ბრძანება N 13857
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 13857
20 ივნისი 2024
ბრძანება
"------"-ის (პ/ნ "------")
(ფაქტ. მის.: "------")
2024 წლის 21 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 7 ივნისის სხდომაზე (ოქმი №61) განიხილა "------"-ის (პ/ნ "------") №83132/21 საჩივარი, რომელიც ეხება საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 22 აპრილის №9279 ბრძანებას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ პლასტმასის სათამაშოები რეალურად არ წარმოადგენს ცალკე საქონელს და ის არის საკონდიტრო ნაწარმის შემადგენელი ნაწილი - მისი შეფუთვა. საკონდიტრო ნაწარმი მარკეტინგული მიზნით შეფუთულია სათამაშოს ფორმის პლასტმასის შეფუთვაში, რაც არ უნდა იქნას განხილული როგორც დამოუკიდებელი ფუნქცია/დანიშნულების მქონე საქონელი. მომჩივანი მიუთითებს „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე: „ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესის დებულებების შესაბამისად, საქონელთან ერთად წარმოდგენილი შესაფუთი მასალები ან შესაფუთი კონტეინერები, კლასიფიცირებული უნდა იქნენ ერთობლივად, თუ მათ აქვთ ისეთი სახე, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება ასეთი საქონლის შესაფუთად. თუმცა, ამ დებულების გამოყენება არ არის სავალდებულო, თუკი სავსებით ცხადია, რომ ასეთი შესაფუთი მასალები ან შესაფუთი კონტეინერები ვარგისია განმეორებით გამოყენებისთვის“. საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში შესაფუთი მასალის - სათამაშოს ფორმის პლასტმასის შეფუთვის განმეორებით გამოყენება შეუძლებელია და ამდენად, საკონდიტრო ნაწარმის და მისი შესაფუთი მასალის კლასიფიცირება უნდა მოხდეს ერთად.
როგორც აღინიშნა, საქონელი, რომლის მალულად შემოტანისთვისაც დაჯარიმდა, წარმოადგენს საკონდიტრო ნაწარმის შეფუთვას, რომელსაც გააჩნია სათამაშოს ფორმა და შიგნით არის მოთავსებული საკონდიტრო ნაწარმი. მიუხედავად იმისა, რომ საკონდიტრო ნაწარმის მალულად შემოტანისთვის დაჯარიმდა და პირიქით, საბაჟო ორგანომ საკონდიტრო ნაწარმი წარდგენილად მიიჩნია, გაუგებარია, თუ რა ხერხით შეძლო მან საქონლის გარე შეფუთვის მალულად შემოტანა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩავთვლით, რომ სათამაშოს ფორმის შეფუთვა წარმოადგენს ცალკე/დამოუკიდებელ საქონელს, მისი შემოტანა მალულად თეორიულადაც კი შეუძლებელი იქნებოდა, რადგან მისი შიგთავსი - საკონდიტრო ნაწარმი საბაჟო ორგანს წარედგინა იმავე ფორმით, როგორითაც ის იყო ქარხნულად დაფასოებული, ანუ საბაჟო ორგანოს მიერ მალულად შემოტანილად მიჩნეულ საქონელთან ერთად, რაც გამორიცხავს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებულ ქმედების არსებობას. ამდენად მომჩივანს მიაჩნია, რომ პლასტმასის სათამაშოების ნაწილში დაკისრებული სანქცია არის უკანონო.
"------" საკონდიტრო ნაწარმის შეძენის მიზნით მიდიოდა ქალაქ სტამბულში. "------"-ში დაახვედრეს მას ტვირთი, რომელიც უნდა ჩაეტანა სტამბულში. სტამბულში მას არ დახვდა ადგილზე მიმღები და ვერ გადასცა ეს ტვირთი. მას შემდეგ, რაც დატვირთა საქართველოში წასაღები საქონელი - საკონდიტრო ნაწარმი და გაიარა საბაჟო პროცედურები, მას ბუნებრივია დაულუქეს ავტომანქანა, რის გამოც ვეღარ მოახერხა სტამბულში დასატოვებელი საქონლის ჩამოტვირთვა. ამიტომ გადაწყვიტა საქართველოში ჩასვლისას დაესაწყობებინა ეს საქონელი და შემდეგ წასვლაზე წაეღო უკან. თუმცა, საქართველოს საზღვრის კვეთისას, მებაჟეებმა არ მისცეს ამის შესაძლებლობა.
განსახილველ შემთხვევაში მომჩივანმა საზღვარი გადმოკვეთა საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საქონელი წარუდგინა საბაჟო ორგანოს, რაც მომჩივნის მოსაზრებით გამორიცხავს შესაფასებელი ქმედების დაკვალიფიცირებას, როგორც - საქონლის მალულად შემოტანა. მალულად საქონლის შემოტანა თეორიულადაც კი შეუძლებელია მიესადაგოს ჩადენილ ქმედებას, რადგან საქონელი განთავსებული იყო ავტომანქანის იმავე სატვირთო ნაწილში, სადაც იყო საკონდიტრო ნაწარმი. ბუნებრივია, რომ ერთ სათავსოში განთავსებული რამდენიმე სახეობის საქონლიდან, მხოლოდ ერთს ვერ წარუდგენდა საბაჟო ორგანოს კონტროლის მიზნებისთვის. ავტომანქანაში არანაირი სამალავი არ ყოფილა მოწყობილი და ყველა სახეობის საქონელი იყო ხილულად განთავსებული და არანაირი მცდელობა საქონლის დამალვის არ ყოფილა. მომჩივანი მიუთითებს, რომ საბაჟო სამართალდარღვევისთვის ჩადენისთვის საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს არ შეიძლება დაეკისროს, თუ ამ საბაჟო სამართალდარღვევის შემადგენელი ქმედება იწვევს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტის ბათილად ცნობას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მისი არგუმენტები ჩაითვლება არასაკმარისად, ითხოვს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად გათავისუფლდეს სადავო აქტით დაკისრებული სანქციისგან.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 11 სექტემბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „------ -ის “ გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა სატვირთო სატრანსპორტო საშუალება (სახ. №-------), რომლის გადაზიდვაზე პასუხისმგებელ პირსა და რომლით გადაადგილებული საქონლის მიმღებსაც წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქე "------" (ინდმეწარმე „------“, ს/ნ -------). ზოგადი დეკლარირებისას წარდგენილი დოკუმენტების (მ.შ. საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი №GLS2023000000298) მიხედვით, საბაჟო ორგანოსთვის მიწოდებულ იქნა ინფორმაცია, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდებოდა მხოლოდ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 1704 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული საქონელი (საერთო წონით 3 274.28 კგ, საერთო ღირებულებით 11 222 აშშ დოლარი).
შესაბამის პერიოდში მოქმედი „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ (დანართი №1) მიხედვით, სეს ესნ-ის 1704 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირდებოდა „შაქრის საკონდიტრო ნაწარმი (თეთრი შოკოლადის ჩათვლით), რომლებიც არ შეიცავენ კაკაოს:“
საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებისა და მასში განთავსებული საქონლის დათვალიერებით და სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარებით (საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნა №009079/2023, 03.10.2023)) გამოვლინდა, რომ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული იყო:
– აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონელი (თამბაქოს ნაწარმი): სიგარეტი „PARLIAMENT“ – 10 200 ღერი (51 ბლოკი, საერთო საბაჟო ღირებულებით – 2 295 ლარი) და სიგარეტი „Marlboro“ – 2 400 ღერი (12 ბლოკი, საერთო საბაჟო ღირებულებით – 504 ლარი), აქციზური მარკებით ნიშანდების გარეშე;
– ფულის სათვლელი ელექტრომანქანა (2 ცალი, სეს ესნ-ის 8472 90 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული, საერთო საბაჟო ღირებულებით – 6 455 ლარი);
– საკონდიტრო ნაწარმი (სეს ესნ-ის 1704 10 100 00, 1704 90 610 00 და 1704 90 650 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებული, საერთო საბაჟო ღირებულებით – 17 266.83 ლარი);
– პლასტმასის სათამაშოები (სეს ესნ-ის 9503 00 950 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული, საერთო საბაჟო ღირებულებით – 16 048.52 ლარი).იქიდან გამომდინარე, რომ განსახილველ შემთხვევაში საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილი იყო მხოლოდ სეს ესნ-ის 1704 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული საქონელი, დანარჩენი საქონელი (საერთო საბაჟო ღირებულებით 25 302.52 ლარი) ჩაითვალა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილად.
ვინაიდან არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება აჭარბებდა 15 000 ლარს, საქართველოს საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის მასალები საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 4 ოქტომბრის №"------" წერილით ქვემდებარეობით გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს 2024 წლის 28 მარტის №"-------" წერილით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ მასალების შესწავლის შედეგად მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის № "-------" საქმეზე, მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით (აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა) გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტზე, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 მარტს გამოტანილი განაჩენით დამტკიცდა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორსა და ბრალდებულს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება და მომჩივანი ცნობილ იქნა დამნაშავედ მითითებული დანაშაულის ჩადენისათვის.
დასახელებული ფაქტებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არადეკლარირებული საქონლის შემოტანისთვის ფიზიკურ პირ მომჩივანს (ინდივიდუალური მეწარმე „--------“, ს/ნ "------") არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, საქართველოს საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, 2024 წლის 22 აპრილს გამოცემულ იქნა საბაჟო დეპარტამენტის №9279 ბრძანება, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდოს ჯარიმა საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაადგილებული საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის − 25 302.52 ლარის ოდენობით.
დასახელებული საქონელი (გარდა აქციზური საქონლისა) 2024 წლის 25 აპრილს №"------"საქონლის საბაჟო დეკლარაციით მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის №009079/2023 (03.10.2023) დასკვნის მიხედვით, ამავე დასკვნით განსაზღვრული სასაქონლო კოდებითა და საბაჟო ღირებულებით, და გატანილ იქნა საბაჟო კონტროლის ზონიდან.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:
საბაჟო კონტროლი წარმოადგენს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს. საბაჟო ფორმალობა კი არის დაინტერესებული პირის ან/და საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესასრულებლად განსახორციელებელი სავალდებულო ქმედება;
საბაჟო ფორმალობა გულისხმობს დაინტერესებული პირის ან/და საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესასრულებლად განსახორციელებელ სავალდებულო ქმედებას; ზოგადი დეკლარაცია არის დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით, დადგენილ ვადაში აცნობებს საბაჟო ორგანოს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის შესახებ;
საბაჟო დეკლარაცია არის დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით აცხადებს, რომ განზრახული აქვს საქონლის მიმართ შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოყენება, და რომელშიც საჭიროების შემთხვევაში დამატებით პირობას უთითებს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი; გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
ამავე კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 66-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე საბაჟო ორგანოს უნდა წარედგინოს საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს სახმელეთო საბაჟო გამშვებ პუნქტებში შემოტანილი საქონლის წარდგენა ხდება სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ, საქონლის ზოგადი დეკლარირებისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარდგენითა და საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის განთავსებით.
აღნიშნულთან ერთად, სეს ესნ-ის 9503 00 950 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული საქონელი წარმოადგენს „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის №47 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის რეგულირების სფეროს მიკუთვნებულ საქონელს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, თუ საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაადგილებული საქონლის საბაჟო ღირებულება აჭარბებს 15 000 ლარს, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს აღნიშნული ქმედებისთვის არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას გამოვლინდა, რომ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული იყო:
აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონელი (თამბაქოს ნაწარმი): სიგარეტი „PARLIAMENT“ – 10 200 ღერი (51 ბლოკი, საერთო საბაჟო ღირებულებით – 2 295 ლარი) და სიგარეტი „Marlboro“ – 2 400 ღერი (12 ბლოკი, საერთო საბაჟო ღირებულებით – 504 ლარი), აქციზური მარკებით ნიშანდების გარეშე;
– ფულის სათვლელი ელექტრომანქანა (2 ცალი, სეს ესნ-ის 8472 90 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული, საერთო საბაჟო ღირებულებით – 6 455 ლარი);
– საკონდიტრო ნაწარმი (სეს ესნ-ის 1704 10 100 00, 1704 90 610 00 და 1704 90 650 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებული, საერთო საბაჟო ღირებულებით – 17 266.83 ლარი);
– პლასტმასის სათამაშოები (სეს ესნ-ის 9503 00 950 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული, საერთო საბაჟო ღირებულებით – 16 048.52 ლარი).
ამდენად, ზოგადი დეკლარირებისას საბაჟო ორგანოსთვის მიწოდებულ იქნა ინფორმაცია მხოლოდ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 1704 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებულ საქონელზე (საერთო წონით 3 274.28 კგ, საერთო ღირებულებით 11 222 აშშ დოლარი).
სადავო საქონლის კლასიფიცირებისთვის გამოყენებულ იქნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მე-3 მუხლით განსაზღვრული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესები. სეს ესნ-ის 1704 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირდებოდა „შაქრის საკონდიტრო ნაწარმი (თეთრი შოკოლადის ჩათვლით), რომლებიც არ შეიცავენ კაკაოს:“
ვინაიდან დეკლარირებული საქონლის გარდა სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული დანარჩენი საქონლის დეკლარირება არ მომხდარა, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა არადეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, და ვინაიდან მომჩივანს არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, სადავო აქტით მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საქონლის კლასიფიცირებისთვის გამოყენებულ იქნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანების მე-3 მუხლის „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესები“.
საჩივრის ავტორის მიერ მითითებული ინტერპრეტაციის ძირითადი წესები გულისხმობს შესაფუთ მასალებს და კონტეინერებს, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება საქონლის შესაფუთად და არ არის განკუთვნილი განმეორებით გამოსაყენებლად (მაგ. საცალო გაყიდვისთვის წარმოდგენილი კამერა, რომელიც განთავსებულია საცალო ვაჭრობისთვის მუყაოს ყუთში. აღნიშნული წესის გამოყენებით მუყაოს ყუთი არ უნდა იყოს ცალკე საქონლად განხილული და უნდა კლასიფიცირდეს, როგორც შეფუთვა კამერის სასაქონლო კოდში). ამდენად, მითითებული წესის გამოყენება აღნიშნული საქონლის (პლასტმასის სათამაშოსა და დრაჟირებული კანფეტის კომბინაცია) მიმართ სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიკაციისთვის დაუშვებელია.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ დასახელებული საქონელი (გარდა აქციზური საქონლისა) 2024 წლის 25 აპრილს №"------"საქონლის საბაჟო დეკლარაციით მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის №009079/2023 (03.10.2023) დასკვნის მიხედვით, ამავე დასკვნით განსაზღვრული სასაქონლო კოდებითა და საბაჟო ღირებულებით, და გატანილ იქნა საბაჟო კონტროლის ზონიდან.
მომჩივნის არგუმენტზე, შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს, რომ დეკლარირების მიზანს საბაჟო საზღვარზე გადასაადგილებელი საქონლის წარდგენა წარმოადგენს. საქონლის წარდგენა გულისხმობს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე საბაჟო ორგანოსთვის საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენას. საბაჟო კონტროლისაგან მალულად საქონლის გადმოტანა/გადატანა არ გულისხმობს მხოლოდ სპეციალური სამალავით, საქონლის ფარული გადაზიდვისთვის მოწყობილი სპეციალურად დახურული საშუალებით გადაზიდვას. საბაჟო კონტროლისაგან მალულად საქონლის გადაადგილება შესაძლოა განხორციელდეს როგორც სამალავით, ასევე, მის გარეშე, რადგან ასეთი ქმედება დაკავშირებულია ისეთ ქმედებასთან, რომელიც მოიცავს საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადაადგილებას ან ისეთ ქმედებას, რომლითაც დაირღვა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურების მიმართ საჭირო გულისხმიერების აუცილებელი მოთხოვნები, რასაც, შედეგად, მოჰყვა პირის მიერ საბაჟო საზღვარზე საქონლის წარუდგენლობა, რაც პოტენციურ საფრთხეს უქმნის საბაჟო ზედამხედველობისა თუ კონტროლის ეფექტური განხორციელებისთვის.
მომჩივნის არგუმენტზე, რომ საბაჟო სამართალდარღვევისთვის ჩადენისთვის საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს არ შეიძლება დაეკისროს, თუ ამ საბაჟო სამართალდარღვევის შემადგენელი ქმედება იწვევს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 მარტს გამოტანილი განაჩენით დამტკიცდა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორსა და ბრალდებულს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება და მომჩივანი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა) ჩადენისთვის. შესაბამისად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სამართალდამრღვევს პასუხისმგებლობა დაეკისრა, მას შემდეგ, რაც აღნიშნული ქმედებისთვის პირს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაკისრებია.
მომჩივნის არგუმენტზე სადავო აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მომჩივნის მოთხოვნაზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გათვალისწინებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. კანონმდებლის მიზანია, საბაჟო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
მომჩივნის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებით, არ დადასტურდება, რომ პირი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. "------"-ის (პ/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს სადავო აქტის ბათილად ცნობას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მისი არგუმენტები ჩაითვლება არასაკმარისად, ითხოვს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად გათავისუფლდეს სადავო აქტით დაკისრებული სანქციისგან.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანს არადეკლარირებული საქონლის შემოტანისთვის არ დაეკისრა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, საქართველოს საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, გამოცემულ იქნა საბაჟო დეპარტამენტის №9279 ბრძანება, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაადგილებული საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
163(11),168.