გადაწყვეტილება №27680/2/2026
📄 სრული ტექსტი
№27680/2/2026
24 აგვისტო 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------ი“ (ს/ნ -----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------ის 29.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27680/2/2026).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 20.05.2026 წლის №005-97 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 11.06.2026 წლის №12779 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 70 969,17 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 36 139
ჯარიმა - 17 793
საურავი - 17 037,17
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა კვების პროდუქტების და კერძების წარმოება (სახინკლე), ქ. -------ი, -----ის - ნომერში. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 23.05.2018 წელს, ხოლო დღგის გადამხდელად - 12.01.2019 წელს. მას მინიჭებული აქვს დღგ-ის გადამხდელის კვალიფიციური სტატუსი.
აუდიტის დეპარტამენტის 11.05.2026 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2023 წლიდან 1.02.2026 წლამდე საანგარიშო პერიოდებში საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების, ასევე 2023 წლის თებერვალი - აგვისტოს საანგარიშო პერიოდებში მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩასათვლელ თანხების შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების (საკონტროლო-სალარო აპარატისა და პოსტერმინალების შემოსავლები) და გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილი დოკუმენტაციის, მათ შორის საბანკო ამონაწერის ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობა 1.01.2023 - 1.02.2026 წწ საანგარიშო პერიოდებზე დღგ-ის დეკლარირებულ ბრუნვასა და შემოწმებით დადგენილ შემოსავალს შორის. გამოვლენილი სხვაობა საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით დაიბეგრა დღგ-ით. მომჩივანს ასევე და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 20.05.2026 წლის №005-97 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 11.06.2026 წლის №12779 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის პირველი-22 ნაწილებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
რესტორანი 2018 წელს გაიხსნა. ფუნქციონირების პირველივე დღიდან მომჩივნის ურყევი პრინციპია კანონთან სრული შესაბამისობა და გამჭვირვალე საქმიანობა. კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, სარესტორნო სფერო ისეთი მასშტაბური გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, რომელთა პროგნოზირება შეუძლებელი იყო და რომლებთან გამკლავების მზა რეცეპტები არავის გააჩნდა.
მწვავე ეკონომიკური კრიზისის პირობებში, როდესაც არაერთი რესტორანი დაიხურა (არა მხოლოდ საქართველოში), მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება: პრიორიტეტი გახდა სამუშაო ადგილების შენარჩუნება. სიამაყით შეუძლია თქვას, რომ სტაფი სრულად შეინარჩუნა, პერსონალის ანაზღაურება შეუფერხებლად ხდებოდა. ამ მიზნის მისაღწევად, დამფუძნებლებს კრიზისულ პერიოდში დივიდენდები საერთოდ არ აუღია.
ამ სოციალურმა პასუხისმგებლობამ გარკვეული ფინანსური ფასი დაუტოვა. საბანკო ვალდებულებებმა, ნედლეულის მკვეთრმა გაძვირებამ და ზოგიერთ შემთხვევაში ტრადიციული მომწოდებლების ჩანაცვლების აუცილებლობამ, დამატებითი დავალიანებები წარმოშვა. პანდემიის დასრულების შემდეგ, ძველ ნიშნულზე დაბრუნებას დრო დასჭირდა, რის გამოც რესურსები სრულად მიიმართა არსებული ვალების დაფარვისკენ. სწორედ ამ კრიტიკულ პერიოდში შეიქმნა დღგ-ის გადახდის შეფერხება.
დღეის მდგომარეობით, ამ მცირე დაწესებულებამ შეძლო ოპერაციული საქმიანობის დასტაბილურება და აქტიურად მიმდინარეობს ბიზნესის განვითარებაზე მუშაობა. ამასთან, სრულად აცნობიერებს დღგ-ის მნიშვნელობას და აღიარებს პასუხისმგებლობას.
მოითხოვს, აღნიშნული ვითარება განხილულ იქნას არა მხოლოდ მშრალი სამართლებრივი ნორმებით, არამედ იმ საზოგადოებრივი კონტექსტით, რომელშიც უწევდა მუშაობა. ითხოვს, აღმოუჩნდეს მაქსიმალური თანადგომა და გაწეულ იქნას ყველა ის შეღავათი, რაც კანონიერადაა შესაძლებელი, რათა მიღებული გადაწყვეტილებით და მომჩივნის შესაძლებლობებზე მორგებული გრაფიკით შეძლოს პანდემიას გადარჩენილი მცირე ბიზნესის შენარჩუნება და მისი საბოლოო ფინანსური გაჯანსაღება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2-22 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვაობები შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდებზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ დღგ-ის დეკლარირებულ ბრუნვასა და შემოწმებით დადგენილ შემოსავალს შორის.
დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსრულებლობა და საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2023 წლიდან 1.02.2026 წლამდე საანგარიშო პერიოდებში საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების, ასევე 2023 წლის თებერვალი - აგვისტოს საანგარიშო პერიოდებში მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩასათვლელ თანხების შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების (საკონტროლო-სალარო აპარატისა და პოსტერმინალების შემოსავლები) და გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილი დოკუმენტაციის, მათ შორის საბანკო ამონაწერის ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობა 1.01.2023 - 1.02.2026 წწ საანგარიშო პერიოდებზე დღგ-ის დეკლარირებულ ბრუნვასა და შემოწმებით დადგენილ შემოსავალს შორის. გამოვლენილი სხვაობა საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით დაიბეგრა დღგ-ით. მომჩივანს ასევე და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №005-97 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №12779 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
აბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსრულებლობა და საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7);