ბრძანება N 27155

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 03.11.2023
№ დოკუმენტი 27155
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი, მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27155

03 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ---ის (ს/ნ ---)

(მის: ---) 2023 წლის 6 ოქტომბრის

საჩივრის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 ოქტომბრის (ოქმი №109) სხდომაზე განიხილა ი/მ ---ის (ს/ნ---) №83957/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირებულ გადასახადში დარიცხულ თანხებს, ანალიტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 25 დეკემბრის №025-1100 ბრძანებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 20 აგვისტოს №CB1204183 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს და მომსახურების დეპარტამენტის 2013 წლის 22 აგვისტოს №034035 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია: ,გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ 2010 წლიდან არის სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედა. 2019 წლის მარტიდან იმყოფება ქ. ათენში და არ უსარგებლია ინდივიდუალური მეწარმეობით. ითხოვს პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული დავალიანებისა და ყადაღის გაუქმებას.

 

ფაქტების აღწერა:

მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ ი/მ ---ს (ს/ნ ---) 2013 წლის 30 აგვისტოდან მინიჭებული ჰქონდა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი (საქმიანობის სახე - თმის შეჭრის, შესწორების, დაწყობის (მათ შორის, თმის დაგრძელების), შეღებვის, დახვევის, გასწორების, გაპარსვის, წვერის შესწორების, მაკიაჟის (მათ შორის, წამწამების დაგრძელების), მასაჟის (სამედიცინო მასაჟის გარდა), წარბების კორექციის, ეპილაციის (ლაზერული ეპილაციის გარდა), დეპილაციის, კოსმეტოლოგის მომსახურება)) და ფიქსირებული გადასახადის დარიცხვა (საანგარიშო თვეზე 50 ლარი) პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელებულია 2013 წლის სექტემბრის თვიდან.

ი/მ ---ის (პ/ნ ---) მიერ ფიქსირებული სტატუსით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერება/განახლების შესახებ განაცხადი მომსახურების დეპარტამენტში წარდგენილია 2023 წლის 6 ოქტომბერს.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ი/მ ---ს (ს/ნ ---) 2023 წლის 20 ოქტომბრის 03 ნოემბერი 2023 N 27155 მდგომარეობით ერიცხება საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 5640.78 ლარი, ჯარიმა 900 ლარი, საურავი 3117.46 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირებულ გადასახადში დარიცხულ თანხებთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

ფიქსირებულ გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 951 მუხლზე, რომლის მიხედვით, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არ არის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი და ახორციელებს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ ერთ ან ერთზე მეტ საქმიანობას.

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის დანართი N4-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის განაკვეთი საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საქმიანობის სახეების მიხედვით შეიძლება იყოს − დაბეგვრის ობიექტზე − 1 ლარიდან 2000 ლარის ფარგლებში.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე. ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადახდა ხორციელდება საანგარიშო თვის დაწყებამდე, გადახდის მომენტისათის არსებული განაკვეთის შესაბამისად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 956 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი უქმდება, თუ:

ა) პირი წყვეტს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას;

ბ) პირი საგადასახადო ორგანოს მიმართავს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით.

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის დანართი №4-ის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის დანართი N4-ის მე-4 მუხლის მე9 პუნქტის თანახმად, დარიცხული ფიქსირებული გადასახადი, შესაბამისი საანგარიშო თვის დადგომის შემდეგ, შესაძლებელია, გადაანგარიშდეს მხოლოდ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოს მიერ საკითხის შესწავლის შედეგად.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დააკორექტიროს (შეამციროს) დარიცხული ფიქსირებული გადასახადი.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი ანალიტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 25 დეკემბრის №025-1100 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების, ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 20 აგვისტოს №CB1204183 და 2013 წლის 22 აგვისტოს №034035 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

ანალიტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 25 დეკემბრის №025-1100 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანებასა და ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 20 აგვისტოს №CB1204183 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. თუ გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირია, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება შესაძლებელია, თუკი შესრულებულია შემდეგი პირობები:

ა) პირს ორჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;

ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ადრესატი დოკუმენტს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.

ამავე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

საქმეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ ანალიტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 25 დეკემბრის №025-1100 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 20 აგვისტოს №CB1204183 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ორჯერ იქნა გაგზავნილი გადასახადის გადამხდელის იურიდიულ მისამართზე (---), თუმცა მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 20 აგვისტოს №CB1204183 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გადასახადის გადამხდელს ელექტრონულად გაეგზავნა 2021 წლის 20 აგვისტოს და გაეცნო 2023 წლის 5 ოქტომბერს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი. შესაბამისადდ, შემოსავლების სამსახურში აღნიშნულ ნაწილში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2023 წლის 6 ოქტომბერს.

მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, სახეზეა აღნიშნულ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

მომსახურების დეპარტამენტის 2013 წლის 22 აგვისტოს №034035 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ 2013 წლის 22 აგვისტოს №034035 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმზე საჩივარი მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი იყო 2013 წლის 30 აგვისტოს. აღნიშნული საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 3 ოქტომბრის №49075 ბრძანების საფუძველზე არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა აღნიშნულ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ---ის (ს/ნ---) საჩივარი პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირებულ გადასახადში დარიცხული თანხების ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დააკორექტიროს (შეამციროს) დარიცხული ფიქსირებული გადასახადი.

3. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. ი/მ ---ს (ს/ნ ---) საჩივარი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №025-1100 ბრძანების, №CB1204183 და №034035 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების ნაწილში დარჩეს განუხილველი;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული დავალიანებისა და ყადაღის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ მეწარმეს 2013 წლის 30 აგვისტოდან მინიჭებული ჰქონდა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი და ფიქსირებული გადასახადის დარიცხვა (საანგარიშო თვეზე 50 ლარი) პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელებულია 2013 წლის სექტემბრის თვიდან.

მეწარმის მიერ ფიქსირებული სტატუსით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერება/განახლების შესახებ განაცხადი მომსახურების დეპარტამენტში წარდგენილია 2023 წლის 6 ოქტომბერს.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დააკორექტიროს (შეამციროს) დარიცხული ფიქსირებული გადასახადი.

საჩივარი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №025-1100 ბრძანების, №CB1204183 და №034035 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების ნაწილში დარჩა განუხილველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 951; 956; 299; 301.