გადაწყვეტილება №21774/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21774/2/2024
14 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: სს „----“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს ---ის 1.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21774/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22975 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №006-32 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.12.2023 წლის №31223 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 349 480,66 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 161 574
მოგების გადასახადი - 118 136
საშემოსავლო გადასახადი - 43 438
ჯარიმა - 80 787
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2021 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 6.03.2018 წლიდან 1.01.2019 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2021 წლის №006- 1051 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22975 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს არარეზიდენტ იურიდიულ პირებზე გადარიცხული თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის და მოგების გადასახადით დაბეგვრის საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22975 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 31.01.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ არ მომხდარა შესაბამისი მასალების წარდგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ აქტით დარიცხული თანხები არარეზიდენტ იურიდიულ პირებზე გადარიცხული თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის და მოგების გადასახადით დაბეგვრის საკითხში არ დაექვემდებარა კორექტირებას. აუდიტის დეპარტამენტის 31.01.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №006-32 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13938 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 2.11.2023 წლის №20482/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13938 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 2.11.2023 წლის №20482/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 12.12.2023 წლის №31223 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ გადაანგარიშების პროცესში საქმის ირგვლივ დამატებითი ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად საწარმოს დაევალა დამატებითი დოკუმენტების/ინფორმაციის წარმოდგენა, ჩატარდა ადგილზე გასაუბრებაც და დაევალა არარეზიდენტ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების წარმოდგენა. გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა შესაბამისი მასალების წარმოდგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია დაფუძნდა 6.03.2018 წელს, თუმცა ამ პერიოდში მას არ ჰქონდა საბროკერო საქმიანობის ლიცენზია, ვინაიდან აღნიშნული სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა, რომელიც პირდაპირ დაარეგულირებდა საბროკერო საქმიანობას, შესაბამისმა ორგანომ, საქართველოს ეროვნული ბანკმა მიიღო 14.06.2018 წელს (ბრძანება №107/04) და 5.07.2018 წელს (ბრძანება №145/04), რომლის შემუშავებაშიც კომპანია აქტიურად იყო ჩართული. პარალელურად კი კომპანიამ დაიწყო საბროკერო საქმიანობის განსახორციელებლად შესაბამისი ინფრასტრუქტურის მომზადება, სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე 4.04.2018 წელს კომპანიამ ხელშეკრულება გააფორმა ისეთ ორგანიზაციასთან, როგორიც არის ----. ამ ხელშეკრულების მიხედვით, -----ს წარსულში სს----ვის უნდა გაეწია მომსახურება და ყოფილიყო კომპანიის სავაჭრო პლატფორმის (Meta Trader 4) და ლიკვიდურობის პროვაიდერი, რაც ცხადია პირდაპირ კავშირშია კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან. შესაბამისად, ამ ხელშეკრულებისა და არსებული ინვოისების საფუძველზე კომპანიამ ნამდვილად გადარიცხა თანხები ზემოაღნიშნულ კომპანიასთან.
ხელშეკრულების მიხედვით, ერთი მხრივ -----ს და მეორე მხრივ სს ---ის (ს/ნ ---) მოვალეობები განსაზღვრულია შემდეგნაირად:
1. წინამდებარე ხელშეკრულების 1 მუხლის 1.1 პუნქტის მიხედვით, კომპანია ----ს კომპანიისთვის უნდა გაეწია საბროკერო მომსახურება, რაც გულისხმობს, რომ კომპანიას შეეძლებოდა ესარგებლა სავაჭრო პლატფორმა ----ით, რომელიც სს ----ის (წარსულში სს ----) და მის კლიენტებს მიცემდა საშუალებას სავალუტო ბაზარზე (FOREX) გაეხსნათ და დაეხურათ პოზიციები;
2. ამავე ხელშეკრულების, 1 მუხლის 1.2 პუნქტის მიხედვით კომპანია ----მ სს ---ს (წარსულში სს ---) მიანიჭა პარტნიორის სტატუსი, ე.წ ----, რაც ამავე ხელშეკრულების 3 მუხლის 3.1 პუნქტის მიხედვით გულისხმობს, რომ პარტნიორს ანუ სს ---ის ეძლეოდა უფლება გამოეყენებინა კომპანია ----ს ტექნოლოგიები, სერვისები საკუთარი სახელით, რაც მსოფლიო მასშტაბით, საბროკერო საქმიანობის კუთხით მიღებული საერთაშორისო პრაქტიკაა;
3. წინამდებარე ხელშეკრულების, 9 მუხლის 9.2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების გაუქმების შესახებ მკაფიოდ არის მითითებული, რომ ასეთ შემთხვევაში პარტნიორს, კომპანია ----სთვის მაინც უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესაბამისი ანაზღაურება, რაც თავის მხრივ გამორიცხავს საკომისიოს სახით გადარიცხული თანხების უკან დაბრუნებას, ხოლო თანხის დაბრუნების შემთხვევაში კი, თანხა უნდა დაბრუნებულიყო ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე. კომპანიას 2018 წელს გარდა სს ს----სა არ გააჩნდა სხვა ბანკში ანგარიშები, რასაც ადასტურებს საბანკო ამონაწერები და მათში მითითებული თარიღები.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოგზავნილი 7.07.2018 წლის №2-19/2346 შეტყობინების მიხედვით, კომპანიას აეკრძალა ----სთან ზემოაღნიშნული სახელშეკრულებო ურთიერთობა, რადგანაც ის რეგისტრირებული იყო მაღალი რისკის სტატუსის მქონე ქვეყანაში. ამ შეტყობინების შესაბამისად, კომპანია იძულებული გახდა შეეწყვიტა ----სთან სახელშეკრულებო ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ მომსახურების საფასური უკვე გადახდილი იყო. რადგან ხელშეკრულების შეწყვეტა არ მომხდარა ---ს მიზეზით, ამის გამო კომპანიამ ვერ მოახერხა გადახდილი თანხების უკან დაბრუნება. გარდა ამისა, აღსანიშნავია ის ფაქტი, ხელშეკრულება გაფორმდა 4.04.2018 წელს, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №107/04 ბრძანება „მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში ჩართული საბროკერო კომპანიების დამატებითი რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ მიღებული იყო 14.06.2018 წელს, აღნიშნული ბრძანება ეხება მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში ჩართული საბროკერო კომპანიების დამატებითი რეგულირების წესს, ხოლო ამავე ბრძანების მე-2 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის მიხედვით პლატფორმის პროვაიდერი ანუ ლიკვიდურობის მომწოდებელი არის უცხოური ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ლიცენზირებულია „განვითარებული ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 19.02.2010 წლის №16/01 ბრძანებით განსაზღვრული განვითარებული ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოს მიერ და რომელიც კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით აძლევს სავაჭრო პლატფორმით სარგებლობის უფლებას. გარდა ამისა, საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული/დამტკიცებული იყო 5.07.2018 წელს, ბრძანება №145/04. გარდა ამისა, აღნიშნული საკითხის შესწავლის პერიოდში, აუდიტის დეპარტამენტის თხოვნით, ჩვენმა კომპანიამ 12.12.2022 წელს ----ს შესაბამის დეპარტამენტს მიმართა თხოვნით, რათა მათ გამოეგზავნათ ოფიციალური განმარტება იმისა, თუ რა სახის მომსახურება უნდა გაეწიათ მათ კომპანიისთვის, მოხდა თუ არა გადარიცხული თანხებით რაიმეს გადახდა და მოხდა თუ არა აღნიშნული თანხების დაბრუნება კომპანიისთვის, სამწუხაროდ, ----ს იურიდიული დეპარტამენტის ცნობით, მოხდა -----ში რეგისტრირებული კომპანიის ლიკვიდაცია 2020 წელს, ხოლო 13.12.2022 წელს აუდიტორებს მიეწოდათ აღნიშნული ინფორმაცია და ლიკვიდაციის შესახებ ცნობა/სერთიფიკატი, თუმცა დამატებითი ინფორმაციის შესახებ მოთხოვნა აუდიტის დეპარტამენტისგან მიღებული არ ყოფილა.
ყოველივე აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, იმის გამო, რომ საბროკერო საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა შემუშავდა კომპანიის დაარსებიდან რამდენიმე თვის დაგვიანებით, იმის გამო, რომ მარეგულირებელმა ორგანომ მოითხოვა კომპანია ----სთან ურთიერთობის შეწყვეტა, რითაც კომპანია დაზარალდა, შემმოწმებელმა ამ კომპანიასთან გადარიცხული თანხები ვერ დაუკავშირა ეკონომიკურ საქმიანობას და აღნიშნული თანხები (ზარალი) დაბეგრა მოგების გადასახადით, დაარიცხა მას ჯარიმები და საურავები, მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა პირდაპირ მოიცავდა საბროკერო საქმიანობას, რაც 2018 წელს ნამდვილად იყო კომპანიის ეკონომიკური საქმიანობა.
რაც შეეხება----ს (----), აღნიშნული კომპანია მოქმედებს 2012 წლიდან, რომელიც დაინტერესებულ პირს წვდომას აძლევს დაახლოებით 50 მსოფლიო ბაზარზე. 2018 წელს კომპანიამ ნამდვილად გადარიცხა თანხა 6 500 აშშ დოლარის ოდენობით, რათა აღნიშნულ პროვაიდერთან მომხდარიყო სავაჭრო ანგარიშის გახსნა და მისი პლატფორმის ათვისება, რათა შემდგომ მომხდარიყო აღნიშნული პლატფორმის გამოყენება და მოთხოვნის შესაბამისად კლიენტებისთვის მისი შეთავაზება.
საქართველოს კანონმდებლობა საბროკერო კომპანიებს არ ავალდებულებს მხოლოდ ერთი კონკრეტული პლატფორმით სარგებლობას და ასევე, არ ზღუდავს კომპანიებს ჰყავდეთ რამდენიმე პროვაიდერი. ასევე, არც საქართველოს საგადასახადო კოდექსში გვხდება კონკრეტული მუხლი, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სავაჭრო პლატფორმით სარგებლობისა და ლიკვიდურობის მომწოდებელთან გადარიცხული თანხების დაბეგვრას. შესაბამისად, თუ სავაჭრო პლატფორმა და ლიკვიდურობის მომწოდებელი და მათთან დაკავშირებული ხარჯი ან/და მათთან გადარიცხული დეპოზიტი არ არის საბროკერო საქმიანობასთან დაკავშირებული, მაშინ რა შეიძლება ვუწოდოთ საბროკერო საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯს? ასევე, თუ საბროკერო კომპანიას არ შეუძლია ისარგებლოს ზემოაღნიშნული ლიკვიდურობის მომწოდებლების მომსახურებით მაშინ რა სახის ორგანიზაცია/კომპანია შეგვიძლია დავასახელოთ ისეთად, რომლის ეკონომიკური საქმიანობა პირდაპირ დაკავშირებული იქნება ასეთი ტიპის ლიკვიდურობის მომწოდებლების მომსახურებასთან?
ყოველივე აქედან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ მომხდარა აღნიშნული საკითხების დეტალური გამოკვლევა, ვინაიდან აღნიშნული გამოწვეული იყო არა კომპანიის ნებით, არამედ ახალი კანონმდებლობის შემოღებით და მარეგულირებელი ორგანოს მოთხოვნით, აერჩია კომპანიას სხვა პროვაიდერი. გარდა ამისა, საბროკერო საქმიანობის პროდუქტი და მასთან დაკავშირებული ხარჯები, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია საბროკერო კომპანიების ეკონომიკურ საქმიანობასთან შემმოწმებელმა ვერ დაუკავშირა კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობას, რაზეც ჩნდება განცდა, რომ აუდიტის დეპარტამენტსა და დავების განხილვის საბჭოს არ განუხილია იმ ხელშეკრულების დეტალები, რომელიც გაფორმებული იყო კომპანიასა და ლიკვიდურობის მომწოდებელს შორის, ასევე არ შეუსწავლია ----სთან დაკავშირებული ის საჯარო ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის https://www.daytradetheworld.com/, შესაბამისად, კომპანია არ ეთანხმება აუდიტის მოთხოვნას და ითხოვს აღნიშნულ ნაწილში ძირი თანხის, ჯარიმისა და საურავის სრულად მოხსნას. იმისდა მიუხედავად, თუ რა ნაწილში ან რა მოცულობით იქნება გათვალისწინებული საჩივრის კონტრარგუმენტაცია, სრულად უნდა მოიხსნას დარიცხული ჯარიმები და საურავები საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მონიჭებული უფლების შესაბამისად, რადგან დარიცხვები ძირითადად გამოწვეულია ბიზნესის სირთულით, ბუღალტრული შეცდომებით/არცოდნით და გადასახადებისგან თავის არიდება მიზნად არ გვქონია.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების 1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:
ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;
გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.
შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22975 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს არარეზიდენტ იურიდიულ პირებზე გადარიცხული თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 31.01.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ არ მომხდარა შესაბამისი მასალების წარდგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, არარეზიდენტ იურიდიულ პირს მომჩივნისთვის მომსახურება არ ჰქონდა გაწეული, ვერ დადგინდა მომსახურების შინაარსი რა უნდა ყოფილიყო თუნდაც მომავალში.
მომჩივნისგან მოთხოვნილია აღნიშნული პირისგან წარმოადგინოს ინფორმაცია, თუმცა ვერ ხერხდება, ვინაიდან აღნიშნული არარეზიდენტი კომპანია აღარ არსებობს. ხელშეკრულებაში ფიქსირდებოდა, რომ საბროკერო მომსახურება უნდა გაეწია კომპანიისთვის, თუმცა ეს მომსახურება რას გულისხმობდა ვერ დგინდებოდა, ვერ დასტურდება რაიმე მომსახურება მიიღო თუ არა მომჩივანმა. კომპანია არის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული რუსული კომპანია.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხი შესწავლილია სრულყოფილად და შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22975 ბრძანების შესაბამისად საკითხის შესწავლისას არ გამოვლენილა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძვლები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 31.01.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22975 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
მომჩივანი ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22975 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22975 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22975 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 31.01.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ არ მომხდარა შესაბამისი მასალების წარდგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ აქტით დარიცხული თანხები არარეზიდენტ იურიდიულ პირებზე გადარიცხული თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის და მოგების გადასახადით დაბეგვრის საკითხში არ დაექვემდებარა კორექტირებას. აუდიტის დეპარტამენტის 31.01.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №006-32 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13938 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 2.11.2023 წლის №20482/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13938 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 2.11.2023 წლის №20482/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 12.12.2023 წლის №31223 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (9); 98 2.