გადაწყვეტილება №22812/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22812/2/2024
11 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ "-----")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,26.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------"-ს 9.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22812/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 27.12.2023 წლის №33267 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 5.02.2024 წლის №007-14 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 27.03.2024 წლის №6621 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 758 046 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 376 622
დღგ - 17 642
საშემოსავლო გადასახადი - 358 980
ჯარიმა - 188 277
საურავი - 193 147
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელება და მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.03.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 22 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
- შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულყოფილად აქვს ნაწარმოები საბუღალტრო აღრიცხვა. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლები სრულადაა ასახული, თუმცა დოკუმენტაციის არქონის გამო, ვერ მოხერხდა შემოსავლის შესაბამისი ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება, არ არის წარდგენილი ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სამეურნეო ოპერაციების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია სრულყოფილად. ასევე, გადასახადის გადამხდელს არ აქვს სრულად აღრიცხული სამეურნეო ოპერაციები, არ აწარმოებს საბუღალტრო აღრიცხვას კანონმდებლობის შესაბამისად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის მიერ რეალურად მიღებული შემოსავლების დასადგენად, გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია საბაჟო დეპარტამენტიდან, სსიპ „------ დან“, სს „-------- - დან “ და მიღებული ინფორმაციის დამუშავება/ანალიზის შედეგად დადგინდა კომპანიის მიერ განხორციელებული რეისების რაოდენობა, როგორც საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე, ასევე, საერთაშორისო მგზავრთა გადაყვანებზე და განისაზღვრა ამ რეისებიდან მისაღები შესაბამისი შემოსავლები.
შემოწმების შედეგად დადგენილი შემოსავლების, დოკუმენტურად დადასტურებელი ხარჯების, ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხების და შემოწმების ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შესწავლილი იქნა კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობა და შესამოწმებელი პერიოდების (საანგარიშო თვეების) მიხედვით არსებული ფულადი ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით;
- საგადასახადო შემოწმების პროცესში გამოიკვეთა, რომ კომპანიას საერთაშორისო გადაზიდვების მომსახურების ფარგლებში განხორციელებულ ოპერაციებთან ერთად, კომპანიის სახელზე რეგისტრირებული გარკვეული სატრანსპორტო საშუალებები, მათი კუთვნილი სახელმწიფო ნომრების მიხედვით, ფიქსირდება სხვა პირებს შორის გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, განისაზღვრა გაწეული სატრანსპორტო მომსახურების ღირებულება, რომელიც დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №33432 ბრძანება და №007-393 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18266 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 27.10.2023 წლის №20405/2/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საბჭოს 27.10.2023 წლის № 20405/2/2023 გადაწყვეტილების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა ხელახლა განიხილა საჩივარი და 27.12.2023 წლის №33267 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, კერძოდ:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ, რეალიზებული ბილეთების ოდენობის შესახებ (მათ შორის, ინფორმაცია/დოკუმენტაცია მესამე მხარისგან);
ბ) მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა/გამოკვლევა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, სადავო საკითხის ყოველმხრივ შესწავლა/გამოკვლევა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 დეკემბრის №33267 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 31 იანვრის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 5.02.2024 წლის №007-14 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.03.2024 წლის №6621 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, აღნიშნავს, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი წერილი არ წარმოადგენს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველს, ვინაიდან წერილში მითითებული ინფორმაციის დასადასტურებლად შესაბამისი სააღრიცხვო ინფორმაციის ან დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულების წარდგენა მომჩივნის მიერ არ განხორციელებულა. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მე-2 სადავო საკითხის შესწავლის შედეგად, არ გამოვლინდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი, ხოლო აღნიშნულ ნაწილში დამატებით რაიმე არგუმენტი ან მტკიცებულება არ არის წარდგენილი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტორი პირველ საკითხთან დაკავშირებით განმარტავს, რომ კომპანიის მიერ არ ხორციელდებოდა შემოსავლის და ხარჯის სრულყოფილი აღრიცხვა, ამიტომ კომპანიასთან დაკავშირებულ სატრანსპორტო საშუალებებზე გამოითხოვეს ინფორმაცია საბაჟო დეპარტამენტის, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს და თბილისის ცენტრალური ავტოვაგზლიდან, საიდანაც მოახდინეს კომპანიის შემოსავლის დაანგარიშება, რის მიხედვითაც, რეალურთან შედარებით გაცილებით მეტით გაზარდეს მიღებული შემოსავალი.
მეორე საკითხთან დაკავშირებით, აუდიტორი განმარტავს, რომ სხვა კომპანიების სასაქონლო ზედნადებებში, გადასახადის გადამხდელთან შეუთანხმებლად და ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე, გადამზიდავად აღნიშნულია გადასახადის გადამხდელის სახელზე არსებული სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, რის საფუძველზეც გამოაქვს დასკვნა, რომ გადასახადის გადამხდელმა გაწია შიდა გადაზიდვის მომსახურება და დაბეგრა დღგ-ით.
პირველ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს, ხელშეკრულების საფუძველზე, თურქულ კომპანია ლუქს კარადენიზისთვის, თურქეთის მიმართულებით, ბილეთების რეალიზაცია, ანუ კომპანიის ოფისიდან და კუთვნილი სალარო აპარატის საშუალებით რამდენი ბილეთიც გაიყიდება, იქიდან მიღებული შემოსავლის 20 პროცენტი რჩება კომპანიას მოგება. აღნიშნული საქმიანობის აღრიცხვა შემოსავლის და ხარჯვის კუთხითაც ხორციელდება სრულყოფილად და ვერ გაიზიარებს აუდიტის შეფასებას, რომელიც ვარაუდებზე დაყრდნობით ეუბნება, რომ შემოსავალი მეტი უნდა ყოფილიყო ვიდრე აღრიცხული აქვთ.
კომპანიის არგუმენტაციას ამყარებს ის ფაქტი, რომ 2022 წლის შემოწმებამდე, იგივე საქმიანობის შემოწმება აუდიტის სამსახურის მიერ მოხდა ორჯერ და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არცერთ შემოწმებას არანაირი შენიშვნა არ ქონია. ასევე აღნიშნავს, რომ კომპანიის აღრიცხვით, 2019 წელს ბილეთების რეალიზაციის შემოსავალი აღემატება ყველა განვლილი წლის შემოსავალს. 2020-2021 წელი იყო პანდემიური პერიოდი, რა დროსაც საზღვრები ფაქტიურად ჩაკეტილი იყო და შესაბამისად, კომპანიის შემოსავალმაც გაცილებით იკლო.
აღნიშნული საკითხი გავლილია შემოსავლების სამსახურში, რის შემდეგაც აუდიტის დეპარტამენტს დაუბრუნდა საქმე გადასაანგარიშებლად, რაც სამწუხაროდ არ გაითვალისწინა, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ მოთხოვნილი დოკუმენტი, რომ წარედგინა პარტნიორი კომპანიის დასტური მათზე გადახდილ თანხაზე, პირნათლად შეასრულა. აღნიშნული საკითხი გადასახადის გადამხდელის მიერ ხელმეორედ იქნა გასაჩივრებული, მაგრამ შემოსავლების სამსახურმა მათ დაუსწრებლად მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე.
მეორე საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ არასწორად მიაჩნია კომპანიის დაბეგვრა იმ არგუმენტაციით, რომ სხვა კომპანიამ, თავის სასაქონლო ზედნადებში, საქონლის გადაზიდვის საშუალებად გამოიყენა კომპანიის ავტოტრანსპორტის სატრანსპორტო ნომერი. აღნიშნულის განხილვის დროს აუდიტორს შეთავაზეს, რომ მომხდარიყო აღნიშნულ კომპანიებთან დაკავშირება და გარკვევა, რის საფუძველზე მოხდა სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებული ჩანაწერი და რაიმე კავშირში იყო თუ არა მათი კომპანია (რეალურად გაუწია თუ არა აღნიშნული მომსახურება ან მოხდა თუ არა აღნიშნულ მომსახურებაზე რაიმე სარგებლის ან ხარჯის მიღება, რაც დოკუმენტით დადასტურდებოდა), ან თუ მოხდა ამგვარი მომსახურება რატომ არ არის აღნიშნული კომპანიების მიერ თუნდაც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მოთხოვნა.
აღნიშნული საკითხი გავლილი შემოსავლების სამსახურში, რის შემდეგაც აუდიტის დეპარტამენტს დაუბრუნეს საქმე გადასაანგარიშებლად, რაც აუდიტის სამსახურმა არ გაითვალისწინა და არ მოხდა საკითხის გადაანგარიშება. აღნიშნული საკითხი ხელმეორედ იქნა შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული, მაგრამ შემოსავლების სამსახურმა მათ დაუსწრებლად მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე.
მომჩივანი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის სრულად გაუქმებას გადასახადის, ჯარიმის და საურავის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 27.12.2023 წლის №33267 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ, რეალიზებული ბილეთების ოდენობის შესახებ (მათ შორის, ინფორმაცია/დოკუმენტაცია მესამე მხარისგან). მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა/გამოკვლევა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, სადავო საკითხის ყოველმხრივ შესწავლა/გამოკვლევა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 დეკემბრის №33267 ბრძანების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას, ხოლო საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული 2024 წლის 31 იანვრის დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა თურქული კომპანია ლუქს კარადენიზის წერილი, სადაც აღნიშნული კომპანია აფიქსირებს პერიოდების (შესაბამისი წლის/თვის) მიხედვით შპს "-----"-ს მიერ ბილეთების რეალიზაციიდან მიღებულ, მის კუთვნილ შემოსავლებს (რეალიზებული ბილეთების ღირებულების 80%), რაც ემთხვევა შპს "-----"-ს მიერ მის სააღრიცხვო ინფორმაციაში დაფიქსირებულ მონაცემებს. აღნიშნული მონაცემების ანალიზის შედეგებიდან გამომდინარე, გამოიკვეთა, რომ მიღებული შემოსავლების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული ავტობუსების დატვირთულობის კოეფიციენტი შეადგენს საშუალოდ 27%-ს (შემოწმების მიერ აღებულია 70%). გარდა ზემოაღნიშნული წერილისა, გადასახადის გადამხდელმა ვერ მოახერხა მესამე მხარისგან აღნიშნული ინფორმაციის დასადასტურებლად შესაბამისი სააღრიცხვო ინფორმაციის ან დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულების წარმოდგენა, კერძოდ, ინფორმაცია თურქული კომპანია ლუქს კარადენიზის მიერ სრულად რეალიზებული ბილეთების რაოდენობის შესახებ, მათ შორის, გადასახადის გადამხდელთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, თურქული კომპანია თუ ახორციელებდა გადასახადის გადამხდელისგან დამოუკიდებლად, აღნიშნულ რეისებზე ბილეთების რეალიზაციას და ასეთის არსებობის შემთხვევაში, რა ოდენობის ბილეთი გაიყიდა და რა ოდენობის შემოსავალი მიიღო სრულად თურქულმა კომპანიამ. აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლის შედეგად, არ გამოიკვეთა საგადასახადო ვალდებულების კორექტირების (შემცირების) საფუძველი;
- მეორე სადავო საკითხის შესწავლის შედეგად არ გამოიკვეთა საგადასახადო ვალდებულების კორექტირების (შემცირების) საფუძველი.
ამგვარად ირკვევა, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი წერილი არ მიიჩნია საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძვლად, ვინაიდან წერილში მითითებული ინფორმაციის დასადასტურებლად შესაბამისი სააღრიცხვო ინფორმაციის ან დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულების წარდგენა გადასახადის გადამხდელის მიერ არ განხორციელებულა. ხოლო, მე-2 სადავო საკითხის შესწავლის შედეგად, არ გამოვლინდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, წარმოადგენს ინფორმაციას სადავო საკითხების ნაწილში, შემოწმებით დარიცხვის ფაქტობრივ გარემოებებზე, აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, წარადგინა დოკუმენტი, მაგრამ არ მოხდა გათვალისწინება, მეორე საკითხთან დაკავშირებით, აუდიტორს შეთავაზეს, რომ კომპანიებთან, რომელთაც თავის სასაქონლო ზედნადებში, საქონლის გადაზიდვის საშუალებად გამოყენებული აქვს მათი კომპანიის ავტოტრანსპორტის სატრანსპორტო ნომერი, მომხდარიყო დაკავშირება და გარკვევა, რის საფუძველზე მოხდა სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებული ჩანაწერი და რაიმე კავშირში იყო თუ არა მათი კომპანია, ან თუ მოხდა ამგვარი მომსახურება, რატომ არ არის აღნიშნული კომპანიების მიერ საგადასახადო ანგარიშფაქტურის მოთხოვნა.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტების/პოზიციების ანალოგიური გარემოებები წარმოადგინა. ამასთან აღნიშნა, რომ თურქულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით, მათ მიერ ბილეთების რეალიზაციის მომსახურებიდან 20% ეკუთვნის კომპანიას, ხოლო 80% ეკუთვნის თურქულ კომპანიას, აღნიშნულის თაობაზე შემოწმებას ინფორმაცია წარედგინა სრულად, თუმცა არაპირდაპირი მეთოდით დათვლის შედეგად შემმოწმებელმა მიიჩნია, რომ ავტობუსები მინიმუმ 70%-ით იქნებოდა დატვირთულიო, მაგრამ მისთვის უცნობია რის საფუძველზე დადგინდა აღნიშნული (და არა ნაკლები ან მეტი), განემარტა, რომ აღნიშნული ოდენობა მიჩნეული იქნა გადამოწმების შედეგად. გადაანგარიშების ეტაზე, აუდიტორის მიერ მოთხოვნილი იქნა ოფიციალური წერილი, ინფორმაცია თურქული კომპანიიდან მიღებული თანხების შესახებ, რაც გამოითხოვა და ნოტარიულად დამოწმებული წერილი წარედინა შემმოწმებელს, მაგრამ შემდეგ მოთხოვნილი იქნა ინფორმაცია თურქული კომპანიის მიერ საქართველოში მიღებული შემოსავლების შესახებ, ანუ ინფორმაცია, რაც მისი აზრით არ ეხება და ამიტომაც ვერ წარადგინა. რაც შეეხება კომპანიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების სხვა კომპანიის სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებას, დარწმუნებულია, რომ კომპანიას მომსახურება არ გაუწევია, არცერთ შემთხვევაზე არ არის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მოთხოვნა, აღნიშნულ საკითხზე შემმოწმებლის მიერ მიეცა სასაქონლო ზედნადებების ჩამონათვალი, რომელშიც მითითებულია სატრანსპორტო საშუალებების ნომრები და უთხრეს თვითონ დაკავშირებოდა და წარედგინა ინფორმაცია.
სადავო დარიცხვებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა წარმოადგინა შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ისაუბრა არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მართლზომიერებაზე, ამასთან ავტობუსების 70%-ით დატვირთულობის განსაზღვრაზე აღნიშნა, რომ ინფორმაცია გადამოწმდა თურქული კომპანიის საიტზე, სადაც მითითებულია რა რაოდენობის ბილეთებია გაყიდული, აკვირდებოდა ასევე, როგორ ივსებოდა ავტობუსის ადგილები, როგორ მოძრაობდა ავტობუსები და ამ მონაცემების საფუძველზე აღებული იქნა საშუალო, 70%-ით დატვირთულობა (შესამოწმებელ პერიოდში), მაშინ როდესაც, ნებისმიერ დროს საიტზე შესვლისას, 70%-ზე მეტი დატვირთულობა ფიქსირდება. რაც შეეხება მეორე საკითხს, სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებულია კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები (ტრაილერები), რომელმაც გაწია მომსახურება, გადასახადის გადამხდელთან ერთად იქნა ხელახლა გავლილი საკითხი, მიეწოდა გადასახადის გადამხდელს სია (სასაქონლო ზედნადებების რეესტრი) და თხოვეს ინფორმაციის წარდგენა, რატომ არის მისი ავტოსატრანსპორტო საშუალება მითითებული, მაგრამ არ მიუწოდებია.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციების/პოზიციების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 27.12.2023 წლის №33267 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის სრულად გაუქმებას გადასახადის, ჯარიმის და საურავის ნაწილში.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს არასრულყოფილად აქვს ნაწარმოები საბუღალტრო აღრიცხვა.შემოწმების შედეგად დადგენილი შემოსავლების, დოკუმენტურად დადასტურებელი ხარჯების, ასევე, გადამხდელის მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხების და შემოწმების ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შესწავლილი იქნა კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობა და შესამოწმებელი პერიოდების მიხედვით არსებული ფულადი ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმ.
საგადასახადო შემოწმების პროცესში გამოიკვეთა, რომ კომპანიას საერთაშორისო გადაზიდვების მომსახურების ფარგლებში განხორციელებულ ოპერაციებთან ერთად, კომპანიის სახელზე რეგისტრირებული გარკვეული სატრანსპორტო საშუალებები, მათი კუთვნილი სახელმწიფო ნომრების მიხედვით, ფიქსირდება სხვა პირებს შორის გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, განისაზღვრა გაწეული სატრანსპორტო მომსახურების ღირებულება, რომელიც დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 27.12.2023 წლის №33267 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
302,304(21).