გადაწყვეტილება №20909/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20909/2/2023
01 მარტი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს -------- (ს/ნ ------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ს 25.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20909/2/2023).
დავის საგანი:
1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის შემცირება;
2. მიწისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა;
3. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი შემოსავლების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
4. ქონების გადასახადში განხორციელებული დარიცხვის მართლზომიერება;
5. ქონების გადასახადში (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა) განხორციელებული დარიცხვის მართლზომიერება;
6. 2018 წელს იმპორტის რეჟიმით შემოტანილი ძირითადი საშუალების (ქაღალდის წარმოების დანადგარი) იჯარიდან მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრა;
7. არარეზიდენტ მომწოდებელზე ასანაზღაურებელი თანხის 25%-ის საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №007-600 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18618 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 200 958 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 124 216
დღგ - 12 936
ქონების გადასახადი (არასასოფლო მიწა) - 852
მოგების გადასახადი - 6 972
საშემოსავლო გადასახადი - 78 139
ქონების გადასახადი - 25 317 01
ჯარიმა - 70 670
საურავი - 6 072
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.10.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 28 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა 2021 წლის 29 დეკემბრის №41900 ბრძანება და №007-600 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გამო წარედგინა საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 18 მაისის №011-2022- 112081 ბრძანება და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივნისის №011-2856 ბრძანება, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 16.08.2022 წლის №21644 ბრძანებით, საჩივარი, 2021 წლის 29 დეკემბრის №007-600 საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, განუხილველი დარჩა, ხოლო საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 18 მაისის №011-2022-112081 ბრძანების და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივნისის №011-2856 ბრძანების გასაჩივრების ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 16.08.2022 წლის №21644 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 24.11.2022 წლის №17706/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 16.08.2022 წლის №21644 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18618 ბრძანებით საჩივარი, 2021 წლის 29 დეკემბრის №007-600 საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 18 მაისის №011-2022-112081 ბრძანების და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივნისის №011-2856 ბრძანების გასაჩივრების ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დავის საგნის არ არსებობის გამო, განუხილველი დარჩა.
შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18618 ბრძანება, საჩივრის არ დაკმაყოფილების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის შემცირება
ფაქტების აღწერა
მომჩივანს 2021 წლის ივლისის თვის დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციაში ჩათვლილი აქვს 2018 წლის საანგარიშო პერიოდის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით დღგ-ის თანხა.
საგადასახადო კოდექსის 173-ე და 178-ე მუხლების საფუძველზე, საწარმოს შეუმცირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა (ჩათვლა გათვალისწინებულ იქნა 2018 წლის შესაბამის საანგარიშო პერიოდში), რის საფუძველზეც გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 136-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით, 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 179-ე მუხლით, 1.01.2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და განმარტა, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
ზემოთ ჩამოთვლილი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გავრცელებულია საჯარო შეტყობინების გზით. აღნიშნული პროცედურა არ უნდა განხორციელებულიყო (გარდა საჩივრის განხილვის თაობაზე მიღებული ბრძანებისა) და შემოსავლების სამსახურს უნდა გაემახვილებინა ყურადღება, რომ სათანადოდ არ ხორციელდებოდა საფოსტო გზავნილების ადრესატისთვის გადაცემა და ასევე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სათანადოდ არ იქნა გამოყენებული ყველა ბერკეტი, რათა გადამხდელს ინფორმაცია ჰქონოდა გამოცემული აქტების შესახებ. შემოწმება ჩატარდა გადასახადის გადამხდელის შეტყობინების გარეშე, შესაბამისად მას არ ჰქონდა შესაძლებლობა წარმოედგინა საკუთარი პოზიცია.
საჩივრის განხილვის ეტაპზე შემოსავლების სამსახურის მიერ არ ჩატარდა ზეპირი განხილვა და არ მიეცა შესაძლებლობა, დაეფიქსირებინა პოზიცია და წარედგინა სათანადო დოკუმენტაცია. აღნიშნული საკითხის მნიშვნელობას ხაზს მეტად უსვამს ის ფაქტიც, რომ შემოწმების ეტაპზეც არ მოხდა გადამხდელის ინფორმირება. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურმა მხოლოდ აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით იხელმძღვანელა და რეალურად არ მიეცა შესაძლებლობა, მოეხდინა გადამხდელის უფლებების დაცვა.
ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის მოსმენის უფლება საკვანძო უფლებაა, რაც განმტკიცებულია არა მარტო ადგილობრივი კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით.
კომპანიის დირექტორი და ერთადერთი მესაკუთრე არის ---------, -------ს მოქალაქე, რომელიც არ ფლობს სახელმწიფო ენას. კომპანია არ ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას და ფაქტობრივად მხოლოდ ფლობდა უძრავ ქონებას, სამომავლოდ სასტუმროს ასაშენებლად. შესაბამისად რაიმე მოგების მიღება მოცემული საწარმოს საქმიანობიდან გამომდინარე წარმოუდგენელია. კატეგორიულად არ ეთანხმება დარიცხულ თანხებს და ითხოვს მის გაუქმებას.
პოზიცია დეტალურად იქნება წარმოდგენილი საჩივრის ზეპირ განხილვამდე. შესაბამისად ითხოვს, რომ წარმოდგენილ საჩივარზე ჩატარდეს ზეპირი განხილვა და მიეცეს შესაძლებლობა დაფიქსირდეს პოზიცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული აქტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც გადასახადის გადამხდელის (მყიდველის/ჩათვლის მიმღების) მიერ ასახული არ არის შესაბამის ვადაში წარმოდგენილ შემდეგ დეკლარაციაში:
ე.ა) მატერიალური (მათ შორის, კომპიუტერით ამობეჭდილი) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო 3 საანგარიშო პერიოდის მიხედვით ან არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, დადგენილ ვადაში წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში (მათ შორის, დაზუსტებული დეკლარაციის წარმოდგენით);
ე.ბ) ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში ან არაუგვიანეს 3 კალენდარული წლის განმავლობაში, ამავე პერიოდის დაზუსტებულ დეკლარაციაში.
1.01.2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
1.01.2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
1.01.2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა;
1.01.2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წელია გასული. თუ დღგ-ის ჩათვლა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან მე-3 წელს განხორციელდა, დასაბეგრ ოპერაციაში მონაწილე მხარეების მიმართ (ამ ოპერაციის ფარგლებში) ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა 1 წლით გრძელდება. ამასთანავე, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით).
შემოწმებისას დადგინდა, რომ საწარმოს 2021 წლის ივლისის თვის დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციაში ჩათვლილი აქვს 2018 წლის საანგარიშო პერიოდის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით დღგ-ის თანხა. საგადასახადო კოდექსის 173-ე და 178-ე მუხლების საფუძველზე, საწარმოს შეუმცირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა (ჩათვლა გათვალისწინებულ იქნა 2018 წლის შესაბამის საანგარიშო პერიოდში), რის საფუძველზეც გადამხდელს დაერიცხა დღგ.
მომჩივანს არ წარმოუდგენია არგუმენტები ან მტკიცებულებები, რაც შემოწმებით დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. მიწისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
საწარმოს მიერ, 2021 წლის ივნისის თვეში რეალიზებულია მის საკუთრებაში არსებული ქონება (მიწა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობა) საკადასტრო კოდით --------, აღნიშნული მიწოდება საწარმოს მიერ არ არის ასახული შესაბამის დეკლარაციებში. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, აღნიშნული ქონების მიწოდება დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 160-ე მუხლის პირველი და მე-6 ნაწილებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელს არ წარუდგენია მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთჯერადი/არარეგულარული ხასიათის მიუხედავად, ნებისმიერ შემთხვევაში, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის/ნაგებობის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი და მე-6 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
6. მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობის/ნაგებობის ერთობლივად მიწოდება შენობის/ნაგებობის მიწოდებად განიხილება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად: 1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს მიერ, 2021 წლის ივნისის თვეში რეალიზებულია მის საკუთრებაში არსებული ქონება (მიწა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობა) საკადასტრო კოდით -------, აღნიშნული მიწოდება საწარმოს მიერ არ არის ასახული შესაბამის დეკლარაციებში. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების მიხედვით, საწარმოს მიერ ქონების მიწოდება დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.
მომჩივანს არ წარმოუდგენია კონკრეტული არგუმენტები ან მტკიცებულებები, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საწარმოს მიერ რეალიზებულია უძრავი ქონება (მიწა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობა), რომლის შესაბამისი გადასახადით დაბეგვრა და დეკლარირება არ მომხდარა, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში მომჩივნისათვის დამატებითი საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის შესახებ მართებულია.
3. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი შემოსავლების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდებში არ არის წარმოდგენილი წყაროსთან დაკავებული გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები. ასევე, საწარმოს მიერ შემოწმებისთვის არ არის წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვა, ინფორმაცია ფულადი სახსრების ნაშთის შესახებ, ხარჯის დამადასტურებელი სრულყოფილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერები, ინფორმაცია დებიტორ-კრედიტორული დავალიანებების ნაშთების შესახებ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 49-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შემოწმებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების (ხარჯების გაანგარიშებისას 2018 წელს განხორციელებული იმპორტის ნაწილში, ვინაიდან შემოწმებისთვის არ არის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები წარდგენილი გათვალისწინებულ იქნება ძირითადი საშუალების საინვოისო ღირებულების 75%) გათვალისწინებით დადგენილი იქნა საწარმოს მიერ მიღებული/გაუხარჯავი შემოსავალი, რომელიც საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და ამავე კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შედეგად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
მომჩივანმა საჩივართან დაკავშირებით 21.12.2023 წელს წარმოადგინა გაცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში თანხების დარიცხვას. პირელ რიგში უნდა აღნიშნოს, რომ კომპანიის დაფუძნების მიზანი იყო სხვადასხვა სახის უძრავი ქონების ყიდვა და სასტუმრო ბიზნესის განვითარება. მაგალითად -------ში იგეგმებოდა მცირე სასტუმროს მშენებლობა, ვინაიდან კომპანიის დამფუძნებელს სხვა ქვეყნებში, მათ შორის -------ში და ------ში გააჩნდა ბიზნესი, საქმიანობის განხორციელება გაჭიანურდა. ასევე, უნდა აღნიშნოს, რომ კომპანიამ დამფუძნებლის ინვესტიციით 2013 წელს შეიძინა 355 კვ.მ. მიწა (საკადასტრო კოდი: --------), 147 906 აშშ დოლარის ოდენობის თიბისი ბანკის იპოთეკური სესხით. 2013 წლიდან მოყოლებული მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ყოველთვიურად ხდებოდა დაახლოებით 3 500 აშშ დოლარის გადახდა, მხოლოდ და მხოლოდ დამფუძნებლის სახსრებით. სამწუხაროდ კომპანიის დირექტორი ფიქრობდა სანამ საქმიანობას არ დაიწყებდა და არ მოახდენდა მომსახურების გაწევას ან საქონლის რეალიზაციას, გადასახადი არ უნდა გადაეხადა. თუმცა ყოველთვიურად ხან თავად დამფუძნებელს შეჰქონდა აღნიშნული თანხა, ხან მის საკუთრებაში არსებული უცხოური კომპანიების ანგარიშიდან ირიცხებოდა თანხა. ვინაიდან კომპანიის დამფუძნებელი დიდ დროს ატარებდა ---------ში, ამ სახელმწიფოდან პირდაპირი გადმორიცხვები იყო შეუძლებელი, ამიტომ სესხის დასაფარ თანხას ამ პერიოდში ის პირადი გზავნილის მეშვეობით უგზავნიდა მეგობარს და მის მეუღლეს, ასევე მეორე მეგობარს, რომლებიც ახდენდნენ სესხის დაფარვას. აღნიშნული დგინდება საბანკო ამონაწერის (იხ. საბანკო ამონაწერი - დანართი N1) დანიშნულებით, ასევე ამ პირების წერილებით. კომპანიას სხვა სახის ჩარიცხვები არ მიუღია და არც ხარჯები გაუწევია. ეს გასაგებიც არის, რადგან ფაქტობრივად ქონების შეძენის გარდა სხვა სახის აქტივობა კომპანიას არ განუხორციელებია.
2017 წელს კომპანიის დამფუძნებელმა გადაწყვიტა რომ საქართველოში ასევე დაიწყებდა ქაღალდის წარმოებას, რა მიზნითაც 2018 წელს შემოტანილ იქნა დანადგარი. ვინაიდან, საქმიანობის განხორციელებამდე ქაღალდის წარმოების დანადგარი სადმე უნდა ყოფილიყო შენახული, კომპანიის დირექტორი შეუთანხმდა მის მეგობარს ---------ს დანადგარი შეენახა მის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაში, რომელიც მდებარეობს სოფელ -------ში (საკადასტრო კოდი: -------). სწორედ ამიტომ იქნა შიდა გადაზიდვის დოკუმენტით დანადგარი გადაზიდული აღნიშნულ სოფელში. შემდეგ ვერ მოახერხა საბოლოოდ ამ ბიზნესის განხორციელება კომპანიამ, რადგან კომპანიის დამფუძნებელს ფინანსური პრობლემები შეექმნა 2019 წლიდან. ამ მიზეზის გამო უკვე დანაწევრებული (რაც ასევე, აღნიშნულია შემმოწმებლის მიერ) ფაქტობრივად ექსპლუატაციიდან გამოსული დანადგარი 2021 წელს გაასხვისა სხვა კომპანიაზე. შესაბამისად, კომპანიას არც კი დაუწყია პროდუქციის წარმოება. ასევე, უნდა აღნიშნოს, რომ დანადგარის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის მოძიება ვერ მოხდა ტექნიკური მიზეზით და დღემდე ცდილობს ამ დოკუმენტის მოძიებას. ამ პირობებში გაუგებარია შემმოწმებლის მიერ გაანგარიშებული შემოსავალი 390 696 ლარი რას ეფუძნება, როდესაც სესხის გადახდაც კი დამფუძნებლის პირადი შენატანით ხდებოდა.
ვინაიდან, გადასახადების დარიცხვა განაპირობა მათ შორის 2018 წელს იმპორტირებული დანადგარის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობამ, ითხოვს მიეცეს კიდევ 14 დღე, რათა ეს დოკუმენტი წარადგინოს. კომპანიის დამფუძნებელი ცდილობს მოიპოვოს წინამდებარე დოკუმენტი თავად გამყიდველისგან, რომელიც შეპირდა აღნიშნული დოკუმენტის მიწოდებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების გათვალისწინებით დადგინდა საწარმოს მიერ მიღებული/გაუხარჯავი შემოსავალი, რომელიც საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და ამავე კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.
საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ კომპანიამ დამფუძნებლის ინვესტიციით 2013 წელს შეიძინა 355 კვ.მ. მიწა (საკადასტრო კოდი: -------), 147 906 აშშ დოლარის ოდენობის თიბისი ბანკის იპოთეკური სესხით. 2013 წლიდან მოყოლებული მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ყოველთვიურად ხდებოდა დაახლოებით 3 500 აშშ დოლარის გადახდა, მხოლოდ და მხოლოდ დამფუძნებლის სახსრებით. ყოველთვიურად ხან თავად დამფუძნებელს შეჰქონდა აღნიშნული თანხა, ხან მის საკუთრებაში არსებული უცხოური კომპანიების ანგარიშიდან ირიცხებოდა თანხა. ვინაიდან კომპანიის დამფუძნებელი დიდ დროს ატარებდა --------ში, ამ სახელმწიფოდან პირდაპირი გადმორიცხვები იყო შეუძლებელი, ამიტომ სესხის დასაფარ თანხას ამ პერიოდში ის პირადი გზავნილის მეშვეობით უგზავნიდა მეგობარს ---------ს (პ/ნ --------) და მის მეუღლეს --------ს (პ/ნ ------), ასევე მეორე მეგობარს -------ს (პ/ნ ------), რომლებიც ახდენდნენ სესხის დაფარვას. აღნიშნული დგინდება საბანკო ამონაწერის (იხ. საბანკო ამონაწერი - დანართი N1) დანიშნულებით, ამ პირების წერილებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, უნდა მოხდეს ამ ნაწილში საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხების კორექტირება.
მხარეთა არგუმენტების, წარმოდგენილი მასალების, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ზემოთ დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია/მტკიცებულებები, მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლილი თანხების და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ამასთან, საბჭოს მიაჩნია, რომ მე-6 დავის საგანზე (2018 წელს იმპორტის რეჟიმით შემოტანილი ძირითადი საშუალების (ქაღალდის წარმოების დანადგარი) იჯარიდან მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრა) მიღებული გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს აღნიშნული სადავო საკითხი, კერძოდ, დანადგარის შეძენიდან მის რეალიზაციამდე პერიოდში იჯარით გაცემულად ჩათვლის შედეგად განსაზღვრული თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ამ ნაწილში საშემოსავლო გადასახადის შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
4. ქონების გადასახადში განხორციელებული დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელ პერიოდზე საწარმოს მიერ არ არის წარმოდგენილი შესაბამისი წლების ქონების გადასახადის დეკლარაციები. ამასთან, შემოწმებით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საკუთრებაშია ძირითადი საშუალებები, შენობა-ნაგებობები და მსუბუქი ავტომობილი. საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის თანახმად, გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტით, 202-ე მუხლის პირველი ნაწილით, 205-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიუთითა, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდზე საწარმოს მიერ არ არის წარმოდგენილი შესაბამისი წლების ქონების გადასახადის დეკლარაციები. ამასთან, საწარმოს საკუთრებაშია ძირითადი საშუალებები, შენობა-ნაგებობები და მსუბუქი ავტომობილი. საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის თანახმად, გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი.
მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი ან მტკიცებულება, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. ქონების გადასახადში (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა) განხორციელებული დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში საკუთრებაში აქვს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი შესაბამისი მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციები. საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის მიხედვით, საკუთრებაში არსებული მიწის ფართობის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი მიწაზე და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 205-ე მუხლის მე-2 ნაწილით და განმარტა, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე.
საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაიანგარიშება შემდეგი წესით:
ა) გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით;
ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი საბაზისო განაკვეთი მრავლდება ტერიტორიულ კოეფიციენტზე. ამასთანავე, ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი.
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში საკუთრებაში აქვს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი შესაბამის მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციები. საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის მიხედვით, საკუთრებაში არსებული მიწის ფართობის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა) და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
მომჩივანს არ წარმოუდგენია არგუმენტები ან მტკიცებულებები, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
6. 2018 წელს იმპორტის რეჟიმით შემოტანილი ძირითადი საშუალების (ქაღალდის წარმოების დანადგარი) იჯარიდან მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
საწარმოს 2018 წელს უფიქსირდება იმპორტის რეჟიმით შემოტანილი ქაღალდის წარმოების დანადგარი, რომლის ღირებულება საბაჟო დოკუმენტაციის მიხედვით 154 328 ლარია. აღნიშნული დანადგარი შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული საწარმოს მიერ გამოწერილი შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადების მიხედვით მიტანილია სოფელი -------ში და მისი შემდგომი გადაადგილება პირველადი საგადასახადო დოკუმენტებით არ დასტურდება. 2021 წლის ივლისში საწარმომ აღნიშნული დანადგარი (პირველადი საგადასახადო დოკუმენტებში აღწერილია ცალ-ცალკე შემადგენელი ნაწილებით) მიაწოდა შპს „---------ს“, რომელზეც გამოწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და ასახა შესაბამისი პერიოდის დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციაში. ამასთან, წარმოდგენილი საგადასახადო დეკლარაციების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ იმპორტის სასაქონლო რეჟიმში მოქცეული დანადგარზე გადახდილი დღგ გადასახადის გადამხდელს არ აქვს ჩათვლილი. ამასთან შესყიდვის პერიოდიდან რეალიზაციის პერიოდამდე საწარმოს მიერ არ ხდება აღნიშნული დანადგარიდან მიღებული შემოსავლების რაიმე სახით დეკლარირება. საგადასახადო კოდექსის მე-14 მუხლის, ასევე 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი ამავე კოდექსის 159-ე მუხლების და 73-ე მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილების შესაბამისად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და საკანონმდებლო ნორმების მიხედვით, ასევე იმ მოცემულობით, რომ პირს არ აქვს წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია (მათ შორის საბანკო ამონაწერები) შემოწმებისთვის წარმოდგენილი, დანადგარის შეძენიდან მის რეალიზაციამდე პერიოდში ძირითადი საშუალება ჩაითვალა იჯარით გაცემულად, ხოლო იჯარის ყოველთვიური დასაბეგრი ღირებულება განსაზღვრულ იქნა მისი ღირებულებიდან ექსპლუატაციის ვადის (5 წელი) პროპორციულად. შესაბამისად, იჯარიდან მიღებული შემოსავალი დაექვემდებარა დღგ- ით დაბეგვრას. საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით.
შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანმა საჩივართან დაკავშირებით 21.12.2023 წელს წარმოადგინა განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ გაუგებარია, შემოსავლების სამსახურის პოზიცია იმის შესახებ, რომ კომპანიას დანადგარი 2018 წლიდან იჯარით ჰქონდა გაცემული. პირიქით დგინდება, რომ 2021 წლისთვის როდესაც გაიყიდა დანადგარი დანაწევრებული იყო. კომპანიას ამ დანადგარით საქმიანობა არ განუხორციელებია და ამას ადასტურებს ასევე -------ს მომართვა. თუ იჯარით გაცემული ჰქონდა კომპანიას აღნიშნული დანადგარი მაშინ რა საქმიანობის განხორციელების საფუძველზე მიიღო კომპანიამ 390 696 ლარის შემოსავალი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად: 1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს 2018 წელს უფიქსირდება იმპორტის რეჟიმით შემოტანილი ქაღალდის წარმოების დანადგარი, რომლის ღირებულება საბაჟო დოკუმენტაციის მიხედვით 154 328 ლარია. აღნიშნული დანადგარი შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული საწარმოს მიერ გამოწერილი შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადების მიხედვით მიტანილია სოფელი --------ში და მისი შემდგომი გადაადგილება პირველადი საგადასახადო დოკუმენტებით არ დასტურდება. 2021 წლის ივლისში საწარმომ აღნიშნული დანადგარი (პირველადი საგადასახადო დოკუმენტებში აღწერილია ცალ-ცალკე შემადგენელი ნაწილებით) მიაწოდა შპს „-------ს“, რომელზეც გამოწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და ასახა შესაბამისი პერიოდის დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციაში. ამასთან, წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ იმპორტის სასაქონლო რეჟიმში მოქცეული დანადგარზე გადახდილი დღგ გადასახადის გადამხდელს არ აქვს ჩათვლილი. ამასთან შესყიდვის პერიოდიდან რეალიზაციის პერიოდამდე საწარმოს მიერ არ ხდება აღნიშნული დანადგარიდან მიღებული შემოსავლების რაიმე სახით დეკლარირება. საგადასახადო კოდექსის მე-14 მუხლის, ასევე 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი ამავე კოდექსის 159-ე მუხლების და 73-ე მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილების შესაბამისად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და საკანონმდებლო ნორმების მიხედვით, ასევე იმ მოცემულობით, რომ არ აქვს წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია (მათ შორის საბანკო ამონაწერები) შემოწმებისთვის წარმოდგენილი, დანადგარის შეძენიდან მის რეალიზაციამდე პერიოდში ძირითადი საშუალება ჩაითვალა იჯარით გაცემულად, ხოლო იჯარის ყოველთვიური დასაბეგრი ღირებულება განსაზღვრულ იქნა მისი ღირებულებიდან ექსპლუატაციის ვადის (5 წელი) პროპორციულად. შესაბამისად, იჯარიდან მიღებული შემოსავალი დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.
საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მომჩივანმა განაცხადა, რომ გაუგებარია, საგადასახადო ორგანოს პოზიცია, დანადგარის 2018 წლიდან იჯარით გაცემულად მიჩნევის შესახებ, ვინაიდან დგინდება, რომ 2021 წლისთვის, როდესაც გაიყიდა დანადგარი დანაწევრებული იყო. კომპანიას ამ დანადგარით საქმიანობა არ განუხორციელებია და ინახებოდა მეგობართან, რასაც ადასტურებს აღნიშნული პიროვნება - -------. თუ იჯარით გაცემული ჰქონდა კომპანიას აღნიშნული დანადგარი, მაშინ რა საქმიანობის განხორციელების საფუძველზე მიიღო კომპანიამ 390 696 ლარის შემოსავალი.
მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მხრიდან ვერ მოხდა სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარდგენა, შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მოხდა არაპირდაპირი მეთოდით, 2018 წელს უფიქსირდებოდა იმპორტის რეჟიმით შემოტანილი ქაღალდის წარმოების დანადგარი, რომლის რეალიზაცია განახორციელა 2021 წლის ივლისში, ამ ხნის განმავლობაში გარკვეული პერიოდი ახდენდა ქაღალდის რეალიზაციას, ხოლო ის კომპანია, რომელზეც მოხდა აღნიშნული დანადგარის მიწოდება ამ საქმიანობით იყო დაკავებული. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ასევე, ვინაიდან არ იყო წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია (მათ შორის საბანკო ამონაწერები), დანადგარი (ძირითადი საშუალება) შეძენიდან მის რეალიზაციამდე პერიოდში ჩაითვალა იჯარით გაცემულად, იჯარიდან მიღებული შემოსავალი დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ დანადგარი შეძენიდან მის რეალიზაციამდე პერიოდში ჩაითვალა იჯარით გაცემულად, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სადავო საქმეზე მოპასუხე ორგანოს მიერ წარმოდგენილი არ არის, საგადასახადო ორგანოს მხრიდან არ არის დადგენილი ასევე, ოპერაციის მე-2 მხარე, იჯარის მიმღების (მოიჯარე) იდენტიფიცირება ვერ ხდება, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ დანადგარის შეძენიდან მის რეალიზაციამდე პერიოდში იჯარით გაცემულად დაკვალიფიცირება სათანადო მტკიცებულებების არ არსებობიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა და ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ექვემდებარება შემცირებას.
7. არარეზიდენტ მომწოდებელზე ასანაზღაურებელი თანხის 25%-ის საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
საწარმოს მიერ 2018 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდში იმპორტის სასაქონლო ოპერაციის ფარგლებში, არარეზიდენტი მომწოდებლისგან შეძენილი აქვს 154 328 ლარის თვითღირებულების საქონელი. ამასთან, იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს არ აქვს წარმოდგენილი შესაბამისი საქონლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალება, ჩეკი, ქვითარი და ა.შ), თუმცა შემოწმებას გააჩნია საბაჟო დეკლარაცია და ინვოისი, ასევე შემოწმებისთვის მტკიცებულების სახით, შეძენილი საქონლის ღირებულების თანხის გადახდის დასადასტურებლად სხვა რაიმე დოკუმენტი (მაგალითად შედარების აქტი, საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც დადასტურდება საქონლის საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის გატანა) წარმოდგენილი არ არის. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებად, ხოლო დარჩენილი 25% დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად პერიოდის ბოლოსათვის. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პირს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-8 ნაწილით.
შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანმა საჩივართან დაკავშირებით 21.12.2023 წელს წარმოადგინა განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ ვერ მოხდა ამ ეტაპზე თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის მოძიება, რადგან თანხა გადახდილ იქნა პირადად კომპანიის დირექტორის მიერ სხვა ქვეყნიდან. შესაბამისად, დანადგარის საფასურის 25% პროცენტის სესხად დაკვალიფიცირებას არ ეთანხმება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 981−984 მუხლებით გათვალისწინებული გადახდების/განაცემების არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, ხოლო თუ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი დამატებული ღირებულების გადასახადს მოიცავს − საბაზრო ფასით, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცდეს 20 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმებისას დადგინდა, რომ საწარმოს მიერ 2018 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდში იმპორტის სასაქონლო ოპერაციის ფარგლებში, არარეზიდენტი მომწოდებლისგან შეძენილი აქვს 154 328 ლარის თვითღირებულების საქონელი. ამასთან, იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს არ აქვს წარმოდგენილი შესაბამისი საქონლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალება, ჩეკი, ქვითარი და ა.შ), თუმცა შემოწმებას გააჩნია საბაჟო დეკლარაცია და ინვოისი, ასევე შემოწმებისთვის მტკიცებულების სახით, შეძენილი საქონლის ღირებულების თანხის გადახდის დასადასტურებლად სხვა რაიმე დოკუმენტი (მაგალითად შედარების აქტი, საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც დადასტურდება საქონლის საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის გატანა) წარმოდგენილი არ არის. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებად, ხოლო დარჩენილი 25% დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად პერიოდის ბოლოსათვის.
ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით, დანართი №9 (სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითება) ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს აღნიშნულ გარემოებაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, ხსენებული მეთოდური მითითების გათვალისწინებით. ამ მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს სადავო საკითხის დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ამ ნაწილში მომჩივნისათვის განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18618 ბრძანება;
3. ნაწილობრივ გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №007-600 საგადასახადო მოთხოვნა;
4. საჩივარი, მე-3 დავის საგნის ნაწილში, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
ა) მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩაბარებიდან 15 კალენდარულ დღის განმავლობაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველყოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების და მე-6 დავის საგნის ნაწილში მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლა, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
5. საჩივარი, მე-6 დავის საგნის ნაწილში დაკმაყოფილდეს. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
6. საჩივარი, მე-7 დავის საგნის ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველყოს სადავო საკითხის შესწავლა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის (სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითება) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
7. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
8. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის შემცირება;
2. მიწისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა;
3. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი შემოსავლების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
4. ქონების გადასახადში განხორციელებული დარიცხვის მართლზომიერება;
5. ქონების გადასახადში (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა) განხორციელებული დარიცხვის მართლზომიერება;
6. 2018 წელს იმპორტის რეჟიმით შემოტანილი ძირითადი საშუალების (ქაღალდის წარმოების დანადგარი) იჯარიდან მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრა;
7. არარეზიდენტ მომწოდებელზე ასანაზღაურებელი თანხის 25%-ის საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
1. მომჩივანს 2021 წლის ივლისის თვის დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციაში ჩათვლილი აქვს 2018 წლის საანგარიშო პერიოდის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით დღგ-ის თანხა. საწარმოს შეუმცირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა (ჩათვლა გათვალისწინებულ იქნა 2018 წლის შესაბამის საანგარიშო პერიოდში), რის საფუძველზეც გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.
2. საწარმოს მიერ, 2021 წლის ივნისის თვეში რეალიზებულია მის საკუთრებაში არსებული ქონება (მიწა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობა), აღნიშნული მიწოდება საწარმოს მიერ არ არის ასახული შესაბამის დეკლარაციებში. აღნიშნული ქონების მიწოდება დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.
3. საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდებში არ არის წარმოდგენილი წყაროსთან დაკავებული გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები. ასევე, საწარმოს მიერ შემოწმებისთვის არ არის წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვა, ინფორმაცია ფულადი სახსრების ნაშთის შესახებ, ხარჯის დამადასტურებელი სრულყოფილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერები, ინფორმაცია დებიტორ-კრედიტორული დავალიანებების ნაშთების შესახებ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. შემოწმებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების გათვალისწინებით დადგენილი იქნა საწარმოს მიერ მიღებული/გაუხარჯავი შემოსავალი, რომელიც დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შედეგად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.
4. შესამოწმებელ პერიოდზე საწარმოს მიერ არ არის წარმოდგენილი შესაბამისი წლების ქონების გადასახადის დეკლარაციები. ამასთან, შემოწმებით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საკუთრებაშია ძირითადი საშუალებები, შენობა-ნაგებობები და მსუბუქი ავტომობილი. გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.
5. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში საკუთრებაში აქვს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი შესაბამისი მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციები. საკუთრებაში არსებული მიწის ფართობის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი მიწაზე და შესაბამისი ჯარიმა.
6. საწარმოს 2018 წელს უფიქსირდება იმპორტის რეჟიმით შემოტანილი ქაღალდის წარმოების დანადგარი, რომლის ღირებულება საბაჟო დოკუმენტაციის მიხედვით 154 328 ლარია. 2021 წლის ივლისში საწარმომ აღნიშნული დანადგარი (პირველადი საგადასახადო დოკუმენტებში აღწერილია ცალ-ცალკე შემადგენელი ნაწილებით) მიაწოდა შპს-ს, რომელზეც გამოწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და ასახა შესაბამისი პერიოდის დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციაში. ამასთან, წარმოდგენილი საგადასახადო დეკლარაციების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ იმპორტის სასაქონლო რეჟიმში მოქცეული დანადგარზე გადახდილი დღგ გადასახადის გადამხდელს არ აქვს ჩათვლილი. ამასთან შესყიდვის პერიოდიდან რეალიზაციის პერიოდამდე საწარმოს მიერ არ ხდება აღნიშნული დანადგარიდან მიღებული შემოსავლების რაიმე სახით დეკლარირება. დანადგარის შეძენიდან მის რეალიზაციამდე პერიოდში ძირითადი საშუალება ჩაითვალა იჯარით გაცემულად, ხოლო იჯარის ყოველთვიური დასაბეგრი ღირებულება განსაზღვრულ იქნა მისი ღირებულებიდან ექსპლუატაციის ვადის (5 წელი) პროპორციულად. შესაბამისად, იჯარიდან მიღებული შემოსავალი დაექვემდებარა დღგ- ით დაბეგვრას. საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.
7. საწარმოს მიერ 2018 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდში იმპორტის სასაქონლო ოპერაციის ფარგლებში, არარეზიდენტი მომწოდებლისგან შეძენილი აქვს 154 328 ლარის თვითღირებულების საქონელი. ამასთან, იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს არ აქვს წარმოდგენილი შესაბამისი საქონლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალება, ჩეკი, ქვითარი და ა.შ), თუმცა შემოწმებას გააჩნია საბაჟო დეკლარაცია და ინვოისი, ასევე შემოწმებისთვის მტკიცებულების სახით, შეძენილი საქონლის ღირებულების თანხის გადახდის დასადასტურებლად სხვა რაიმე დოკუმენტი (მაგალითად შედარების აქტი, საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც დადასტურდება საქონლის საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის გატანა) წარმოდგენილი არ არის. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებად, ხოლო დარჩენილი 25% დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად პერიოდის ბოლოსათვის. პირს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივრის პირველ, მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მე-3 დავის საგნის ნაწილში, მე-6 დავის საგანზე (2018 წელს იმპორტის რეჟიმით შემოტანილი ძირითადი საშუალების (ქაღალდის წარმოების დანადგარი) იჯარიდან მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრა) მიღებული გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს აღნიშნული სადავო საკითხი, კერძოდ, დანადგარის შეძენიდან მის რეალიზაციამდე პერიოდში იჯარით გაცემულად ჩათვლის შედეგად განსაზღვრული თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ამ ნაწილში საშემოსავლო გადასახადის შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მე-6 დავის საგნის ნაწილში, დანადგარის შეძენიდან მის რეალიზაციამდე პერიოდში იჯარით გაცემულად დაკვალიფიცირება სათანადო მტკიცებულებების არ არსებობიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა და ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ექვემდებარება შემცირებას.
საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, მე-7 დავის საგნის ნაწილში საჭიროებს დამატებით შესწავლას, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველყოს სადავო საკითხის შესწავლა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის (სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითება) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 174(1)(2)(3), 175(1"ა"), 176(1"ა"), 178(1"დ"), 158(3), 159(1"ა""ბ"), 160(1)(6), 163(1)(2), 164(1), 73(4)(5"ა")(9"ბ"),101(1)(2"ბ"), 154(1"ა"), 201(1"ა.ა"), 202(1), 203"ა", 204(2), 205(2), 97(1"გ")(7), 982(3"ზ")(8).
2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 160"ა", 161(1"ა"), 173(1), 174(1"ა")(3"ე").