ბრძანება N 38295
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 38295
05/11/2019
შპს -------------------
(მის: ქ. -------------)
სადავო საკითხთან დაკავშირებით
საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე
სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს ----- 2019 წლის 10 ივლისის №44537/1/2019 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 20 ივნისის №006-525 „საგადასახადო მოთხოვნას“. აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 10 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №71).
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:
არ ეთანხმება საქონლის ექსპორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადების, ინსპექტირების და დათვალიერების მომსახურების დღგ-ით დაბეგვრას და აცხადებს, რომ აღნიშნული მომსახურების გაწევა გარკვეული სახის ბიზნეს-გათვლიდან გამომდინარე კომპანიის მიერ ხორციელდება უსასყიდლოდ, რაც კავშირშია ეკონომიკურ საქმიანობასთან, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღებასთან, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ექსპორტთან დაკავშირებული გადაზიდვის და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურება გათავისუფლებულია დღგ-სგან, ასეთი უსასყიდლო მიწოდება არ უნდა დაიბეგროს დღგ-ით სსკ-ის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის გ.დ ქვეპუნქტის შესაბამისად. მომჩივანი ასევე არ ეთანხმება ამ მომსახურებაზე საბაზრო ფასის გავრცელებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ 2019 წლის 14 თებერვლის №3277 ბრძანებით დაინიშნა შპს ----- საქმიანობის კამერალური სრული საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 13 ივნისს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, გამოიცა 2019 წლის 19 ივნისის №20067 ბრძანება და 20 ივნისის №006-525 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 191 191,85 ლარი, მათ შორის, გადასახადი 105 910 ლარი, ჯარიმა 56 296 ლარი, საურავი 28 985,85 ლარი.
საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან მიმართებაში საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ:
„2017 წლიდან შპს ----- უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე ამანათების შეგროვება/დახარისხებას და ექსპორტს ----- ში. გადამხდელს გადახდილი აქვს ამანათების შეგროვების, ტრანსპორტირების მომსახურების თანხები. შპს ----- მ წარმოადგინა ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ მომსახურებაში (ექსპორტში) არ იღებს შემოსავალს.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს ----- საქართველოს ტერიტორიაზე ექსპორტთან დაკავშირებულ მომსახურებას ახორციელებს უსასყიდლოდ. სსკ-ის 161-ე მუხლის შესაბამისად განისაზღვრა აღნიშნული მომსახურების საბაზრო ფასი და დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.“
სადავო საკითხების განხილვის შედეგად შემოსავლების სამსახური მიუთითებს სსკ-ის 157-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს:
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
სსკ-ის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
სსკ-ის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია:
გ) ექსპორტის პროცედურაში, რეექსპორტში, გარე გადამუშავების ან ტრანზიტის პროცედურაში მოქცეული ან ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის (რაც დასტურდება საქონლის თანმხლები დოკუმენტებით) გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა. აღნიშნულ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებულ მომსახურებას განეკუთვნება:
გ.დ) ტვირთის დოკუმენტაციის მომზადების, ინსპექტირების, დათვალიერების, სატრანსპორტო დამუშავების (მათ შორის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის), ტრანსპორტირებისათვის შეფუთვისა და შენახვის მომსახურება.
გ1) საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში, საბაჟო საწყობის, დროებით შემოტანის, შიდა გადამუშავების ან თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცევამდე ამ საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე პუნქტებს შორის გადაზიდვა და აღნიშნულ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული, ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, გარდა ტვირთის შენახვის მომსახურებისა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს დამკვეთისათვის საბაჟო კონტროლთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა, კერძოდ, ტვირთის დეკლარირებისთვის დოკუმენტაციის მომზადება და სკანირება, ხოლო გადამხდელის მიერ მითითებული სსკ-ის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ¹“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში, საბაჟო საწყობის, დროებით შემოტანის, შიდა გადამუშავების ან თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცევამდე ამ საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე პუნქტებს შორის გადაზიდვა და აღნიშნულ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული, ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, გარდა ტვირთის შენახვის მომსახურებისა, ამასთან, „გ.დ“ ქვეპუნქტი გულისხმობს, რომ დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია ტვირთის გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურება, რაშიც იგულისხმება ტვირთის დოკუმენტაციის მომზადების, ინსპექტირების, დათვალიერების, სატრანსპორტო დამუშავების (მათ შორის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის), ტრანსპორტირებისათვის შეფუთვისა და შენახვის მომსახურება.
ამდენად, კომპანიის მიერ განხორციელებული ტვირთის დეკლარირებისთვის დოკუმენტაციის მომზადების (სასაქონლო დეკლარაციის შევსების) მომსახურება უშუალოდ დაკავშირებული არაა ტვირთის გადაზიდვასთან, არამედ მის შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევასთან, შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების გაწევა არ წარმოადგენს დღგ-ისგან გათავისუფლებულ ოპერაციას
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, ზეპირი მოსმენისას გამოთქმულ მოსაზრებებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა გაიზიარა აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია და მიიჩნია, რომ გადამხდელის საქმიანობა - დამკვეთისათვის საბაჟო კონტროლთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა, კერძოდ, ტვირთის დეკლარირებისთვის დოკუმენტაციის მომზადება და სკანირება - წარმოადგენს ტვირთის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევასთან დაკავშირებულ ოპერაციას და არ უკავშირდება ტვირთის გადაზიდვას. შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების გაწევა არ წარმოადგენს დღგ-ისგან გათავისუფლებულ ოპერაციას. ამდენად, შემოწმების შედეგად დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათი არ ვრცელდება საქონლის გადაზიდვასთან და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებულ იმ მომსახურებებთან მიმართებაში, რომლებიც გაიწევა საქონლის ექსპორტის პროცედურაში მოქცევამდე პერიოდში. საქონლის გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურებები გაიწევა როგორც ექსპორტის პროცედურაში მოქცევამდე, ასევე შემდგომ პერიოდშიც და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, სსკ-ის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათის გამოყენების მიზნით, განიხილება ცალ-ცალკე ოპერაციებად.
კომპანიის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ექსპორტთან დაკავშირებული მომსახურებების (ამანათების შეგროვება/დახარისხება და ტრანსპორტირება) გაწევის ადგილად სსკ-ის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით ითვლება საქართველოს ტერიტორია.
დღგ-ს ჩათვლის უფლებით გათავისუფლებას ექვემდებარება ერთიანი სატრანსპორტო გადაზიდვის მომსახურება და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული ის მომსახურება, რომელიც გაწეულია ტვირთის ექსპორტის პროცედურაში მოქცევის შემდგომ, ხოლო კომპანიის მიერ გაწეული საქონლის გადაზიდვის მომსახურება და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული ის მომსახურებები, რომლებიც გაიწევა ტვირთის ექსპორტის პროცედურაში მოქცევამდე, ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ექსპორტთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის სსკ-ის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით დღგ-ით დაბეგვრა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ----- ს 2019 წლის 10 ივლისის საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
2. ამ ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. 16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საქონლის ექსპორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადების, ინსპექტირების და დათვალიერების მომსახურების დღგ-ით დაბეგვრას. მომჩივანი ასევე არ ეთანხმება ამ მომსახურებაზე საბაზრო ფასის გავრცელებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს დამკვეთისათვის საბაჟო კონტროლთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა, კერძოდ, ტვირთის დეკლარირებისთვის დოკუმენტაციის მომზადება და სკანირება, საწარმო საქართველოს ტერიტორიაზე ექსპორტთან დაკავშირებულ მომსახურებას ახორციელებს უსასყიდლოდ. სსკ-ის 161-ე მუხლის შესაბამისად განისაზღვრა აღნიშნული მომსახურების საბაზრო ფასი. საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ექსპორტთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის სსკ-ის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით დღგ-ით დაბეგვრა შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 01.01.2021 წლამდე მოქმედი: 161(1,,ა“) 168(4,,გ“)