ბრძანება N 23883

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.11.2024
№ დოკუმენტი 23883
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23883

11 ნოემბერი 2024

ბრძანება

შპს „--------“-ის (ს/ნ "-------")

(ფაქტ. მის.: "-------" )

2024 წლის 30 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 5 ნოემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №118) განიხილა შპს „---------“-ის (ს/ნ "-------") 2024 წლის 30 ოქტომბრის №92605/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 1 ოქტომბრის №006-444 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

1. მეწარმეების მიერ გაწეულ მომსახურებაზე გადახდილი თანხების ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში გაუთვალისწინებლობა;

2. განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა. მომჩივნის მტკიცებით, შემოწმებამ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განახორციელა საქმის გარემოებების ჯეროვანი გამოკვლევის გარეშე, კერძოდ, სათანადოდ არ შეაფასა კომპანიის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 დეკემბრის №31447 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---------“-ის (ს/ნ "-------") 2023 წლის 23 იანვრის №78328/1/2023 საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „---------“-ის (ს/ნ "-------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს განკარგვადი თანხის დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 დეკემბრის №31447 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 25 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 1 ოქტომბრის №006-444 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელის მიერ სადავო საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილ იქნა შეთანხმების აქტები. შპს „----------“-ის დირექტორი არის "--------", რომელიც ასევე არის შპს „----------“-ის დირექტორი. კომპანიების საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა, ხოლო საქმიანობის ადგილია "---------". აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ შეთანხმების აქტებზე ხელმოწერაში მითითებულია შპს „-------“, ხოლო მითითებული თანხების ანაზღაურება, გადამხდელის განმარტებით, მოხდა დირექტორის პირადი ანგარიშებიდან. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი ხელშეკრულებები ან რაიმე სხვა სახის დოკუმენტაცია, რომელშიც აღწერილი იქნება შესრულებული სამუშაოების მოცულობები, განხორციელების ზუსტი დრო, ასევე, არ წარმოუდგენია შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტები (ფორმა 2) ან რაიმე სახის სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომელიც შემოწმებას მისცემდა შესაძლებლობას სრულად შეესწავლა შესრულებული სამუშაოების განხორციელება და მიმღები სუბიექტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------“-ის (ს/ნ "-------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება მღებულ გადაწყვეტილებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის მიერ სადავო საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილ იქნა შეთანხმების აქტები. გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი ხელშეკრულებები ან რაიმე სხვა სახის დოკუმენტაცია, რომელშიც აღწერილი იქნება შესრულებული სამუშაოების მოცულობები, განხორციელების ზუსტი დრო, ასევე, არ წარმოუდგენია შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტები ან რაიმე სახის სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომელიც შემოწმებას მისცემდა შესაძლებლობას სრულად შეესწავლა შესრულებული სამუშაოების განხორციელება და მიმღები სუბიექტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304(21)