გადაწყვეტილება №20065/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.09.2023
№ დოკუმენტი 20065/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№ 20065/2/2023

04 სექტემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------26.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20065/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 17.08.2022 წლის №21662 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №039-1 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14587 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 171 155 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 96 947

დღგ - 31 547

მოგების გადასახადი - 7 182

საშემოსავლო გადასახადი - 57 491

ქონების გადასახადი - 727

ჯარიმა - 57 467

საურავი - 16 741

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 9.06.2021 წლის საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარადგინა ბუღალტრული პროგრამა „---------“, საბანკო ამონაწერები და ცნობები, ასევე ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტაცია. შემოწმების პროცესში გამოვლინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: გადამხდელის წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის (2018წლის პირველი ივლისი) მდგომარეობით პროგრამაში ფიქსირდება საწესდებო კაპიტალის საწყისი ნაშთი 500 000 ლარის ოდენობით. ასევე ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებული გაუნაწილებელი მოგების საწყისი ნაშთი შეადგენს 272 685 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში კაპიტალის შემცირების საფუძვლით საწარმოდან გატანილი აქვს 200 000 ლარი და შესაბამისად, კაპიტალის საწყისი ნაშთი გავლენას ახდენს შესამოწმებელი პერიოდის საგადასახადო ვალდებულებებზე. შემოწმების დროს გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა ბუღალტრულად დაფიქსირებული 500 000 ლარის საწესდებო კაპიტალის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/ინფორმაცია, კერძოდ, წინა პერიოდის ამსახველი ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტაცია/აუდირებული ფინანსური ანგარიშგება. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული დოკუმენტაცია შემმოწმებლებისთვის არ წარუდგენია.

აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების ფარგლებში განხორციელდა გადამხდელის წარდგენილი სააღრიცხვო პროგრამის აქტივების, ვალდებულებებისა და კაპიტალის საწყისი ნაშთების ანალიზი შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე. კერძოდ, შესწავლილ იქნა საწარმოს მიერ დეკლარირებული მონაცემები და გადაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის საწყისი გაუნაწილებელი მოგების ნაშთი, რომელიც თავის მხრივ არ შეესაბამება გადამხდელის მიერ წარდგენილ ბუღალტრულ საწყის ნაშთს. შესაბამისად, წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის საწყისი ბალანსის რეალობა არ დასტურდება.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გამომდინარე იქიდან, რომ ვერ დასტურდა შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის დაფიქსირებული 500 000 ლარიანი საწესდებო კაპიტალის რეალობა, შესამოწმებელ პერიოდში 200 000 ლარით ბუღალტრულად შემცირებული საწესდებო კაპიტალი ჩაითვალა 2017 წლამდე მიღებული მოგების განაწილებად და 210 526 ლარი დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, მოგების გადასახადში დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები არ გამოვლინდა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92- ე ნაწილის გათვალისწინებით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 29.04.2022 წლის №10918 ბრძანება და №039-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 17.08.2022 წლის №21662 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 17.08.2022 წლის №21662 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, საბჭოს 9.12.2022 წლის №17661/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 17.08.2022 წლის №21662 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული 2023 წლის 2 თებერვლის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 3 თებერვლის №1861 ბრძანება და 2023 წლის 6 თებერვლის №039-1 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14587 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით.

შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადამხდელის საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მომჩივანს საჩივრებში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. შესაბამისად, არ არსებობს საჩივრების აღნიშნულ ნაწილებში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება აღნიშნულ ნაწილში აუდიტის დეპარტამენტის შეფასებას, ვინაიდან კომპანიაში რეალურად არსებობდა საწესდებო კაპიტალი და აღნიშნულის დასადასტურებლად ითხოვს აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას, აუდირებული ფინანსური ანგარიშგების წარდგენა კომპანიას არ ევალება და შესაბამისად ვერც შემოწმებისას წარადგენდა.

არგუმენტი, რომ საწარმოს გაუნაწილებელი მოგება აქვს და კაპიტალის შემცირება არ უნდა მომხდარიყო არარეალურია, ვინაიდან კაპიტალის შემცირებაც სწორედ იმიტომ მოხდა, რომ გადასახადი არ გადახდილიყო და საბრუნავი ფული დარჩენილიყო კომპანიაში. შესაბამისად, იმის დავალება, რომ ჯერ გაუნაწილებელი მოგება გაიტანოს და შემდეგ კაპიტალი შეამციროს ყოველგვარ არგუმენტაციას მოკლებულია.

შემმოწმებელი, ის ერთ შემთხვევაში, როდესაც ანგარიშობს დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრ ბრუნვას ითვალისწინებს ბუღალტრულ პროგრამაში არსებულ ინფორმაციას და ზრდის დასაბეგრ ბრუნვას, ხოლო მეორე შემთხვევაში, როდესაც ბუღალტრული პროგრამის მონაცემები სწორია და გადასახადის გადამხდელის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, არ ითვალისწინებს.

დივიდენდის განაწილებისას მოხდა დეკლარირება საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აღნიშნულ ნაწილში დარიცხვა არამართლზომიერია და საჭიროებს კორექტირებას.

ასევე, განმარტავს, რომ აღნიშნული სამართალდარღვევა გამოწვეულია ბუღალტრის შეცდომით და მიზნად არ ისახავდა საგადასახადო ვალდებულებებისგან თავის არიდებას.

საწარმოს მიზანი არ ყოფილა გადასახადების დამალვა, დავების განხილვის საბჭოში მოქმედი პრაქტიკის შესაბამისად ითხოვს გათავისუფლდეს დარიცხული სანქციებისგან.

საქართველოს უზენაესი სასამართლო 2014 წლის 7 ოქტომბრის №ბს-222-219 გადაწყვეტილებაში აღნიშნავს რომ, გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირს სწამს, რომ მისი ქმედება კანონიერია, არ არის მართლსაწინააღმდეგო. ამასთან, პირი მოქმედებს ე.წ. საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საპატიებელი შეცდომის დროს პირი ფიქრობს, რომ არ არსებობს ისეთი ნორმა, რომელიც მის ქმედებას კრძალავს. მაშასადამე, მას არ გააჩნია სამართალდარღვევის ჩადენის შეგნება. იმ შემთხვევაში, თუ შეცდომა საპატიებელი არ არის (მაგალითად, მოქმედებდა თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით) პირი არ შეიძლება განთავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისაგან.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან ვინაიდან მისი ქმედება გამომდინარეობდა საპატიებელი შეცდომის ფარგლებში და მიზნად არ ჰქონია გადასახადების შემცირება. ამასთან შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გადახდილია მის მიერ.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის 17.08.2022 წლის №21662 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 17.08.2022 წლის №21662 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული 2023 წლის 2 თებერვლის დასკვნის მიხედვით, გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელს არ წარუდგენია არანაირი დოკუმენტური მტკიცებულება, შესაბამისად, დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა.

მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 17.08.2022 წლის №21662 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ, სადავოდ ხდის ისეთ საკითხებს და წარმოადგენს იმავე არგუმენტებს, რაც თავის დროზე 11.05.2022 წელს შემოსავლების სამსახურში და 31.08.2022 წელს დავების განხილვის საბჭოში საჩივრების წარდგენისას ჰქონდა და რაზეც მიღებულია შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 17.08.2022 წლის №21662 და საბჭოს 9.12.2022 წლის №17661/2/2022 გადაწყვეტილებები.

მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 17.08.2022 წლის №21662 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 17.08.2022 წლის №21662 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების ფარგლებში განხორციელდა გადამხდელის წარდგენილი სააღრიცხვო პროგრამის აქტივების, ვალდებულებებისა და კაპიტალის საწყისი ნაშთების ანალიზი შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე. კერძოდ, შესწავლილ იქნა საწარმოს მიერ დეკლარირებული მონაცემები და გადაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის საწყისი გაუნაწილებელი მოგების ნაშთი, რომელიც თავის მხრივ არ შეესაბამება გადამხდელის მიერ წარდგენილ ბუღალტრულ საწყის ნაშთს. შესაბამისად, წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის საწყისი ბალანსის რეალობა არ დასტურდება.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :304(21);