ბრძანება N 19143
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19143
21 აგვისტო 2024
ბრძანება
შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“)
(ფაქტ. მის.:„-------“)
2024 წლის 6 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 20 აგვისტოს გამართულ სხდომაზე (ოქმი №91) განიხილა შპს „------“-ის (ს/ნ „-------“) №91248/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი აგვისტოს №225-16 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ:
1. არ ეთანხმება დარიცხულ ქონების გადასახადს და აცხადებს, რომ არ იცნობს დარიცხვის გაანგარიშებას.
2. არ ეთანხმება ნაღდი ფულის დანაკლისის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვას. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის გათვალისწინებით განსაზღვრულ ნაღდი ფულის ნაშთთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ერთი თვის ვადაში სრულად დააბრუნებს თანხას კომპანიის საბანკო ანგარიშზე და ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 ივნისის №13701 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 აპრილის №225-7 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 ივნისის №13701 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 24 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა 39 440 ლარით, მათ შორის გადასახადი 26 293 ლარით და ჯარიმა 13 147 ლარით. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2024 წლის პირველი აგვისტოს №225-16 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების (გადამხდელმა წარმოადგინა სატრანსპორტო საშუალების შეკეთების აქტი) შესწავლა/ანალიზი, რომლითაც დგინდება, რომ ავტომობილს 2022 წლის ოქტომბერში ჩაუტარდა სარემონტო სამუშოები (წინა მარცხენა ფრთის და კარის სამღებრო სათუნუქე სამუშაოები). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან გადამხდელის განმარტებით ავტომობილი წარმოადგენს იშვიათ მოდელს, აუდიტის დეპარტამენტმა სარწმუნოდ მიიჩნია გადამხდელის არგუმენტები და განახორციელა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდა, რომ ავტომობილს ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები. შესაბამისად, გადამხდელს შეუმცირდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები.
რაც შეეხება, ქონების გადასახადსა და ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის გათვალისწინებით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც 2024 წლის 11 ივნისის №13701 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.
ხოლო, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება დარიცხულ ქონების გადასახადს და აცხადებს, რომ არ იცნობს დარიცხვის გაანგარიშებას.
ასევე არ ეთანხმება ნაღდი ფულის დანაკლისის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 ივნისის №13701 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 24 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა.აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2024 წლის პირველი აგვისტოს №225-16 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
304(21)