ბრძანება N 4376

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.03.2023
№ დოკუმენტი 4376
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 4376

07.03.2023

შპს "-------“ (ს/ნ "-------" )

(მის.: "-------" )

2023 წლის 7 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურში განსახილველად წარმოდგენილია შპს “---------“ (ს/ნ “---------“) №21626/21 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 24 იანვრის №CB1435531 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №15).

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგებს და განმარტავს, რომ მიმდინარე კონტროლის პროცედურისას ზედაპირულად მოხდა კომპანიის ბალანსზე არსებული საქონლის კალკულაცია, რაც არ მოიცავდა თითოეული საქონლის აწონვას (მისი ზუსტი წონის განსაზღვრას), რამაც გამოიწვია წინამდებარე აქტში მითითებული ცდომილების არსებობა. ორგანიზაციის საქმიანობიდან გამომდინარე ვერ მოხერხდებოდა სასაწყობე ფართის დალუქვა და საქონლის ქრონომეტრაჟი მისი რაოდენობისა და წონის მიხედვით, ვინაიდან ეს უკანასკნელი გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებდა საზოგადოების ეკონომიკურ საქმიანობას, ვინაიდან ვერ მოხერხდებოდა განბაჟებული საქონლის დასაწყობება, რაც თავის მხრივ სარკინიგზო ვაგონების მოცდენის საფასურის სავალდებულო გადასახადს გამოიწვევდა, რაც მძიმე არამართებულ ტვირთად დააწვებოდა საზოგადოებას.

მომჩივანი განმარტავს, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღწერის შედეგად საგადასახადო მონიტორინგის დეპარატამენტის მიერ გამოვლინდა 9904.88 ტონა საბუღალტრო დოკუმენტაციით აღრიცხული საქონელი, ხოლო ფაქტობრივად არსებულმა საქონელმა კი შეადგინა 9779.165 ტონა. ამდენად, სხვაობამ შეადგინა 125.715 ტონა. კერძოდ, არმარტურა 7795.94 ტონიდან შეადგენდა 7699.36 ტონას, მათ შორის სხვაობა განისაზღვრა - 96.58 ტონა. ხოლო გლინულა 2108.94 ტონიდან შეადგენდა 2079.81 ტონას, მათ შორის სხვაობა განისაზღვრა - 29.13 ტონა, რაც წარმოადგენს, როგორც მთლიანი პროდუქციის ასევე გვარეობითი ნიშნით დაჯგუფებული პროდუქციის სხვაობის 2%- ზე ნაკლებს.

საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-10 ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის ამ მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციები არ გამოიყენება, თუ:

ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების ზედმეტობის ან/და დანაკლისის ოდენობა ამავე სახის აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 2 პროცენტს არ აღემატება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ დანაკლისად მიჩნეული საქონელი მთლიანი პროდუქციის, ასევე გვარეობითი ნიშნით დაჯგუფებული პროდუქციის სხვაობის 2%-ს არ აღემატება, მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას.

ფაქტების აღწერა:

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 25 ოქტომბრის №26974 ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა შპს “--------“ (ს/ნ “---------“) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.

შპს “---------“ (ს/ნ “---------“) საქმიანობის სფეროს წარმოადგენს რკინის პროდუქციის იმპორტი - რეალიზაცია, ადგილობრივი შეძენა - რეალიზაცია.

ინვენტარიზაციის დაწყებამდე შპს "------" დირექტორს ჩაბარდა ბრძანება ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ. შპს "------" დირექტორს ჩამოერთვა ხელწერილი, რომ ყველა ბუღალტრული საბუთი დამუშავებულია, მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები აღებულია შემოსავალში, ხოლო რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოწერილია გასავალში. ასევე, ჩამოერთვა ხელწერილი, რომ საინვენტარიზაციო კომისიამ ფასეულობები აღწერა სწორად, კომისიასთან პრეტენზია არ გააჩნია და აღწერილ ფასეულობებს შესანახად ღებულობს თავისი პასუხისმგებლობის ქვეშ.

საინვენტარიზაციო კომისიამ წარმოადგინა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ბუღალტრული ნაშთი 2022 წლის 25 ოქტომბრის მდგომარეობით, რომელმაც შეადგინა 9904.88 ტონა (არმატურა დიამეტრების მიხედვით 7795.94 ტონა, გლინულა დიამეტრების მიხედვით 2108.937 ტონა). საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა პერიოდი 2019 წლის 24 მაისიდან (რეგისტრაციის თარიღიდან) ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე.

გადასახადის გადამხდელს ეკონომიკური საქმიანობა დაწყებული ჰქონდა 2022 წლის 4 აპრილს. საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთი არ უფიქსირდება.

ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შეძენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების პირვანდელმა რაოდენობამ შეადგინა 29628.165 ტონა.

2022 წლის 19 აპრილიდან 2022 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით რეალიზებულმა სასაქონლომატერიალური ფასეულობების რაოდენობამ სულ შეადგინა 19723.29 ტონა (არმატურა დიამეტრების მიხედვით 17412.49 ტონა, გლინულა დიამეტრების მიხედვით 2310.798 ტონა). ანგარიშის საფუძვლად აღებულ იქნა შესაბამისი თვეების ჭრილში სასაქონლო ზედნადებებში მითითებული რაოდენობების ბრუნვები.

სარეალიზაციო ფასად აღებულ იქნა ინვენტარიზაციის დაწყების დროს გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების ჩატარების დროს პროდუქციაზე არსებული ფასების შესახებ (დღგ-ის ჩათვლით), კერძოდ, 24.10.2022 – 31.10.2022 პერიოდში ერთი ტონა არმატურის ღირებულება იყო 2279.56 ლარი, ხოლო, ერთი ტონა გლინულის ღირებულება შეადგენდა 2329.44 ლარს.

ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (2022 წლის 25 ოქტომბერი) სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა ნაშთმა რაოდენობით შეადგინა: 9779.17 ტონა (არმატურა დიამეტრების მიხედვით 7699.36 ტონა, გლინულა დიამეტრების მიხედვით 2079.814 ტონა).

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა შეადგინა 125.7042 ტონა (არმატურა 96.5812 ტონა, გლინულა 29.123 ტონა) ღირებულებით 288027.93 ლარი.

2022 წლის პირველ დეკემბერს შპს „------“ დირექტორს ჩაბარდა შეტყობინება მიმდინარე კონტროლის განხორციელებისა და საგადასახადო კანონმდებლობის დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით.

შეტყობინების ჩაბარებიდან (5 სამუშაო დღის ვადაში) გადასახადის გადამხდელმა 2022 წლის 6 დეკემბრის №“---------“ განცხადებით წარმოადგინა პოზიცია, რომლითაც არ დაეთანხმა პროექტს, კერძოდ, გადასახადის გადამხდელმა წარმოდგენილ პოზიციაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, ითხოვდა შესაძლო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მიღებას.

საგადასახადო მონიტორინგის მედიაციის საბჭოს 2022 წლის 20 დეკემბრის №1 სხდომის ოქმის საფუძველზე გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რადგან გადასახადის გადამხდელის მიერ ინვენტარიზაციის ჩატარების დროს არ იქნა წარმოდგენილი სასაქონლო– მატერიალურ ფასეულობების რაოდენობრივი ნაშთი.

ინვენტარიზაციის შედეგად გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა 288027.93 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რაზეც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად გამოვლენილი დანაკლისი დაექვემდებარა დაჯარიმებას 28802.79 ლარის ოდენობით.

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევაზე 2023 წლის 24 იანვარს შედგენილ იქნა №CB1435531 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ დანაკლისი არ აღემატება სასაქონლო მატერიალური ფასეულობების 2%-ს და ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე სანქციისგან გათავისუფლებას, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი განმარტავს, რომ აღნიშნული პოზიცია ერთხელ უკვე განხილულ იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს სხდომაზე, სადაც გადასახადის გადამხდელის პოზიცია არ დაკმაყოფილდა, რადგან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-10 ნაწილის მოთხოვნები, რომლითაც „ამ მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციები არ გამოიყენება, თუ: ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ზედმეტობის ან/და დანაკლისის ოდენობა ამავე სახის აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 2 პროცენტს არ აღემატება“.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ რაოდენობრივ აღრიცხვას. შესაბამისად, მან სრულად არ წარმოადგინა დანართი №19 (სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ ოქმის №1 და №2 ცხრილები, ოქმის დანართი), რაზე დაყრდნობითაც მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელ პირებს ექნებოდათ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-10 ნაწილის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს “---------“ (ს/ნ “---------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგებს.

მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ინვენტარიზაციის შედეგად გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა საბაზრო ღირებულების სასაქონლო მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რაზეც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად გამოვლენილი დანაკლისი დაექვემდებარა დაჯარიმებას 28802.79 ლარის ოდენობით.

გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ დანაკლისი არ აღემატება სასაქონლო მატერიალური ფასეულობების 2%-ს და ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე სანქციისგან გათავისუფლებას, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი განმარტავს, რომ აღნიშნული პოზიცია ერთხელ უკვე განხილულ იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს სხდომაზე, სადაც გადასახადის გადამხდელის პოზიცია არ დაკმაყოფილდა, რადგან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-10 ნაწილის მოთხოვნები, რომლითაც „ამ მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციები არ გამოიყენება, თუ: ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ზედმეტობის ან/და დანაკლისის ოდენობა ამავე სახის აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 2 პროცენტს არ აღემატება“.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ რაოდენობრივ აღრიცხვას. შესაბამისად, მან სრულად არ წარმოადგინა დანართი №19 რაზე დაყრდნობითაც მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელ პირებს ექნებოდათ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-10 ნაწილის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

269,270,286(9)