გადაწყვეტილება №28287/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.11.2026
№ დოკუმენტი 28287/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№28287/2/2026

03 ნოემბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ს“ 13.10.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28287/2/2026).

 

დავის საგანი:

დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 3.09.2026 წლის №CB1964993 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 24.09.2026 წლის №21009 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 6 697,86 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე მომჩივანმა 24.08.2026 წლის ID:--- ელექტრონული განაცხადით მიმართა შემოსავლების სამსახურს. დადგინდა, რომ დანართი №24-ში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალურად არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებთან ურთიერთშედარებისას გამოვლინდა 6 697.86 ლარის სააღრიცხვო ღირებულების საქონლის დანაკლისი. აღნიშნულზე მომჩივანს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 3.09.2026 წლის №CB1964993 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა დაუდასტურებელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულებით (6 697.86 ლარი). სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 24.09.2026 წლის №21009 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

გადამხდელის არგუმენტებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული გვერდიდან ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურების თაობაზე განაცხადის შევსებისას სავალდებულოა გრაფის მონიშვნა, რომლითაც გადამხდელი ინფორმირებულია, რომ წარმოდგენილი განცხადების გაუქმებაზე მოთხოვნა არ განიხილება, თუ სმფ-ები დაექვემდებარება ადგილზე გასვლით ჩამოწერას. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ განაცხადი დაექვემდებარა „ადგილზე გასვლით“ ჩამოწერას. შესაბამისად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია

 

მომჩივნის არგუმენტაცია

განცხადება ს.მ.ფ. -ს ჩამოწერაზე წარდგენილ იქნა 24/08/2026 06:10:17, სადაც შეცდომით, მე-11 პოზიციაში (ლოკოკინის ხორცი 700 გრ.), შეტანილ იქნა 108 ცალი, ნაცვლად 15 ცალისა. აღნიშნული უზუსტობის მიზეზი იყო მექანიკური შეცდომა, რომელიც გამოწვეულ იქნა პროგრამიდან ინფორმაციის არასწორად გადატანით. შემოსავლების სამსახურიდან ბრძანება Nსმფ-13321/1 მიიღეს 2026 წლის 31 აგვისტოს. აღნიშნული შეცდომის აღმოჩენისთანავე, მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების მოსვლამდე და მათ მიერ ს.მ.ფ. -ს ჩამოწერის პროცედურის დაწყებამდე, წარდგენილ იქნა დამატებითი განცხადება (ID ---) ს.მ.ფ.-ს რაოდენობების კორექტირებასთან დაკავშირებით (გაგზავნის თარიღი 1/09/2026 12:59:09). გარდა ამისა, ასევე მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების მოსვლამდე, კომუნიკატორის მეშვეობით აცნობეს შემოსავლების სამსახურს აღნიშნული გარემოების შესახებ, სადაც ითხოვდნენ მიეცათ რაოდენობების გასწორების საშუალება (წერილი ნომერი 694268, 1/09/2026). ს.მ.ფ.-ს ჩამოწერის პროცედურა განხორციელდა ორჯერ, 2025 წლის 26 ნოემბერს (ბრძანება №სმფ11413) და 2026 წლის 26 მარტს (ბრძანება №სმფ-12248) და არანაირი დარღვევა არ დამდგარა, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მექანიკური შეცდომის გამო შედგა სამართალდარღვევის ოქმი.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციებისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

მომჩივანი ითხოვს საზოგადოებას ეპატიოს აღნიშნული შეცდომა, რომელიც არ იყო განზრახ ჩადენილი და ჯარიმისგან გათავისუფლება მოხდეს სრულად იმის გათვალისწინებით, რომ:

1. არის ახალი გახსნილი ობიექტი და დგამენ პირველ ნაბიჯებს ბიზნესის სფეროში.

2. არის კეთილსინდისიერი გადამხდელი, ყოველთვის დროულად ახდენენ გადასახადების დეკლარირებას და შეძლებისამებრ დროულად გადახდას.

3. ამ სამართალდარღვევის ფაქტის დადგომამდე, წინა პერიოდებში, ს.მ.ფ. -ს ჩამოწერაზე მეწარმის მხრიდან რაიმე გაუგებრობა არ ყოფილა, საკმაოდ დიდი ოდენობის ნედლეული იქნა ჩამოწერილი და განადგურებული (ვინაიდან სხვადასხვა მიზეზების გამო ძალიან გაჭიანურდა ობიექტის გახსნა, ნედლეულს გაუვიდა ვადა და კომპანიამ დიდი ზარალი ნახა) და ამ სამართალდარღვევის მიზეზი იყო პროგრამიდან შეცდომით გადმოტანილი ნაშთები.

4. შეცდომის აღმოჩენისთანავე, მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების მოსვლამდე, კომპანიამ სცადა ამ უზუსტობის აღმოფხვრა კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით, ვინაიდან ცალსახად არ ყოფილა მცდელობა გადასახადებისგან თავის არიდებისა.

5. საგადასახადო კოდექსის 269 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციებისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისას საგადასახადო ორგანო გადამხდელის მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შემთხვევაში პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით მოახდინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ფიზიკური გადამოწმება და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი სმფ-ის ჩამოწერის მიზნით სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე და ფაქტობრივად არსებულის მონაცემებზე დაყრდნობით ავსებს „სასაქონლომატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში“ (დანართი №24) მოცემული ცხრილის პირველ – მე-7 სვეტებს.

საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე − იწვევს დაჯარიმებას წარდგენილი ინფორმაციის შედეგად დაუდასტურებელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულებით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

დადგენილია რომ გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ განაცხადში დანართ №24-ში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალურად არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებთან ურთიერთშედარებისას გამოვლინდა დანაკლისი, რომელმაც სააღრიცხვო ღირებულებით შეადგინა 6 697.86 ლარი. მომჩივანი დაკისრებული სანციისგან გათავისუფლებას ითხოვს იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ადრე იგივე პროცედურა მათ მიერ განხორციელდა მართლზომიერად ამ შემთხვევში კი სამართალდარღვევა განაპირობა უნებლიე შეცდომამ, რის თაობაზეც თვითონვე აცნობსეს საგადასახადო ორგანოს.

საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე მომჩივანმა განაცხადით მიმართა შემოსავლების სამსახურს. დადგინდა, რომ დანართი №24-ში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალურად არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებთან ურთიერთშედარებისას გამოვლინდა 6 697.86 ლარის სააღრიცხვო ღირებულების საქონლის დანაკლისი. აღნიშნულზე მომჩივანს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა დაუდასტურებელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულებით (6 697.86 ლარი). სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 279 (3).