გადაწყვეტილება №18901/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.03.2023
№ დოკუმენტი 18901/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18901/2/2023

17.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი:: ი/მ „----------“ (ს/ნ --------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ -----------ის 17.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18901/2/2023).

 

დავის საგანი:

დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 თებერვლის №002-13 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 156 521 ლარი.

მათ შორის: გადასახადი - 87 178

დღგ - 12 918

მიწის გადასახადი (სასოფლო) – 11

საშემოსავლო გადასახადი - 74 249

ჯარიმა - 30 273

საურავი - 39 070

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 26 აპრილის №12684 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 29 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 29 დეკემბრის №41905 ბრძანება და №002-469 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 259 849 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 10 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 23 მარტის №7387 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 1.07.2022 წლის №16172/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.10.2022 წლის დასკვნა, 19.10.2022 წლის №26539 ბრძანება და 20.10.2022 წლის №002-177 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 25.10.2022 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 23.12.2022 წლის №18075/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ფასნამატის გაანგარიშების მიზნებისთვის, მომჩივნის საქონელზე გაანგარიშებულ თვითღირებულებას შეუპირისპიროს მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების ინვენტარიზაციისას გამოყენებული სარეალიზაციო ფასები;

- წინა პუნქტის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განხორციელდეს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2023 წლის დასკვნა, 10.02.2023 წლის №2428 ბრძანება და №002-13 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 90 468 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 156 521 ლარი.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 17.02.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დასკვნით ირკვევა, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა მომჩივნის მიერ წარდგენილი ელექტრონული ცხრილებისა და სააღრიცხვო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად.

წარდგენილ ფასნამატის ცხრილში თითოეულ იდენტიფიცირებად პროდუქტს დაუკავშირეს უახლოესი შესყიდვის შესაბამისი თვითღირებულება და იმავე წლის შესყიდული რაოდენობის გათვალისწინებით დაიანგარიშეს ფასნამატი, რომელიც განისაზღვრა 9.5%-ით, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიერ შეცვლილია თვითღირებულების განსაზღვრის პრინციპი. კერძოდ, ნაცვლად უახლოესი შესყიდვისა, ზეპირი განმარტების მიხედვით, თვითღირებულება განსაზღვრულია უახლოესი 3 თვის მონაცემების საშუალო შეწონილით. აღნიშნულ დათვლის პრინციპს არ ეთანხმება, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს პროდუქციის რაოდენობრივი აღრიცხვა და შეუძლებელია რეალიზაციის მომენტში პროდუქციის ნაშთის საშუალო შეწონილი თვითღირებულების განსაზღვრა. არსებული პრაქტიკით, ფასნამატის დაანგარიშებისას მსგავს შემთხვევებში თვითღირებულებად გამოიყენება უახლოესი შესყიდვის ღირებულება. შესაბამისად, დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 23 დეკემბრის №18075/2/2022 გადაწყვეტილება არ აღსრულებულა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს 2022 წლის 10 თებერვლის №002-13 საგადასახადო მოთხოვნა და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დავების განხილვის საბჭოს 23.12.2022 წლის №18075/2/2022 გადაწყვეტილებით:

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ფასნამატის გაანგარიშების მიზნებისთვის, მომჩივნის საქონელზე გაანგარიშებულ თვითღირებულებას შეუპირისპიროს მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების ინვენტარიზაციისას გამოყენებული სარეალიზაციო ფასები;

- წინა პუნქტის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განხორციელდეს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ დავების განხილვის საბჭოს 23.12.2022 წლის №18075/2/2022 გადაწყვეტილების საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა დამატებით შეისწავლა სადავო საკითხი და გადასახადის გადამხდელის მიერ დამუშავებული მონაცემების ანალიზის/შესწავლის საფუძველზე დაკორექტირდა (შემცირდა) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატი. შესაბამისად, შემცირდა შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადები და ჯარიმა-საურავი.

გადასახადის გადამხდელი მიუთითებს მის მიერ წარმოდგენილ ფასნამატის ცხრილზე, სადაც თითოეულ იდენტიფიცირებად პროდუქტზე დაკავშირებულია უახლოესი შესყიდვის შესაბამისი თვითღირებულება და იმავე წლის შესყიდული რაოდენობის გათვალისწინებით გაანგარიშდა ფასნამატი, რომელიც განსაზღვრულია 9,5%-ით, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიერ შეცვლილია თვითღირებულების განსაზღვრის პრინციპი, რომელსაც არ ეთანხმება და ითხოვს არსებული პრაქტიკით ფასნამატის დაანგარიშებას.

აუდიტის დეპარტამენტის განმარტებით, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში დაფიქსირებული მომჩივნის შეძენილი და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების გათვალისწინებით განისაზღვრა პირის საქონლის ბრუნვის კოეფიციენტი. კერძოდ, საშუალოდ რა პერიოდულობით ახდენდა საქონლის მარაგის განახლებასა და რეალიზაციას. აღნიშნული კოეფიციენტი შესაბამისი ანალიზით განისაზღვრა 3 თვით. შესაბამისად, თითოეულ იდენტიფიცირებად პროდუქტს დაუკავშირდა უახლოესი 3 თვის შესყიდული პროდუქციის საშუალო შეწონილი მეთოდით დადგენილი თვითღირებულება და გაანგარიშდა ფასნამატი.

საქმეში არსებული მასალების შესწავლის საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად აღსრულდა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება და გასაჩივრებული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.