ბრძანება N 4134

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.03.2025
№ დოკუმენტი 4134
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 4134

11 მარტი 2025

ბრძანება

შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )

(ფაქტ. მის.: „--------“ )

2025 წლის 3 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 13 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №13) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „--------“ ) №15065/21 საჩივარი, რომელიც ეხება 2024 წლის 13 დეკემბრის №34332000 შეტყობინებას და 2024 წლის 13 დეკემბრის №„--------“ საქონლის საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემის (სეს ესნ კოდი) სისწორეს და დარიცხულ დღგ-ს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ პროდუქცია ნაზალურ ხსნარზე Sinomarin adult 125ml, Sinomarin children 100ml საბაჟო დეპარტამენტმა №„--------“ საქონლის საბაჟო დეკლარაციაში განახორციელა სასაქონლო კოდის ცვლილება ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად და იმპორტისას საქონელი დაიბეგრა დღგ-ით.

მომჩივანი მიუთითებს, რომ 2013 წელს შემოიტანა საქონელი (Sinomarin 125ml, Sinomarin 100ml, Sinomarin Moodose xl8vials), რომელიც დეკლარირებული იყო 3004901900 სასაქონლო კოდით და რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად გათავისუფლებულია დაბეგვრისგან. მისივე განმარტებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, აღნიშნული პრეპარატი გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელებისგან, რაც არ გაითვალისწინა საბაჟო დეპარტამენტმა და საქონლის სეს ესნ კოდად მიუთითა 33079000000. მომჩივნის მოსაზრებით, ამ საქონლისთვის სწორი სეს ესნ არის 3004901900 და არა 33079000000.

საჩივრის ვატორი ასევე მიუთითებს, რომ Sinomarin 100ml 2018 წელს შეეცვალა სახელი და ეწოდა Sinomarin children 100ml, ხოლო Sinomarin 125ml 2018 წელს შეეცვალა სახელი და ეწოდა Sinomarin adult 125ml.

აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი №34332000 შეტყობინება, ცვლილება განხორციელდეს №„--------“13.12.2024 საბაჟო დეკლარაციაში და საქონლის სეს ესნ კოდად განისაზღვროს 3004901900.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 13 დეკემბერს, შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“) მიერ შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადებისა და დოკუმენტების საფუძველზე, ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „eGez“-ის მიერ შევსებულ იქნა №„--------“ საქონლის საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცეულ იქნა საქონელი Sinomarin children 100 ml და Sinomarin Adult 125 ml (ცხვირის სპრეი (სინომარინი), საერთო საბაჟო ღირებულება 26 158.19 ლარი).

საბაჟო პროცედურის განსაზღვრისას წარდგენილ საქონლის ნასყიდობის დოკუმენტში (№2024 0250, 06.12.2024) მითითებული საქონლის დასახელება და არტიკულის ნომერი (არტ. 430516 Sinomarin children 100 ml და არტ. 430515 Sinomarin Adult 125 ml) იდენტურია იმავე დეკლარანტის მიერ წარდგენილი 2022 წლის 24 აპრილის №„--------“ საქონლის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის, რომელიც, შპს „--------“-ის მომართვით (მოთხოვნილ იქნა №2022 0069, 13.04.2022 საქონლის ნასყიდობის დოკუმენტში მითითებული №430516, №430515 და №430520 არტიკულის შესაბამისი, 3 დასახელების საქონლის Sinomarin children 100 ml, Sinomarin Adult 125 ml და Sinomarin Babies 18*5 ml სასაქონლო კოდის განსაზღვრა) ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის შედეგად, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი №003052/2022 (19.04.2022) ექსპერტიზის დასკვნით კლასიფიცირებულ იქნა 3307 90 000 00 სასაქონლო კოდში.

აღნიშნულის გათვალისწინებით, №„--------“ საქონლის საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული საქონლის საბაჟო პროცედურაში გაფორმებისას დეკლარირებული საქონლის სასაქონლო კოდად მითითებულ იქნა სეს ესნ-ის 3307 90 000 00 სასაქონლო ქვეუბპოზიცია.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 34-ე მუხლი ადგენს, რომ ვაჭრობაში დამცავი ღონისძიება გულისხმობს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრინციპებისა და ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემოღებულ ღონისძიებას.

ამავე კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. მე-2 ნაწილში მითითებულია, რომ სეს ესნ არის სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც შეესაბამება „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურას და დეტალიზებულია თერთმეტი ნიშნით, ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით.

ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ადგენს, რომ საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი. ამასთან, საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს.

საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის №003052/2022 (19.04.2022) დასკვნის გამოცემის პერიოდში მოქმედი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მე-3 მუხლით დადგენილი იყო, რომ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესები. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „... იურიდიული მიზნებისთვის, საქონლის კლასიფიკაცია განისაზღვრება სასაქონლო პოზიციების ტექსტების მიხედვით და შესაბამისი კარისა და ჯგუფის შენიშვნებით ...“. სეს ესნ-ის 30-ე ჯგუფის შენიშვნის პირველ პუნქტში აღნიშნული იყო, რომ მოცემულ ჯგუფში არ ჩაირთვება წყლის დისტილატები ან ეთერზეთების წყალხსნარები, განკუთვნილი სამედიცინო მიზნებისათვის (სასაქონლო პოზიცია 3301) და 3303–3307 სასაქონლო პოზიციების პრეპარატები, მათ შორის, თერაპევტული ან პროფილაქტიკური თვისებების მქონე. აღნიშნულისა და 33-ე ჯგუფის შენიშვნებისა და ტექსტების გათვალისწინებით, წყლის დისტილატები ან ეთერზეთების წყალხსნარები და 33.03 - დან 33.07 პოზიციების პრეპარატები, მაშინაც კი, თუ მათ აქვთ თერაპიული ან პროფილაქტიკური თვისებები კლასიფიცირდებოდა 33-ე თავში.

„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მე-3 მუხლით დადგენილია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესები. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურაში (სეს ესნ) საქონლის კლასიფიკაცია ხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირველი წესი მიუთითებს, რომ კარების, ჯგუფებისა და ქვეჯგუფების სახელწოდებები მოცემულია მხოლოდ ინფორმაციის ძიების გასაადვილებლად. იურიდიული მიზნებისთვის, საქონლის კლასიფიკაცია სეს ესნ-ში ხორციელდება სასაქონლო პოზიციების ტექსტების, აგრეთვე კარებისა და ჯგუფების შესაბამისი შენიშვნების მიხედვით და, თუ ასეთი ტექსტებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომდევნო წესების დებულებების შესაბამისად.

სეს ესნ-ის 30-ე ჯგუფის შენიშვნის პირველ პუნქტში მოცემულია ის ჩამონათვალი, რომელიც არ ჩაირთვება მოცემულ ჯგუფში:

წყლის დისტილატები ან ეთერზეთების წყალხსნარები, განკუთვნილი სამედიცინო მიზნებისათვის (სასაქონლო პოზიცია 3301);

3303–3307 სასაქონლო პოზიციების პრეპარატები, მათ შორის, თერაპევტული ან პროფილაქტიკური თვისებების მქონე.

აღნიშნულისა და 33-ე ჯგუფის შენიშვნებისა და ტექსტების გათვალისწინებით, წყლის დისტილატები ან ეთერზეთების წყალხსნარები და 33.03-დან 33.07 პოზიციების პრეპარატები, მაშინაც კი, თუ მათ აქვთ თერაპიული ან პროფილაქტიკური თვისებები კლასიფიცირდება 33-ე თავში.

ამდენად, მოქმედი „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მიხედვით, სადაო საკითხის კლასიფიკაცია რეგულირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მსგავსად და ზემოაღნიშნული საქონელი კვლავ კლასიფიცირდება 3307 90 000 00 სასაქონლო კოდში.

საგულისხმოა, რომ საქართველო, როგორც „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ხელშემკვრელი მხარე, ხელმძღვანელობს დასახელებული კონვენციის ფარგლებში მოქმედი მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ჰარმონიზებული სისტემის ტექნიკური კომიტეტის გადაწყვეტილებებით. მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია წარმოადგენს უმაღლეს კომპეტენტურ ორგანოს საქონლის სეს ეს-ის შესაბამისად კლასიფიკაციისთვის სასაქონლო კოდის განსაზღვრის საკითხში. მათ მიერ კენჭისყრის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების ერთობლიობა წარმოადგენს ორგანიზაციის კომპენდიუმს. კომპენდიუმში შესული ერთ-ერთი გადაწყვეტილების თანახმად, ზღვის წყლის ნაზალური სპრეი (Sinomarin-ის ანალოგი) კლასიფიცირებულია 3307 სასაქონლო კოდში. კომპენდიუმში შესული გადაწყვეტილება სავალდებულოდ შესასრულებელია ხელშემკვრელი მხარეებისთვის, შესაბამისად საქართველოს საბაჟო ორგანო, როგორც კონვენციის ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია საქონლის კლასიფიკაცია მოახდინოს მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) შესაბამისი გადაწყვეტილებით.

დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული საქონელი (ჰიპერტონული ზღვის წყლის ხსნარი ცხვირის ღრუს გასაწმენდად, Sinomarin children 100ml, Sinomarin Adult 125ml და Sinomarin Babies 18*5ml) წარმოადგენს ჰიპერტონულ ზღვის წყალს, რომელიც ბუნებრივად მდიდარია მინერალური მარილებით და მიკროელემენტებით, დამზადებულია ოკეანის დისტილირებული (გაფილტრული) ზღვის წყლით, დაფასოებულია სპრეის და წვეთების სახით. შესაბამისად, საქონლის დეკლარირება სეს ესნ-ის 3307 90 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში და შესაბამისად, იმპორტის გადასახდელის (დღგ) დარიცხვა მართლზომიერია.

2024 წლის 13 დეკემბრის №34332000 შეტყობინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ინფორმაციული ხასიათის მქონე წერილს, რომლითაც დეკლარანტს წერილობით ეცნობება კონკრეტული საბაჟო დეკლარაციით დარიცხული/გადასახდელი იმპორტის გადასახდელის და/ან მომსახურების საფასურის ოდენობა და მისი გადახდის ბოლო ვადა.

რაც შეეხება მომჩივნის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აპელირებას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნულ დავაში შემოსავლების სამსახურის მსჯელობის მთავარ საგანს წარმოადგენდა არა სეს ესნ კოდი, არამედ მისი დაბეგვრის საკითხი პროდუქტის ფარმაცევტულ პროდუქციად განხილვის ჭრილში, ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამის პერიოდში მოქმედი 168-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-სგან გათავისუფლებულ იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო (ფარმაცევტული) მიზნებისათვის განკუთვნილი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებით გათვალისწინებული წარმოდგენილი ნედლეულისა და სუბსტანციების, 30-ე ჯგუფით გათვალისწინებული ფარმაცევტული პროდუქციის (გარდა საღეჭი რეზინისა), მათ შორის, ვაქცინების, მიწოდება ან/და იმპორტი. ამდენად, სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენდა განეკუთვნებოდა თუ არა პროდუქტი ფარმაცევტულ პროდუქციას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ №„--------“ (13.12.2024) საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემი (სეს ესნ კოდი) და №34332000 13.12.2024 შეტყობინება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „------ -ის“ (ს/ნ „--------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი №34332000 შეტყობინება.ასევე,ცვლილება განხორციელდეს საბაჟო დეკლარაციაში და საქონლის სეს ესნ კოდად განისაზღვროს 3004901900.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ მომჩივანის მიერ შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადებისა და დოკუმენტების საფუძველზე, ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „eGez“-ის მიერ შევსებულ იქნა საქონლის საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცეულ იქნა საქონელი საერთო საბაჟო ღირებულება 26 158.19 ლარი.

საბაჟო პროცედურის განსაზღვრისას წარდგენილ საქონლის ნასყიდობის დოკუმენტში მითითებული საქონლის დასახელება და არტიკულის ნომერი იდენტურია იმავე დეკლარანტის მიერ წარდგენილი საქონლის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის, რომელიც, მომჩივანის მომართვით ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის შედეგად, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ექსპერტიზის დასკვნით კლასიფიცირებულ იქნა 3307 90 000 00 სასაქონლო კოდში.

აღნიშნულის გათვალისწინებით,საქონლის საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული საქონლის საბაჟო პროცედურაში გაფორმებისას დეკლარირებული საქონლის სასაქონლო კოდად მითითებულ იქნა სეს ესნ-ის 3307 90 000 00 სასაქონლო ქვეუბპოზიცია.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემი (სეს ესნ კოდი) და შეტყობინება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

34,35.