576

დღგ - 62 819

მოგების გადასახადი - 19 542

საშემოსავლო გადასახადი - 59 215

ჯარიმა - 70 735

საურავი - 17 404.49

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით და თამბაქოს ნაწარმით.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელისა საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება.

საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 30.06.2023 წელს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, საიდანაც ირკვევა, რომ:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოგზავნილი საბანკო ამონაწერების დამუშავების საფუძველზე დადგინდა, რომ შპს „----------“ უფიქსირდებოდა უპროცენტო სესხის გაცემა დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი. ასევე, პროცენტის შესაბამისი თანხა ჩაითვალა სალაროს პასუხისმგებელი პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადასახადის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნულის შედეგად, კომპანიას დაერიცხა მოგების, საშემოსავლო გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოგზავნილი საბანკო ამონაწერების დამუშავების საფუძველზე დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს მიღებული ჰქონდა საქონელი, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი ვერ დადგინდა. ამავდროულად მიღებული ჰქონდა მომსახურებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რაც გადამხდელის განმარტებით წარმოადგენდა სარესტორნო მომსახურებას. აღნიშნული გარემოება დაკვალიფიცირდა როგორც არაეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 18.07.2023 წლის №17449 ბრძანება და ამავე თარიღის №081-143 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 16.08.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 16.11.2023 წლის №28177 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოგზავნილი საბანკო ამონაწერები. აღნიშნულის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ შპს „----------“ უფიქსირდებოდა უპროცენტო სესხის გაცემა დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელს მიღებული ჰქონდა საქონელი, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი ვერ დადგინდა და ასევე სარესტორნო მომსახურებაზე მიღებული ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რაც შემოწმებით დაკვალიფიცირდა როგორც არაეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯი. გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

მომჩივნის მოთხოვნაზე გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისაგან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი აღნიშნავს, რომ გააზრებული აქვს დაშვებული შეცდომები უცოდინრობის და არაპროფესიონალიზმის გამო. კომპანიას აქვს 400 000 ლარამდე საკრედიტო ვალდებულება იხდის პატიოსნად ყოველთვიურად. გასცემს ხელფასებს, იხდის საკმაოდ დიდ კომუნალურ გადასახადებს, იხდის საშემოსავლო გადასახადს და დღგ-ს. ფიზიკურად არ არის იმის საშუალება, რომ დარიცხული გადასახადი ერთდროულად ერთი გადახდით შეძლოს და გადაიხადოს კომპანიამ.

კომპანია არ არიდებს თავს და არ გაურბის უცოდინრობით და არაპროფესიონალიზმით გამოწვეულ დარიცხული გადასახადების გადახდას. უბრალოდ სურს შესაძლებლობა მიეცეს ეტაპობრივად 12 თვის განმავლობაში გადაიხადოს დარიცხული გადასახადების თანხა, ხოლო დარიცხული სხვა ჯარიმები და საურავები ჩამოეწეროს, საპატიოში ჩაეთვალოს. საბჭომ გამოიჩინოს მცირე ბიზნესისადმი ჰუმანურობა და გადაარჩინოს ერთი კონკრეტული მცირე ბიზნესი.

შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადები, რომელზეც გადახდის მზაობას აცხადებს 12 თვის განმავლობაში ეტაპობრივად შეადგენს: დღგ 62 819 ლარს; მოგების გადასახადი 19 542 ლარს, ხოლო საშემოსავლო გადასახადი 59 215 ლარს, ჯამში სულ დარიცხული გადასახადები შეადგენს 141 576 ლარს. ამასთან, ითხოვს გაუქმდეს დაკისრებული ჯარიმები და საურავები, რომლებიც შეადგენს: ჯარიმები - 70 735 ლარს; საურავები 26 458,58 ლარს. ჯამში სულ მოთხოვნილი დაკისრებული ჯარიმებისა და საურავების თანხა შეადგენს 97 193,58 ლარს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.

ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების მიერ დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოგზავნილი საბანკო ამონაწერები. აღნიშნულის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანს უფიქსირდებოდა უპროცენტო სესხის გაცემა დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელს მიღებული ჰქონდა საქონელი, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი ვერ დადგინდა და ასევე სარესტორნო მომსახურებაზე მიღებული ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რაც შემოწმებით დაკვალიფიცირდა როგორც არაეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯი. გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 275.