გადაწყვეტილება №18524/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18524/2/2022
10.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "----------" (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "----------" 26.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18524/2/2022).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 26 ივლისის №19786 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 სექტემბრის №006-411 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 ნოემბრის №29573 ბრძანება
დარიცხული თანხა: 42 932 ლარი.
მათ შორის: გადასახადი - 27 452
დღგ - 26 134
საშემოსავლო გადასახადი - 1 318
საურავი - 15 480
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 13 დეკემბრის №38309 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტს 2021 წლის 28 დეკემბრის №41602 ბრძანება და №006-1060 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 65 796 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 11 მარტს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 26.07.2022 წლის №19786 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი:
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, უძრავი ქონების რეალიზაციის საფუძველზე მიღებული ნამეტი შემოსავალი დაბეგროს საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 დეკემბრის №006-1060 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული, წინა პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით დარჩენილი, ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ ბრძანების მიღების თარიღისთვის);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 25.08.2022 წლის დასკვნა, 22.09.2022 წლის №24349 ბრძანება და №006-411 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 18 352 ლარით.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 12 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 28 ნოემბრის №29573 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 26 ივლისის №19786 ბრძანების აღსრულების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს საურავის გაანგარიშებისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 ნოემბრის №29573 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 43-ე, 269-ე, 270-ე და 272-ე მუხლებზე.
გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება არ არის აღსრულებული, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად გათავისუფლდა საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან, თუმცა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით ისევ ერიცხება საურავი 15 480 ლარის ოდენობით, რაც არამართლზომიერია.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნაში ასახული ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის შესამცირებელ თანხასთან დაკავშირებით მითითებულია სწორად, ხოლო ამონაკრების შედგენისას დაშვებულია მექანიკური შეცდომა, რაც უნდა დაექვემდებაროს შესწორებას.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 26 ივლისის №19786 ბრძანება არ არის აღსრულებული.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 26 ივლისის №19786 ბრძანების აღსრულების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს საურავის გაანგარიშებისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება.
მომჩივნის არგუმენტაცია
2022 წლის 22 სექტემბრის №006-411 საგადასახადო მოთხოვნაში ძირითადი თანხების გარდა (რაც მთლიანად გადახდილი აქვს წინა საჩივრის განხილვისთანავე) მითითებულია საურავიც - 15 480 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა ეფუძნება აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 სექტემბრის №24349 ბრძანებას, რომელიც თავის მხრივ დაფუძნებულია შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 26 ივლისის №19786 ბრძანებაზე და აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 25 აგვისტოს დასკვნაზე. ამ დასკვნაში და ბრძანებაში მითითებულია, რომ მომჩივანი თავისუფლდება 2021 წლის 28 დეკემბრის №006-1060 საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული ჯარიმისგან და ამავე საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისაგან. 2022 წლის 22 სექტემბრის №006-411 საგადასახადო მოთხოვნაში კი ძირითად დარიცხულ თანხებთან ერთად მითითებულია საურავის თანხაც - 15 480 ლარი, რაც ეწინააღმდეგება 2022 წლის 26 ივლისის №19786 ბრძანებასაც და აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 25 აგვისტოს დასკვნასაც.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 26.07.2022 წლის №19786 ბრძანებით:
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, უძრავი ქონების რეალიზაციის საფუძველზე მიღებული ნამეტი შემოსავალი დაბეგროს საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 დეკემბრის №006-1060 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული, წინა პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით დარჩენილი, ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 26 ივლისის №19786 ბრძანების აღსრულების მიზნით, მომჩივანს გადაანგარიშების შედეგად შეუმცირდა საშემოსავლო გადასახადი 6 956 ლარი და ჯარიმა - 3 478 ლარი. ასევე, გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა ჯარიმა 7 918 ლარის ოდენობით.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით გათავისუფლდა დარიცხული საურავისგან, თუმცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 სექტემბრის №006-411 საგადასახადო მოთხოვნაში მითითებულია საურავი - 15 480 ლარი, რაც ეწინააღმდეგება 2022 წლის 26 ივლისის №19786 ბრძანებას და აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 25 აგვისტოს დასკვნას.
შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა მომჩივნის არგუმენტაცია და შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 26 ივლისის №19786 ბრძანების აღსრულების მიზნით, დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს საურავის გაანგარიშებისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.