გადაწყვეტილება №20590/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20590/2/2023
11 დეკემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ის 17.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20590/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №4671 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 16.05.2023 წლის დასკვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის17.05.2023 წლის №11035 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 17.05.2023 წლის №063-8 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18790 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 23 482 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 11 466
ჯარიმა - 5 733
საურავი - 6 283
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ცხვრის მიწოდება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კამერალური საგადასახადო შემოწმება გადასახადის გადამხდელის მიერ 2018 და 2019 წლების საანგარიშო პერიოდში შპს ----ზე (ს/ნ ---), შპს ---ზე (ს/ნ ---) და შპს ---ზე (ს/ნ ---) მიწოდებული ცხვრის რეალიზაციის ფარგლებში მიღებული შემოსავლის საგადასახადო ვალდებულების სისწორის განსაზღვრის მიზნით.
შემოწმების შედეგები აისახა 22.07.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
მომჩივანი არის არამეწარმე ფიზიკური პირი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში 22.05.2019 წელს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №---- საქმეზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებისგან თავის არიდების ფაქტზე.
აღნიშნული დადგენილების საფუძველზე ჩატარდა რამდენიმე კომპანიის საგადასახადო შემოწმება, ზემოაღნიშნული შემოწმებების შედეგად გამოვლინდნენ ფიზიკური პირები, რომელთა მიერ წლიურად ცხვრის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლები აღემატებოდა 200 000 ლარს.
მომჩივანმა შესამოწმებელ პერიოდში (2018 წელი) შპს ---ს (ს/ნ ---) მიაწოდა სულ 229 319 ლარის ღირებულების ცხვარი.
გადამხდელს აღნიშნული შემოსავლები დეკლარირებული არ აქვს. გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლები დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, ხოლო რაც შეეხება აღნიშნულ შემოსავლებთან დაკავშირებულ გამოქვითვებს, გამოყენებულია შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს“ №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო.
შედეგად, მომჩივნის მიერ მიღებულ შემოსავალს და ხარჯებს შორის სხვაობა სულ 57 330 ლარი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 2.08.2021 წლის №25364 ბრძანება და ამავე თარიღის №063- 26 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 18.02.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.05.2022 წლის №12812 ბრძანებით საჩივარი 2.08.2021 წლის №063-26 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 23.05.2022 წლის №12812 ბრძანება 16.06.2022 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 27.10.2022 წლის №16846/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 23.05.2022 წლის №12812 ბრძანება და საჩივარი პირველი დავის საგნის (ცხვრის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის დაბეგვრა და დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლების) ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №4671 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, გამოიკვლიოს სადავო საკითხი და დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურიდან გამოითხოვოს ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №4671 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 16.05.2023 წლის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებისგან განსხვავებული გარემოება დადგენილი არ არის და არც გადასახადის გადამხდელს არ აქვს წარდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა. დასკვნის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 17.05.2023 წლის №11035 ბრძანება და ამავე თარიღის №063-8 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც 13.06.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18790 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ფ/პ ---ს შპს „---ზე“ რეალიზებული აქვს საქონელი (ცხვარი), რაც დადასტურებულია პირველადი საგადასახადო დოკუმენტებით. ამასთან, საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით პირველადი საგადასახადო დოკუმენტების სიყალბე ან/და ფიქტიურობა დადგენილი არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან, გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია არ წარმოადგენს გადაანგარიშების საფუძველს და არ ვლინდება დამატებითი გარემოებები, რაც გავლენას მოახდენდა შემოწმების შედეგებზე. საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ არის მეცხვარე, ჰყავს თავისი კუთვნილი ცხვრის ფარა. 2018 წელს შპს „---ს“ საკუთარ ცხვართან ერთად მიჰყიდა თანასოფლელების ცხვარიც 54 180 ლარის ღირებულებით, ვინაიდან, მათ თან არ ჰქონდათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ---ს (პ/ნ---) სახელით ჩააბარა 22 000 ლარის საქონელი, ---ის (პ/ნ ---) სახელით 14 000 ლარის საქონელი, ---ის (პ/ნ---) სახელით 18 180 ლარის საქონელი. აღნიშნულთან დაკავშირებით წარდგენილია ნოტარიულად დადასტურებული ხელწერილები. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ შემოსავლების სამსახურმა აუდიტის დეპარტამენტს დაავალა საქმეზე დართული დოკუმენტაციის შესწავლა, დამატებით საქმის შესწავლის დროს გამოთხოვილ იქნა მხოლოდ საგამოძიებო სამსახურიდან ინფორმაცია და ისევ უგულებელყოფილი დარჩა ინფორმაცია სხვა პირთა საქონელის ჩაბარებაზე რომელთა ნოტარიული ახსნა-განმარტება წარდგენილია შემოსავლების სამსახურში.
იმ შემთხვევაში თუ აუდიტის დეპარტამენტი შეისწავლიდა საქმეში წარდგენილ ახსნაგანმარტებებს დარწმუნდებოდა გადამხდელის გულწრფელობაში და მიიღებდა გადაწყვეტილებას გადასახადის გაუქმების შესახებ. საქმის წარმოების განხილვისას არ მოხდა მითითებული მოწმეების გამოკითხვა, რომლებიც დაადასტურებდნენ მითითებულ ფაქტს. ითხოვს მოწმის სახით დაიკითხონ სანოტარო აქტებში მითითებული პირები რომელთა სახელები და გვარები მითითებულია ზევით. შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება არის სამართლებრივად დაუსაბუთებელი, რადგან არ მომხდარა საჩივარში მითითებული გარემოებების შესწავლა, მოწმეების გამოკითხვა. მიღებული გადაწყვეტილება არღვევს მის ინტერესებს რადგან იგი არ შეიძლება დაიბეგროს სხვა პირის შემოსავალთან დაკავშირებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №4671 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, გამოიკვლიოს სადავო საკითხი და დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურიდან გამოითხოვოს ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის აღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის 16.05.2023 წლის დასკვნით: დამატებით შესწავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ ფიზიკური პირების (თანასოფლელების) მიმართ საგამოძიებო მოქმედებები არ გატარებულა. საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ფ/პ ---ს შპს „---ზე“ რეალიზებული აქვს საქონელი (ცხვარი), რაც დადასტურებულია პირველადი საგადასახადო დოკუმენტებით. საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებისგან განსხვავებული გარემოება დადგენილი არ არის და არც გადასახადის გადამხდელს არ აქვს წარდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.
მომჩივანი მიუთითებს, რომ დამატებით საქმის შესწავლის დროს გამოთხოვილ იქნა მხოლოდ საგამოძიებო სამსახურიდან ინფორმაცია და ისევ უგულებელყოფილი დარჩა ინფორმაცია სხვა პირთა საქონელის ჩაბარებაზე რომელთა ნოტარიული ახსნა-განმარტება წარდგენილია შემოსავლების სამსახურში. იმ შემთხვევაში თუ აუდიტის დეპარტამენტი შეისწავლიდა საქმეში წარდგენილ ახსნაგანმარტებებს დარწმუნდებოდა გადამხდელის გულწრფელობაში და მიიღებდა გადაწყვეტილებას გადასახადის გაუქმების შესახებ. ითხოვს მოწმის სახით დაიკითხონ სანოტარო აქტებში მითითებული პირები.
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება არის სამართლებრივად დაუსაბუთებელი, რადგან არ მომხდარა საჩივარში მითითებული გარემოებების შესწავლა, მოწმეების გამოკითხვა. მიღებული გადაწყვეტილება არღვევს მის ინტერესებს რადგან იგი არ შეიძლება დაიბეგროს სხვა პირის შემოსავალთან დაკავშირებით.
ზემოთ აღნიშნულიდან, მხარეთა არგუმენტების და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ ფიზიკური პირების (თანასოფლელების) მიმართ საგამოძიებო მოქმედებები არ გატარებულა და საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებისგან განსხვავებული გარემოება დადგენილი არ არის და არც გადასახადის გადამხდელს არ აქვს წარდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №4671 ბრძანება აღსრულებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
ადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №4671 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №4671 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 16.05.2023 წლის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებისგან განსხვავებული გარემოება დადგენილი არ არის და არც გადასახადის გადამხდელს არ აქვს წარდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა. დასკვნის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 17.05.2023 წლის №11035 ბრძანება და ამავე თარიღის №063-8 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც 13.06.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18790 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №4671 ბრძანება აღსრულებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 1 გ.