გადაწყვეტილება №22742/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.05.2024
№ დოკუმენტი 22742/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 22742/2/2024

15 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: კოოპერატივი „---------“ (ს/ნ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება კოოპერატივ „-----------“ 1.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22742/2/2024).

 

დავის საგანი:

დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 13.02.2024 წლის №060-2 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6108 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 33 565,14 ლარი.

მათ შორის:

ქონების (სოსოფლო-სამეურნეო მიწა) გადასახადი – 19 476

ჯარიმა - 9 738

საურავი - 4 351,14

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიწაზე ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 31.01.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდზე არ ჰქონდა წარდგენილი ქონების (მიწის) გადასახადის დეკლარაციები.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით მომჩივნის საკუთრებაშია 2 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, --------- მუნიციპალიტეტში. გარდა ამისა, 5.04.2019 წელს კოოპერატივ ,,---------“ და სახელმწიფოს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება 25 წლის ვადით. იჯარის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მოიჯარე იღებდა ვალდებულებას გადაეხადა იჯარის თანხა, რის სანაცვლოდაც იჯარის უფლებით იღებდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, --------- მუნიციპალიტეტში მდებარე 4 044 123 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით განისაზღვრა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების (მიწის) გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

შემოწმების აქტის საფუძველზე 13.02.2024 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №2963 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა 13.02.2024 წლის №060-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 7.03.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.03.2024 წლის №6108 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ვინაიდან მაღალ მთიან რეგიონში სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული, მათთვის არ იყო ცნობილი, რომ ქონების გადასახადი ეკისრებოდათ. ამ ფაქტებს ადასტურებს ის გარემოება, რომ ამ გაუგებრობაში არ არის მხოლოდ კოოპერატივი „----------“. შესაბამისად კოოპერატივებმა ამ საქმესთან დაკავშირებით თხოვნით მიმართეს პრემიერ მინისტრს მთლიანი თანხის გაუქმებაზე. რახან სახელმწიფო პროგრამა ითალისწინებს კოოპერატივების განვითარებას, საძოვრის 404 ჰა-ზე სხვადახვა სამუშაოების ჩატარებას, კულტივაციას, გზით უზრუნველყოფას და სხვა დაპირებებს, რომელიც არის ხელშეკრულებით მოცემული, რათა საბალახო იყოს ვარგისიანი ან მოსავლიანი, მიუხედავად განვითარებისა აღმოჩნდნენ დიდ ზარალში.

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს ჯარიმა 9 738 ლარი და საურავი 4 351 ლარი, ხოლო გადასახადის თანხას 19 476 ლარის ოდენობით კოოპერატივი გადაიხდის.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

მომჩივანი აღიარებს შემოწმების შედეგად დარიცხულ გადასახადს და ითხოვს ჯარიმა/საურავისგან გათავისუფლებას, ვინაიდან აღნიშნული იყო განპირობებული კანონმდებლობის უცოდინრობით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო

კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციებისგან.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 272(1);275(2);269(7)