გადაწყვეტილება №26090/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.01.2026
№ დოკუმენტი 26090/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26090/2/2025

13 იანვარი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ ------- (ს/ნ --------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------ის 28.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26090/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 ივნისის №11193 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 აგვისტოს №053-8 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 7 ოქტომბრის №21586 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 434 950,63 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 230 851,68

დღგ - 83 948,38

მიწა - არასასოფლო - (-1470)

ქონების გადასახადი - 2 912

საშემოსავლო გადასახადი - 145 461,30

ჯარიმა - 103 291,05

საურავი - 100 807,90

 

ფაქტების აღწერა

მეწარმის საქმიანობაა სამშენებლო მასალებით და იმპორტირებული დახერხილი ხის მასალებით საბითუმო/საცალო ვაჭრობა. საქმიანობს ---- რაიონის სოფელი -----ი. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2003 წლის 27 მარტს, დღგ-ის გადამხდელად - 2011 წლის 24 იანვრიდან.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2021 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ თებერვლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 31 მარტს შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელი სამშენებლო მასალების (ცემენტი, არმატურა, მილი, ხრახნი და ა.შ.) შეძენას ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე, დახერხილი ნაძვი და ფიჭვი კი შემოტანილია ----დან. მეწარმე საქონლის რეალიზაციას ახორციელებს როგორც დოკუმენტურად, ასევე დოკუმენტის გარეშე (დოკუმენტური რეალიზაციების წილი შეადგენს 29%-ს).

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 12 თებერვლის №2381 ბრძანებით გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და 2025 წლის 12 თებერვლის მდგომარეობით საქონლის ნაშთი შეადგენს 940 686 ლარს (საბაზრო ღირებულებით).

გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს. 2021 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდში დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 18%-ს. 2021 წლის პირველი იანვრიდან ინვენტარიზაციის ჩატარების თარიღამდე სულ შეძენილია 2 721 088 ლარის საქონელი, საწყისი ნაშთი შეადგენს 257 890 ლარს, დეკლარირებული ბრუნვა - 2 786 773 ლარს (დღგ-ის გარეშე).

ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავდა შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, შეძენები და ინვენტარიზაციის მასალები. გადასახადის გადამხდელის შეძენილი სმფ-ები დაიყო კატეგორიებად (სამშენებლო მასალები, დახერხილი ფიჭვი, ნაძვი, ფიცარი და ა.შ.). 2021, 2022, 2023 წლებზე დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი, რომელიც გავრცელდა საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე (რპთ). საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ აღწერილი საქონლის ღირებულებები დაკავშირებულ იქნა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტური შეძენის ფასთან და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გაანგარიშდა ფასნამატი, რომელიც გავრცელდა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდში საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე (რპთ). მიღებული შემოსავალი, საანგარიშო პერიოდის მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩართულ იქნა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში.

შემოწმების შედეგად განსაზღვრული ჯგუფური ფასნამატის გათვალისწინებით დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. მეწარმეს არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავლებით 2021, 2022 და 2023 წლებში გაეზარდა ერთობლივი შემოსავალი.

მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 2025 წლის 7 აპრილის №6594 ბრძანება და ამავე თარიღის №053-1 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 ივნისის №11193 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 აგვისტოს დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხები სულ 17 542 ლარით (გადასახადი 11 700 ლარით და ჯარიმა 5 842 ლარით). აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 14 აგვისტოს №053-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 7.10.2025 წლის №21586 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით 2025 წლის 25 სექტემბერს --:-- საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შესამოწმებელ პერიოდში არასწორად არის გამოყვანილი დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრი ბრუნვები, არასწორად არის დაანგარიშებული ფასნამატი ხე-მასალაზე (2021 წელს 85%, 2022 წელს 80%, 2023 წელს 113%; 2024 წელს 113%, 2025 წელს 113%), რაც დაუსაბუთებელია. აღნიშნულ საკითხებზე მისი პოზიციის მართებულობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარმოადგენს გონივრულ ვადაში.

ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 07 ოქტომბრის №21586 ბრძანების ბათილად ცნობას, შემოსავლების სამსახურის კორექტირებული საგადახადო მოთხოვნის N053-8 ბათილად ცნობას და შემოსავლების სამსახურის 13.08.2025 წლის №18294 ბრძანების ბათილად ცნობას. ასევე საქმის აუდიტის დეპარტამენტისთვის გადაცემა ხელახლა გადაანგარიშებისთვის.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

მომჩივანი შემოსავლების სამსახურში 2025 წლის 7 მაისს წარდგენილ საჩივარში აღნიშნავდა, რომ შემოწმების ფარგლებში განსაზღვრულ 2021 წლის შეძენებში მოხვედრილია 45 კუბური მეტრი ხე-ტყის მასალა, რომელიც მეწარმემ შეიძინა 2020 წელს და უკვე გათვალისწინებულია 2021 წლის საწყის ნაშთში, ხოლო მისი ჩართვა 2021 წლის შეძენებში არასწორია. ამასთან, განაცხადა, რომ ზემოაღნიშნულის გარდა ასევე არ ეთანხმებოდა შემოწმების მიერ გაანგარიშებულ 2021 წლის საწყის ნაშთს.

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 ივნისის №11193 ბრძანებით საჩივარი ამ ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.

ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მომჩივანი არ ეთანხმებოდა ასევე შემოწმებით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრას. განმარტავდა, რომ გაანგარიშებაში არ იყო გათვალისწინებული ხე-მასალის დანაკლისის თანხები. აღნიშნული კი თავის მხრივ მეწარმეს დაბეგრილი ჰქონდა 2021 წლის მაისში, 2022 წლის მარტსა და 2022 წლის აგვისტოში. შემოწმებამ კი მოახდინა მათი დუბლირებული დაბეგვრა.

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 ივნისის №11193 ბრძანებით საჩივარი ამ ნაწილშიც დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 ივნისის №11193 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 აგვისტოს დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შესახებ, სადაც მითითებულია შემდეგი:

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების და ინვოისის მიხედვით დგინდება, რომ ---- საბაჟო დეკლარაციით (ინვოისის თარიღია 2020 წლის 30 დეკემბერი) შეძენილია 45 კუბური მეტრი წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხის მასალა, რომელიც გადასახადის გადამხდელს ასახული ჰქონდა 2020 წლის სასაქონლო მატერიალური ფასეულობების საბოლოო ნაშთში. შემოწმებით კი აღნიშნული მასალა ჩართულ იქნა 2021 წლის შეძენებში, რადგან დეკლარაცია გაფორმებულია 2021 წლის 6 იანვარს. გადაანგარიშების პროცესში წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით 2021 წლის შეძენებიდან ამოღებულ იქნა 2020 წლის 30 დეკემბრის ინვოისით შეძენილი მასალა, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემცირდა 2021 წლის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და 2021 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. საგადასახადო შემოწმების პროცესში წარმოდგენილი ახსნა-განმარტებების და საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით 2021 წელს სმფ-ების საწყისი ნაშთი შეადგენს 257 890 ლარს (დღგ-ის გარეშე), აღნიშნული ნაშთი ასევე დაფიქსირებულია 2020 წელს წარდგენილ საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაშიც (სმფ-ების საბოლოო ნაშთად). გადაანგარიშების პროცესში წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით ვერ დგინდება განსხვავებული ნაშთი, აღნიშნულიდან გამომდინარე ამ ნაწილში აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.

საგადასახადო შემოწმების პროცესში ანალიზი ჩაუტარდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს როგორც დღგ-ის ასევე წლიური საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. მეწარმეს 2021 წლის მაისში, 2022 წლის მარტსა და 2022 წლის აგვისტოში დეკლარირებული აქვს დანაკლისი (აღნიშნული დგინდება წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციებით), დანაკლისი ასევე ასახულია 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში. საგადასახადო შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დანაკლისი გათვალისწინებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და წლიური საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისას. აღნიშნულიდან გამომდინარე აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 ივნისის №11193 ბრძანება, ან აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება, ამასთან, სადავოდ ხდის ისეთ საკითხს (შემოწმების მიერ ხე-მასალის რეალიზაციაზე განსაზღვრული ფასნამატი), რაც შემოსავლების სამსახურის 2.06.2025 წლის №11193 ბრძანებთ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულზე საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 2.06.2025 წლის №11193 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2.06.2025 წლის №11193 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის №11193 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2021 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ თებერვლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ

გადასახადის გადამხდელი სამშენებლო მასალების შეძენას ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე, დახერხილი ნაძვი და ფიჭვი კი შემოტანილია მეწარმე საქონლის რეალიზაციას ახორციელებს როგორც დოკუმენტურად, ასევე დოკუმენტის გარეშე (დოკუმენტური რეალიზაციების წილი შეადგენს 29%-ს).

ამასთან,საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №2381 ბრძანებით გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და 2025 წლის 12 თებერვლის მდგომარეობით საქონლის ნაშთი შეადგენს 940 686 ლარს (საბაზრო ღირებულებით).

გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს. 2021 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდში დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 18%-ს. 2021 წლის პირველი იანვრიდან ინვენტარიზაციის ჩატარების თარიღამდე სულ შეძენილია 2 721 088 ლარის საქონელი, საწყისი ნაშთი შეადგენს 257 890 ლარს, დეკლარირებული ბრუნვა - 2 786 773 ლარს (დღგ-ის გარეშე).

ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავდა შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, შეძენები და ინვენტარიზაციის მასალები. გადასახადის გადამხდელის შეძენილი სმფ-ები დაიყო კატეგორიებად (სამშენებლო მასალები, დახერხილი ფიჭვი, ნაძვი, ფიცარი და ა.შ.). 2021, 2022, 2023 წლებზე დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი, რომელიც გავრცელდა საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე (რპთ). საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ აღწერილი საქონლის ღირებულებები დაკავშირებულ იქნა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტური შეძენის ფასთან და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გაანგარიშდა ფასნამატი, რომელიც გავრცელდა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდში საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე (რპთ). მიღებული შემოსავალი, საანგარიშო პერიოდის მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩართულ იქნა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში.

შემოწმების შედეგად განსაზღვრული ჯგუფური ფასნამატის გათვალისწინებით დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. მეწარმეს არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავლებით 2021, 2022 და 2023 წლებში გაეზარდა ერთობლივი შემოსავალი.მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა №6594 ბრძანება და №053-1 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. რომლის №11193 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხები სულ 17 542 ლარით (გადასახადი 11 700 ლარით და ჯარიმა 5 842 ლარით). აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №053-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №21586 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის №11193 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);