ბრძანება N 1986

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.02.2024
№ დოკუმენტი 1986
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 1986

05 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს” (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2024 წლის 4 იანვრის

საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 17 იანვრის სხდომაზე (ოქმი №3) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) №86463/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 დეკემბრის №081-308 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ:

1. არ ეთანხმება შესამოწმებელ პერიოდში სალაროდან გატანილი კაპიტალის, რომელიც დასმული იყო საწყის ნაშთად, საწარმოს ურთიერთდამოკიდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. მიუთითებს, რომ 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ბუღალტრულად საწესდებო კაპიტალში ერიცხებოდათ 207 784 ლარი, რომელიც წარმოშობილია 2018 წელს წინა საანაგრიშო პერიოდების გაუნაწილებელი ფინანსური მოგების საწესდებო კაპიტალში გადატანის გზით. აცხადებს, რომ აღნიშნული ფინანსური ოპერაცია სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და მისთვის გაუგებარია რა დოკუმენტები უნდა წარედგინა აღნიშნულზე შემოწმებისთვის. ითხოვს დამატებით დარიცხული თანხების შემცირებას, ასევე ვადას აუდიტორთან კომუნიკაციისთვის და საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტების წარდგენისთვის.

2. არ ეთანხმება ჩასათვლელი მოგების გადასახადის შემცირების შედეგად დარიცხულ მოგების გადასახადს. აცხადებს, რომ 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ბუღალტრულად საწესდებო კაპიტალში ერიცხებოდათ 207 784 ლარი, რომელიც წარმოშობილია 2018 წელს წინა საანგარიშო პერიოდების გაუნაწილებელი ფინანსური მოგების საწედებო კაპიტალში გადატანის გზით, რასაც ადასტურებს თავად შემმოწმებელი შემოწმების აქტის პირველ საკითხში. აცხადებს, რომ აუდიტორმა შემოწმების პროცესში იხელმძღვანელა ხადაზმულ პერიოდში მომხდარი ოპერაციების კვალიფიკაციის შეცვლით. კერძოდ, ხანდაზმულ პერიოდში დაუბეგრავი მოგების გადასახადი ჩათვალა დაბეგრილად, ხოლო ასევე ჩაუთვლელი ხანდაზმულ პერიოდში გადახდილი მოგების გადასახადი ჩათვალა ჩათვლილად და აღნიშნულის გათვალისწინებით არახანდაზმულ პერიოდში შეამცირა 2019 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში კანონიერად ჩათვლილი მოგების გადასახადი. აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი შესწავლილი აქვს აუდიტორს და გადამხდელის მოსაზრება აღარ საჭიროებს დამატებით შესწავლას. ითხოვს დამატებით დარიცხული თანხების შემცირებას, ასევე ვადას აუდიტორთან კომუნიკაციისთვის და საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტების წარდგენისთვის.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 ოქტომბრის №26761 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 თებერვლის №081-23 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით „---ის“ (ს/ნ ---) 2023 წლის 24 მარტის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 ოქტომბრის №26761 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 28 ნოემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 11 დეკემბრის №081-308 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტს მითითებულ ვადაში არ წარუდგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ მომხდარა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. საჩივრით წარმოდგენილ სადავო საკითხებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნაზე, რომლითაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტს მითითებულ ვადაში არ წარუდგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაკორექტირდა.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ:

1. არ ეთანხმება შესამოწმებელ პერიოდში სალაროდან გატანილი კაპიტალის, რომელიც დასმული იყო საწყის ნაშთად, საწარმოს ურთიერთდამოკიდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.

2. არ ეთანხმება ჩასათვლელი მოგების გადასახადის შემცირების შედეგად დარიცხულ მოგების გადასახადს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 ოქტომბრის №26761 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 28 ნოემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 11 დეკემბრის №081-308 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21.