ბრძანება N 16800
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 16800
11 ივლისი 2023
შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 24 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 8 ივნისს (ოქმი №62) და 6 ივლისს (ოქმი №71) გამართულ სხდომებზე განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) №78446/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №041-68 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული სალაროს არაგონივრული ნაშთის კომპანიის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას. აცხადებს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს შემოწმებით კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი. აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 14 თებერვლის განჩინებაზე ანალოგიური სახის საგადასახადო დავასთან დაკავშირებით, სადაც სასამართლოს განმარტებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენება დაუსაბუთებელია. ამასთან, განმარტავს, რომ კომპანიის სალაროში თანხების განთავსება განპირობებული იყო კომპანიის ეკონომიკური გათვლებიდან, პროექტებიდან და მიზნებიდან გამომდინარე (აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივრის დანართად წარმოდგენილია კომპანიის ბიზნესგეგმა), რასაც დაერთო კოვიდ 19-ის გავრცელების პერიოდთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკები, მათ შორის, საბანკო სექტორის სიმყარისადმი უნდობლობა. სალაროში თანხების შენახვა/განთავსება წარმოადგენდა ასევე მსხვილ კრედიტორთა მოთხოვნასაც. ამასთან, შემოწმებამ იმის ნაცვლად, რომ დაფარულად ჩაეთვალა კომპანიის მიერ დამფუძნებლისგან მიღებული სესხი, არსებული ნაშთი ჩათვალა დირექტორზე გაცემულ სესხად, რაც უსაფუძვლო და უსამართლოა.
2. გადასახადის გადამხდელი ყურადღებას ამახვილებს ფაქტზე, რომ შემოწმების დასრულების მომენტისთვის კომპანიას აღარ გააჩნია სალაროს ნაშთები, აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ ფულადი სახსრები ათვისებულია კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე და თანხვედრაშია კომპანიის ეკონომიკურ გათვლებთან. აღნიშნულ პირობებში არასამართლიანად მიიჩნევს სანქციის დაკისრებას და ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 17 აგვისტოს №26701 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. 2019 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდების საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 28 დეკემბრის №33493 ბრძანება და ამავე თარიღის №041-68 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 441 738 ლარი, მათ შორის, გადასახადი 551 887 ლარი, ჯარიმა 551 887 ლარი და საურავი 337 964 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „----------“-ის ძირითადი საქმიანობაა დისტილირებული ალკოჰოლიანი სასმელების წარმოება და საბითუმო ვაჭრობა. 2022 წლის 14 იანვარს შპს „----------“ განახორციელა საფირმო დასახელებაში ცვლილება და გახდა შპს „----------“(მომჩივანი). შემოწმების პროცესში დამუშავებული იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია. საწარმოს ბუღალტრული პროგრამის შესწავლის შედეგად, შემოწმებით გამოვლენილი იქნა გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის ოდენობა. კერძოდ, სალაროში ნაშთი იზრდება 12 მილიონ ლარამდე. შემოწმებამ იხელმძღვანელა მეთოდური მითითებით „სალაროში ნაღდის ფულის შესახებ“ (დანართი N9). გონივრული ნაშთის გაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნა კალენდარული თვის განმავლობაში დაფიქსირებული საკასო შემოსავლისა და ხარჯის 10%, ამასთან, კომპანიის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვინაიდან, ახორციელებს ყურძნის შესყიდვას ადგილობრივ ბაზარზე, სალაროს გონივრული ნაშთის დათვლისას სრულად იქნა გათვალისწინებული ყურძნის შესყიდვაზე გაწეული ხარჯები, აღნიშნული თანხის მიმართ დამატებით საგადასახადო ვალდებულებები არ განისაზღვრა. არადამაჯერებლად იქნა მიჩნეული სალაროში გონივრულ ნაშთზე მეტი ოდენობით თანხის განთავსება-შენახვის საჭიროება. აღნიშნულ პერიოდებში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება კრედიტორული დავალიანება, საბანკო სესხი და დამფუძნებლისგან მიღებული სესხი. დაბეგვრის მიზნებისთვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, არაგონივრული ნაშთი, მისი წარმოშობის კალენდარულ თვეში კვალიფიცირდება, როგორც საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემული უპროცენტო სესხი. სალაროში რიცხული თანხა, ჩაითვალა სესხის გაცემად და შესაბამის საანაგრიშო პერიოდებში დაიბეგრა მოგების გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით. ამასთან, სალაროში ნაღდი ფულის შეტანა, რომელიც წარმოადგენს აღებული სესხის დაბრუნებას, წარმოშობს გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის უფლებას.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლისა და „საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის N34 ბრძანების პირველი პუნქტის გათვალისწინებით, სალაროში რიცხული თანხა, მიჩნეულ იქნა სალაროს პასუხისმგებელ პირზე უპროცენტო სესხის გაცემად და ზემოხსენებული ბრძანებით განსაზღვრული 20%-იანი განაკვეთით გამოანგარიშებული პროცენტის შესაბამისი თანხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული განაცემების მიხედვით საშემოსავლო გადასახადში განისაზღვრა დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, კომპანია დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნულ არგუმენტაციასთან მიმართებაში შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ 2019-2022 წლების სამოქმედო ბიზნეს გეგმის ანოტაციაში ჩამოთვლილია იმ ხარჯებისა და შემოსავლების ოდენობა, რომლის გაწევასაც გეგმავს კომპანია. კერძოდ, განსაზღვრულია: ყურძნის შესყიდვაზე გასაწევი ხარჯები, ახალი ღვინის ქარხნის მშენებლობაზე გასაწევი ხარჯები, დამფუძნებლისაგან მიღებული სესხის, ასევე, კრედიტორული დავალიანების დასაფარად საჭირო თანხების ოდენობა. შემოწმების პროცესში, ვინაიდან, კომპანია გლეხებისაგან ახორციელებდა ყურძნის შესყიდვას ადგილობრივ ბაზარზე, სალაროს გონივრული ნაშთის დათვლისას სრულად იქნა გათვალისწინებული ყურძნის შესყიდვაზე გაწეული ხარჯები, აღნიშნული თანხის მიმართ დამატებით საგადასახადო ვალდებულებები არ განისაზღვრა. რაც შეეხება სხვა ხარჯების ოდენობას, აღნიშნული თავისთავად იღებს მონაწილეობას სალაროს ნაშთის განსაზღვრისას. ამასთან, წარმოდგენილ ბიზნეს გეგმაში არ არის განსაზღვრული თუ სად უნდა ინახებოდეს საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული ფულადი ნაკადები, ბანკში თუ სალაროში.
გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნულ არგუმენტთან მიმართებაში, რომ სალაროში თანხების შენახვა/განთავსება განპიროებებული იყო კომპანიის მსხვილი უცხოელი კრედიტორების თხოვნით, კომპანიის მიერ შემოწმების პროცესში არ იქნა წარმოდგენილი ახსნა-განმარტება და დოკუმენტაცია. ამასთან, ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამიდან ირკვევა, რომ კრედიტორული დავალიანების დაფარვას კომპანია ძირითადად ახორციელებს საბანკო გადარიცხვების მეშვეობით. სალაროდან ძირითადად ხორციელდება ყურძნის შესყიდვის შედეგად წარმოქმნილი კრედიტორული დავალიანებების დაფარვა, შემოწმების მიერ აღნიშნული თანხები არ არის გათვალისწინებული არაგონივრული ნაშთის დადგენისას. „----------“, არის კომპანია, რომლისთვისაც სალაროდან ხდება კრედიტორული დავალიანების დაფარვა, აღნიშნული კი ხორციელდება მხოლოდ 2021 წლის აპრილისა და მაისის თვის საანგარიშო პერიოდში, სხვა შემთხვევაში სალაროდან კრედიტორული დავალიანების დასაფარად გადახდილი თანხები მცირეა. აღნიშნული გასავალი საკასო ხარჯის გაანგარიშების 10%-ში თავისთავად იღებს მონაწილეობას.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს, რომ შემმოწმებლის მიერ სალაროს ნაშთიდან გადახდილად (დაფარულად) უნდა ჩათვლილიყო დამფუძნებლისგან მიღებული სესხი, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კომპანიის საბუღალტრო ჩანაწერებში „3221“ ანგარიშზე აღრიცხულია „სესხები პარტნიორებისგან“. აღნიშნული ანგარიში იძლევა საშუალებას დამფუძნებლებისაგან მიღებული და დაბრუნებული სესხების მიმდინარეობასა და კონტროლზე. შესაბამისად, დამფუძნებლებისათვის დაბრუნებული სესხის თანხა გათვალისწინებული იქნა შემოწმების პროცესში. დამატებითი ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული სალაროს არაგონივრული ნაშთის კომპანიის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას.
2. ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნულ არგუმენტაციასთან მიმართებაში შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ 2019-2022 წლების სამოქმედო ბიზნეს გეგმის ანოტაციაში ჩამოთვლილია იმ ხარჯებისა და შემოსავლების ოდენობა, რომლის გაწევასაც გეგმავს კომპანია. კერძოდ, განსაზღვრულია: ყურძნის შესყიდვაზე გასაწევი ხარჯები, ახალი ღვინის ქარხნის მშენებლობაზე გასაწევი ხარჯები, დამფუძნებლისაგან მიღებული სესხის, ასევე, კრედიტორული დავალიანების დასაფარად საჭირო თანხების ოდენობა. შემოწმების პროცესში, ვინაიდან, კომპანია გლეხებისაგან ახორციელებდა ყურძნის შესყიდვას ადგილობრივ ბაზარზე, სალაროს გონივრული ნაშთის დათვლისას სრულად იქნა გათვალისწინებული ყურძნის შესყიდვაზე გაწეული ხარჯები, აღნიშნული თანხის მიმართ დამატებით საგადასახადო ვალდებულებები არ განისაზღვრა. რაც შეეხება სხვა ხარჯების ოდენობას, აღნიშნული თავისთავად იღებს მონაწილეობას სალაროს ნაშთის განსაზღვრისას. ამასთან, წარმოდგენილ ბიზნეს გეგმაში არ არის განსაზღვრული თუ სად უნდა ინახებოდეს საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული ფულადი ნაკადები, ბანკში თუ სალაროში.
გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნულ არგუმენტთან მიმართებაში, რომ სალაროში თანხების შენახვა/განთავსება განპიროებებული იყო კომპანიის მსხვილი უცხოელი კრედიტორების თხოვნით, კომპანიის მიერ შემოწმების პროცესში არ იქნა წარმოდგენილი ახსნა-განმარტება და დოკუმენტაცია. ამასთან, ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამიდან ირკვევა, რომ კრედიტორული დავალიანების დაფარვას კომპანია ძირითადად ახორციელებს საბანკო გადარიცხვების მეშვეობით. სალაროდან ძირითადად ხორციელდება ყურძნის შესყიდვის შედეგად წარმოქმნილი კრედიტორული დავალიანებების დაფარვა, შემოწმების მიერ აღნიშნული თანხები არ არის გათვალისწინებული არაგონივრული ნაშთის დადგენისას. კრედიტორი, არის კომპანია, რომლისთვისაც სალაროდან ხდება კრედიტორული დავალიანების დაფარვა, აღნიშნული კი ხორციელდება მხოლოდ 2021 წლის აპრილისა და მაისის თვის საანგარიშო პერიოდში, სხვა შემთხვევაში სალაროდან კრედიტორული დავალიანების დასაფარად გადახდილი თანხები მცირეა. აღნიშნული გასავალი საკასო ხარჯის გაანგარიშების 10%-ში თავისთავად იღებს მონაწილეობას.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97(1 „ბ“); 982(3 „ზ“); 101(1); 154(1„ა“); 275.