გადაწყვეტილება №26211/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26211/2/2025
13 იანვარი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ "--------" (ს/ნ "--------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,19.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "--------"-ის 24.11.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26211/2/2025).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 27.06.2025 წლის №96234/1/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 სექტემბრის №007-261 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 597 559,14 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 309 629
დღგ - 124 157
საშემოსავლო გადასახადი - 182 035
ქონების გადასახადი - 3 437
ჯარიმა - 160 189
საურავი - 127 741,14
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს იმპორტირებული ავტონაწილებით ვაჭრობა.შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 თებერვლის, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის განსაზღვრის მიზნებისთვის 2024 წლის 8 აპრილის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 31 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა სრულად წარმოდგენილი საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, წარმოდგენილია მხოლოდ ცნობები ანგარიშების შესახებ მომსახურე ბანკებიდან და ამონაწერები შესაბამისი ანგარიშებიდან.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 2 და 3 აპრილის №7203 და №7406 ბრძანებების საფუძველზე მომჩივნის საქმიანობის ადგილზე განხორციელდა სმფ-ების ფაქტობრივი აღწერა, რომლის მიხედვით, 2024 წლის 8 აპრილის მდგომარეობით, სმფ-ის ნაშთი საბაზრო ღირებულებით შეადგენს 312 685 ლარს. გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები და შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ მეწარმის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული იმპორტის და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დადგენილი სმფ-ის ნაშთების გათვალისწინებით რპთ მთელ შესამოწმებელ პერიოდზე შეადგენს 1 427 342 ლარს, ხოლო ამავე პერიოდის დეკლარირებული ბრუნვა - 606 142 ლარს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული მასალების გათვალისწინებით განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებები წლების მიხედვით, რამაც შეადგინა 2021 წელს - 175 072 ლარი (დღგ-ის გარეშე), 2022 წელს - 686 843 ლარი და 2023 წელს - 532 317 ლარი, ხოლო 2024 წლის იანვარში 33 111 ლარი. ასევე, ინვენტარიზაციით დადგენილი ნაშთის გათვალისწინებით, განისაზღვრა სმფ-ის ნაშთები შესამოწმებელი პერიოდების მიხედვით. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა შემოწმებით დადგენილი აუდირებული ფასნამატი 62%. დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების წილის პროპორციულად გაზრდილ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 2021, 2022, 2023 და 2024 (იანვარი) წლების პერიოდზე, ამასთან, შემოწმებით გათვალისწინებულია აღნიშნულ პერიოდში განხორციელებულ იმპორტზე გადახდილი დღგ-ის თანხები სულ 162 284 ლარი.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა დღგ, ასევე შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
ასევე, 2021-2022 წელს განხორციელდა 8 ერთეული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა მხოლოდ ცნობები ანგარიშების შესახებ მომსახურე ბანკებიდან და ამონაწერები შესაბამისი ანგარიშებიდან. წლიურ დეკლარაციებში გამოსაქვით ხარჯებში გათვალისწინებულია ელ. დოკუმენტების შესაბამისად საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლით გამოსაქვითი ხარჯები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 2024 წლის 12 ივნისის №13845 ბრძანება და 13 ივნისის №007-126 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 აგვისტოს №19264 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 6.12.2024 წლის №23930/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებდა დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეესწავლა სადავო საკითხი, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე 9.10.2024 წელს წარმოდგენილი მასალების გათვალისწინებით და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველეყო მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 01.05.2025 წლის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები არ შემცირებულა, რაზეც გამოიცა 2025 წლის 13 მაისის N007-59 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 27.06.2025 წლის №96234/1/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საბაჟო დეპარტამენტის 11.07.2025 წლის №"--------" წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2025 წლის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები შემცირდა სულ 36 443 ლარით, მათ შორის: გადასახადი - 25 976 ლარი და ჯარიმა 10 467 ლარი.
აღნიშნულზე გამოიცა 2025 წლის 30 სექტემბრის №007-261 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
როგორც შემოწმების მიმდინარეობის დროს, ამჯერადაც აუდიტორი ცალმხრივად, ყოველგვარი ინფორმირების გარეშე აკორექტირებს იმ გადასახადებს რომელიც პირველად საგადასახადო აქტშივეა ბუნდოვანი და რაოდენობრივად სრულებით შეუსაბამო ფაქტობრივ მონაცემებთან. ამ აუდიტორთან კომუნიკაციის შეუძლებლობაზე არაერთგზის აღნიშნავდა შემოსავლების სამსახურს და სთხოვდა იმ გათვლების წარმოდგენას, რომლის საფუძველზეც ითვლის რეალიზაციის ფასნამატს, აფიქსირებს საწყის მარაგს (2021 წლის სასაქონლო მარაგი, რომელიც 27791 ლარის ტოლია და წერს რომ არის 161018 ლარი, საიდან მოაქვს ეს მონაცემი დღემდე არ გვაქვს ინფორმაცია).
აუდიტორმა პრაქტიკულად ბოიკოტი გამოუცხადა მეწარმეს და მის წარმომადგენელს. არცერთ ეტაპზე არ შედგა ელემენტარული კომუნიკაცია და მხოლოდ ტყუილზე აგებული მექანიკური პროცესი მიმდინარეობს დღემდე, ერთ-ერთი ელემენტარული საკითხი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა თუნდაც სასაქონლო მარაგების რაოდენობის განსაზღვრაზე, კონკრეტულად კი ინვენტარიზაციის დღისათვის არსებულ მარაგში იღებდა თუ არა მონაწილეობას იმავე პერიოდში შემოსული იმპორტი - არკვევდნენ დავის განხილვის დროს. მინიმალური კომუნიკაციის არსებობის შემთხვევაში ეს ალბათ ყველაზე მარტივი საკითხი იყო რისი გარკვევაც შეგვეძლო შემოწმების მიმდინარეობის პროცესშიც. ამან უფრო მეტად გაუღრმავა განცდა, რომ აუდიტორი სრულებით ზედაპირული იყო შემოწმების შედეგების გამოანგარიშებისას. ამიტომაც წინა წარმოდგენილ საჩივრებში ხაზგასმით ითხოვდა მისი დადგენილი პროცენტის (62%) შესახებ ინფორმაციის მოწოდებას, დავების საბჭოს ბოლო გადაწყვეტილების შემდეგ იმედს იტოვებდნენ, რომ მარაგების მოძრაობის (არსებობის) საფუძვლიანი შესწავლა გავლენას მოახდენდა რეალიზებული პროდუქციის ფაქტიურ ფასნამატზე.
ფასნამატის ცვლილება სავარაუდოდ არ მომხდარა, მაგრამ ფაქტია რომ აუდიტორმა საბოლოო სასაქონლო მარაგების გამოთვლისას გამოიჩინა ზერელე დამოკიდებულება შემოწმების მიმდინარეობის პროცესში, რაც იძულებით გამოსწორდა მისი მხრიდან დავების საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ეს არის ერთი ფაქტი, სხვა ნებისმიერ სადაო საკითხს ანალოგიური შედეგი ექნება თუ კი ამ საკითხებით დამდგარი საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშების დოკუმენტური წარმოდგენა დაევალება აუდიტორს.
სადაო საკითხებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეალიზაციის პროცენტის სწორად განსაზღვრაა, რადგან დარიცხული გადასახადების თითქმის 90%-ს წარმოქმნის არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატი. ამ განსაზღვრებაში კი როგორც საბოლოო სასაქონლო მარაგი, ასევე საწყისი სასაქონლო მარაგიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სამწუხაროდ აუდიტორს არც საწყისი მარაგი ჰქონდა (აქვს) სწორად დაფიქსირებული და არც საბოლოო.
ითხოვს, ყველა სამართლებრივი აქტის გაუქმებას, კორექტირებული გათვლების წარმოდგენას და ფაქტიური ფასნამატის პროცენტით დათვლილი გადასახადების დარიცხვას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
მომჩივანმა 27.06.2025 წლის საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას განაცხადა, რომ საქმისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მიეწოდოს ზუსტი ინფორმაცია, თუ, როდის დაინიშნა და ჩატარდა ინვენტარიზაცია, ასევე რომელ თარიღში მოხდა საწყობის დალუქვა. დამატებით განაცხადა, რომ 2024 წლის აპრილის თვეში შემოსულია 2 იმპორტი, რომელიც საწყობში არ იყო იმ ეტაპზე და ვარაუდი გამოთქვა რომ აღნიშნული რეალიზაციაში აქვს შემმოწმებელს გათვალისწინებული, მისთვის უცნობია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღწერაში მოხვდა თუ არა ეს საქონელი. გამომდინარე აქედან, ითხოვა დეტალური ინფორმაციის მიწოდება, თუ როგორ მოახდინა საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელმა ნაშთის გამოყვანა.
საბჭოს აპარატის 2025 წლის 2 ივლისის №------ წერილით, შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილია შემდეგი სახის ინფორმაცია:
1. "--------" საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციისა და შეფასების თარიღის შესახებ (დროის და საათის მითითებით);
2. საბაჟო დეპარტამენტის რომელი სტრუქტურული ერთეულის მიერ განხორციელდა დასახელებული საბაჟო დეკლარაციისათვის რეგისტრაციისა და შეფასების ნომრების მინიჭება;
3. რა საბაჟო ფორმალობები განხორციელდა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე (საქონლის გაშვების გადაწყვეტილების მიღებამდე);
4. როდის და რომელ საათზე განხორციელდა საქონლის საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანა. საბაჟო დეპარტამენტის მიერ საქმეზე წარმოდგენილია 11.07.2025 წლის N "--------" სამსახურებრივი ბარათი, საიდანაც ირკვევა შემდეგი:
1. საქონლის საბაჟო დეკლარაციის №------ რეგისტრაცია განხორციელდა 2024 წლის 21 მარტს 13:48 საათზე, შეფასების A ნომერი მიენიჭა 2024 წლის 2 აპრილს 21:50 საათზე, საბაჟო ფორმალობები კი დასრულდა 2024 წლის 2 აპრილს 21:56 საათზე;
2. საქონლის საბაჟო დეკლარაციის №"--------" რეგისტრაცია განახორციელა ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“-მა, ხოლო შეფასება – საბაჟო გამშვებმა პუნქტმა „------“;
3. 2024 წლის 2 აპრილს 21:43 საათზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „------“ საბაჟო კონტროლის ზონაში, „------“-ის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა №"--------" სატვირთო სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო საქონლის საბაჟო დეკლარაციით №"--------" წინასწარ დეკლარირებული საქონელი. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №5) 31 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების შემდეგ, განხორციელდა №"--------" საბაჟო დეკლარაციის დამუშავება მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის გამოყენებით, რის შემდეგაც მითითებულ დეკლარაციას განესაზღვრა „მწვანე დერეფანი“. შესაბამისად, საქონელმა საბაჟო კონტროლის ზონა დატოვა დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე;
4. №"--------" საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცეული საქონლის საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანა განხორციელდა საბაჟო ფორმალობების დასრულების შემდეგ. ვინაიდან საქონლის საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანის მონაცემების დამუშავებას საბაჟო ორგანო არ ახორციელებს, ამასთან ერთად, დღეის მდგომარეობით, აღარ არსებობს (ჩანაწერების შენახვისთვის განსაზღვრული ვადის გასვლის გამო) საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული სტაციონარული ვიდეოსათვალთვალო კამერების გამოყენებით მიღებული ჩანაწერები, შეუძლებელია სატრანსპორტო საშუალებისა და მასში განთავსებული საქონლის საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანის ზუსტი დროის მითითება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, უზრუნველეყო სადავო საკითხთან დაკავშირებით, საბაჟო დეპარტამენტის 11.07.2025 წლის №"--------" წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოეხდინა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2025 წლის დასკვნაში მითითებულია, რომ საბჭოს 27.06.2025 წლის №96234/1/2025 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით იქნა შესწავლილი საბაჟო დეპარტამენტის 11.07.2025 წლის №"--------" წერილით წარმოდგენილი ინფორმაცია, ასევე განხორციელდა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 15.09.2025 წლის №"--------" წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის დამატებითი შესწავლა. მიღებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მომჩივანი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის შესახებ მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 8.4.2024 წელს შედგენილ „დანართ 16“-ის მიხედვით აღწერილ სმფ-ების ნაშთში ფაქტობრივ აღწერაში ვერ მოხვდებოდა 2.04.2024 წელს "--------" საბაჟო დეკლარაციით იმპორტირებული საქონელი ღირებულებით 70 930 ლარი. აღნიშნულის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მოპასუხის მიერ ასევე საქმეზე წარმოდგენილია 3.12.2025 წლის №"--------" წერილი, საიდანაც დგინდება, რომ ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით იქნა შესწავლილი საბაჟო დეპარტამენტის 11.07.2025 წლის №"--------" წერილით წარმოდგენილი ინფორმაცია, ასევე განხორციელდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ (გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია 2025 წლის 02 სექტემბრის №"--------" სამსახურებრივ ბარათით აუდიტის დეპარტამენტის მიერ) 15.09.2025 წლის №"--------" წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის დამატებითი შესწავლა. მიღებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ი.მ „------ -ის " (ს/ნ "--------") სასაქონლო მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის შესახებ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 08.04.2024 წელს შედგენილ "დანართი 16"-ის მიხედვით აღწერილ სმფ-ების ნაშთში ფაქტობრივ აღწერაში ვერ მოხვდებოდა 02.04.2024 წელს "--------" საბაჟო დეკლარაციით იმპორტირებული საქონელი ღირებულებით 70 930 ლარი. აღნიშნულის გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) სულ 36 443 ლარით, მათ შორის ძირითადი გადასახადი შემცირდა 25 975 ლარით ხოლო ჯარიმა 10 467 ლარით. ამასთან, შემცირების დასკვნასთან ერთად გაგზავნილია გადასახადის გადამხდელთან შემცირებული გადასახადების (დღგ და საშემოსავლო) გაანგარიშებები როგორც გადაანგარიშების ეტაპზე არსებული მონაცემები, ასევე სხვაობა შემოწმებით დადგენილსა და გადაანგარიშებულ მონაცემებს შორის.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა დავების განხილვის საბჭოს 27.06.2025 წლის №96234/1/2025 გადაწყვეტილება და აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება, ამასთან, სადავოდ ხდის ისეთ საკითხებს, რაც საბჭოს 27.06.2025 წლის №96234/1/2025 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულზე საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) 27.06.2025 წლის №96234/1/2025 გადაწყვეტილების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საბჭოს 27.06.2025 წლის №96234/1/2025 გადაწყვეტილება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს, ყველა სამართლებრივი აქტის გაუქმებას, კორექტირებული გათვლების წარმოდგენას და ფაქტიური ფასნამატის პროცენტით დათვლილი გადასახადების დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ მეწარმის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა შემოწმებით დადგენილი აუდირებული ფასნამატი 62%. დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების წილის პროპორციულად გაზრდილ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 2021, 2022, 2023 და 2024 (იანვარი) წლების პერიოდზე, ამასთან, შემოწმებით გათვალისწინებულია აღნიშნულ პერიოდში განხორციელებულ იმპორტზე გადახდილი დღგ-ის თანხები სულ 162 284 ლარი.შესაბამისად,მომჩივანს დაერიცხა დღგ,ასევე შეეფარდა ჯარიმა. ასევე, 2021-2022 წელს განხორციელდა 8 ერთეული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა მხოლოდ ცნობები ანგარიშების შესახებ მომსახურე ბანკებიდან და ამონაწერები შესაბამისი ანგარიშებიდან. წლიურ დეკლარაციებში გამოსაქვით ხარჯებში გათვალისწინებულია ელ. დოკუმენტების შესაბამისად სსკ-ის 105-ე მუხლით გამოსაქვითი ხარჯები. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საბჭოს 27.06.2025 წლის №96234/1/2025 გადაწყვეტილება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
304(21).