გადაწყვეტილება №23192/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23192/2/2024
31 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 03.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23192/2/2024).
დავის საგანი:
არარეზიდენტ (ურთიერთდამოკიდებულ) კომპანიებთან გადარიცხული თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვა და დაკისრებული სანქციის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 20.02.2024 №002-23 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 14.05.2024 წლის №11163 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 952 019,36 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 555 984
მოგების გადასახადი - 554 539
საშემოსავლო გადასახადი - 1445
ჯარიმა - 277 992
საურავი - 118 043,36
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 მაისის №10766 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2022 წლის 10 მაისიდან 2023 წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 12.02.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხთან დაკავშირებით ირკვევა შემდეგი:
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საწარმო რეგისტრირებულია 2022 წლის 10 მაისს. კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ------- მოქალაქე -------, ხოლო საწესდებო დოკუმენტაციის მიხედვით კომპანიის გენერალური სავაჭრო წარმომადგენელია (პროკურისტი) -------.
შემოწმების ფარგლებში გენერალური პროკურატურის მიერ გადმოგზავნილი გამოძიების მასალებით დგინდება, რომ ------- მოქალაქე -------, ------- და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედი თავისი კომპანიებით, საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა რუსეთის ფედერაციის რეზიდენტ სხვადასხვა კომპანიასთან, რომლებსაც სანქციების შემოღების გამო გაურთულდათ საქმიანობის განხორციელება, რაც მოიცავდა ევროპის ქვეყნებში საბანკო გადარიცხვების და შეძენილი საქონლის რუსეთის ფედერაციაში ტრანსპორტირების გართულებულ პროცედურებს.
შემოწმების ხელთ არსებული მონაცემებით, კომპანიას არ უფიქსირდება საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, არ ყავს დაქირავებული პირები, არ აქვს ოფისი. გადასახადის გადამხდელს ქართულ საბანკო ანგარიშებზე ფულადი ნაკადები ერიცხება სრულად რუსეთის რეზიდენტი დამკვეთებისგან, მათ შორის ------- დაკავშირებული კომპანიებიდან (სულ 1 913 951 ევრო და 235 234 აშშ დოლარი), ხოლო გადარიცხვის ტრანზაქციები ხორციელდება ისევ არარეზიდენტ კომპანიებთან, მათ შორის თანხების უმეტესი ნაწილი გადარიცხულია ------- კუთვნილ და მის ფაქტობრივ მმართველობაში არსებულ შემდეგ კომპანიებში: „-------“ – 878 329 ევრო და ETL „-------“ – 234 380 ევრო (ხელშეკრულებებს, როგორც მომწოდებელი მხარე - ------- სახელით სწორედ აღნიშნული პირი აწერს ხელს). მოწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით, მომჩივნის მიერ ------- შეძენილია საქონელი შემდგომში რუსეთის რეზიდენტი კომპანიებისთვის მიწოდების მიზნით (საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის შემოსვლის-გასვლის გარეშე), ხოლო ------- მიღებულია სატრანსპორტო და ლოჯისტიკური მომსახურება.
მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიხედვით ზემოაღნიშნულ კომპანიებთან განხორციელებულ ოპერაციებზე შემდგომ ფასნამატის დადება არ ხდება, ან ხდება უმნიშვნელო ოდენობით. ხელშეკრულებებს მომჩივნის მხრიდან, როგორც საქონლის შემძენი/მომსახურების მიმღები მხარე, ხელს აწერს ------- – კომპანიის გენერალური სავაჭრო წარმომადგენელი. გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დოკუმენტებზე ხელმოწერები მას არ ეკუთვნის, აღნიშნული დოკუმენტების გაფორმებასთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია და არც მოლაპარაკება უწარმოებია ხელშეკრულების მხარესთან მის გაფორმებაზე. გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ------- მიერ შპს „-------“ მიღებული თანხების ნაწილი შემდგომში გადარიცხულია კვიპროსული კომპანია LTD „-------“-ისთვის, ასევე, გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებული მასალებით ირკვევა, რომ აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე, ფედერალურ რეესტრში არსებული ინფორმაციით „-------“ და მასთან დაკავშირებული კომპანია „-------“ მხილებული არიან სანქცირებული საქონლის ექსპორტში რუსეთის ფედერაციაში, რის გამოც დაუწესდათ სანქციები/ექსპორტის შეზღუდვა
ზემოაღნიშნული გარემოებების, გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებული მასალების შესწავლა/ანალიზის შედეგად, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის გენერალური სავაჭრო წარმომადგენელის - ------- განმარტებით ------- და ------- თან გაფორმებულ დოკუმენტებთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია და არც მოლაპარაკება უწარმოებია ხელშეკრულების მხარეებთან, ამასთან, ვინაიდან გაურკვეველია მომჩივნის მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირებთან გაფორმებული დოკუმენტაციის მიხედვით ხარჯის გაწევის რეალობა, შემოწმების მიერ, საბანკო ანგარიშებიდან აღნიშნულ არარეზიდენტ (ურთიერთდამოკიდებულ) კომპანიებთან გადარიცხული თანხები საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის გათვალისწინებით დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. მომჩივანს ასევე შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 20.02.2024 წლის №3627 ბრძანება და №002-23 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 14.05.2024 წლის №11163 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, მე-9, 97-ე, 982 -ე, 43-ე მუხლებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და განმარტავს, რომ ვინაიდან ვერ დგინდება ხარჯის გაწევის მიზნობრიობა და ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი, საბანკო ანგარიშებიდან არარეზიდენტ (ურთიერთდამოკიდებულ) კომპანიებთან გადარიცხული თანხების არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია ამდენად, მიაჩნია, რომ წარდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება საბანკო ანგარიშებიდან არარეზიდენტ (ურთიერთდამოკიდებულ) კომპანიებთან გადარიცხული თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას. განმარტავს, რომ შეძენილი აქვს საქონელი SIA „-------“ და სატრანსპორტო-ლოჯისტიკური მომსახურებები ETL „-------“. აღნიშნული საქონელი და მომსახურებები შეძენილია კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში. ტრანზაქციებზე წარდგენილია პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია შემოწმების პროცესში. საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს საერთაშორისო ვაჭრობა, საქმიანობის ფარგლებში შეძენილი და რეალიზებული საქონელი კვეთს უცხო ქვეყნების საზღვრებს, რაც დასტურდება უცხო ქვეყნების საბაჟო დოკუმენტაციით. არგუმენტად საგადასახადო ორგანოს მოჰყავს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, თუმცა არ ასახელებს გამოძიებებიდან გამომდინარე რაიმე გარემოებებს, რაც იმაზე მიუთითებდა რომ გადარიცხვები წარმოადგენენ არაეკონომიკურ ხარჯებს. ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც რომ გამოძიება არ არის დასრულებული. შემოწმება მოიხსენიებს იმასაც რომ კომპანიის მიერ არ ხდება ფასნამატის დადება ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზაციისას. ასეთ შემთხვევაში შემოწმებას საბაზრო მოგების მაჩვენებლების თანხებიდან უნდა მოეხდინა მოგების გადასახადით დაბეგვრა და არა მთლიანი ხარჯები დაებეგრა მოგების გადასახადით.
კომპანია კომერციულ საქმიანობას ახორციელებს ევროპულ და რუსულ კომპანიებს შორის. ამასთან საწარმო შეიქმნა კავკასიის რეგიონის ქვეყნების და მიმდებარე ქვეყნების ბაზრების განვითარების და შემდგომში რუსულ ქვეყნებთან თანამშრომლობის შეწყვეტის მიზნით.
ფულადი ნაკადების ძირითადი ოდენობა შემოვიდა რუსული კომპანიებისგან, რომლებიც არ არიან კომპანიის ურთიერთდამოკიდებული პირები. „-------“ არის დილერი კომპანია, რომელთაგან უშუალოდ მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს აქვთ ხელშეკრულებები პროდუქციის რეალიზაციის შესახებ. ვინაიდან არცერთი ევროპული მწარმოებელი არ იმუშავებს პირდაპირ ახლად შექმნილ კომპანიასთან, რომელიც რამდენიმე თვეა არსებობს მაღალი ეკონომიკური და პოლიტიკური რისკის მქონე ქვეყნიდან (საქართველოდან).
თითქმის ყველა ტრანზაქციას აქვს დადებითი ბალანსი, გარდა იზოლირებული ტრანზაქციისა, სადაც საბაზრო პირობების გამო ღირებულების გაზრდა შეუძლებელი იყო. კომპანია არის შუამავალი და არ აწესებს გაყიდვების ტარიფს. რაც შეეხება მთლიან მოგებას, 2022 წლის პერიოდისთვის შეადგინა დაახლოებით 65000.0 ევროს ექვივალენტი.
დოკუმენტაციაზე ყველა ხელმოწერა არის ფაქსიმალური და ფიზიკურად არ ეკუთვნის ------- (პროკურისტი), მაგრამ ყველა ტრანზაქცია განხორციელდა და საქონელი გადაეცა საბოლოო მიმღებ პირებს, დოკუმენტაციის მიხედვით, მათ შორის მოწოდებული ევროკავშირის საბაჟო საექსპორტო დეკლარაციები. (საქონლის და მომსახურების მიწოდების შესახებ ყველა დოკუმენტაცია გადაცემულია, როგორც პროკურატურისთვის, ასევე საგადასახადო ორგანოსათვის).
კვიპროსის რეზიდენტ კომპანიას შპს ------- მიმართ არანაირი თანხები არ გადარიცხულა და არც არსებობს ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ეს არის პროკურატურის მიერ წარმოდგენილი დაუსაბუთებელი ინფორმაცია.
არ არსებობს შეზღუდვები ამერიკულ კომპანიებთან სავაჭრო ურთიერთობების წარმოებაზე. (საწარმო არ ყიდის სანქცირებულ საქონელს და მომსახურებას, არანაირად არ თანამშრომლობს ამერიკულ კომპანიებთან ყიდულობს ძირითადად კვების და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის კომპონენტებს). ამ საქმესთან დაწყებულ სისხლის სამართლის პროცესთან არანაირი კავშირი არ არის.
არსებობს ყველა თანხლები დოკუმენტის მიღების ოქმი, სადაც ჩანს საქონლის მოძრაობა. ყველა საექსპერტო და ლოჯისტიკური ოპერაცია განხორციელდა საერთაშორისო კონვენციების შესაბამისად, საქონლის გაყიდვა ხდებოდა ევროკავშირის საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად. ნებისმიერი ტრანზაქციის ნახვა შესაძლებელია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე. კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ------- მოქალაქე -------, ხოლო საწესდებო დოკუმენტაციის მიხედვით კომპანიის გენერალური სავაჭრო წარმომადგენელია (პროკურისტი) -------. ------- თავისი კომპანიებით, საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა რუსეთის ფედერაციის რეზიდენტ სხვადასხვა კომპანიასთან, რომლებსაც სანქციების შემოღების გამო გაურთულდათ საქმიანობის განხორციელება, რაც მოიცავდა ევროპის ქვეყნებში საბანკო გადარიცხვების და შეძენილი საქონლის რუსეთის ფედერაციაში ტრანსპორტირების გართულებულ პროცედურებს.
ამასთან, კომპანიას არ უფიქსირდება საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, არ ყავს დაქირავებული პირები, არ აქვს ოფისი. კომპანიას ქართულ საბანკო ანგარიშებზე ფულადი ნაკადები ერიცხება სრულად რუსეთის რეზიდენტი დამკვეთებისგან, მათ შორის ------- დაკავშირებული კომპანიებიდან (სულ 1 913 951 ევრო და 235 234 აშშ დოლარი), ხოლო გადარიცხვის ტრანზაქციები ხორციელდება ისევ არარეზიდენტ კომპანიებთან, მათ შორის თანხების უმეტესი ნაწილი გადარიცხულია ------- კუთვნილ და მის ფაქტობრივ მმართველობაში არსებულ შემდეგ კომპანიებში: SIA „-------“ – 878 329 ევრო და ETL „-------“ – 234 380 ევრო (ხელშეკრულებებს, როგორც მომწოდებელი მხარე - ------- სახელით სწორედ აღნიშნული პირი აწერს ხელს). ზემოაღნიშნულ კომპანიებთან განხორციელებულ ოპერაციებზე შემდგომ ფასნამატის დადება არ ხდება, ან ხდება უმნიშვნელო ოდენობით. ხელშეკრულებებს მომჩივნის მხრიდან, როგორც საქონლის შემძენი/მომსახურების მიმღები მხარე, ხელს აწერს ------- – კომპანიის გენერალური სავაჭრო წარმომადგენელი. გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დოკუმენტებზე ხელმოწერები მას არ ეკუთვნის, აღნიშნული დოკუმენტების გაფორმებასთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია და არც მოლაპარაკება უწარმოებია ხელშეკრულების მხარესთან მის გაფორმებაზე. ------- მიერ შპს „ასტერი გრუპისგან“ მიღებული თანხების ნაწილი შემდგომში გადარიცხულია კვიპროსული კომპანია LTD „-------“-ისთვის. შემოწმებამ, ვინაიდან გაურკვეველი იყო მომჩივნის მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირებთან გაფორმებული დოკუმენტაციის მიხედვით ხარჯის გაწევის რეალობა, კომპანიებთან გადარიცხული თანხები სრულად დაიბეგრა მოგების გადასახადით.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ შეძენილი აქვს საქონელი SIA „-------“ და სატრანსპორტო-ლოჯისტიკური მომსახურებები ETL „-------“. აღნიშნული საქონელი და მომსახურებები შეძენილია კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში. შემოწმების პროცესში, კი ტრანზაქციებზე წარდგენილია პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია. ამასთან, კომპანიის ეკონომიკური საქმიანობაა საერთაშორისო ვაჭრობა, საქმიანობის ფარგლებში შეძენილი და რეალიზებული საქონელი კვეთს უცხო ქვეყნების საზღვრებს, რომელზეც არსებობს უცხო ქვეყნების საბაჟო დოკუმენტაცია. აღნიშნავს, რომ რადგან არ ხდება კომპანიის მიერ ფასნამატის დადება ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზაციისას, შემოწმებას მთლიანი ხარჯი არ უნდა დაებეგრა მოგებით, არამედ საბაზრო მოგების მაჩვენებლების თანხებიდან უნდა მოეხდინა მოგების გადასახადით დაბეგვრა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხარეთა არგუმენტების და საკანონმდებლო ნორმებზე დაყრდნობით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, არაეკონომიკურ ხარჯად კვალიფიკაციის საკითხი საჭიროებს დამატებით განხილვას. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 14 მაისის №11163 ბრძანება;
3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს არარეზიდენტ (ურთიერთდამოკიდებულ) კომპანიებთან გადარიცხული თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვა და დაკისრებული სანქციის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხთან დაკავშირებით ირკვევა შემდეგი:
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. შემოწმების ხელთ არსებული მონაცემებით, კომპანიას არ უფიქსირდება საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, არ ყავს დაქირავებული პირები, არ აქვს ოფისი. გადასახადის გადამხდელს ქართულ საბანკო ანგარიშებზე ფულადი ნაკადები ერიცხება სრულად რუსეთის რეზიდენტი დამკვეთებისგან, ხოლო გადარიცხვის ტრანზაქციები ხორციელდება ისევ არარეზიდენტ კომპანიებთან. მოწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით, მომჩივნის მიერ შეძენილია საქონელი შემდგომში რუსეთის რეზიდენტი კომპანიებისთვის მიწოდების მიზნით (საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის შემოსვლის-გასვლის გარეშე), ხოლო მიღებულია სატრანსპორტო და ლოჯისტიკური მომსახურება.
ვინაიდან გაურკვეველია მომჩივნის მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირებთან გაფორმებული დოკუმენტაციის მიხედვით ხარჯის გაწევის რეალობა, შემოწმების მიერ, საბანკო ანგარიშებიდან არარეზიდენტ (ურთიერთდამოკიდებულ) კომპანიებთან გადარიცხული თანხები საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. მომჩივანს ასევე შეეფარდა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხარეთა არგუმენტების და საკანონმდებლო ნორმებზე დაყრდნობით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, არაეკონომიკურ ხარჯად კვალიფიკაციის საკითხი საჭიროებს დამატებით განხილვას. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 982(1-ბ)