გადაწყვეტილება №96234/1/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№96234/1/2025
11 აგვისტო 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ "---------" (ს/ნ "---------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,27.06.2025 და 11.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "---------" 14.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №96234/1/2025).
დავის საგანი:
დავების განხილვის საბჭოს 6.12.2024 წლის №23930/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 13 მაისის №007-59 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 635 245,32 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 339 838
დღგ - 144 821
საშემოსავლო გადასახადი - 191 580
ქონების გადასახადი - 3 437
ჯარიმა - 170 656
საურავი - 124 751,32
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს იმპორტირებული ავტონაწილებით ვაჭრობა. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 თებერვლის, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის განსაზღვრის მიზნებისთვის 2024 წლის 8 აპრილის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 31 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა სრულად წარმოდგენილი საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, წარმოდგენილია მხოლოდ ცნობები ანგარიშების შესახებ მომსახურე ბანკებიდან და ამონაწერები შესაბამისი ანგარიშებიდან (სს "---------"-ს ბანკიდან და სს "---------" ბანკიდან).
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 2 და 3 აპრილის №7203 და №7406 ბრძანებების საფუძველზე მომჩივნის საქმიანობის ადგილზე განხორციელდა სმფ-ების ფაქტობრივი აღწერა, რომლის მიხედვით, 2024 წლის 8 აპრილის მდგომარეობით, სმფ-ის ნაშთი საბაზრო ღირებულებით შეადგენს 312 685 ლარს. გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები და შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ მეწარმის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული იმპორტის და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დადგენილი სმფ-ის ნაშთების გათვალისწინებით რპთ მთელ შესამოწმებელ პერიოდზე შეადგენს 1 427 342 ლარს, ხოლო ამავე პერიოდის დეკლარირებული ბრუნვა - 606 142 ლარს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული მასალების გათვალისწინებით განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებები წლების მიხედვით, რამაც შეადგინა 2021 წელს - 175 072 ლარი (დღგ-ის გარეშე), 2022 წელს - 686 843 ლარი და 2023 წელს - 532 317 ლარი, ხოლო 2024 წლის იანვარში 33 111 ლარი. ასევე, ინვენტარიზაციით დადგენილი ნაშთის გათვალისწინებით, განისაზღვრა სმფ-ის ნაშთები შესამოწმებელი პერიოდების მიხედვით. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა შემოწმებით დადგენილი აუდირებული ფასნამატი 62%. დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების წილის პროპორციულად გაზრდილ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 2021, 2022, 2023 და 2024 (იანვარი) წლების პერიოდზე, ამასთან, შემოწმებით გათვალისწინებულია აღნიშნულ პერიოდში განხორციელებულ იმპორტზე გადახდილი დღგ-ის თანხები სულ 162 284 ლარი.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა დღგ, ასევე შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
ასევე, 2021-2022 წელს განხორციელდა 8 ერთეული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა მხოლოდ ცნობები ანგარიშების შესახებ მომსახურე ბანკებიდან და ამონაწერები შესაბამისი ანგარიშებიდან. წლიურ დეკლარაციებში გამოსაქვით ხარჯებში გათვალისწინებულია ელ. დოკუმენტების შესაბამისად საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლით გამოსაქვითი ხარჯები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 2024 წლის 12 ივნისის №13845 ბრძანება და 13 ივნისის №007-126 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 აგვისტოს №19264 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 6.12.2024 წლის №23930/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებდა დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეესწავლა სადავო საკითხი, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე 9.10.2024 წელს წარმოდგენილი მასალების გათვალისწინებით და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველეყო მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 01.05.2025 წლის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები არ შემცირებულა, რაზეც გამოიცა 2025 წლის 13 მაისის N007-59 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
როცა ადგილი აქვს გადასახადის გადამხდელის უფლების სრულ უგულვებელყოფას, რა არგუმენტი უნდა დაიწეროს. მხოლოდ ერთი კითხვა აქვს, რადგან ყველა სხვა კითხვა - საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებული - აზრს კარგავს და დამოკიდებულია ამ ერთად-ერთი კითხვის პასუხზე: კონკრეტულ მეწარმეს, "---------"-ს ჩამორთმეული აქვს უფლება პირადად ან წარმომადგენლის საშუალებით იცოდეს დოკუმენტაციასა და ფაქტებზე დაფუძნებული გათვლებით ხდება თუ არა მისი საგადასახადო ვალდებულებების დადგენა. უამრავჯერ დაწერა, უამრავი ფოტო, სქრინი და ჩანაწერი წარადგინა დავების სხვადასხვა ეტაპზე აუდიტორის სრული სიცრუის დამადასტურებლად, რომელიც დღემდე ამტკიცებს, რომ წარმომადგენლის მიერ მიეწოდა მხოლოდ ბანკის ცნობები და ამონაწერები, ამიტომ აზრს კარგავს იგივეს მტკიცება მისი მხრიდან.
ამჯერად კატეგორიულად ითხოვს პასუხს, საგადასახადო აქტის გამოცემამდე, როდის და რა ფორმით ქონდა კომუნიკაცია მეწარმესთან, როდის ესაუბრა სავარაუდო დარიცხვაზე. ამ სიცრუეს როცა ურცხვად ამტკიცებს აუდიტორი დღემდე, სრულიად გულუბრყვილო უნდა იყო ადამიანი, რომ მის მიერ დათვლილ გადასახადში პროფესიონალიზმი ან/და უბრალოდ პატიოსანი მიდგომა დაინახო.
ითხოვს, გაუქმდეს ყველა სამართლებრივი აქტი, შედგეს კომუნიკაცია და სრული დოკუმენტაციის მოწოდება აუდიტის მიერ რასაც ეფუძნება დათვლილი გადასახადები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, სადავო საკითხზე წარმოდგენილი მასალების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 01.05.2025 წლის დასკვნაში მითითებულია, რომ საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით იქნა შესწავლილი სადავო საკითხზე გადასახადის გადამხდელის მიერ დავების (როგორც შემოსავლების სამსახურის დავების, ასევე ფინანსთა სამინისტროს დავების) ეტაპზე წარმოდგენილი მასალები სრულად. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის მიხედვით ვერ ხდება სასაქონლო ნაშთების რეალობის დადგენა. გადამხდელს წარდგენილი აქვს 2020-2021-2022 წლის ნულოვანი წლიური საშემოსავლო დეკლარაციები. წარდგენილი არ აქვს ფინანსური ანგარიშგებები, რითიც შესაძლებელი იქნებოდა სმფ-ს ნაშთების კონტროლი. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემების გათვალისწინების შემთხვევაში, გადამხდელს საქმიანობა წარმოებული ექნებოდა მინუსიანი ფასნამატით. ასევე, ბუღალტრული პროგრამა არ ასახავს საცალო (უსაბუთო) რეალიზაციის სრულ სურათს. კერძოდ, ვერ ხდება საცალოდ რეალიზებული პროდუქციის შეძენა-რეალიზაციის მონაცემების დაკავშირება. ასევე, მნიშვნელოვანი სხვაობაა ინვენტარიზაციით და ბუღალტერიაში დაფიქსირებულ ფასნამატს და სმფ-ს ნაშთებს შორის. აღნიშნულის გათვალისწინებით შემოწმება მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი მონაცემებით შემოწმების შედეგებში ცვლილების (შემცირების) განხორციელების საფუძველი არ არსებობს.
მომჩივანმა 27.06.2025 წლის საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას განაცხადა, რომ საქმისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მიეწოდოს ზუსტი ინფორმაცია, თუ, როდის დაინიშნა და ჩატარდა ინვენტარიზაცია, ასევე რომელ თარიღში მოხდა საწყობის დალუქვა. დამატებით განაცხადა, რომ 2024 წლის აპრილის თვეში შემოსულია 2 იმპორტი, რომელიც საწყობში არ იყო იმ ეტაპზე და ვარაუდი გამოთქვა რომ აღნიშნული რეალიზაციაში აქვს შემმოწმებელს გათვალისწინებული, მისთვის
უცნობია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღწერაში მოხვდა თუ არა ეს საქონელი. გამომდინარე აქედან, ითხოვა დეტალური ინფორმაციის მიწოდება, თუ როგორ მოახდინა საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელმა ნაშთის გამოყვანა.
საბჭოს აპარატის 2025 წლის 2 ივლისის № "---------" წერილით, შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი შემდეგი სახის ინფორმაცია:
1. "---------"საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციისა და შეფასების თარიღის შესახებ (დროის და საათის მითითებით);
2. საბაჟო დეპარტამენტის რომელი სტრუქტურული ერთეულის მიერ განხორციელდა დასახელებული საბაჟო დეკლარაციისათვის რეგისტრაციისა და შეფასების ნომრების მინიჭება;
3. რა საბაჟო ფორმალობები განხორციელდა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე (საქონლის გაშვების გადაწყვეტილების მიღებამდე);
4. როდის და რომელ საათზე განხორციელდა საქონლის საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანა. საბაჟო დეპარტამენტის მიერ საქმეზე წარმოდგენილია 11.07.2025 წლის N "---------" სამსახურებრივი ბარათი, საიდანაც ირკვევა შემდეგი:
1. საქონლის საბაჟო დეკლარაციის № "---------" რეგისტრაცია განხორციელდა 2024 წლის 21 მარტს 13:48 საათზე, შეფასების A ნომერი მიენიჭა 2024 წლის 2 აპრილს 21:50 საათზე, საბაჟო ფორმალობები კი დასრულდა 2024 წლის 2 აპრილს 21:56 საათზე;
2. საქონლის საბაჟო დეკლარაციის № "---------" რეგისტრაცია განახორციელა ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „-------“-მა, ხოლო შეფასება – საბაჟო გამშვებმა პუნქტმა „-------“;
3. 2024 წლის 2 აპრილს 21:43 საათზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „--------“ საბაჟო კონტროლის ზონაში, "------"-ის მხრიდან შემოვიდა № "---------" სატვირთო სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო საქონლის საბაჟო დეკლარაციით №"---------" წინასწარ დეკლარირებული საქონელი. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №5) 31 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების შემდეგ, განხორციელდა №"---------" საბაჟო დეკლარაციის დამუშავება მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის გამოყენებით, რის შემდეგაც მითითებულ დეკლარაციას განესაზღვრა „მწვანე დერეფანი“. შესაბამისად, საქონელმა საბაჟო კონტროლის ზონა დატოვა დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე;
4. №"---------" საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცეული საქონლის საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანა განხორციელდა საბაჟო ფორმალობების დასრულების შემდეგ. ვინაიდან საქონლის საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანის მონაცემების დამუშავებას საბაჟო ორგანო არ ახორციელებს, ამასთან ერთად, დღეის მდგომარეობით, აღარ არსებობს (ჩანაწერების შენახვისთვის განსაზღვრული ვადის გასვლის გამო) საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული სტაციონარული ვიდეოსათვალთვალო კამერების გამოყენებით მიღებული ჩანაწერები, შეუძლებელია სატრანსპორტო საშუალებისა და მასში განთავსებული საქონლის საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანის ზუსტი დროის მითითება.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მომჩივნის მიერ საჩივრის ზეპირი განხილვისას წარმოდგენილ პოზიციაზე (როდის დაინიშნა და ჩატარდა ინვენტარიზაცია, ასევე რომელ თარიღში მოხდა საწყობის დალუქვა და 2024 წლის აპრილის თვეში განხორციელებულ იმპორტთან დაკავშირებით) და მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს საბაჟო დეპარტამენტის 11.07.2025 წლის №61472-21-10 წერილში, სადავო ფაქტთან დაკავშირებით ასახული გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 13 მაისის №007-59 საგადასახადო მოთხოვნა;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს: ა) ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველყოს სადავო საკითხთან დაკავშირებით, საბაჟო დეპარტამენტის 11.07.2025 წლის №61472-21-10 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის დამატებით შესწავლა; ბ) შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს პასუხს, საგადასახადო აქტის გამოცემამდე, როდის და რა ფორმით ქონდა კომუნიკაცია მეწარმესთან, როდის ესაუბრა სავარაუდო დარიცხვაზე. გადამხდელი ითხოვს, გაუქმდეს ყველა სამართლებრივი აქტი, შედგეს კომუნიკაცია და სრული დოკუმენტაციის მოწოდება აუდიტის მიერ რასაც ეფუძნება დათვლილი გადასახადები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანებების საფუძველზე მომჩივნის საქმიანობის ადგილზე განხორციელდა სმფ-ების ფაქტობრივი აღწერა, რომლის მიხედვით, 2024 წლის 8 აპრილის მდგომარეობით, სმფ-ის ნაშთი საბაზრო ღირებულებით შეადგენს 312 685 ლარს.საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ მეწარმის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. გადამხდელის მიერ განხორციელებული იმპორტის და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დადგენილი სმფ-ის ნაშთების გათვალისწინებით რპთ მთელ შესამოწმებელ პერიოდზე შეადგენს 1 427 342 ლარს, ხოლო ამავე პერიოდის დეკლარირებული ბრუნვა - 606 142 ლარს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული მასალების გათვალისწინებით განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებები წლების მიხედვით, რამაც შეადგინა 2021 წელს - 175 072 ლარი (დღგ-ის გარეშე), 2022 წელს - 686 843 ლარი და 2023 წელს - 532 317 ლარი, ხოლო 2024 წლის იანვარში 33 111 ლარი.ასევე, ინვენტარიზაციით დადგენილი ნაშთის გათვალისწინებით, განისაზღვრა სმფ-ის ნაშთები შესამოწმებელი პერიოდების მიხედვით. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა შემოწმებით დადგენილი აუდირებული ფასნამატი 62%. დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების წილის პროპორციულად გაზრდილ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.ამასთან, შემოწმებით გათვალისწინებულია აღნიშნულ პერიოდში განხორციელებულ იმპორტზე გადახდილი დღგ-ის თანხები სულ 162 284 ლარი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა დღგ, ასევე შეეფარდა სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. ასევე, 2021-2022 წელს განხორციელდა 8 ერთეული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია.გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მომჩივნის მიერ საჩივრის ზეპირი განხილვისას წარმოდგენილ პოზიციაზე და მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს საბაჟო დეპარტამენტის წერილში, სადავო ფაქტთან დაკავშირებით ასახული გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
275,304(21).