გადაწყვეტილება №26229/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26229/2/2025
17 დეკემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 28.11.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26229/2/2025).
დავის საგანი:
საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში ასახული დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხების კორექტირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 31.10.2025 წლის №001-230 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 19.11.2025 წლის №25354 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 180 344.30 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 120 000
ჯარიმა - 60 000
საურავი - 344.30
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ, ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში „საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა 42) და აღნიშნული თანხების ოდენობით „კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა 43) შემცირების სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 29 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება ჩასათვლელი საშემოსავლო გადასახადი, რის შედეგადაც დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის შესაბამისი გრაფები. ამასთან, ერთობლივ შემოსავალში დეკლარირებული 120 000 ლარი ფიზიკურ პირს ასევე, მითითებული აქვს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის 35-ე გრაფაში, რაც გულისხმობს, საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან დაბეგრილ შემოსავლებს. აღნიშნული გრაფის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელმა გაინულა დასარიცხი საშემოსავლო გადასახადი. შესაბამისად, 42-ე გრაფაში დამატებით მითითებული თანხა სრულად წარმოადგენს ბიუჯეტიდან დაბრუნებად გადასახადს. გადასახადის გადამხდელთან გასაუბრების შედეგად დადგინდა, რომ საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში დაბრუნებას დაქვემდებარებული გადასახადის თანხის ჩაწერა გამოწვეულია შეცდომით.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის და საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაუკორექტირდა საგადასახადო ვალდებულებები, შედეგად, დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 31.10.2025 წლის №24062 ბრძანება და №001-230 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 19.11.2025 წლის №25354 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 31 ოქტომბრის №001-230 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 19.11.2025 წლის №25354 ბრძანება, არ დაკმაყოფილებული საკითხის ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 153-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს წარდგენილი ჰქონდა საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია, რომლის 42-ე გრაფაში ასახული ჰქონდა თანხები, რომლებიც არ ექვემდებარებოდა ჩათვლას, მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ, აღნიშნული გრაფის კორექტირება და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
განცხადებით, რომლითაც აუდიტის დეპარტამენტს მიმართა (31.10.25 წ), განმარტა, რომ შემოწმების ჩატარებისას, მნიშვნელოვანი იყო გათვალისწინებული ყოფილიყო შემდეგი გარემოებები: rs.ge-ზე განთავსებული მისი 2023 წლის საშემოსავლო დეკლარაციით დასტურდება, რომ დეკლარაციის მე-15 გრაფაში (ერთობლივი შემოსავალი) ნაჩვენებია 120 000 ლარი, 35-ე გრაფაში (საქართველოს წყაროდან მიღებული და გადახდის წყაროსთან დაბეგრილი შემოსავალი, გარდა არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების იჯარით მიღებული შემოსავლისა) 120 000 ლარი, 36-ე გრაფაში, მათ შორის ხელფასის სახით მიღებული - შეტანილია 120 000 ლარი, შესაბამისად, ცხადია, რომ 120 000 ლარის გადასახადში ჩათვლას ვერ მოითხოვდა.
აღიარა, ამჟამადაც აღიარებს და აღნიშნულს შემოსავლების სამსახურიც დაეთანხმა, რომ 42-ე გრაფაში 120 000 ლარი შეცდომითაა ნაჩვენები, სადაოა ამ ფაქტის მხოლოდ იურიდიული შეფასება, რაც მნიშვნელოვანია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე მითითებით, აღნიშნავს, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობა დაკისრებულია იმ მოტივით, რომ გადასახადის თანხის შემცირებით, ჩაიდინა საგადასახადო სამართალდარღვევა, მოცემულ შემთხვევაში, მაშინ როდესაც მინიმუმ საეჭვოა ზოგადად გადასახადის (საშემოსავლო) არსებობა, ეჭქვეშ დგება გამოთვლილი საჯარიმო სანქციის ოდენობაც. ამდენად, აუცილებლად სწორად უნდა შეფასდეს რამდენად სწორად განხორციელდა გადასახადის ნაწილში 120 000 ლარის დარიცხვა მაშინ, როცა ამ გადასახადის გადახდის ვალდებულება შესრულებულია. საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილადაა მიჩნეული და ამას თვითონაც ეთანხმება, რომ დეკლარაციაში მონაცემები შეცდომის დაშვების შედეგადაა მომხდარი, ეს კი ნიშნავს, რომ გადასახადი გადახდილია და დეკლარაციაში მონაცემები შეყვანილია შეცდომით, ანუ, ამ ნაწილში უკვე გადახდილი გადასახადის დარიცხვა არამართლზომიერია.
ეთანხმება, რომ „კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა 43) შემცირების სისწორის კორექტირება აუცილებლად უნდა მოხდეს, მაგრამ არა იმგვარი ფორმულირებით, როგორც ეს სადაო აქტებშია - უკვე გადახდილი გადასახადის დარიცხვის გზით, არამედ, მისის აზრით, შესაბამის გრაფაში არსებული ჩანაწერის გაუქმების გზით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს რეზიდენტი ფიზიკური პირი, რომლის შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან (გარდა იმ პირისა, რომელიც საშემოსავლო გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის მე80 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით). ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ფიზიკურ პირს, რომელიც არ არის ვალდებული წარადგინოს დეკლარაცია, შეუძლია წარადგინოს იგი გადასახადის გადაანგარიშებისა და დაბრუნების მოთხოვნით.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის 42-ე უჯრაში შეიტანება საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული და ბიუჯეტში გადახდილი გადასახადის თანხა, ან სხვა შემთხვევაში ამ პირის მიერ ბიუჯეტში გადახდილი საშემოსავლო გადასახადის თანხა, თუ დეკლარაცია ივსება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-4, ასევე 132-ე მუხლის მე-3 და 134-ე მუხლის მე-3 ნაწილების შესაბამისად, გადასახადის გადაანგარიშების ან დაბრუნების მოთხოვნით. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ დეკლარაციის 42-ე უჯრაში აისახება გადახდის წყაროსთან დაკავებული ის გადასახადები, რომელზეც არსებობს გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში „საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა 42) და აღნიშნული თანხების ოდენობით „კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა 43) შემცირების სისწორის გადამოწმების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება ჩასათვლელი საშემოსავლო გადასახადი, ამასთან, ერთობლივ შემოსავალში დეკლარირებული 120 000 ლარი, ფიზიკურ პირს ასევე, მითითებული აქვს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის 35-ე გრაფაში, რაც გულისხმობს, საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან დაბეგრილ შემოსავლებს. აღნიშნული გრაფის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელმა გაინულა დასარიცხი საშემოსავლო გადასახადი. შესაბამისად, 42-ე გრაფაში დამატებით მითითებული თანხა სრულად წარმოადგენს ბიუჯეტიდან დაბრუნებად გადასახადს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაუკორექტირდა საგადასახადო ვალდებულებები, შედეგად, დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით, გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 31 ოქტომბრის №001-230 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან.
მომჩივანი წარმოადგენს არგუმენტებს და აღნიშნავს, რომ ეთანხმება „კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა 43) შემცირების სისწორის კორექტირების აუცილებლად მოხდენას, მაგრამ არა უკვე გადახდილი გადასახადის დარიცხვის, არამედ შესაბამის გრაფაში არსებული ჩანაწერის გაუქმების გზით.
აღსანიშნავია, რომ საჩივრის ზეპირი განხილვა საბჭოს სხდომაზე ჩაინიშნა მომჩივნის მონაწილეობით, რაც მას ეცნობა სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, რაზეც გამოთქვა თანხმობა მის გარეშე საჩივრის განხილვის თაობაზე, ამასთან განხილვის ეტაპზე არ წარმოუდგენია განცხადება განხილვის გადადების მოთხოვნის შესახებ.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს წარდგენილი ჰქონდა საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია, რომლის 42-ე გრაფაში ასახული ჰქონდა თანხები, რომლებიც არ ექვემდებარებოდა ჩათვლას, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გრაფის კორექტირება და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა შემმოწმებლის მიერ განხორციელებულია მართლზომიერად.
მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, შემოსავლების სამსახურში დავის წარმოების პროცესში არ წარუდგენია და არც ამჟამად წარმოადგენს მტკიცებულებას, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში ასახული დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხების კორექტირება.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში „საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა 42) და აღნიშნული თანხების ოდენობით „კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა 43) შემცირების სისწორის გადამოწმების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება ჩასათვლელი საშემოსავლო გადასახადი, ამასთან, ერთობლივ შემოსავალში დეკლარირებული 120 000 ლარი, ფიზიკურ პირს ასევე, მითითებული აქვს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის 35-ე გრაფაში, რაც გულისხმობს, საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან დაბეგრილ შემოსავლებს. აღნიშნული გრაფის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელმა გაინულა დასარიცხი საშემოსავლო გადასახადი. შესაბამისად, 42-ე გრაფაში დამატებით მითითებული თანხა სრულად წარმოადგენს ბიუჯეტიდან დაბრუნებად გადასახადს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაუკორექტირდა საგადასახადო ვალდებულებები, შედეგად, დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7)