ბრძანება N 9001

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 26.04.2023
№ დოკუმენტი 9001
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 9001

26.04.2023

შპს „--ის“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2023 წლის 15 მარტის საჩივრის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 აპრილის სხდომაზე (ოქმი №41) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2023 წლის 15 მარტის №79677/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 აპრილის №007-91 საგადასახადო მოთხოვნასთან და 2023 წლის 13 თებერვლის №007-25 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი წარმოდგენილი საჩივრით ითხოვს შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშებას. მიუთითებს, რომ ბრძანების შესაბამისად წარუდგინა აუდიტორს შესაბამისი დოკუმენტაცია, თუმცა გადაანგარიშება არ განხორციელდა იმ მიზეზით, რომ შპს „---ის“ წარმომადგენელს ვერ დაუკავშირდნენ. გადამხდელი აღნიშნავს, რომ ფულის ნაშთის დათვლისას მონაწილეობას იღებს შპს „---ზე“ გაცემული სესხის თანხა 320 000 ლარი, საიდანაც 80 000 ლარი დაბრუნებულია, ხოლო 240 000 ლარის დღემდე არ არის დაფარული.

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 თებერვლის №007-25 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 აგვისტოს №21770 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი.

კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 აგვისტოს №21770 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 8 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 13 თებერვლის №007-25 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა გადამხდელის მიერ მოწოდებული მტკიცებულებების შესწავლა, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე შპს ,,---" (ს/ნ ---) გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია შპს ,,---თან" არსებული მოთხოვნა/ვალდებულებების ნაშთების შესახებ. შპს ,,---" არ გაეცნო გადამხდელის ავტორიზებულ ვებგვერდზე ატვირთულ წერილს, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში მითითებულ ნომერზეც ვერ მოხერდა გადამხდელის წარმომადგენელთან დაკავშირება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან შპს ,,---გან" ვერ მოხდა შპს ,,---ის" მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (მ.შ შედარების აქტის) უტყუარობის დადასტურება, საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების ეტაპზე არ განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა 2023 წლის 13 თებერვლის №007-25 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმების მიერ განხორციელდა გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა, ასევე შპს ,,---გან" გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია შპს ,,---თან" არსებული მოთხოვნა/ვალდებულებების ნაშთების შესახებ. ვინაიდან, შპს ,,---გან" ვერ მოხდა შპს ,,--ის" მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (მ.შ შედარების აქტის) უტყუარობის დადასტურება, საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების ეტაპზე არ განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 აპრილის №007- 91 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 აპრილის №007-91 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შპს „---ის“ (ს/ნ ---) მიერ 2022 წლის 13 მაისს წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 აგვისტოს №21770 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 აპრილის №007-91 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 თებერვლის №007-25 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 აპრილის №007- 91 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი წარმოდგენილი საჩივრით ითხოვს შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 აგვისტოს №21770 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 8 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 13 თებერვლის №007-25 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა 2023 წლის 13 თებერვლის №007-25 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა.

აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 აპრილის №007- 91 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საჩივარი დარჩა განუხილველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6); 304 (21); 301 (ზ).