გადაწყვეტილება № 27721/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.07.2026
№ დოკუმენტი 27721/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 27721/2/2026

22 ივლისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

 

მომჩივანი: შპს„------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ს 4.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27721/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 19.02.2026 წლის №3781 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 30 აპრილის №002-52 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 17 ივნისის №13228 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 53 468.92 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 28 054.45

დღგ - 21 344.15

მოგების გადასახადი - 1 895.30

საშემოსავლო გადასახადი - 4 815

ჯარიმა - 13 982.70

საურავი - 11 431.77

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22729 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 22 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმოს განხორციელებული აქვს ბინების რეალიზაცია. მიღებული სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ კომპანიას შესრულებული აქვს შიდა სარემონტო სამუშაოები ღირებულებით 47 066 ლარი დღგ-ის ჩათვლით. შეძენილი აქვს ასევე შპალერი, ლამინატი, კარი და კარის აქსესუარები 26 742 ლარის ოდენობით. აგრეთვე, შეძენილი აქვს აბაზანა და აბაზანის აქსესუარები, საშხაპე კაბინა, ონკანი, შემრევი, ავეჯი და ავეჯის მასალა, მაგიდა, მაგიდის ფეხი, მატრასი, გამაცხელებელი, რადიატორები, გამწოვი, კონდიციონერი, განათება, 7 ცალი მაცივარი, სარეცხის მანქანა 6 ცალი, უნიტაზი 8 ცალი, სამზარეულოს ზედაპირი, 3 ცალი ჭურჭლის სარეცხი მანქანა, 6 ცალი ტელევიზორი, ხორცსაკეპი მანქანა ღირებულებით 65 480 ლარის ოდენობით. საჯარო რეესტრის საიტზე არსებული ნასყიდობის ხელშეკრულებები მხოლოდ ორ შემთხვევაში ითვალისწინებს გამყიდველის ვალდებულებას გადასცეს მყიდველს ნასყიდობის საგანი გარემონტებულ მდგომარეობაში, სხვა შემთხვევაში არ არის დაკონკრეტებული ნასყიდობის საგნის მდგომარეობა მოიცავს თუ არა ფართის სარემონტო სამუშაოებს. შემოწმებით, შიდა სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ხარჯი, შეძენილი ტექნიკა, ავეჯი, აბაზანის და სამზარეულოს აქსესუარები ჯამური ღირებულებით 118 042 ლარის ოდენობით დღგ-ის გარეშე (139 289 ლარი დღგ-ის ჩათვლით) განხილულ იქნა ფიზიკურ პირებზე მიწოდებად და ჩართულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

საწარმოს 2023 წლის 22 და 29 მარტს შეძენილი აქვს ------2023 წელს გამოშვებული ------ და ------ მარკის ორი ავტომანქანა ღირებულებით 149 385 ლარი. კომპანიის მიერ 2023 წლის მაისის თვეში ანაზღაურებულია ჯორჯიან მოტორსის მიერ ავტომობილის ტუნინგის მომსახურების ღირებულება 4 000 ლარის ოდენობით. საწარმოს ბალანსზე ერიცხება 2022 წლის 10 მაისს ------- 15 000 ლარად შეძენილი ა/მანქანა ------ (-------), გამოშვების წელი 2013. ------- შეძენილი 2 ავტომანქანის სამეწარმეო საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ კომპანიას 2023 წლის აპრილის თვიდან 2025 წლის სექტემბრის თვემდე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები არ აქვს, აქტივობა არ უფიქსირდება. სასაქონლო ზედნადებებით უფიქსირდება მხოლოდ 18 353 ლარის ღირებულების ისეთი საქონლის შეძენა, როგორიცაა მაცივარი, სარეცხის მანქანა, საცხობი, სამზარეულოს ნიჟარა, საშხაპე, აბაზანის აქსესუარები და ა.შ. ხელფასები გაცემული აქვს 2023 წლის მაისის და ივნისის თვეში ბუღალტერზე - 5 000 ლარი (2 500 ლარი*2თვე). შემოწმებით, 2023 წლის მარტის თვეში ----- შეძენილი ორი ავტომანქანის ღირებულება 149 385 ლარი და ავტომანქანებზე გაწეული მომსახურების ღირებულება 4 000 ლარი, ჯამში 153 385 ლარი განხილულ იქნა როგორც ხარჯი, რომელიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 25 დეკემბრის №28356 ბრძანება და №002-208 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 97 378.81 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 20 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 19 თებერვლის №3781 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. კერძოდ:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, იმ ქონებაზე, რომლის ნასყიდობის ხელშეკრულება ითვალისწინებს ნასყიდობის საგნის გარემონტებულ მდგომარეობაში გადაცემას, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოების გაწევისთვის შეძენილი საქონლის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, სადავო ოპერაციაზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის 21 ნაწილით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს შესაბამისი ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 19 თებერვლის №3781 ბრძანება 8.03.2026 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 20.03.2026 წლის №26853/2/2026 (რეგ. 31.03.2026 წელი, №03/22385) გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის 19.02.2026 წლის №3781 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 16.04.2026 წლის დასკვნა, 30.04.2026 წლის №9472 ბრძანება და №002-52 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 33 642 ლარით.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 26 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 17 ივნისის №13228 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, შიდა სარემონტო სამუშაოებისთვის შეძენილი საქონლის ფიზიკურ პირებზე რეალიზებულად განხილვასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებები და აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოების გაწევისთვის შეძენილი საქონლის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.

ამასთან, შესყიდული ავტომანქანების დაბეგვრასთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნით და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ ვინაიდან საწარმოს მიერ შეძენილი ავტომანქანების სამეწარმეო საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდებოდა, შემოწმების პროცესში ავტომანქანების ღირებულება ჯამში 153 385 ლარის ოდენობით დაკვალიფიცირდა როგორც ხარჯი, რომელიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.

ამასთან, სადავო ავტომანქანებით გადაადგილდებოდა საწარმოს დირექტორი (ფიქსირდება ვიდეო ჯარიმა). გადასახადის გადამხდელს ავტომანქანები შეძენილი აქვს 2023 წლის 22 და 29 მარტს ------. ხოლო, 2023 წლის აპრილის თვიდან 2025 წლის სექტემბრის თვემდე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და აქტივობა არ უფიქსირდება. გადაანგარიშების შედეგად, სადავო ოპერაციაზე, საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის 21 ნაწილით, რის შედეგადაც, მომჩივანს მოგების გადასახადში შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა და დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

1. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 19 თებერვლის ბრძანებით, დღგ-ის ნაწილში, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა იმ საცხოვრებელ ბინებთან დაკავშირებით, რომელთა ნასყიდობის ხელშეკრულებები ითვალისწინებს ნასყიდობის საგნის გარემონტებულ მდგომარეობაში გადაცემას, გადასახადის გადამხდელის მიერ სათანადო მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, განახორციელოს დავალიანების კორექტირება (შემცირება).

აუდიტორის განმარტებით, გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლებიც ითვალისწინებს ნასყიდობის საგნის გარემონტებულ მდგომარეობაში გადაცემას, რის გამოც არ უნდა განხორციელდეს დავალიანების კორექტირება.

კომპანიის მიერ, ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, აშენებულ იქნა 4 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც შედგებოდა 20 საცხოვრებელი ბინისაგან. მითითებული საცხოვრებელი ფართებიდან, საწარმოს მიერ გასხვისებულ იქნა 19 საცხოვრებელი ბინა, მათგან 4 - გარემონტებული, ავეჯით და ტექნიკით აღჭურვილ მდგომარეობაში. საცხოვრებელი ფართების ნაწილის გარემონტება და ავეჯით/ტექნიკით აღჭურვა (ფორმატით „მზა ბინა“) მიმართული იყო მარკეტინგული მიზნებისთვის. კერძოდ, მომხმარებლებისთვის არჩევანის შეთავაზების გზით კონკურენტუნარიანობის გაზრდის და ამ გზით პროდუქციის რეალიზაციის დაჩქარების უზრუნველსაყოფად. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კომპანიას ფართების გაყიდვის კუთხით წარმოეშვა სირთულეები. შესაბამისად, არსებული კრიზისის პირობებში, იძულებული შეიქმნა გარემონტებული საცხოვრებელი ფართები, აქციის სახით, გაესხვისებინა თეთრი კარკასის საფასურად. ზუსტად აღნიშნული აქციის გათვალისწინებით, გარემონტებული 4 ფართიდან, ორი შეძენილ იქნა ერთი პირის მიერ, ხოლო დანარჩენი ორი ბინა ასევე გასხვისებულ იქნა დაჩქარებულად, რამაც საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საწარმოს ფუნქციონირებისთვის საჭირო ფინანსების მოძიების საქმეში. საწარმოს, თითოეული საცხოვრებელი ბინის გასხვისებასთან დაკავშირებით, ყველა შემძენთან (სულ 19) გაფორმებული აქვს მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებშიც დეტალურად არის მითითებული გასხვისებული ბინების მდგომარეობა (გასხვისების მომენტისთვის) და ნასყიდობის ფასები. მათ შორის, მიღება-ჩაბარების აქტები გაფორმებულია იმ 4 საცხოვრებელი ფართის შემძენებთან, რომლებიც გასხვისებულ იქნა გარემონტებულ და ავეჯით/ტექნიკით აღჭურვილ მდგომარეობაში (მიღება-ჩაბარების აქტები ერთვის წინამდებარე საჩივარს). ასევე, მომჩივნის მიერ წარმოდგენილია გარემონტებული უძრავი ქონების შემძენების მიერ ნოტარიულად დამოწმებულ ხელწერილები, რომლებშიც პირდაპირ არის ასახული მათ მიერ შეძენილი ბინების მდგომარეობა და ჯამში გადახდილი საფასურები. ამდენად, საფუძველს მოკლებულია აუდიტორის მსჯელობა იმ გარემოების შესახებ, რომ თითქოს გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი ნასყიდობის საგნის გარემონტებულ მდგომარეობაში გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია სრულად იქნა წარდგენილი როგორც აუდიტორებისთვის, ასევე ერთვის იმ საქმეს, რომელზეც მიღებულ გადაწყვეტილებასაც ეფუძნება აუდიტის დასკვნა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ შემოსავლების სამსახური გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში თავადაც უთითებს იმ გარემოების შესახებ, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებები ორ შემთხვევაში ითვალისწინებს ნასყიდობის საგნის მყიდველისთვის გარემონტებულ მდგომარეობაში გადაცემის ვალდებულებას, სხვა შემთხვევაში არ არის დაკონკრეტებული ნასყიდობის საგანი მოიცავს თუ არა ფართის სარემონტო სამუშაოებს. მიუხედავად აღნიშნულისა, აუდიტის დეპარტამენტმა სრულად უგულვებელყო როგორც მითითებული ჩანაწერი, ასევე საქმეში არსებული დოკუმენტაცია და უცვლელად დატოვა განხორციელებული დარიცხვა.

2. საწარმოს, 2023 წლის 22 და 29 მარტს, ------ შეძენილი აქვს 2023 წელს გამოშვებული ორი ავტომობილი - „----“ და „----“. აუდიტის დეპარტამენტის განმარტებით, აღნიშნული ავტომობილები მიჩნეულ იქნა პირადი სარგებლობის ნივთებად და საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

კომპანიის მიერ 2023 წლის მარტის თვეში შეძენილი იქნა ----- მარკის ორი ავტომობილი. აღნიშნული ავტომობილები საწარმოს ბალანსზე აღირიცხა როგორც ძირითადი საშუალება. შესაბამისად, მათი ღირებულების ხარჯში ასახვა განხორციელდა საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. რაც შეეხება აუდიტორის შეფასებას, რომლის თანახმად ავტომობილების სამეწარმეო საქმიანობაში გამოყენება არ იქნა დადასტურებული, განმარტავს, რომ აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს. მითითებული ავტომობილების შეძენა სწორედ საწარმოს სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში და მიზნებისთვის განხორციელდა. პირველ რიგში აღნიშნავს, რომ ავტომობილების შეძენის მომენტისთვის კომპანიას სამეწარმეო საქმიანობა შეწყვეტილი არ ჰქონდა, ის დღეის მდგომარეობითაც რჩება როგორც მეწარმე სუბიექტი, ხოლო ავტომობილების შეძენის დანიშნულება იყო საწარმოს სამომავლო ეკონომიკური საქმიანობა და არა გასული პერიოდის. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ აუდიტორმა არ გაითვალისწინა საწარმოს მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციები, მათ შორის იმის შესახებ, რომ კომპანია სამომავლოდაც გეგმავდა მშენებლობის წარმოებას, რა მიზნითაც მას გაფორმებული ჰქონდა შესაბამისი ხელშეკრულება (ერთვის საჩივარს) უძრავი ქონების მესაკუთრესთან. ამასთან, მშენებლობაზე გაცემული იყო შესაბამისი ნებართვაც (ასევე ერთვის საჩივარს).

ამდენად, არ ეთანხმება დასკვნაში მითითებულ გარემოებას, რომლის თანახმადაც ავტომობილები განეკუთვნება პირადი სარგებლობის ნივთებს და დაბეგრილ უნდა იქნას საშემოსავლო გადასახადით.

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 601 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ შემოწმების აქტში დაფიქსირებული როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი არგუმენტაცია არ გამომდინარეობს საკითხის ობიექტური და ყოველმხრივი კვლევის შედეგებიდან. აუდიტორის მიერ მითითებული სამართლებრივი კვალიფიკაცია არ ესადაგება ფაქტობრივ რეალობას. შედეგად, საკითხის მიმართ ამგვარ მიდგომებს მოჰყვა არა მხოლოდ დაუსაბუთებელი გადასახადების, არამედ ჯარიმების და სანქცია/საურავების დარიცხვაც.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი სადავო აქტები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 19 თებერვლის №3781 ბრძანებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, იმ ქონებაზე, რომლის ნასყიდობის ხელშეკრულება ითვალისწინებს ნასყიდობის საგნის გარემონტებულ მდგომარეობაში გადაცემას:

გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოების გაწევისთვის შეძენილი საქონლის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, სადავო ოპერაციაზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის 21 ნაწილით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს შესაბამისი ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება:

1. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 19 თებერვლის №3781 ბრძანების აღსრულების მიზნით, შიდა სარემონტო სამუშაოებისთვის შეძენილი საქონლის ფიზიკურ პირებზე რეალიზებულად განხილვასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომელიც ითვალისწინებს ნასყიდობის საგნის გარემონტებულ მდგომარეობაში გადაცემას. შედეგად, სათანადო საფუძვლის არარსებობის გამო, დღგ-ში შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება/შემცირება არ განხორციელდა.

2. ------ მარკის 2 ავტომობილის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვასთან და მოგების გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტმა სადავო ოპერაციაზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის 21 ნაწილით და განახორციელა შემოწმების აქტით დარიცხული ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). კომპანიას 2023 წლის 22 და 29 მარტს შეძენილი აქვს „-----“ და „------“ ავტომობილები. კერძოდ: 1. ------ მოდელის (------) ავტომანქანის ძრავის მოცულობა ნაკლებია 2 500სმ3 -ზე და იბეგრება საშემოსავლო გადასახადით 100 ლარის ოდენობით თვეში; 2. ------ მოდელის (------) ავტომანქანა წარმოადგენს ჰიბრიდულ ავტომობილს და იბეგრება საშემოსავლო გადასახადით 100 ლარის ოდენობით თვეში. გადასახადის გადამხდელს გადაანგარიშების შედეგად (2023 წლის აპრილის თვიდან - 2025 წლის სექტემბრის თვემდე) დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი 4 640 ლარის ოდენობით და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა, ხოლო მოგების გადასახადში შეუმცირდა აქტით დარიცხული თანხა - 27 068 ლარი და ჯარიმა - 13 534 ლარი.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 14.07.2026 წლის №----- წერილი, სადაც მითითებულია, რომ შიდა სარემონტო სამუშაოებზე, ტექნიკის, ავეჯის, აბაზანის და სამზარეულოს აქსესუარების შეძენაზე გაწეული ხარჯის ფიზიკურ პირებზე მიწოდებად განხილვასთან და დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ რეალიზებული ბინების 1კვ. მეტრის სარეალიზაციო ღირებულება შეადგენს 500 აშშ. დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში. განსხვავებულ ფასად ბინების რეალიზაცია არ განუხორციელებია. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების მიმდინარეობისას წარდგენილია დამოუკიდებელი ექსპერტ აუდიტორის შეფასება, სადაც 1კვ.მეტრი ბინის თეთრი კარკასის მდგომარეობაში ღირებულება მერყეობს 500 აშშ. დოლარიდან - 750 აშშ. დოლარამდე. გარემონტებული და გასარემონტებელი ბინები გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებულია ერთიდაიგივე ღირებულებით 1კვ.მეტრი - 500 აშშ დოლარი. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით, მხოლოდ ორ შემთხვევაში არის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს მყიდველისათვის ნასყიდობის საგნის გარემონტებულ მდგომარეობაში გადაცემას (რემონტის დეტალური აღწერა არცერთ ხელშეკრულებაში არ არის მითითებული). შემოსავლების სამსახურის 19.02.2026 წლის (ბრძანება №3781) გადაწყვეტილების თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაევალა, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოების გაწევისთვის შეძენილი საქონლის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აღნიშნული მტკიცებულებები წარდგენილი არ არის. ამასთან, შესყიდული ავტომანქანების დაბეგვრასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ შემოწმების აქტით, რამდენადაც ავტომანქანების სამეწარმეო საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდებოდა, ავტომანქანების ღირებულება ჯამში 153 385 ლარის ოდენობით დაკვალიფიცირდა როგორც ხარჯი, რომელიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან. ავტომანქანებით გადაადგილდებოდა საწარმოს დირექტორი (ფიქსირდება ვიდეო ჯარიმა ------). გადასახადის გადამხდელს ავტომანქანები შეძენილი აქვს 2023 წლის 22 და 29 მარტს -----, ხოლო 2023 წლის აპრილის თვიდან 2025 წლის სექტემბრის თვემდე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები არ აქვს. აქტივობა არ უფიქსირდება. გადაანგარიშებით, სადავო ოპერაციაზე საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრულია საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის 2(1) ნაწილით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 19.02.2026 წლის №3781 ბრძანება აღსრულებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 19.02.2026 წლის №3781 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს განხორციელებული აქვს ბინების რეალიზაცია. მიღებული სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ კომპანიას შესრულებული აქვს შიდა სარემონტო სამუშაოები.

დადგინდა, რომ საწარმოს მიერ რეალიზებული ბინების 1 კვ. მეტრის ღირებულება ყველგან 500 აშშ დოლარის ეკვივალენტს შეადგენდა, მიუხედავად რემონტის მდგომარეობისა. დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებით, თეთრი კარკასის ბინის ღირებულება 500-750 აშშ დოლარს შორის მერყეობდა, თუმცა ხელშეკრულებებში რემონტის დეტალური აღწერა მითითებული არ იყო, და გადასახადის გადამხდელს სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

ავტომანქანებთან დაკავშირებით დადგინდა, რომ მათი სამეწარმეო გამოყენება არ დასტურდებოდა, გამოიყენებოდა საწარმოს დირექტორის მიერ, ხოლო შეძენის შემდეგ საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და აქტივობა არ ფიქსირდებოდა, რის გამოც მათი ღირებულება ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად დაკვალიფიცირდა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;304 (21)