გადაწყვეტილება №18312/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18312/2/2022
16.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ --------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 16.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ის 28.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18312/2/2022).
დავის საგანი:
1. საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად ჩათვლა;
2. ხელფასის და ფიზიკურ პირებზე განაცემების ნაწილში გამოვლენილი სხვაობის დაბეგვრა;
3. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად;
4. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 20.04.2022 წლის №005-55 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28183 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 536 789 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 299 196
დღგ - 109 888
მოგების გადასახადი - 148 868
საშემოსავლო გადასახადი - 40 440
ჯარიმა - 151 840
საურავი - 85 753
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 1.04.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.05.2020 წლიდან 1.02.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 20.04.2022 წლის №005-55 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28183 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად ჩათვლა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება საბანკო ანგარიშებიდან საქვეანგარიშოდ თანხის გაცემები. აღნიშნული თანხის ნაწილით ანგარიშვალდებულ პირებს ნაღდი ანგარიშსწორებით აქვთ შეძენილი საქონელი და მომსახურება. საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ნაწილის უკან დაბრუნებაც ფიქსირდება, მაგრამ გაცემული თანხებიდან მაინც რჩება ფულის ნაშთი, რომლის გამოყენების მიზნობრიობაც ვერ დგინდება. შემოწმებისას აღნიშნული ფულის ნაშთები მიჩნეულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის და „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.01.2011 №34 ბრძანების პირველი პუნქტის გათვალისწინებით, თანხა, რომელიც კომპანიის დირექტორზე საქვეანგარიშოდ იქნა გაცემული, ხსენებული ბრძანებით განსაზღვრული 20%-იანი განაკვეთით გაანგარიშებული პროცენტის შესაბამისი თანხა ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად შესაბამისი თვეების მიხედვით და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
საგადასახადო კოდექსის 96-ე, 97-ე და 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განხორციელდა მოგების გადასახადის დარიცხვა, ასევე გატანილი თანხის უკან დაბრუნებაზე საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად განხორციელდა მოგების გადასახადის ჩათვლა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 73- ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე და მე-8 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველ პუნქტზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება საბანკო ანგარიშებიდან საქვეანგარიშოდ გაცემული თანხები, საიდანაც ნაწილი თანხით ანგარიშვალდებულ პირებს შეძენილი აქვთ საქონელი და მომსახურება, ასევე ფიქსირდება საქვეანგარიშოდ გაცემული თანხის ნაწილის უკან დაბრუნებაც, თუმცა გაცემული თანხებიდან რჩება ფულის ნაშთი, რომლის გამოყენების მიზნობრიობაც ვერ დგინდება. ამდენად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების მიერ ზემოაღნიშნული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო უპროცენტო სესხზე გაანგარიშებული საპროცენტო შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და შესაბამისად დაბეგვრა მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28183 ბრძანებას და აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 აპრილის №005-55 საგადასახადო მოთხოვნას სრულად. შემოწმების აქტით, საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრა თანხები, რომელიც გადახდილია დანიშნულებისამებრ. ამასთან, საგადასახდო ორგანოს პოზიცია ეწინააღმდეგება დადგენილ პრაქტიკას, კერძოდ სიტუაციურ სახელმძღვანელოებს №1817 - სალაროს ფიქტიური ნაშთის სარგებლად განხილვა და №1819 - სალაროში არსებული უძრავი ნაშთის სარგებლად განხილვა.
საკითხი მოითხოვს გადასახადის გადამხდელთან ერთად გადახედვას ციფრობრივ ნაწილში.
2. ხელფასის და ფიზიკურ პირებზე განაცემების ნაწილში გამოვლენილი სხვაობის დაბეგვრა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავებით განსაზღვრულ იქნა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა (ხელფასი, ფიზიკურ პირებზე განაცემები), რაც აღემატება შესაბამისი პერიოდის დეკლარირებულ მონაცემებს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა შესაბამის პერიოდებში. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 154-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის (საბანკო ამონაწერის) მიხედვით უფიქსირდება ხელფასის სახით განაცემები, რომელიც არ აქვს დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო ორგანოს პოზიცია არასწორია, რადგან ეს საკითხი მოითხოვს შესწავლას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან ერთად. რაიმე განსხვავება დეკლარირებულსა და ფაქტიურ მდგომარეობას შორის არ არსებობს.
3. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელ პერიოდში მომჩივნის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ხონის მუნიციპალიტეტის, სოფელ გორდის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. იგი აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებს ქვეკონტრაქტორებთან ერთად. გადასახადის გადამხდელმა შესამოწმებელ პერიოდში წარმოადგინა სხვადასხვა სახის ახსნა-განმარტებები და შედარების აქტები. მომჩივანს 2021 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც არ აქვს დაბეგრილი დღგ-ით.
საგადასახადო კოდექსის 159-ე, 1621 , 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე საგადასახადო ორგანომ მიჩნია, რომ კომპანიას დღგ-ით უნდა დაებეგრა 2021 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში გამოწერილი, მომსახურების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს 2021 წლის ოქტომბრისა და ნოემბერის თვეებში გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც არ აქვს დაბეგრილი დღგ-ით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო ორგანოს პოზიცია არასწორია, რადგან ეს საკითხი მოითხოვს შესწავლას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან ერთად. კომპანიას აქვს ხელშეკრულებები, მიღებაჩაბარების აქტები, ფორმა №2-ები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები. ფაქტობრივი გარემოებაა, რომ სამუშაო დაუკვეთა შემკვეთმა, ხოლო შემსრულებელმა შეასრულა. რაიმე განსხვავება დეკლარირებულსა და ფაქტიურ შესრულებას შორის არ არსებობს.
4. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 151 840 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 20.04.2022 წლის №005-55 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 85 753 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269- ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
საზოგადოებას დაერიცხა ჯარიმები გადასახადის ძირითადი თანხის დასაბეგრი ბაზის შემცირებისათვის - 151 840 ლარი. საზოგადოება გადასახადის კეთილსინდისიერი გადამხდელია. საზოგადოება არ იყო დაინტერესებული დაერღვია კანონი. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის მიხედვით, „საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით“. საზოგადოებას უნდა მოეხსნას დარიცხული ჯარიმები (მათ შორის სხვა ჯარიმები), საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, რადგან დარღვევები გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თამახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი-22 ნაწილების თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
მომჩივანი მიუთითებს, რომ დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად ჩაითვლა თანხები, რომელიც გადახდილია დანიშნულებისამებრ. საგადასახდო ორგანოს პოზიცია ეწინააღმდეგება №1817 და №1819 სიტუაციურ სახელმძღვანელოებს. ხელფასის და ფიზიკურ პირებზე განაცემების საკითხი მოითხოვს შესწავლას, განსხვავება დეკლარირებულსა და ფაქტიურ მდგომარეობას შორის არ არსებობს. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრის საკითხთხათნ დაკავშირებით გააჩნია ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები, ფორმა №2-ები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები. მიიჩნევს, რომ უნდა მოეხსნას დარიცხული ჯარიმები (მათ შორის სხვა ჯარიმები), საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. ასევე, მომჩივანმა საბჭოს სხდომაზე დააზუსტა, რომ ითხოვს საურავისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე და მიაჩნია, რომ მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, დავის საგნებთან მიმართებაში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერად განსაზღვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით. ამ მიზნით საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28183 ბრძანება;
3. საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად ჩათვლა;
2. ხელფასის და ფიზიკურ პირებზე განაცემების ნაწილში გამოვლენილი სხვაობის დაბეგვრა;
3. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად;
4. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი მიუთითებს, რომ დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად ჩაითვლა თანხები, რომელიც გადახდილია დანიშნულებისამებრ. საგადასახდო ორგანოს პოზიცია ეწინააღმდეგება №1817 და №1819 სიტუაციურ სახელმძღვანელოებს. ხელფასის და ფიზიკურ პირებზე განაცემების საკითხი მოითხოვს შესწავლას, განსხვავება დეკლარირებულსა და ფაქტიურ მდგომარეობას შორის არ არსებობს. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრის საკითხთხათნ დაკავშირებით გააჩნია ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები, ფორმა №2-ები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები. მიიჩნევს, რომ უნდა მოეხსნას დარიცხული ჯარიმები (მათ შორის სხვა ჯარიმები), საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. ასევე, მომჩივანმა საბჭოს სხდომაზე დააზუსტა, რომ ითხოვს საურავისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და დავის საგნებთან მიმართებაში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერად განსაზღვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით. ამ მიზნით საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(3,,ზ"); 101; 136(3); 154; 159; 163; 275; 269 (7).
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილება