გადაწყვეტილება №25917/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25917/2/2025
03 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ის 29.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25917/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 8.05.2025 წლის №9258 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 10.07.2025 წლის №035-3 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 10.09.2025 წლის №19818 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 300 175,77 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 180 217
დღგ - 94 616
საშემოსავლო გადასახადი - 80 704
ქონების გადასახადი - 4 897
ჯარიმა - 69 130
საურავი - 50 828,77
ფაქტების აღწერა
მეწარმის საქმიანობაა სურსათით და სხვადასხვა საქონლით ვაჭრობა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, მეწარმეს 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდებზე წარმოდგენილი აქვს წლიური საშემოსავლო გადასახადის ნულოვანი დეკლარაციები, თუმცა შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი ჰქონდა დღგ-ის დეკლარაციები, რომელშიც აფიქსირებდა დღგ-თ დასაბეგრი ბრუნვებს.
შემმოწმებელთა მიერ შედგენილ იქნა საქონლის მოძრაობის ცხრილი შემოწმების მთელ პერიოდზე (88 დასახელება), 2022 წლის საწყისი საქონლის ნაშთად აღებულ იქნა მეწარმის მიერ წარდგენილი 2021 წლის წლიური დეკლარაციის საბოლოო ნაშთი, ხოლო შემოწმების პერიოდის საბოლოო ნაშთად განისაზღვრა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ აღწერილი საქონლის ნაშთი, რომელიც საბაზრო ღირებულებით შეადგენდა 922 799 ლარს. რეალიზებული (პირველადი დოკუმენტების გარეშე) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფასნამატად გამოყენებულ იქნა მეწარმის დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო იმ საქონლის ჯგუფზე, რომელზეც არ ფიქსირდებოდა დოკუმენტური ფასნამატი, გავრცელდა ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ფასნამატები ცალკეული საქონლის მიხედვით (დოკუმენტური ფასნამატი გავრცელდა საქონლის 50 ჯგუფზე, ხოლო ინვენტარიზაციის ფასნამატი საქონლის 38 ჯგუფზე). დოკუმენტური და ინვენტარიზაციით გამოვლენილი ფასნამატი გავრცელდა თითოეულ საქონელზე/საქონლის ჯგუფზე წლის ჭრილში და იმ საქონელზე, რომელიც დოკუმენტების გარეშე იყო რეალიზებული.
ზემოაღნიშნული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის ცხრილის მიხედვით, 2022 წელს მეწარმის ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 1 915 090 ლარი დღგ-ს გარეშე, ხოლო დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე განთავისუფლებულმა ბრუნვამ - 1 520 ლარი დღგ-ს ჩათვლით, 2023 წელს ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 2 447 681 ლარი დღგ-ს გარეშე, ხოლო დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე განთავისუფლებულმა ბრუნვამ - 11 915 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის, 81-ე მუხლის და 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მეწარმეს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა. ამავდროულად, სხვაობები გამოვლინდა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ბრუნვებში, კერძოდ, 2022 წელს დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 143 869 ლარი დღგ-ის გარეშე, 2023 წელს - 175 419 ლარი დღგ-ს გარეშე. 2024 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით პერიოდის დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 136 135 ლარი დღგ-ის გარეშე. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ზრდა აგრეთვე გამოიწვია საქონლის ინვენტარიზაციის დროს გამოვლენილი ისეთი საქონლის არსებობამ ნაშთში, რომელიც მეწარმეს შეძენილი ჰქონდა შესყიდვის აქტებით, აღნიშნული საქონელი არ წარმოადგენდა სოფლის მეურნეობის პროდუქციას. დღგ-ში დამატებით დარიცხვის საფუძველი გახდა უკან დაბრუნებულ საქონელზე აღსადგენი დღგის თანხა, რომელიც 2022 წელს შეადგენდა 1 966 ლარს დღგ-ის გარეშე, 2023 წელს - 1611 ლარს დღგ-ის გარეშე, ხოლო 2024 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით პერიოდზე - 1 061 ლარს დღგ-ის გარეშე. გადასახადის გადამხდელს გამოვლენილ სხვაობაზე დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
2. მეწარმეს 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდებზე წარდგენილი ჰქონდა წლიური საშემოსავლო გადასახადის ნულოვანი დეკლარაციები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და საბანკო ამონაწერების მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითა 2022 წელს სულ 1 896 789 ლარი (შეძენილი საქონელი, მასალები და ნედლეული - 1 816 746 ლარი; ხელფასის სახით განაცემები - 1 339 ლარი; კრედიტისთვის გადახდილი პროცენტები - 49 275 ლარი; სრულად გამოქვითული ძირითადი საშუალება - 24 381 ლარი და გამოქვითვას დაქვემდებარებული სხვა ხარჯები - 5 048 ლარი); 2023 წელს - სულ 1 863 888 ლარი, (შეძენილი საქონელი, მასალები და ნედლეული - 1 803 548 ლარი; ხელფასის სახით განაცემები - 638 ლარი; კრედიტისთვის გადახდილი პროცენტები - 43 463 ლარი; სრულად გამოქვითული ძირითადი საშუალება - 6 024 ლარი და გამოქვითვას დაქვემდებარებული სხვა ხარჯები - 10 215 ლარი) საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, გათვალისწინებულ იქნა 2022 და 2023 წლის წლიურ საშემოსავლო დეკლარაციაში გამოსაქვითი ხარჯები.
შემოწმების აქტის საფუძველზე 6.03.2025 წელს გამოიცა №3898 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №035-1 საგადასახადო მოთხოვნა, აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში:
- მომჩივანი არ ეთანხმებოდა არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემოწმების პროცესში გამოყენებულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადში დარიცხულ თანხებს. განმარტავდა, რომ მეწარმის ფასნამატი მერყეობდა 5-7%-მდე, ნაცვლად შემმოწმებელთა მიერ გამოყენებული 12%-ისა;
- ითხოვდა ელექტროენერგიის ხარჯის და რეალურად გაცემული ხელფასების გათვალისწინებას გამოსაქვით ხარჯებში.
შემოსავლების სამსახურის 8.05.2025 წლის №9258 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების, კერძოდ, ფასნამატის კოეფიციენტის განსაზღვრის მიზნით: ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ); ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველეყო საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). - მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით: ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები (მათ შორის, ელექტროენერგიის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ცნობები სახელფასო შეღავათით სარგებლობის შესახებ); ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველეყო საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 8.05.2025 წლის №9258 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2025 წლის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს საშემოსავლო გადასახადში შეუმცირდა დარიცხული გადასახადი 23 899 ლარით და ჯარიმა 11 949 ლარით. დასკვნის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ 10.07.2025 წელს გამოიცა №15700 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა 10.07.2025 წლის №035-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში: გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმებოდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას. აცხადებდა, რომ შემმოწმებლებს მიაწოდა ფასნამატის ცხრილი ელექტრონულად, მეილზე, თუმცა აღნიშნული არ იქნა გათვალისწინებული. განმარტავდა, რომ მეწარმე მუშაობს 5-7%-იანი ფასნამატით და ითხოვდა რეალური ფასნამატის გავრცელებას. შემოსავლების სამსახურის 10.09.2025 წლის №19818 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმადაც შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი მტკიცებულებები და შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას სულ 35 848 ლარით. რაც შეეხება წარმოდგენილ სადავო საკითხებს, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული დასკვნისა და მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით დგინდება, შემდეგი: არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, მეწარმის მიერ შემოწმებისათვის არ იქნა წარდგენილი შემოსავლების ბრძანებით განსაზღვრული ინფორმაცია (ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი შესაბამის ვადაში, რის გამოც შემოწმების აქტით დარიცხული თანხები აღნიშნულ ნაწილში დარჩა უცვლელი. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებთან დაკავშირებით, მეწარმემ წარადგინა: ხელფასის უწყისები, ელ. ენერგიის ხარჯის დოკუმენტები, საწვავის ხარჯის დოკუმენტები და საკონტროლოსალარო აპარატის მომსახურების დოკუმენტები. შემოწმებით, გადაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა წარდგენილი დოკუმენტები და გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა შემოწმების შედეგად დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კამერალური შემოწმების დღიდან ითანამშრომლა შემმოწმებელ ჯგუფთან და ეტაპობრივად წარადგინა მოთხოვნილი პირველადი დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ასევე ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების აღწერა და მისი იდენტიფიცირებული ცხრილი შეძენილი საქონლის შესაბამისობაში. ძირითადი საშუალებების ჩამონათვალი. შემოწმების დროს მისთვის გახდა ცნობილი რომ მის ბუღალტრებს 2022 და 2023 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია წარდგენილი ქონდათ ნულოვანი სახით და არ ქონდათ შესაბამისი წლიური საშემოსავლო გადასახადი დარიცხული, არც ამ გადასახადის გადახდასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიწოდებული. ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს მაღალმთიან სტატუსის მქონე რეგიონში და იქ მცხოვრები ფიზიკური პირები დასაქმების შემთხვევაში სარგებლობენ შეღავათით. პირს ყავდა დასაქმებული, უხდიდა ხელფას და ბუღალტრებს არ ქონდათ ყოველთვიურ საშემოსავლო დეკლარაციაში ასახული. ამ დასაქმებული პირების ცნობები საშემოსავლო გადასახადით განთავისუფლების თაობაზე ატვირთულია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ გვერდზე rs.ge. ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს შერეული საქონლის ყიდვა-გაყიდვის სფეროში: სურსათი სამომხმარებლო ნივთები, სოფლის მეურნეობის პროდუქტები, საცალო და საბითუმო რეალიზაცია. სარეალიზაციო ფასნამატი წარმოადგენს 5-7 % ფასნამატს. ასევე ხარჯები აქვს ეკონომიკური საქმიანობის, შეძენილი საქონლის ღირებულება, ხელფასები, ელექტრო ენერგიის ხარჯი, ძირითადი საშუალებების შეძენის ხარჯი, საწვავის შეძენის ხარჯი.
შემოწმების პერიოდის საწყის ნაშთან აღებული უნდა იყოს 2021 წლის წლიურ საშემოსავლო დეკლარაციაში ასახული საბოლოო ნაშთი ხოლო შემოწმების საბოლოო სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთად 2024 წლის 09 დეკემბრის საინვენტარიზაციო აქტით გამოვლენილი სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ნაშთი. 2025 წლის 4 მარტს აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა ი/მ „---“- ის (ს/ნ ---) კამერალური შემოწმების საგადასახადო აქტი. რომელიც ი/მ „---“- ის (ს/ნ ---) ჩაბარდა 2025 წლის 7 მარტს.
აქტში ასახულია რამდენიმე საკითხი რითაც მეწარმეს დაერიცხა 4 სახის გადასახადი ძირის სახით და ჯარიმა, საურავი. გადასახადების დარიცხვა და გამოვლენა მოხდა სხვადასხვა საკითხების მიხედვით: 2025 წლის 5 აგვისტოს საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადაანგარიშება. რაც ვადებში წარდგენილ იქნა. დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადი მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. დარიცხულ დღგ-ს არ ეთანხმება, შემოსავალის გაზრდა გამოიწვია 12% ფასნამატის დარიცხვამ, შესაბამისად გაიზარდა შემოსავალი, რომელიც თვის და წლის ჭრილში არ იყო დაბეგრილი დღგ-ით ვინაიდან რეალური შემოსავალი არ იყო ინდ მეწარმისთვის. ვინაიდან მუშაობს 5-7% ფასნამატზე. მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დარიცხულ დღგ-ს თანხას, 86 601 ლარს. თუმცა ექნება გადასახადი დღგ-ის ნაწილშიც, რადგან რამდენიმე თვის დღგ-ის დეკლარაციის დასაბეგრი ბრუნვა არასწორად აქვს ბუღალტერს დეკლარირებული. რაც რეალურ შემოსავლით დაეკისრება დღგ-ის გადასახადი მზად არის გადაიხადოს. მისი მხრიდან მოხდა ცხრილების წარდგენა ექსელის ფორმატში რაც არ არის გადაანგარიშებული. ითხოვს მოხდეს სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ფასნამატის დაკორექტირება რაც შესაბამისად შედეგს გამოიღებს დარიცხული დამატებით ღირებულების გადასახადზე და ჯარიმა საურავებზე შეამცირებს 40-45 %-ით. ითხოვს მიეცეს სწორად გადახდის საშუალება, ვინაიდან შეძლოს ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელება. შეუძლია დამატებით მტკიცებულებების წარმოდგენაც.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახურის 8.05.2025 წლის №9258 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების, კერძოდ, ფასნამატის კოეფიციენტის განსაზღვრის მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველეყო საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები (მათ შორის, ელექტროენერგიის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ცნობები სახელფასო შეღავათით სარგებლობის შესახებ);
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველეყო საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 8.05.2025 წლის №9258 ბრძანების აღსრულების მიზნით 4.07.2025 წელს შედგა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის თანახმადაც:
- შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 8 მაისის №9258 ბრძანების შესაბამისად, ი/მ ---ის (ს/ნ ---) მიერ არ იქნა წარდგენილი ფასნამატის კოეფიციენტის განსაზღვრის რეესტრი 15 კალენდარული დღის ვადაში. გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა 2025 წლის 23 მაისს ითხოვა 15 კალენდარულ დღეზე მეტი დროის მიცემა დოკუმენტების წარმოდგენისთვის. მეწარმის წარმომადგენელს განემარტა, რომ დოკუმენტების წარმოდგენის პერიოდის გაზრდისთვის დაეწერა განცხადება, თუმცა გადაანგარიშების დასკვნის თარიღისთვის მეწარმეს არ წარუდგენია განცხადება და ფასნამატის კოეფიციენტის განსაზღვრის ცხრილი. ამდენად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები ამ ნაწილში დარჩა უცვლელი.
- მეწარმემ წარადგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, კერძოდ: ხელფასის უწყისები, ელ. ენერგიის ხარჯის დოკუმენტები, საწვავის ხარჯის დოკუმენტები და საკონტროლო-სალარო აპარატის მომსახურების დოკუმენტები. შემოწმებით, გადაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა წარდგენილი დოკუმენტების მონაცემები და გადასახადის გადამხდელს საშემოსავლო გადასახადში შეუმცირდა დარიცხული გადასახადი 23 899 ლარით და ჯარიმა 11 949 ლარით.
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. აცხადებს, რომ შემოწმებას მიაწოდა ფასნამატის ცხრილი ელექტრონულად მეილზე, თუმცა აღნიშნული არ იქნა გათვალისწინებული. განმარტავდა, რომ მეწარმე მუშაობს 5-7%-იანი ფასნამატით და ითხოვდა რეალური ფასნამატის გავრცელებას. შემოწმების დაწყებისთანავე წარუდგინა შესაბამისი მოთხოვნილი დოკუმენტები აუდიტის დეპარტამენტს გადაანგარიშების მიზნებისთვისას ინფორმაცია/დოკუმენტაცია მიწოდებულია ცხრილების სახით და მზად არის საჭიროების შემთხვევაში ასევე დამატებით წარმოადგინოს დოკუმენტაცია. სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 10.10.2025 წლის №89116-21-14 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ: მომჩივანს არ წარუდგენია ფასნამატის კოეფიციენტის განსაზღვრის რეესტრი 15 კალენდარული დღის პერიოდში. გადამხდელის წარმომადგენელმა 2025 წლის 23 მაისს ითხოვა 15 კალენდარულ დღეზე მეტი დრო, მას განემარტა, რომ დოკუმენტების წარმოდგენის პერიოდის გაზრდისთვის დაეწერა განცხადება, თუმცა გადაანგარიშების დასკვნის შედგენის თარიღისთვის მეწარმეს არ წარუდგენია განცხადება და ფასნამატის კოეფიციენტის განსაზღვრის ცხრილი.
მეორე საკითხის შესაბამისად მეწარმემ დასკვნისთვის წარადგინა მხოლოდ ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, კერძოდ: ხელფასის უწყისები, ელ. ენერგიის ხარჯის დოკუმენტები, საწვავის ხარჯის დოკუმენტები, სალარო აპარატის მომსახურების დოკუმენტები. შემოწმებით, გადაანგარიშების დასკვნისთვის გათვალისწინებულ იქნა წარდგენილი დოკუმენტების მონაცემები და გადასახადის გადამხდელს წლიური საშემოსავლო გადასახადში შეუმცირდა დარიცხული საშემოსავლო გადასახადი 23 899 ლარით, ხოლო ჯარიმა 11 949 ლარით. მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებისთვის წარედგინა დოკუმენტაცია 15 კალენდარული დღის ვადაში, მომჩივანმა ითხოვა დამატებითი დრო, რაზეც ასევე მიიღო შეთავაზება წარედგინა განაცხადი წერილობით აღნიშნულთან დაკავშირებით, იმავდროულად მეორე საკითხთან დაკავშირებით მომჩივანმა წარადგინა გარკვეული დოკუმენტები.
აღნიშნულის გათვალისწინებით, უნდა ჩაითვალოს, რომ პირი არ შეზღუდულა საკუთარი პოზიციების დოკუმენტურად დადასტურებაში. ამასთან აღსანიშნავია, რომ დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც გავლენას მოახდენდა გადაანგარიშების შედეგებზე და გახდებოდა სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 8.05.2025 წლის №9258 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
შემოსავლების სამსახურის 8.05.2025 წლის №9258 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელმა სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია არ წარადგინა სრულყოფილად, რის გამოც შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ, შემოწმებამ პირველადი დოკუმენტების გარეშე რეალიზებულ საქონელზე ფასნამატად გამოიყენა მეწარმის დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო იმ საქონლის ჯგუფზე, რომელზეც არ ფიქსირდებოდა დოკუმენტური ფასნამატი, გავრცელდა ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ფასნამატები ცალკეული საქონლის მიხედვით. აღნიშნულის საფუძველზე გაანგარიშდა მეწარმის ერთობლივი შემოსავალი და გამოვლენილ სხვაობებზე გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადი.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, მეწარმეს 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდებზე წარმოდგენილი აქვს წლიური საშემოსავლო გადასახადის ნულოვანი დეკლარაციები. შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებსა და საბანკო ამონაწერებზე დაყრდნობით გაანგარიშებული და გათვალისწინებულ იქნა 2022 და 2023 წლის წლიურ საშემოსავლო დეკლარაციაში გამოსაქვითი ხარჯები.
გადაწყვეტილება
საჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 8.05.2025 წლის №9258 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21.