ბრძანება N 23779

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 28.09.2023
№ დოკუმენტი 23779
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23779

28 სექტემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“ (ს/ნ ------)

(მის.: ---------)

2023 წლის 27 იანვრის და 21 თებერვლის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №92) განიხილა შპს „------ს“ (ს/ნ -----) 2023 წლის 27 იანვრის №78652/1/2023 და 21 თებერვლის №79243/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №225-12 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ანგარიშვალდებული პირის მიერ გატანილი სესხის უპროცენტო სესხად განხილვას. განმარტავს, რომ კომპანიის ანგარიშიდან გაცემული 249 000 ლარი წარმოადგენს დირექტორზე გაცემულ პროცენტიან სესხს, რაზეც წარმოდგენილი აქვს სესხის ხელშეკრულება. აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით აღნიშნული სესხის ნაწილი უკვე დაფარულია მსესხებლის მიერ და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ოპერაცია უნდა დაიბეგროს მხოლოდ მოგების გადასახადით.

2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით იჯარის მომსახურებებისა და დაქირავებულ პირებზე განაცემების დაბეგვრას გადახდის წყაროსთან. განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით გაურკვეველია რომელი საიჯარო მომსახურებები და განაცემები იქნა დაბეგრილი შემოწმების მიერ დამატებით. მიიჩნევს, რომ საკითხი დამატებით უნდა იქნას შესწავლილი გადამხდელის მონაწილეობით.

3. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრული ფულის ნაშთის დივიდენდად განხილვას. აცხადებს, რომ ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის ცხრილში დებიტორული და კრედიტორული ნაშთის მონაცემი დაფიქსირებულია მხოლოდ შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თარიღისათვის. შესაბამისად, აღნიშნული ცხრილი არ ითვალისწინებს საწყისს მონაცემს. შემოწმების პროცესში ვინაიდან არსებული საბუღალტრო პროგრამა იყო დაზიანებული საწყისი პერიოდის მონაცემის ამოღება ვერ მოხერხდა. აცხადებს, რომ მიმდინარეობს კლიენტებთან და მომწოდებლებთან შესამოწმებელი პერიოდის საწყისი თარიღისათვის არსებულ დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებაზე შედარების აქტების მომზადება და განმარტავს, რომ წარმოადგენს მათ მოთხოვნისთანავე. გადამხდელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მონაცემი გათვალისწინებულ უნდა იქნას სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას, ხოლო მიღებული შედეგი განხილულ უნდა იქნას ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №5) მიხედვით. ასევე, საჩივარზე წარმოდგენილი აქვს შედარების აქტები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 მარტის №6284 ბრძანების საფუძველზე შპს „----ს“ (ს/ნ ------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 27 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №33267 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №225-12 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 229 237 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 132 689 ლარი, ჯარიმა 67 187 ლარი და საურავი 29 361 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

1. 2021 წლის აგვისტოში ანგარიშვალდებულ პირს გატანილი აქვს უპროცენტო სესხი 249 174 ლარის ოდენობით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების შესაბამისად საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრულია 20%-ით, ამიტომ აღნიშნული თანხის 20%-იანი განაკვეთით გამოანგარიშებული პროცენტის შესაბამისი თანხა ჩაითვალა სალაროს პასუხისმგებელი პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადასახადის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მიხედვით მოგების გადასახადით დაიბეგრა ფიზიკურ პირზე სესხის გაცემა. საწარმოს აღნიშნულის შედეგად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

2. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და გაანალიზდა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული სააღრიცხვო დოკუმენტაცია. ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა, რომ ფიზიკური პირებისაგან მიღებული იჯარის მომსახურებები ნაწილობრივ იყო წყაროსთან დაბეგრილი, ასევე გამოვლინდა სხვაობები დაქირავებულ პირებზე განაცემების შესწავლისას. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

3. შემოწმებით, ჩატარებულ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, გათვალისწინებულ იქნა კომპანიის მიერ მიღებული ყველა შემოსავალი, ასევე დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი, გაწეული, როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების გზით. ასევე, გათვალისწინებულ იქნა კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია დებიტორ-კრედიტორებზე. დარჩენილი თანხა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოდან გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ახსნა-განმარტების საფუძველზე დაკვალიფიცირდა გაცემულ დივიდენდად და დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე და 98-ე მუხლების თანახმად. შედეგად, კომპანიას დაერიცხა მოგების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას სარგებლის ღირებულებად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, ანგარიშვალდებულ პირს 2021 წლის აგვისტოს თვეში გატანილი აქვს სესხი 249 174 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილი ელექტრონული საბუღალტრო პროგრამა „ფინა“ იყო არასრულყოფილი და შეიცავდა არსებით ხარვეზებს. კერძოდ, პროგრამაში არ იყო ასახული კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობა, მათ შორის არც დირექტორზე გაცემული სესხი და არც შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის არსებული დებიტორული/კრედიტორული დავალიანებები. ასევე, ხარვეზიანი იყო ინფორმაცია შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის არსებული დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების მიერ 2021 წლის აგვისტოს თვეში კომპანიის მიერ ანგარიშვალდებული პირსათვის გაცემული სესხის უპოცენტო სესხად განხილვა და შესაბამისად დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

სააღრიცხვო დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების თანახმად, გადასახადის გადამხდელს ნაწილობრივ ჰქონდა დაბეგრილი ფიზიკური პირებისაგან მიღებული იჯარის მომსახურებები საშემოსავლო გადასახადით. ასევე შემოწმებით გამოვლინდა სხვაობები დაქირავებულ პირებზე განაცემების შესწავლისას.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის თანახმად, თუ რეზიდენტი საწარმო დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შემოწმებით ჩატარებულ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, რომლის საფუძველზეც გაანგარიშებულ იქნა ფულის ნაშთი, რაც გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტების საფუძველზე დაკვალიფიცირდა გაცემულ დივიდენდად. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმებით ფულის ნაშთის დივიდენდად განხილვა მართლზომიერია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელმა დავის წარმოების პროცესში წარმოადგინა დამატებითი მტკიცებულებები (შედარების აქტები) და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------“ (ს/ნ -----) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ანგარიშვალდებული პირის მიერ გატანილი სესხის უპროცენტო სესხად განხილვას.

2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით იჯარის მომსახურებებისა და დაქირავებულ პირებზე განაცემების დაბეგვრას გადახდის წყაროსთან.

3. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრული ფულის ნაშთის დივიდენდად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. 2021 წლის აგვისტოში ანგარიშვალდებულ პირს გატანილი აქვს უპროცენტო სესხი 249 174 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხის 20%-იანი განაკვეთით გამოანგარიშებული პროცენტის შესაბამისი თანხა ჩაითვალა სალაროს პასუხისმგებელი პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადასახადის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ასევე, მოგების გადასახადით დაიბეგრა ფიზიკურ პირზე სესხის გაცემა. საწარმოს აღნიშნულის შედეგად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

2. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და გაანალიზდა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული სააღრიცხვო დოკუმენტაცია. ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა, რომ ფიზიკური პირებისაგან მიღებული იჯარის მომსახურებები ნაწილობრივ იყო წყაროსთან დაბეგრილი, ასევე გამოვლინდა სხვაობები დაქირავებულ პირებზე განაცემების შესწავლისას. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

3. შემოწმებით, ჩატარებულ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, გათვალისწინებულ იქნა კომპანიის მიერ მიღებული ყველა შემოსავალი, ასევე დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი, გაწეული, როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების გზით. ასევე, გათვალისწინებულ იქნა კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია დებიტორ-კრედიტორებზე. დარჩენილი თანხა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოდან გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ახსნა-განმარტების საფუძველზე დაკვალიფიცირდა გაცემულ დივიდენდად და დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე და 98-ე მუხლების თანახმად. შედეგად, კომპანიას დაერიცხა მოგების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4)(9"ბ"), 97(1"ა"), 981(1), 982(3"ზ")(8), 101(1)(2"ბ"), 154(1"ა""დ""ზ"), 43(4), 100(3"ბ"), 102(1"ა"), 309(92), 8(12), 130(1).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.01.2011 წლის N 34 ბრძანება.