ბრძანება N 9336

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.04.2023
№ დოკუმენტი 9336
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 9336

28.04.2023

შპს „-----------“-ს (ს/ნ -------- )

(მის.: ----------------------------)

2022 წლის 10 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 აპრილის სხდომაზე (ოქმი №35) განიხილა შპს „------“-ს (ს/ნ ---) 10 დეკემბრის №77185/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 ოქტომბრის №081-184 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

მომჩივნის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. კერძოდ, არ ეთანხმება ხილის ასორტის უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დათვლილი იქნა შპს „---------“-ს შემოსავლები, შემმოწმებელმა შესყიდვის აქტებით შეძენილი ხილი ცალკე გამიჯნა და მიწოდებად დაბეგრა. აცხადებს, რომ თითოეული მზა კერძის ხარჯთაღრიცხვა კალკულაციის ნორმებით განისაზღვრება, რაც იმას ნიშნავს, რომ კალკულაციის ნორმებით არის დარეგულირებული ერთეული მზა კერძის საწარმოებლად რა სახის და რა რაოდენობის სასაქონლო მარაგებია საჭირო. შესაბამისად, კალკულაციის ნორმების მიხედვით რეგულირდება ერთეული მზა კერძის თვითღირებულება და სარეალიზაციო ღირებულება პერიოდების მიხედვით. აღნიშნული ხარჯები და შემოსავლები აისახება ბუღალტრულ პროგრამა „ორის“-ში, სადაც ჩანს მიწოდებული კერძების რაოდენობა, შესაბამისად თითოეული კერძის თვითღირებულება და სარეალიზაციო ღირებულება. აცხადებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ხილი შედის ისეთი მზა კერძების თვითღირებულებაში, რომელიც განსხვავებული კერძია თავისი გემოვნებით, სახელწოდებით და კლიენტის მოზიდვის მიზნით ახდენენ აღნიშნულ კერძებზე ხილის დამატებას. ასეთი მზა კერძებია: „Kuzu pirzola”; „Izgara kofte”; Taze fasule”; “Taviq qanaT”; „Domates qabab”; Adana qababi”; “Taviq qanat”; “doneri” და ა. შ.

მიუთითებს, რომ შემოწმების და შემდგომ გადაანგარიშების პროცესში წარდგენილი იქნა აუდიტორთან როგორც ორის პროგრამა, სადაც იკითხება ხილის შეძენა და წარმოებაში ხარჯვა, ისე მზა კერძების კალკულაციის ცხრილები. აცხადებს, რომ საწარმოს 2015-2016 წლებში ფიზიკური პირებისაგან შეძენილი აქვს ხილი (ვაშლი, ყურძენი, კივი), რომელიც ჩართული იყო წარმოების პროცესში და იგი წარმოადგენს თვითღირებულებაში შემავალ ხარჯს, რაც შემდგომ მზა კერძის მიწოდებით, ჩართული არის სალაროს ფისკალურ მაჩვენებლებში, რომლის მეშვეობითაც ერთობლივი შემოსავლის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, შესაბამისი თვისა და წლების ჭრილში, რაზეც დარიცხულია დღგ და მოგების გადასახადი და გადახდილია ბიუჯეტში. შემოწმების პოზიციის საპირისპიროდ აღნიშნავს, რომ მსგავსი პროდუქტის (ვაშლი, ყურძენი, კივი) ცალკე რეალიზაცია ნამდვილად არ ხდება, აღნიშნული პროდუქტის წარმოებაში გამოყენება დასტურდება კალკულაციის ნორმებითა და წარმოების ცხრილებით.

მიუთითებს, რომ გადამხდელს არ გაუკეთებია იმგვარი განმარტება თითქოს იგი ზემოაღნიშნულ პროდუქტს უსასყიდლოდ აწვდიდა მომხმარებელს ყოველ დამატებით შეკვეთაზე. აღნიშნავს, რომ წარმოადგენს შემოწმების პერიოდში მიწოდებულ „ორისის“ პროგრამის ასლს, სადაც აღნიშნული ოპერაციები გატარებულია, როგორც თვითღირებულებაში შემავალი ხარჯი, ისე ჩართულია შემოსავლებში სალაროს ფისკალის მაჩვენებლებით.

ასევე, გადამხდელისთვის გაუგებარია საიდან იქნა მიღებული ინფორმაცია, რომ თითოეულ შეკვეთას შეესაბამება 2.7 კგ. ხილი, რაც ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. უთითებს, რომ შეძენილი პროდუქტი ორჯერ იქნა დაბეგრილი, ერთ შემთხვევაში დეკლარირების პერიოდში და მეორე შემთხვევაში, შემოწმების მიერ საგადასახადო შემოწმების აქტით.

გადამხდელისთვის გაუგებარია რა ფასნამატით განისაზღვრა შეძენილი ხილის თვითღირებულება, შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ხილის მიწოდების შემთხვევაში. უთითებს, რომ თუ აუდიტორმა კომპანიის ერთობლივი შემოსავალი გაზარდა უსასყიდლოდ ხილის მიწოდებით, ამ შემთხვევაში, მას ხარჯებიც უნდა გაეთვალისწინებინა. ასევე, აღნიშნავს, რომ შეძენილი სასაქონლო მატერიალური მარაგების ღირებულების შემოწმების მიერ გაზრდის გათვალისწინებით გამოდის, რომ 93 699 ლარის თვითღირებულების ხილი გაყიდულია 375 154 ლარად, რაც ყოველგვარ ლოგიკას სცილდება. აგრეთვე, გაუგებარია სასაქონლო მატერიალური მარაგების ცვლილების გამომწვევი გარემოებები და მსგავსი ქმედება ხომ არ ეწინააღმდეგება სიტუაციურ სახელმძღვანელოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელს მიაჩნია, რომ შემოწმება მთელი რიგი დარღვევებითაა ჩატარებული და არ იკვეთება აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენატაციის შესწავლა. მომჩივანი ითხოვს განაწილებული მოგების კორექტირებას, გამოსაქვითი ხარჯების (რპთ-ის, 2015-2016 წლების სხვა ხარჯები, რემონტის და ამორტიზაციის ხარჯები, ელ. ენერგიის ხარჯი) სწორად განსაზღვრას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 11 ოქტომბრის №28774 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „------------“-ს (ს/ნ ------) საჩივარი.

2018 წლის 11 ოქტომბრის №28774 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2019 წლის 5 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2019 წლის 13 სექტემბრის №081-283 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 13 სექტემბრის №081-283 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურში 2019 წლის 7 ოქტომბერს წარდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 10 თებერვლის №3073 ბრძანებით დარჩა განუხილველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 10 თებერვლის №3073 ბრძანებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში გადამხდელი მიერ წარდგენილი საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 12 ნოემბრის №10049/2/2020 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საჩივარი განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 1 ნოემბრის №34328 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---------“-ს (ს/ნ ---------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „---------“-ს (ს/ნ ---------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება უზრუნველყოს ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“ შემოსავლების სამსახურის სამსახურის 2021 წლის 1 ნოემბრის №34328 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 11 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 19 ოქტომბრის №081-184 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ამასთან დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 11 ოქტომბრის №28774 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2019 წლის 11 ოქტომბრის №6980/2/2018 გადაწყვეტილებით გადამხდელის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 11 ოქტომბრის №28774 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შემოსავლების სამსახურის მიერ გამოიცა 2019 წლის 16 დეკემბრის №43869 ბრძანება, რომლითაც აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების შესაბამისად დამატებით შეისწავლოს საჩივარში მითითებული სადავო საკითხები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება. ასევე, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს №N4225-რს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილებებით საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციების შემსუბუქების საკითხის შესწავლა.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 16 დეკემბრის №43869 ბრძანების აღსრულების მიზნით გამოცემულია 2022 წლის 12 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებზე და 2022 წლის 19 ოქტომბრის №081-185 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა მიხედვით გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ:

შემოწმების პროცესში წარმოდგენილი ინფორმაციით საწარმოს 2015-2016 წლებში ფიზიკური პირებისგან შეძენილი აქვს ხილი. წარმოდგენილი კალკულაციებით, მენიუებითა და სხვა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ საწარმოს მიერ არ ხდება მსგავსი პროდუქტების (ვაშლი, ყურძენი, კივი) არც პირდაპირი რეალიზაცია და არც წარმოებაში გამოყენება. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული პროდუქტი სარეალიზაციო კერძებთან ერთად ე.წ. ხილის ასორტის სახით უსასყიდლოდ მიეწოდებოდა მომხმარებელს ყოველ დამატებით შეკვეთაზე. პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ თითოეულ შეკვეთას დაახლოებით შეესაბამება 2.7 კგ. ხილი. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა 2015 წლის 31 დეკემბრით დათარიღებული ბრძანებები კალკულაციების შესახებ, სადაც ისევე როგორც ბუღალტრულ პროგრამაში, აგრეთვე წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არსად ჩანს ხილის მოძრაობა და წარმოებაში გამოყენება, რითაც არგუმენტირებულად ჩაითვლებოდა გადამხდელის პოზიცია. სხვა გასაჩივრებულ საკითხებთან დაკავშირებით, დასკვნის თანახმად დგინდება, რომ აქტით დარიცხული თანხები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან, ხოლო გადამხდელის პრეტენზია დაუსაბუთებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელზე დამატებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება უზრუნველეყო გამოცემული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით. ამასთან, 2021 წლის 1 ნოემბრის №34328 ბრძანებაში შემოსავლების სამსახური უთითებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, შემოსავლების სამსახურს დაევალა სადავო საკითხებზე იმსჯელოს დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების და ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 16 დეკემბრის №43869 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, აღნიშნული აქტების კომპლექსურად აღსრულების შედეგებზე.

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან ბრძანების გამოცემის ეტაპზე არ იყო აღსრულებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე მიღებული შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 16 დეკემბრის №43869 ბრძანება, ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით საჩივარი განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, მიჩნეულ იქნა, რომ შპს „----------“-ს შემოწმების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 21 აგვისტოს „საგადასახადო მოთხოვნით“, მ.შ. 2019 წლის 13 სექტემბრის №081-283 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები საჭიროებდა დამატებით შესწავლას. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესწავლა/დაზუსტება უნდა განეხორციელებინა შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 16 დეკემბრის №43869 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების გათვალისწინებით.

საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 16 დეკემბრის №43869 ბრძანების აღსრულების მიზნით, გამოცემულია 2022 წლის 12 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებზე და 2022 წლის 19 ოქტომბრის №081-185 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა მიხედვით გადასახადის გადამხდელს დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. იმის გათვალისწინებით, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 16 დეკემბრის №43869 ბრძანების აღსრულების მიზნით გამოცემული საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებზე დასკვნის თანახმად დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას, განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირების საფუძველი, შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ 2021 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია კანონმდებლობის შესაბამისად.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---------“-ს (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

+2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს განაწილებული მოგების კორექტირებას, გამოსაქვითი ხარჯების სწორად განსაზღვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების პროცესში წარმოდგენილი ინფორმაციით საწარმოს 2015-2016 წლებში ფიზიკური პირებისგან შეძენილი აქვს ხილი. წარმოდგენილი კალკულაციებით, მენიუებითა და სხვა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ საწარმოს მიერ არ ხდება მსგავსი პროდუქტების (ვაშლი, ყურძენი, კივი) არც პირდაპირი რეალიზაცია და არც წარმოებაში გამოყენება. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული პროდუქტი სარეალიზაციო კერძებთან ერთად ე.წ. ხილის ასორტის სახით უსასყიდლოდ მიეწოდებოდა მომხმარებელს ყოველ დამატებით შეკვეთაზე. პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ თითოეულ შეკვეთას დაახლოებით შეესაბამება 2.7 კგ. ხილი. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა 2015 წლის 31 დეკემბრით დათარიღებული ბრძანებები კალკულაციების შესახებ, სადაც ისევე როგორც ბუღალტრულ პროგრამაში, აგრეთვე წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არსად ჩანს ხილის მოძრაობა და წარმოებაში გამოყენება, რითაც არგუმენტირებულად ჩაითვლებოდა გადამხდელის პოზიცია.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (21).