გადაწყვეტილება №27482/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27482/2/2026
07 ივლისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 2.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27482/2/2026)
დავის საგანი:
სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები (დანაკლისი/აღურიცხველობა).
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.03.2026 წლის №CB1890931 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.03.2026 წლის №CB1890935 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
3. შემოსავლების სამსახურის 14.05.2026 წლის №10755 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
57 216.89 ლარი.
მათ შორის:
ჯარიმა - 40 869.36 (საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილი)
ჯარიმა - 16 347.53 (საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილი)
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამედიცინო ინსტრუმენტების, იმპლანტებისა და სხვა საშუალებების იმპორტი, ექსპორტი და რეალიზაცია. ასევე ხისა და ლამინირებული მასალების იმპორტი და წარმოება. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 11.11.2025 წლის №24770 ბრძანებით, მომჩივნის საქმიანობის ადგილზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. პირველადი საგადასახადო დოკუმენტების რეკვიზიტების გადამოწმების შედეგად გამოვლინდა 85 648.72 (მათ შორის 3 910 ლარის 2%-იანი ზღვრის ქვემოთ) ლარის საბაზრო ღირებულების აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 117 400.10 ლარი (მათ შორის 5 552.58 ლარის 2%-ანი ზღვრის ქვემოთ), ხოლო საბაზრო ღირებულებით (72.47% ფასნამატის გათვალისწინებით) – 169 027.85 ლარი. აღურიცხველ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე, მომჩივანს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.03.2026 წლის №CB1890935 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა - 40 869.36 ლარი, ხოლო გამოვლენილ დანაკლისზე 27.03.2026 წლის №CB1890931 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა - ჯარიმა 16 347.53 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 14.05.2026 წლის №10755 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტების დამადასტურებელი დოკუმენტები/მტკიცებულებები. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით დაკისრებული ჯარიმების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 14.05.2026 წლის №10755 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-8 მუხლის მე-11 და 22-ე ნაწილებით, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 72-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 97-ე მუხლებით, და განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში მითითებულ პოზიციაზე, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღწერას ესწრებოდა სამი პირი. მათ შორის, ორი პირი ---ში, ხოლო ერთი ---ში. აქედან გამომდინარე, აღწერილი საქონლის დასახელებები იყო განსხვავებული. კერძოდ, ---ში დათვლილი საქონლის სახელწოდებები იყო თურქული დასახელებებით, ხოლო ---ში დათვლილი საქონლის დასახელებების აღწერა მოხდა სამედიცინო ენით, რაც ბუღალტრულად სახელებს უმეტესწილად არ უკავშირდებოდა. კომპანიას ზოგიერთი საქონელი მიღებული აქვს გამარტივებული წესით და შესაბამისად, დასახელებები არის განსხვავებულად (განსხვავება იგულისხმება ინგლისური ენიდან თურქული გამოყენებით და ქართული შესატყვისი სახელებით). მაგალითად, წელის გალია მოიხსენიება, როგორც ბანანი ქეიჯი, ასევე, TLIF (ინგლისურად), ხოლო საბაზრო ენად ბანანი ქეიჯი, რაც ართულებდა საქმის სრულყოფილად აღწერას. რაც შეეხება ჭანჭიკებს, აქ ისედაც გაურკვეველია ის ფაქტი, რომ თითქმის ყველა საქონელი ჭანჭიკებად მოიხსენიება. ისინი კომპლექტური სისტემით არის და სხვადასხვა სახეობებით, რაც ართულებს ჭანჭიკებს შორის განსხვავებას.
სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებთან დაკავშირებით, ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი აღურიცხველი სასაქონლო მატერიალური ფასეულობებისა და დანაკლისის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით დაკისრებული ჯარიმების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგებს და განმარტავს, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღწერა ერთდროულად ჩატარდა ქ. --- შესახვევში, ქ. ---ის №---ში და ქ. ---ში ---ს №---ში. ამასთან, გამორჩენილ იქნა ---სა (ქ. ----) და ---ში (ქ.---) არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში აქტების საფუძველზე შეტანილი სხვადასხვა დასახელების საქონელი. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღწერას ესწრებოდა სამი პირი. მათ შორის, ორი პირი ---ში, ხოლო ერთი ---ში. აქედან გამომდინარე, აღწერილი საქონლის დასახელებები იყო განსხვავებული. კერძოდ, ---ში დათვლილი საქონლის სახელწოდებები იყო თურქული დასახელებებით, ხოლო ---ში დათვლილი საქონლის დასახელებების აღწერა მოხდა სამედიცინო ენით, რაც ბუღალტრულად სახელებს უმეტესწილად არ უკავშირდებოდა. კომპანიას ზოგიერთი საქონელი მიღებული აქვს გამარტივებული წესით და შესაბამისად დასახელებები არის განსხვავებულად (განსხვავება იგულისხმება ინგლისური ენიდან თურქული გამოყენებით და ქართული შესატყვისი სახელებით). მაგალითად, წელის გალია მოიხსენიება როგორც ბანანი ქეიჯი, ასევე TLIF (ინგლისურად), ხოლო საბაზრო ენად ბანანი ქეიჯი, რაც ართულებდა საქმის სრულყოფილად აღწერას. რაც შეეხება ჭანჭიკებს, აქ ისედაც გაურკვეველია ის ფაქტი, რომ თითქმის ყველა საქონელი ჭანჭიკებად მოიხსენიება. ისინი კომპლექტური სისტემით არის და სხვადასხვა სახეობებით, რაც ართულებს ჭანჭიკებს შორის განსხვავებას. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღწერა უნდა მოხდეს ერთიანად, ერთი სპეციალისტის მიერ, რადგან სხვადასხვა პირების მიერ დათვლა გამოიწვევს საქონლის არასათანადოდ გადათვლას და აქედან გამომდინარე, მოხდება საქონელში მეტნაკლებობა. ამდენად, მეტ-ნაკლებობა გამოწვეულია ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე და სხვაობაც ამან განაპირობა. ინვენტარიზაციის შედეგად მიიღეს დანაკლისი, მაშინ როცა სხვა საქონელში აღმოჩნდა ზედმეტობა. ითხოვს, რომ საქონელს მიეთითოს სრული სახელწოდება და მოხდეს ერთიანი აღწერა ერთი მცოდნე სპეციალისტის მეშვეობით, რადგან არ მოხდეს სახელების განსხვავებული ინტერპრეტაცია. აღნიშნული შემთხვევაში ისინი მზად არიანი ნებისმიერ დროს უზრუნველყონ მათი სპეციალისტის მონაწილეობა საქონლის სრულად ამოცნობაში და შესაბამისად აღწერაში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 და 22-ე ნაწილების მიხედვით, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა, ხოლო, სააღრიცხვო დოკუმენტაცია – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილების თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით, ხოლო, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად.
ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლომატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
მომჩივნის განმარტებით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღწერას ესწრებოდა სამი პირი. მათ შორის, ორი პირი ---ში, ხოლო ერთი ---ში. აქედან გამომდინარე, აღწერილი საქონლის დასახელებები იყო განსხვავებული. კერძოდ, ---ში დათვლილი საქონლის სახელწოდებები იყო თურქული დასახელებებით, ხოლო თბილისში დათვლილი საქონლის დასახელებების აღწერა მოხდა სამედიცინო ენით, რაც ბუღალტრულად სახელებს უმეტესწილად არ უკავშირდებოდა. კომპანიას ზოგიერთი საქონელი მიღებული აქვს გამარტივებული წესით და შესაბამისად დასახელებები არის განსხვავებულად (განსხვავება იგულისხმება ინგლისური ენიდან თურქული გამოყენებით და ქართული შესატყვისი სახელებით). მაგალითად, წელის გალია მოიხსენიება როგორც ბანანი ქეიჯი, ასევე TLIF (ინგლისურად), ხოლო საბაზრო ენად ბანანი ქეიჯი, რაც ართულებდა საქმის სრულყოფილად აღწერას. რაც შეეხება ჭანჭიკებს, აქ ისედაც გაურკვეველია ის ფაქტი, რომ თითქმის ყველა საქონელი ჭანჭიკებად მოიხსენიება. ისინი კომპლექტური სისტემით არის და სხვადასხვა სახეობებით, რაც ართულებს ჭანჭიკებს შორის განსხვავებას. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღწერა უნდა მოხდეს ერთიანად, ერთი სპეციალისტის მიერ, რადგან სხვადასხვა პირების მიერ დათვლა გამოიწვევს საქონლის არასათანადოდ გადათვლას და აქედან გამომდინარე, მოხდება საქონელში მეტნაკლებობა. ამდენად, მეტ-ნაკლებობა გამოწვეულია ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე და სხვაობაც ამან განაპირობა. ინვენტარიზაციის შედეგად მიიღეს დანაკლისი, მაშინ როცა სხვა საქონელში აღმოჩნდა ზედმეტობა.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ინვენტარიზაციის დაწყებამდე დირექტორს ----ს (პ/ნ ---) ჩაბარდა ბრძანება ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ. ბრძანების ჩაბარების შემდეგ ჩამოერთვა ხელწერილი, რომ ინვენტარიზაციის დაწყებამდე შემოსავლისა და გასავლის ყველა დოკუმენტი ჩაბარებულია ბუღალტერიაში, მიღებული ფასეულობა აღებულია შემოსავალში, ხოლო გაცემული ჩამოწერილია გასავალში, ასევე ობიექტში მათ მიერ შიდა ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა და შესაბამისად ზედმეტობა ან/და დანაკლისი არ გამოვლენილა. გადასახადის გადამხდელმა 11.11.2025 წელს №1 ბრძანებით შექმნა საინვენტარიზაციო კომისია, შემდეგი შემადგენლობით:
1.-----. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური აღწერა დაიწყო 11.11.2025 წელს და დასრულდა ამავე წლის 12 ნოემბერს, ასევე შპს „----“-ს სამედიცინო დაწესებულებებში 17.12.2025 წელს და დასრულდა ამავე წლის 18 დეკემბერს. რომელთა ჯამმაც საბაზრო ფასებით შეადგინა 5 033 546.95 ლარი. დირექტორს ჩაბარდა საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შედგენილი დანართი №16 (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის შესახებ), რაზეც ჩამოერთვა ხელწერილი, რომ ფაქტობრივი აღრიცხვა მოხდა მისი თანდასწრებით, საინვენტარიზაციო კომისიასთან პრეტენზია არ გააჩნია და აღწერილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს შესანახად იღებს პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ.
საინვენტარიზაციო კომისიამ წარმოადგინა სმფ-ების ბუღალტრული ნაშთი 5 11.11.2025 წლის მდგომარეობით, თვითღირებულებით 2 998 377.79 ლარის ოდენობით, დანართი №19 (ოქმი სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ). ფაქტიური და ბუღალტრული მონაცემები შედარების მიზნით შეტანილი იქნა დანართ №20-ში (ოქმი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სააღრიცხვო დოკუმენტებისა და რაოდენობის ფაქტობრივი აღრიცხვის მონაცემების შედარების შესახებ).
საინვენტარიზაციო კომისიის მიერ, ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, გამოვლენილ სხვაობებზე შევსებული იქნა დანართი №22 (ოქმი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ). 26.03.2026 წელს დირექტორს ---ს ჩაბარდა შეტყობინება „მიმდინარე კონტროლის (ინვენტარიზაციის) განხორციელების შედეგებზე შედგენილი ოქმის პროექტთან დაკავშირებით“ და მიეცა 5 სამუშაო დღე საკუთარი არგუმენტირებული პოზიციის წარმოსადგენად. რაზეც გადასახადის გადამხდელმა მოგვმართა 27.03.2026 წელს №50728/21-12 განცხადებით, რომ პრეტენზია ან/და განსხვავებული პოზიცია არ გააჩნია. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საბაზრო ღირებულებით 169 027.85 ლარის ოდენობით (მათ შორის 5552.58 ლარის 2%-ანი ზღვარის ქვემოთ). საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად მომჩივანი დაჯარიმდა აღნიშნული თანხის 10 %-ს ოდენობით, რამაც შეადგინა 16 347.53 ლარი. ასევე დანაკლისის სრული ოდენობა 169 027.85 ლარი ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასებით განხორციელებულ მიწოდებად, რაზეც გადასახადის გადამხდელს მიეცა მითითება და ჩამოერთვა ხელწერილი, რომ დაიბეგრება გადასახადებით საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად. ასევე გამოვლინდა აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები საბაზრო ღირებულებით 85 648.72 ლარის ოდენობით, (მათ შორის 3 910 ლარის 2%-ანი ზღვარის ქვემოთ). აღურიცხველ სმფ-ებზე, პირი დაჯარიმდა 40 869.36 ლარით. გამოვლენილ სხვაობებზე შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები №CB1890931 (დანაკლისი), №CB1890935 (აღურიცხველი). საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა 1.01.2025 წლიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე პერიოდი (11.11.2025წ). საანგარიშო პერიოდის სმფ-ების საწყისი ნაშთი იყო 3 230 100.54 ლარი. სულ შეძენილმა სმფ-ების რაოდენობამ პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 1 196 680.98 ლარი, რაც დასტურდება ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით. 1.01.2025 წლიდან 11.11.2025 წლამდე რეალიზებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების ანგარიშის საფუძვლად აღებულ იქნა დღგ-სა და საბაჟო (ექსპორტის) დეკლარაციების და სასაქონლო ზედნადებების მონაცემები (შესაბამისი თვეების მიხედვით) – 1 480 707.75 ლარი (მათ შორის ექსპორტი 1 287 778.75 ლარი). ამ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის პირვანდელმა ღირებულებამ შეადგინა 1 428 403.73 ლარი (მათ შორის ექსპორტი 1 318 188.27 ლარი), სხვაობა ექსპორტირებული საქონელის შეძენასა და რეალიზაციას შორის გამოწვეულია ვალუტის კურსის ცვლილებით. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ დადგენილი ფასნამატი შეადგენს 72.47%.
ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა: 2 998 377.79 ლარი. სასაქონლომატერიალური ფასეულობების ფაქტიურმა ნაშთმა, რომლებზეც წარმოდგენილ იქნა შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები (დანართი 20-ის სახით), პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 2 927 367.77 ლარი. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა შემდეგი: სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი პირვანდელი ღირებულებით 117 400.10 ლარის ოდენობით, ხოლო საბაზრო ღირებულებით 169 027.85 ლარის ოდენობით (მათ შორის 5 552.58 ლარის 2%-ანი ზღვარის ქვემოთ). აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები პირვანდელი ღირებულებით 46 390.05 ლარის ოდენობით, ხოლო საბაზრო ღირებულებით 85 648.72 ლარის ოდენობით, (მათ შორის 3 910 ლარის 2%-ანი ზღვარის ქვემოთ).
ზემოთ აღნიშნულ სხვაობებზე დირექტორმა მიმართა 27.03.2026 წელს №50728/21-12 განცხადებით, რომ პრეტენზია ან/და განსხვავებული პოზიცია არ გააჩნია. რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციას, რომ საქონლის ფაქტიური აღრიცხვის დროს დასახელებული საინვენტარიზაციო კომისიის წევრების მიერ სხვადასხვანაირად იქნა შეტანილი და ვერ ხერხდება აღნიშნული სმფ-ების პირველად დოკუმენტებთან შედარება/იდენტიფიცირება.
შემოსავლების სამსახურმა სადავო ბრძანებით მიიჩნია, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი აღურიცხველი სასაქონლო მატერიალური ფასეულობებისა და დანაკლისის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით დაკისრებული ჯარიმების კორექტირება (შემცირება).
ზემოხსენებული ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები (დანაკლისი/აღურიცხველობა).
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამედიცინო ინსტრუმენტების, იმპლანტებისა და სხვა საშუალებების იმპორტი, ექსპორტი და რეალიზაცია. ასევე ხისა და ლამინირებული მასალების იმპორტი და წარმოება. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანებით, მომჩივნის საქმიანობის ადგილზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. პირველადი საგადასახადო დოკუმენტების რეკვიზიტების გადამოწმების შედეგად გამოვლინდა 85 648.72 (მათ შორის 3 910 ლარის 2%-იანი ზღვრის ქვემოთ) ლარის საბაზრო ღირებულების აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 117 400.10 ლარი (მათ შორის 5 552.58 ლარის 2%-ანი ზღვრის ქვემოთ), ხოლო საბაზრო ღირებულებით (72.47% ფასნამატის გათვალისწინებით) – 169 027.85 ლარი.
აღურიცხველ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე, მომჩივანს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა - 40 869.36 ლარი, ხოლო გამოვლენილ დანაკლისზე საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა - ჯარიმა 16 347.53 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286 (4,9).