გადაწყვეტილება №20021/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.07.2023
№ დოკუმენტი 20021/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20021/2/2023

04 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 28.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 20.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20021/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 25.01.2023 წლის №938 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 1 მაისის №006-57 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №13952 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 104 464 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 31.10.2022 წლის №CB1409228 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისად, ინვენტარიზაციის შედეგად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის გამოვლენისთვის, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა 104 464 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ოქმი 2022 წლის 25 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 25.01.2023 წლის №938 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (შპალერი და წებო) დანაკლისზე ფასნამატის გაანგარიშება განახორციელოს სახეობების მიხედვით (თითოეულზე ცალცალკე) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე გამოიცა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 1.05.2023 წლის №9434 ბრძანება და №006-57 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დაკისრებული ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე გამოიცა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 1.05.2023 წლის №9434 ბრძანება და №006-57 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დაკისრებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მასალებსა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 იანვრის №938 ბრძანების შესაბამისად, განხორციელდა შპს „----------“ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფასნამატის გაანგარიშება სახეობების მიხედვით, კერძოდ, შპალერსა და წებოზე. შპალერის ფასნამატმა შეადგინა 13.70%, ხოლო წებოს ფასნამატმა - 66.63%. საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 14,6%, აღნიშნული ფასნამატი იქნა გამოყენებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით და ჯარიმაც განესაზღვრა 14.6%-იანი ფასნამატის გათვალისწინებით. შესაბამისად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დარიცხული ფულადი ჯარიმის თანხა დარჩა უცვლელი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 იანვრის №938 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სამწუხაროდ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა არ აღასრულა შემოსავლების სამსახურის 25.01.2023 წლის №938 ბრძანება და უცვლელად დატოვა დარიცხული თანხები და ისევ არ მოახდინა ფასნამატის გაანგარიშება თითოეული საქონლის სახეობების მიხედვით. შემოსავლების სამსახურმა კი მომჩივნის დასწრების გარეშე განიხილა საჩივარი და საერთოდ არ გამოიკვლია საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები, რომლის შესწავლაც ფაქტობრივად თვითონ დაავალა 25.01.2023 წლის №938 ბრძანებით.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ იქნა მიყენებული საშუალო ფასნამატი - 14.6% სხვა საქონელზე, რომელიც მას ინვენტარიზაციის დროს ფიზიკურად არ უნახავს, ვინაიდან ინვენტარიზაციის განხორციელებამდე იყო რეალიზებული და ბუნებრივია არ იყო საწყობში, თუმცა მისი სარეალიზაციო ფასები თვალსაჩინოებისთვის მაინც იყო საწყობში გამოკრული, თუმცა შემმოწმებელმა აღნიშნულ ფასებს საერთოდ იგნორირება გაუკეთა და გაითვალისწინა მხოლოდ იმ საქონლის ფასები, რომელიც ინვენტარიზაციის დროს ფიზიკურად იყო საწყობში. შესაბამისად, შემმოწმებელი ერთის მხრივ გარკვეული საქონლის მიმართებაში სრულად იყენებს გადასახადის გადამხდელის მონაცემებს, კერძოდ, საქონლის თვითღირებულებას (რომელიც ორისის პროგრამიდან არის ამოღებული), საქონლის სარეალიზაციო ფასებს და მეორეს მხრივ კი დანარჩენი საქონლის მიმართ იგივე მიდგომას არ ავრცელებს და მათ სარეალიზაციო ფასებს (რომელიც იგივე პრინციპით არის მიწოდებული) საერთოდ იგნორირებას უკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფასები ანალოგიურად არის ორისის პროგრამაში დაფიქსირებული და ფიზიკურად საწყობში გამოკრული. აღსანიშნავია, რომ ორისის პროგრამაშიც ფასდაკლებული საქონელი ცალკე არის აღრიცხული და შესაბამისად, ბუღალტრულადაც ჩანს, რომ აღნიშნული საქონელი ფასდაკლებით არის რეალიზებული, რომლის მიზეზიც არაერთია, როგორიცაა: ძველი, მოდიდან გამოსული შპალერის ფერი, ნაკლიანი შპალერი, ასევე როცა პატარა ოდენობის შპალერი არის დარჩენილი ისიც ბუნებრივია იყიდება ფასდაკლებით, ძირითადად ხელოსნებზე. გარდა ამისა, ის გარემოება, რომ სადავო საქონელი ფასდაკლებით არის რეალიზებული, ასევე დასტურდება საწარმოს შიდა ბრძანებით, რომელიც ასევე ინვენტარიზაციის დროს იყო მიწოდებული შემმოწმებელთან, თუმცა ისევე როგორც სხვა დანარჩენი მტკიცებულებები იყო სრულად უგულებელყოფილი შემმოწმებლის მიერ. შესაბამისად, სახეზე გვაქვს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები, რომლითაც დასტურდება, რომ შემმოწმებელს არ უნდა გაევრცელებინა ინვენტარიზაციის მიერ საწყობში ფიზიკურად აღწერილი საქონლის ფასნამატი სხვა დანარჩენ საქონელზე:

1) საქონლის ფასები იყო გამოკრული საწყობში (აღნიშნულს არც შემმოწმებელი არ უნდა უარყოფდეს, ვინაიდან ნანახი აქვს);

2) ინვენტარიზაციის დროს აღწერილი საქონელი და თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზებული საქონელი არ არის ერთიდაიგივე საქონელი (აღნიშნულის შემოწმება მარტივად შეიძლება საბაჟო დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე);

3) შემმოწმებელთან წარდგენილი საწარმოს დირექტორის მიერ ხელმოწერილი ბრძანება, რომლითაც დასტურდება საქონლის ფასდაკლებული ფასით რეალიზაცია;

4) ფიზიკურ პირებზე საქონლის რეალიზაციები (აღნიშნულ დოკუმენტაციას უმოკლეს ვადაში წარმოადგენს), რომლითაც ასევე დასტურდება, რომ გარკვეული დროის მონაკვეთში გარკვეული სახის საქონელი/შპალერი თვითღირებულებაზე დაბალ ფასად არის რეალიზებული;

5) ორისის პროგრამა, რომლითაც სრულად იდენტიფიცირდება და აღრიცხულია ფასდაკლებული პროდუქციის რეალიზაცია, ცალკე საბუღალტრო კოდზე 1611. სამწუხაროდ, შემოსავლების სამსახურმა მომჩივნის დასწრების გარეშე განიხილა საჩივარი და საერთოდ არ გამოიკვლია საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები, რომლის შესწავლაც ფაქტობრივად თვითონ დაავალა 25.01.2023 წლის №938 ბრძანებით.

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №13952 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 25.01.2023 წლის №938 ბრძანებით, დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (შპალერი და წებო) დანაკლისზე ფასნამატის გაანგარიშება განახორციელოს სახეობების მიხედვით (თითოეულზე ცალცალკე) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 იანვრის №938 ბრძანების შესაბამისად, განხორციელდა კომპანიის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფასნამატის გაანგარიშება სახეობების მიხედვით. კერძოდ, შპალერსა და წებოზე. შპალერის ფასნამატმა შეადგინა 13.70%, ხოლო წებოს ფასნამატმა - 66.63%. საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 14,6%. აღნიშნული ფასნამატი იქნა გამოყენებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით და ჯარიმაც განესაზღვრა 14.6%-იანი ფასნამატის გათვალისწინებით. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირების (შემცირების) საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დაკისრებული ფულადი ჯარიმის თანხა დარჩა უცვლელი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 იანვრის №938 ბრძანება აღსრულებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 25.01.2023 წლის №938 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ინვენტარიზაციის შედეგად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის გამოვლენისთვის,მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა.

აღნიშნული ოქმი 2022 წლის 25 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 25.01.2023 წლის №938 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე გამოიცა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 1.05.2023 წლის №9434 ბრძანება და №006-57 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დაკისრებული ჯარიმა. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 23 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 20 ივნისის №13952 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;

304(1გ)