ბრძანება N 23183
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23183
30 ოქტომბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2024 წლის 25 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 29 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №115) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №92550/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 ოქტომბრის №024-65 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციის ოდენობას. განმარტავს, რომ საწარმოს 2024 წლის მარტში შემსყიდველი ორგანიზაციისგან ავანსის სახით ჩაერიცხა 97 000 ლარი, რომელზეც გამოწერა შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და ასახა მარტის თვის საგადასახადო დეკლარაციაში. მოგვიანებით, დააზუსტა მარტის თვის დღგ-ის დეკლარაცია და შეიმცირა დაბეგრილი ავანსის თანხა და განხორციელებული ოპერაციის შედეგად მიღებული სრული თანხა ასახა 2024 წლის აპრილის თვის დღგ-ის დეკლარაციაში. ამდენად, მიუთითებს, რომ მარტის თვის საანგარიშო პერიოდზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შინაარსობრივად წარმოადგენს საგადასახადო ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლას, რაც ითვალისწინებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ 10%-იან ჯარიმას, 50%-იანი ჯარიმის ნაცვლად. ასევე მიუთითებს, რომ ადგილი არ ჰქონია გადასახადებისგან თავის არიდების ფაქტს და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ითხოვს შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივლისის №15954 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2023 წლის აპრილისა და 2024 წლის მარტის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 26 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2024 წლის 2 ოქტომბრის №21544 ბრძანება და ამავე თარიღის №024-65 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა სულ 23 507 ლარი, მათ შორის, გადასახადი 14 937 ლარი, ჯარიმა 7 469 ლარი და საურავი 1 101 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით დადგინდა, რომ შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ 2023 წლის აპრილისა და 2024 წლის მარტის თვეში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურით/სასაქონლო ზედნადებით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა აღემატებოდა დეკლარირებულ ბრუნვას. ამასთან, გამოვლინდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა, 193 ლარის ოდენობით (ეა---------- და ეა----------). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 163-ე, 164-ე და 166-ე მუხლების, ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და გამოწერილი პირველადი დოკუმენტაციის (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადების) საფუძველზე განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შესაბამისად, პირს დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში – საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.
ამავე ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შემოწმების პროცესში გაანალიზდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ 2024 წლის მარტის თვეში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურით/სასაქონლო ზედნადებით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა აღემატებოდა საწარმოს მიერ დეკლარირებულ ბრუნვას და ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არასრულად იყო შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტაციაზე, რომლის თანახმადაც, საწარმოს 2024 წლის მარტში შემსყიდველი ორგანიზაციისგან ავანსის სახით ჩაერიცხა 97 000 ლარი, რომელზეც გამოწერა შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და ასახა მარტის თვის საგადასახადო დეკლარაციაში, თუმცა მოგვიანებით დააზუსტა მარტის თვის დღგ-ის დეკლარაცია და შეიმცირა დაბეგრილი ავანსის თანხა.
ამდენად, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში რადგან შესამოწმებელი პერიოდი მოიცავს 2024 წლის მარტის თვეს, სახეზეა დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება, რისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ხოლო მომჩივნის მოთხოვნა გამოყენებულ იქნას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 10%-იანი ჯარიმა, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აღნიშნული ჯარიმა გამოიყენება საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციის ოდენობას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების პროცესში გაანალიზდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მომჩივანის მიერ 2024 წლის მარტის თვეში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურით/სასაქონლო ზედნადებით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა აღემატებოდა საწარმოს მიერ დეკლარირებულ ბრუნვას და ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არასრულად იყო შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტაციაზე, რომლის თანახმადაც, საწარმოს 2024 წლის მარტში შემსყიდველი ორგანიზაციისგან ავანსის სახით ჩაერიცხა 97 000 ლარი, რომელზეც გამოწერა შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და ასახა მარტის თვის საგადასახადო დეკლარაციაში, თუმცა მოგვიანებით დააზუსტა მარტის თვის დღგ-ის დეკლარაცია და შეიმცირა დაბეგრილი ავანსის თანხა. ამდენად, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში რადგან შესამოწმებელი პერიოდი მოიცავს 2024 წლის მარტის თვეს, სახეზეა დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება, რისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ხოლო მომჩივნის მოთხოვნა გამოყენებულ იქნას საქართველოს საგადასახადო კოდექსისთ გათვალისწინებული 10%-იანი ჯარიმა, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აღნიშნული ჯარიმა გამოიყენება საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 160; 163(1,2); 164(1); 275