გადაწყვეტილება №20238/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 26.09.2023
№ დოკუმენტი 20238/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20238/2/2023

26 სექტემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ ------- (ს/ნ ------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ -----ს 12.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20238/2/2023).

 

დავის საგანი:

სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის დაკისრებული ჯარიმა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 18.06.2023 წლის №CB1480058 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 7.07.2023 წლის №16526 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 500 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 18.06.2023 წლის №CB1480058 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, მომჩივანმა დაარღვია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების (სახელმწიფო ნომერი -----), გადამოწმების დროს (18.06.2023 წ. 12:42 სთ) გამოვლინდა მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი 39 ლარის საბაზრო ღირებულების საქონლის (ლავაში 30 ცალი X 1.30 ლარი) სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, რაზეც მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 7.07.2023 წლის №16526 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 286-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72- ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის განმარტებით, საქონლის მიწოდებისას ინტერნეტ კავშირის ხარვეზის გამო არ ჰქონდა ატვირთული სასაქონლო ზედნადები, თუმცა საქონლის მიწოდებიდან 16 წუთში გამოწერა. ვინაიდან, აღნიშნული სამართალდარღვევა არის პირველი შემთხვევა, ითხოვს აღნიშნული ჯარიმის გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, − იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 18.07.2023 წლის №69631-21-12 წერილიდან ირკვევა, რომ 18.06.2023 წელს გადამოწმებულ იქნა სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით -----. გადამოწმებისას დადგინდა, რომ მომჩივანი ახდენდა სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (39 ლარის ღირებულების 30 ცალი ლავაში), ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე.

მომჩივნის განმარტებით, საქონლის მიწოდებისას ინტერნეტ კავშირის ხარვეზის გამო არ ჰქონდა ატვირთული სასაქონლო ზედნადები, თუმცა საქონლის მიწოდებიდან 16 წუთში გამოწერა. ვინაიდან, აღნიშნული სამართალდარღვევა არის პირველი შემთხვევა, ითხოვს აღნიშნული ჯარიმის გაუქმებას.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევებისათვის (გარდა განმეორებით ჩადენილი ქმედებებისა) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა წარმოადგენს პირველ შემთხვევას, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად უნდა შეეფარდოს გაფრთხილება.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 7.07.2023 წლის №16526 ბრძანება;

3. ნაწილობრივ გაუქმდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 18.06.2023 წლის №CB1480058 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

4. მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად, შეეფარდოს გაფრთხილება;

5. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;

6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის დაკისრებული ჯარიმა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, მომჩივანმა დაარღვია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების გადამოწმების დროს (18.06.2023 წ. 12:42 სთ) გამოვლინდა მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი 39 ლარის საბაზრო ღირებულების საქონლის (ლავაში 30 ცალი X 1.30 ლარი) სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, რაზეც მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 7.07.2023 წლის №16526 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად უნდა შეეფარდოს გაფრთხილება.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(4), 286(1), 270(7).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 996 ბრძანება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 994 ბრძანება.