გადაწყვეტილება №27454/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27454/2/2026
07 ივლისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ის 30.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27454/2/2026).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 28.10.2025 წლის №23737 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 8.04.2026 წლის №081-73 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 15.05.2026 წლის №10787 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 91 601.92 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 40 321.88
მოგების გადასახადი - 31 419.88
საშემოსავლო გადასახადი - 8 902
ჯარიმა - 20 160.90
საურავი - 31 119.14
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 7.02.2025 წლის №2038 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022-1.01.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 30.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2025 წლის №15170 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და №081-169 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 28.10.2025 წლის №23737 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა, საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეესწავლა/გამოეკვლია წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საჩივარზე თანდართული) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 28.10.2025 წლის №23737 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გადასახადის გადამხდელზე დამატებით დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირება არ მომხდარა. აღნიშნულზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.04.2026 წლის №081-73 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 15.05.2026 წლის №10787 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 304-ე მუხლის 21 ნაწილით და განმარტა, რომ შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ გარემოებასა და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემოწმებას უფლება აქვს იხელმძღვანელოს saras.gov.geზე წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების მონაცემებით. გადამხდელის მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებით, 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, დებიტორული დავალიანების საწყის ნაშთად გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება 324 118 ლარი, რომლის დაკორექტირებაც არც შემოწმების პროცესში და არც დავის წარმოების ეტაპზე არ მომხდარა. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნულზე დაყრდნობით განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს გადაანგარიშების ეტაპზე არ წარუდგენია ფინანსური ანგარიშგებებით მითითებულ დებიტორული დავალიანებასა და ბუღალტრული დოკუმენტაციის მიხედვით დებიტორული დავალიანებას შორის სხვაობის თანხის საწარმოში დაბრუნების ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დოკუმენტური მტკიცებულებები, ასევე არ მომხდარა saras.gov.ge-ზე წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების კორექტირება, შემოწმების მიერ მართლზომიერად ეთქვა უარი საგადასახადო შემოწმებით წარმოშობილი ვალდებულების დაუკორექტირებლობაზე.
ამდენად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი შედარების აქტებით დადასტურდა, რომ საწყისი დებიტორული დავალიანება სწორია, რაც ასახული იყო ბუღალტრულ აღრიცხვაში. შემოწმების შედეგად თანხის დივიდენდად განხილვა განხორციელებულია 2022 წლის იანვრის თვეში, ფინანსურ ანგარიშგებაში დებიტორულ დავალიანებასთან ერთად ასევე არასწორადაა ასახული გაუნაწილებელი მოგების ნაშთი, რაც განპირობებული იყო დებიტორული დავალიანების არასწორად ასახვის გამო.
აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებით დარიცხული თანხა (დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტების გათვალისწინებით) უნდა დაკორექტირდეს (შემცირდეს). ვინაიდან, დარიცხვა გამოწვეულია მხოლოდ ფინანსური ანგარიშგების პორტალზე ჩაბარებული მონაცემებით, რაც არ ემთხვევა ბუღალტრულ აღრიცხვას. აქტში აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელი აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და არ მომხდარა სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვის ეჭვქვეშ დაყენება, ასევე არ გამოვლენილა საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის საფუძვლები, შესაბამისად აუდიტორი ადასტურებს რომ ბუღალტრული აღრიცხვა სწორად არის ნაწარმოები და გარდა აქტში აღნიშნული საკითხებისა შესამოწმებელ პერიოდში არანაირი სხვაობა არ გამოვლენილა, აღნიშნული ფაქტი ადასტურებს მომჩივნის კეთილსინდისიერებას საგადასახადო და საბუღალტრო აღრიცხვის ნაწილში. დარიცხული თანხის შესახებ აქტში არ არის საუბარი დარიცხვის სამართლებრივ საფუძვლებზე.
კომპანია თავისი მონაცემებიდან გამომდინარე წარმოადგენს მეოთხე კატეგორიის საწარმოს და სარასზე ხდება მხოლოდ ტექნიკურად მონაცემების შეყვანა. არ საჭიროებს დამატებით რაიმე სახის აუდიტორულ შემოწმებას და შესაბამისად აღნიშნული წარდგენილი ანგარიშგების სისწორის შემოწმება არ ხდება არც ერთი სახელმწიფო ორგანოს მიერ. შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის მისი გამოყენება მიზანშეუწონელია. თუ სარასზე არასწორი ინფორმაციაა ატვირთული ეს არ უნდა გახდეს საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვის საფუძველი, ვინაიდან, აღრიცხვა და ანგარიშგება ასევე საგადასახადო ნაწილში დეკლარირება ხდება ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით.
მომჩივნის სასაწყობო ობიექტში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დათვალიერება, რის შედეგადაც არც აღნიშნულ ნაწილში არ გამოვლენილა რაიმე სახის უზუსტობა.
ყოველი წლის ბოლოს ხდება დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შედარება, აღნიშნულის შესაბამისად კორექტირდება ბუღალტრული მონაცემები, არ არის გამორიცხული, რომ 2021 წლის ბოლოსთვის შედარების შედეგად დაგვიანდა კონკრეტულ ობიექტებთან შედარება, რაც შემდგომ გასწორდა ბუღალტრულ პროგრამაში, მაგრამ არ იქნა ასახული სარასზე წარდგენილ ანგარიშგების ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 28.10.2025 წლის №23737 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა, საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეესწავლა/გამოეკვლია წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის განმარტებით, აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებით დარიცხული თანხა (დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტების გათვალისწინებით) უნდა დაკორექტირდეს (შემცირდეს). ვინაიდან, დარიცხვა გამოწვეულია მხოლოდ ფინანსური ანგარიშგების პორტალზე ჩაბარებული მონაცემებით, რაც არ ემთხვევა ბუღალტრულ აღრიცხვას. აქტში აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელი აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და არ მომხდარა სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვის ეჭვქვეშ დაყენება, ასევე არ გამოვლენილა საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის საფუძვლები, შესაბამისად აუდიტორი ადასტურებს რომ ბუღალტრული აღრიცხვა სწორად არის ნაწარმოები და გარდა აქტში აღნიშნული საკითხებისა შესამოწმებელ პერიოდში არანაირი სხვაობა არ გამოვლენილა, აღნიშნული ფაქტი ადასტურებს მომჩივნის კეთილსინდისიერებას საგადასახადო და საბუღალტრო აღრიცხვის ნაწილში. დარიცხული თანხის შესახებ აქტში არ არის საუბარი დარიცხვის სამართლებრივ საფუძვლებზე.
კომპანია თავისი მონაცემებიდან გამომდინარე წარმოადგენს მეოთხე კატეგორიის საწარმოს და სარასზე ხდება მხოლოდ ტექნიკურად მონაცემების შეყვანა. არ საჭიროებს დამატებით რაიმე სახის აუდიტორულ შემოწმებას და შესაბამისად აღნიშნული წარდგენილი ანგარიშგების სისწორის შემოწმება არ ხდება არც ერთი სახელმწიფო ორგანოს მიერ. შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის მისი გამოყენება მიზანშეუწონელია. თუ სარასზე არასწორი ინფორმაციაა ატვირთული ეს არ უნდა გახდეს საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვის საფუძველი, ვინაიდან, აღრიცხვა და ანგარიშგება ასევე საგადასახადო ნაწილში დეკლარირება ხდება ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილია 5.06.2026 წლის №---21-14 წერილი, საიდანაც ირკვევა მოპასუხე ორგანოს პოზიცია, კერძოდ: აუდიტის დეპარტამენტის 07.02.2025 წლის №2038 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 01.01.2022 წლიდან 01.01.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდები. 31.03.2025 წელს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის მიხედვითაც გადამხდელს ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით ერიცხება სულ 60 483,00 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 40 322.00 ლარი და ჯარიმა 20 161.00 ლარი.
საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა პარფიუმერიით და კოსმეტიკით. საგადასახადო შემოწმების პროცესში წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიხედვით დგინდება რომ გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდზე აწარმოებდა ბუღალტრულ პროგრამას, შესაბამისად წარმოადგინა აღნიშნულ პერიოდზე ბუღალტრული მონაცემები (მათ შორის საწყის და საბოლოო ნაშთებზე ინფორმაცია). შემოწმებამ ასევე იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზებში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით და გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნულ საანგარიშო პერიოდებზე სარასზე წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგებებით, რის მიხედვით დადგინდა რომ საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის 1.01.2022 წლის მდგომარეობით სმფის ნაშთი შეადგენს 661 187 ლარს, ხოლო დებიტორული დავალიანება 324 118 ლარს. იმავე პერიოდისათვის ბუღალტრული დოკუმენტაციის მიხედვით სმფ-ს ნაშთი შეადგენს 669 947 ლარს, ხოლო დებიტორული დავალიანება 146 214 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე ფინანსური ანგარიშგების მიხედვით 01.01.2022 წლის მდგომარეობით წინა საანგარიშო პერიოდებში წარმოშობილი გაუნაწილებელი მოგება შეადგენს 425 470 ლარს, ბუღალტრული დოკუმენტაციით კი 256 325 ლარს. მათ შორის სხვაობის 169 145 ლარის საწარმოში დაბრუნების ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დოკუმენტური მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის. შედეგად ფულადი სხვაობა 169 145 ლარი ჩაითვალა მოგების განაწილებად. პირს დაერიცხა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების სახით გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა 1.01.2022 წლის მდგომარეობით ბუღალტრული დოკუმენტაციის მიხედვით დებიტორული დავალიანების დამადასტურებელი შედარების აქტები, სულ 146 214 ლარზე. ხოლო იმავე პერიოდზე, სარასზე წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგებებით მითითებულ დებიტორული დავალიანებასა და ბუღალტრული დოკუმენტაციის მიხედვით დებიტორული დავალიანებას შორის სხვაობის თანხის საწარმოში დაბრუნების ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დოკუმენტური მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.
აღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 28.10.2025 წლის №23737 ბრძანება აღსრულებულია აღნიშნული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის №23737 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის №2038 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022-1.01.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №15170 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და №081-169 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №23737 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა, საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები,ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეესწავლა/გამოეკვლია წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საჩივარზე თანდართული) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის №23737 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გადასახადის გადამხდელზე დამატებით დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირება არ მომხდარა. აღნიშნულზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №081-73 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №10787 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის №23737 ბრძანება აღსრულებულია აღნიშნული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 981(1); 130(1); 154(1 „ზ“);