გადაწყვეტილება 19919/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
19919/2/2023
08 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------ ----------ი (პ/ნ ----------------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------ ---------ის 8.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19919/2/2023).
დავის საგანი:
საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის გადატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 10.04.2023 წლის №EL205803 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11680 ბრძანება. დარიცხული თანხა: ჯარიმა - 14 438 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
10.04.2023 წელს, რეისზე თბილისი----ა (-----), საავიაციო უსაფრთხოების მიზნით და საავიაციო უსაფრთხოების დადგენილი ნორმების გათვალისწინებით მოხდა მომჩივნის და მისი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერება, რა დროსაც ხელბარგში აღმოაჩნდა დაუდეკლარირებელი თანხა 57 000 აშშ დოლარი, რამაც ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის მიხედვით შეადგინა 144 381 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი №69001/000102“.
საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გადატანის ფაქტზე, მომჩივანს, 10.04.2023 წლის №EL205803 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 14 438 ლარის ოდენობით.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 29.05.2023 წლის №11680 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-5 და მე-6 მუხლებზე, 27-ე მუხლზე, 29-ე მუხლზე, „საბაჟო ფორმალობის განხორციელებისთვის საჭირო სხვა ადგილების საბაჟო კონტროლის ზონად განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 12.02.2020 წლის №3386 ბრძანების მე-2 მუხლის „ა“ პუნქტზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 169-ე მუხლის მე-3 ნაწილზე.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გატანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ საბაჟო სამართალდარღვევისთვის სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საბაჟო ფორმალობების გავლა, მათ შორის ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციების შევსება მგზავრების მიერ ქვეყნის დატოვებისას შესაძლებელია აეროპორტის გაფრენის დარბაზის პირველ სართულზე. აგრეთვე, საავიაციო უსაფრთხოების და საპასპორტო კონტროლის განხორციელებამდე დამატებით ნათლად არის მინიშნებები ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. თავდაპირველად წითელი დერეფანი მოქალაქეს აფრთხილებს შემდეგი წარწერით: „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ საბაჟო ორგანოს“, აღნიშნულის შემდეგ ვიდრე კონკრეტულად საავიაციო უსაფრთხოების შემოწმებისთვის გათვალისწინებულ ზონაში შევა მგზავრი, გაივლის გასასვლელს სადაც მწვანე დერეფანზე დატანილია შემდეგი წარწერა: „არ ექვემდებარება დეკლარირებას“.
მიუხედავად აეროპორტში არსებული აღნიშვნებისა, ------ ----------ს არ მოუმართავს საბაჟო ორგანოს თანამშრომლისთვის ფულის დეკლარირების მოთხოვნით და აგრეთვე საავიაციო უსაფრთხოების კონტროლის განხორციელებამდე არც საავიაციო უშიშროების თანამშრომლებთან განუცხადებია თანხის არსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მიმართ გამოცემული სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
10 აპრილს რეისით---- მიფრინავდა -----ში, ----ში, სადაც რეისით ---- 11 აპრილს გადაფრინდა ----ში, ------ში.
მიფრინავდა მეუღლესთან, -----ა -----ან და მეგობარ, ------ -----თან ერთად. რეისზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ სამივე მივიდა ერთ-ერთ ტურისტული სააგენტოს ფანჯარასთან, სადაც შეიძინეს სამოგზაურო დაზღვევა --- -----თვის და იქვე მდებარე ესკალატორის მეშვეობით ავიდნენ ზევით, გაუყვნენ გზას და მივიდნენ უსაფრთხოების კონტროლის ზონამდე.
რადგან გზაში არ შეხვდა საბაჟო კონტროლის დერეფანი, გადაწყვიტა გაევლო უსაფრთხოების კონტროლი, იმის იმედით, რომ უსაფრთხოების კონტროლის გავლის შემდეგ შეხვდებოდა საბაჟო დერეფანი, სადაც შეძლებდა თანხის დეკლარირებას. თანხა ედო ჩანთაში და ბარგის შემოწმების დროს უსაფრთხოების კონტროლის თანამშრომელმა ჰკითხა, ჩანთაში 5 ფილა შოკოლადი ხომ არ ედო, რაზეც უპასუხა, რომ არა, თანხა უდევს 57,000$-ის ოდენობით და მაგაში ხომ არ ეშლება.
უსაფრთხოების კონტროლის თანამშრომელმა ჰკითხა აქვს თუ არა დეკლარირებული ეს თანხა, რაზეც უპასუხა რომ არა, აპირებს დეკლარირებას როგორც კი იპოვის საბაჟო კონტროლის ზონას და ითხოვა აეხსნა სად და როგორ უნდა განმეხორციელებინა თანხის დეკლარირება, რაზეც უსაფრთხოების კონტროლის თანამშრომელმა უპასუხა, რომ ეგ უნდა გაეკეთებინა იქამდე, სანამ მივიდოდა უსაფრთხოების კონტროლის ზონამდე და უკვე დაეკისრა ჯარიმა, რის შემდეგ თხოვა დალოდებოდა საბაჟო ოფიცერს.
იმის შემდეგ, როგორც მოვიდა საბაჟო ოფიცერი სთხოვა რომ წაყოლოდა მასთან ერთად საბაჟო კონტროლის ზონაში. მეუღლე, --- ----ი დარჩა უსაფრთხოების კონტროლის ზონაში, ხოლო ---- -----ი წავიდა მასთან ერთად და საბაჟო ოფიცერთან ერთად საბაჟო კონტროლის ზონაში, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, იმყოფებოდა გვერდითა შენობაში, ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში. გზაში საბაჟო ოფიცერმა უთხრა, რომ დაარღვია კანონი და დაეკისრა ჯარიმა და ისიც, რომ თვითონ უნდა მოეძებნა საბაჟო კონტროლის ზონა და ეს არის მოვალეობა.
როგორც კი მივიდა საბაჟო კონტროლის ზონაში, მომჩივანი და ---- ----ი ცდილობდნენ აეხსნათ იქ მყოფი საბაჟო ოფიცრებისათვის, რომ არანაირი განზრახვა არ ჰქონდა კანონის დარღვევის, არ ჰქონდა დეკლარირების გარეშე თანხის გატანის განზრახვა, და ის რაც მოხდა არის გამოწვეული იმის გაუგებრობით, თუ კონკრეტულად სად უნდა მოეხდინა თანხის დეკლარირება და იმის არ ცოდნით, რომ საბაჟო კონტროლის ზონა იმყოფება გვერდით შენობაში და თხოვა, რომ შეეფარდოს საბაჟო სანქცია გაფრთხილების სახით.
ასევე ითხოვეს მხედველობაში მიეღოთ ის ფაქტი, რომ უკვე იყო 14:20 საათი, ხოლო რეისის გამოფრენის დრო იყო 14:50. საბაჟო ოფიცერმა უპასუხა, რომ გაფრთხილებით ეს საქმე არ შეიძლება, რომ შემოფარგლულიყო და უნდა დაუწერა ჯარიმა 10%-ის ოდენობით და აქვს 2 ვარიანტი:
ა) ეკისრება ჯარიმა თანხის 10%-ის ოდენობით, რომელსაც ადგილზე იხდის და მხოლოდ ამის შემდეგ აქვს უფლება დარჩენილი თანხის წაღების და საბაჟო კონტროლის ზონის დატოვების.
ბ) ეკისრება ჯარიმა თანხის 10%-ის ოდენობით და მხოლოდ მთლიანი თანხის (57,000$) საბაჟო კონტროლის ზონაში დატოვების შემთხვევაში, შეუძლია საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება და შემდგომში, ჯარიმის გადახდის შემდეგ, შეუძლია დაბრუნდეს თანხის უკან ასაღებად. რადგან უკვე ძალიან ეჩქარებოდა ფრენაზე და იყო იმის ალბათობა, რომ გამოტოვებდა ფრენას, გადაწყვიტა ჩამებარებინა ოქმი, თუმცა აღნიშნა, რომ არ ეთანხმებოდა გადაწყვეტილებას და აუცილებლად აპირებდა ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას.
ითხოვა განეხორციელებინა მე-3 ვარიანტი, სადაც დაეკისრებოდა ჯარიმა 10%-ის ოდენობით, რომლის გადახდის უფლება აქვს 30 დღის განმავლობაში, რაზეც მიიღო ცალსახა უარი.
რადგან საბაჟო ოფიცრებმა არ დაუტოვეს არანაირი სხვა შესაძლებლობა და იყო ფრენის გამოტოვების რისკი (მაგ დროს უკვე 14:30 საათი იყო, ხოლო ფრენა 14:50-ზე იყო), დაეთანხმა დაეკისროს ჯარიმა თანხის 10%-ის ოდენობით, რომელსაც ადგილზე გადაიხდიდა და ისევ აღნიშნა, რომ არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას და აპირებდა გასაჩივრებას, როგორც ფინანსთა სამინისტროში, ისევე სასამართლოში. ამის შემდეგ, ოფიცრებმა დაიწყეს ოქმის შევსება, თანხის გადათვლა, სურათების გადაღება და საბაჟო პროცედურების დამთავრების შემდეგ, დანიშნეს ერთ-ერთი თანამშრომელი იმისთვის, რომ გაყვეს ბანკში იმის დასტურის მისაღებად, რომ ნამდვილად გადაიხადა ჯარიმა. გადახდის შემდეგ ამ თანამშრომელმა გამოართვა გადახდის ქვითარი, რის შემდეგ მისცა რეისზე მისვლის უფლება.
მიღებული გადაწყვეტილებით არამართლზომიერად შეეფარდა საბაჟო სანქცია საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად. შეფარდებული გადაწყვეტილება მიაჩნია არამართლზომიერად, რადგან, როგორც ფაქტების აღწერის დროს აღნიშნა საბაჟო ოფიცერი გამოიძახეს უსაფრთხოების კონტროლის ზონაში, სადაც თავისი ინიციატივით უთხრა, რომ ჩანთაში უდევს თანხა. უსაფრთხოების კონტროლის ზონა არ შეიძლება ჩათვლილ იქნას საბაჟო კონტროლის ზონად, რადგან საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის, პირველი ნაწილის, ჰ5 ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო გამშვები პუნქტი – საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა, სადაც მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ხორციელდება ამ კოდექსით დადგენილი პროცედურები; მიუთითებს საბაჟო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, განმარტავს, რომ უსაფრთხოების კონტროლის ყოფნის დროს, არ გადაუკვეთია საბაჟო გამშვები პუნქტი ან რომელიმე განსაზღვრული ტერიტორია, რომელიც ეკუთვნოდა საბაჟო კონტროლის ზონას, შესაბამისად ეს არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც საბაჟო კონტროლის გვერდის ავლა ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით ფულის გადატანა. შესაბამისად შეფარდებული საბაჟო სანქცია, რომელიც ეყრდნობა საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილს არის გამოყენებული არამართლზომიერად.
როგორც აღმოჩნდა, აეროპორტის ტერიტორიაზე ერთადერთი საბაჟო კონტროლის ზონა არის ჩამოფრენის ტერმინალში, ბარგის მიღების ზონაში, სადაც მგზავრს ბარგის მიღების შემდეგ, გასასვლელად იძულებულია გაიაროს საბაჟო კონტროლის ზონის ან მწვანე დერეფნით, ან წითელი დერეფნით, სადაც უწევს დეკლარირება. გამგზავრების ტერმინალში მგზავრს არ უწევს საბაჟო კონტროლის ზონის გადაკვეთა, მითუმეტეს სავალდებულო მწვანე ან წითელი დერეფნით, შესაბამისად შეუძლებელია საბაჟო კონტროლის გვერდით გავლით ან მალულად რომელიმე ქმედების ჩადენა.
შეფარდებული საბაჟო სანქცია ასევე გამოწვეული იყო საბაჟო ოფიცრის მხრიდან საბაჟო კოდექსის 12-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევით, როდესაც ბარგის შემოწმების დროს უსაფრთხოების კონტროლის თანამშრომლებმა გამოიძახეს ოფიცერი, რომელსაც კითხა, თუ სად უნდა მომეხდინა თანხის დეკლარირება, ის იმის მაგივრად, რომ მიმართვის საფუძველზე გაეცა ინფორმაცია და დახმარებოდა კანონის შესაბამისად და მოეხდინა თანხის დეკლარირება, მიიყვანა საბაჟო კონტროლის ზონაში უკვე სამართალდამრღვევის როლში.
შეფარდებული საბაჟო სანქცია მიაჩნია არამართლზომიერად, რადგან ის შედგენილი იყო საბაჟო კოდექსის დარღვევით, კერძოდ:
ა) იყო დარღვეული საბაჟო კოდექსის მე-16 მუხლის, მე-10 ნაწილი, კერძოდ, ოფიცრებმა ვერ დაუსაბუთეს, რაზე დაყრდნობით ითვლება აეროპორტის უსაფრთხოების კონტროლის ზონა საბაჟო კონტროლის ზონად ან საბაჟო კონტროლის შემდგომ ზონად, სადაც დაუდეკლარირებელი თანხით ყოფნა შეიძლება ჩაითვალოს როგორც საბაჟო კონტროლის გვერდის ავლა ან მისგან მალულად ფულის გადატანა.
ბ) იყო დარღვეული საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის, მე-4 ნაწილი, კერძოდ, არცერთი შენიშვნა ან/და განმარტება არ იყო დართული და ასახული სამართალდარღვევის ოქმში, ასევე, ოქმში არ წერია, რომ ამ ყველაფერს, როგორ მოწმე, ესწრებოდა მეგობარი, ---- -----ვი, რაც უნდა ასახულიყო ოქმის მე-9 ველში და გარდა ამისა, ოქმში ადგილი აქვს შეცდომებს, კერძოდ, მე-4 ველში წერია რომ შემეფარდა საბაჟო სანქცია საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხოლო მე-6 ველში წერია რომ შემეფარდა სანქცია 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად.
გ) იყო დარღვეული საბაჟო კოდექსის 33-ე მუხლის, მე-6 ნაწილი, კერძოდ, იმის შემდეგ როდესაც დააფიქსირა პოზიცია, რომ არ ეთანხმება გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება მიმაჩნია არამართლზომიერად და აპირებდა გადაწყვეტილების გასაჩივრებას, რაც თავის მხრივ გულისხმობდა, რომ მთლიანად ან ნაწილობრივ უნდა შეჩერებულიყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულება (ჯარიმის გადახდა), ოფიცერმა აიძულა ჯარიმის გადახდა ადგილზე და მხოლოდ ამის შემდეგ მისცა უფლება დაეტოვებინა საბაჟო კონტროლის ზონა.
დ) რამდენიმეჯერ დარღვეული იყო საბაჟო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილი, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია პირის მიმართვის საფუძველზე გასცეს ინფორმაცია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის გამოყენების შესახებ. კერძოდ, როდესაც მიმართა საბაჟო ოფიცერს კითხვით, შეიძლება თუ არა რომ გათავისუფლდეს საბაჟო სანქციისგან რადგან როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, აპირებდა თანხის დეკლარირებას, და ეს გაუგებრობა მოხდა იმის გამო, რომ იცოდა, თუ კონკრეტულად სად უნდა მოეხდინა თანხის დეკლარირება, ოფიცერმა უთხრა, რომ შეუძლებელია, რომ პირი განთავისუფლებულ იყოს საბაჟო სანქციისგან, რითაც მიაწოდა არასწორი ინფორმაცია, რადგან, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის, მე-11 ნაწილის მიხედვით საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
როდესაც მიმართა ოფიცერს კითხვით, შეიძლება თუ არა შეეფარდოს საბაჟო სანქცია გაფრთხილების სახით, რადგან როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, აპირებდა თანხის დეკლარირებას, და ეს გაუგებრობა მოხდა იმის გამო, რომ არ იცოდა, თუ კონკრეტულად სად უნდა დაედეკლარირებინა თანხა, ოფიცერმა უთხრა, რომ შეუძლებელია პირს შეეფარდოს საბაჟო სანქცია გაფრთხილების სახით, რითაც მიაწოდა არასწორი ინფორმაცია, რადგან, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით საბაჟო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, ჯარიმის, საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით.
მიმართვაზე/კითხვებზე იმის შესახებ თუ არის, რაიმე სხვა გამოსავალი ამ სიტუაციიდან, რომელიც არ ითვალისწინებს ჯარიმას, საბაჟო ოფიცერი უმტკიცებდა, რომ იმისათვის რომ დატოვოს საბაჟო კონტროლის ზონა, ადგილზე უნდა გადაეხადა ჯარიმა 14 438 ლარის ოდენობით ან საბაჟო კონტროლის ზონაში დავტოვო მთლიანი თანხა 57,000$-ის ოდენობით, და არ არსებობს ნებისმიერი სხვა გამოსავალი, რითაც ფაქტიურად აწვდიდა არასწორ ინფორმაციას და არღვევდა საბაჟო კოდექსის მე-12 მუხლის პირველ ნაწილს.
შემოსავლების სამსახურმა არ დააკმაყოფილა საჩივარი, არ გაუციათ არგუმენტებზე და ფაქტებზე არც-ერთი პასუხი, მხოლოდ შაბლონური პასუხი მიიღეს. ითხოვს შესწავლილ იქნას საკითხი გულდასმით. ითხოვს საბაჟო დეპარტამენტის გადაწყვეტილების სრულად გაუქმებას, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას, გადახდილი თანხის სრულად უკან დაბრუნებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო დეკლარაცია არის დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით აცხადებს, რომ განზრახული აქვს საქონლის მიმართ შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოყენება, და რომელშიც საჭიროების შემთხვევაში დამატებით პირობას უთითებს.
ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქონელი არის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდი, ელექტროენერგია, თბოენერგია, გაზი, წყალი.
საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.
საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის:
ბ) ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეოდა აუდიოჩაწერა);
გ) დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია;
ე) დაათვალიეროს ფიზიკური პირი;
ი) განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.
საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით გადატანილი ან გადმოტანილი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა.
„საბაჟო ფორმალობის განხორციელებისთვის საჭირო სხვა ადგილების საბაჟო კონტროლის ზონად განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 12 თებერვლის №3386 ბრძანების მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით საბაჟო კონტროლის ზონა მოიცავს საერთაშორისო აეროპორტში – მოფრენისა და გაფრენის ზონას და სექტორს.
დადგენილია, რომ მომჩივნის და მისი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერებისას, მომჩივანს ხელბარგში აღმოაჩნდა დაუდეკლარირებელი თანხა 57 000 აშშ დოლარი, რამაც ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის მიხედვით შეადგინა 144 381 ლარი.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 14.06.2023 წლის №56577-21-10 წერილი, სადაც მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით განმარტებულია, რომ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით საბაჟო კონტროლის ზონა მოიცავს საერთაშორისო აეროპორტში – მოფრენისა და გაფრენის ზონას და სექტორს.
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საბაჟო ფორმალობების გავლა, მათ შორის ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციების შევსება მგზავრების მიერ ქვეყნის დატოვებისას შესაძლებელია აეროპორტის გაფრენის დარბაზის პირველ სართულზე. აგრეთვე, საავიაციო უსაფრთხოების და საპასპორტო კონტროლის განხორციელებამდე დამატებით ნათლად არის მინიშნებები ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. თავდაპირველად წითელი დერეფანი მოქალაქეს აფრთხილებს შემდეგი წარწერით: „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ საბაჟო ორგანოს“, აღნიშნულის შემდეგ ვიდრე კონკრეტულად საავიაციო უსაფრთხოების შემოწმებისთვის გათვალისწინებულ ზონაში შევა მგზავრი, გაივლის გასასვლელს სადაც მწვანე დერეფანზე დატანილია შემდეგი წარწერა: „არ ექვემდებარება დეკლარირებას“.
მიუხედავად აეროპორტში არსებული აღნიშვნებისა, მომჩივანს არ მიუმართავს საბაჟო ორგანოს თანამშრომლისთვის ფულის დეკლარირების მოთხოვნით და აგრეთვე საავიაციო უსაფრთხოების კონტროლის განხორციელებამდე არც საავიაციო უშიშროების თანამშრომლებთან განუცხადებია თანხის არსებობის შესახებ. შესაბამისად, მას შემდეგ რაც ------ ----------ს აღმოაჩნდა არადეკლარირებული თანხა, მის მიმართ კანონმდებლობის დაცვით განხორციელდა საბაჟო კონტროლის ღონისძიებები.
საბაჟო დეპარტამენტის №11187 ბრძანებით კი ფიზიკური პირი ------ ----------ის (პ/ნ ---------) მიმართ 10.04.2023 წელს შედგენილ №EL205803 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში გასწორდა შეცდომა და მე-4 გრაფაში მითითებული „საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილი“ შეიცვალა „საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით“.
საბჭო იზიარებს საბაჟო დეპარტამენტის პოზიციას სადავო საკითხზე და აღნიშნავს, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით ნაღდი ფულის შემოტანა არ იბეგრება, თუმცა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით იგი ექვემდებარება სავალდებულო დეკლარირებას, რაც მოცემულ საქმეში მომჩივნის მხრიდან არ შესრულებულა.
აღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს მომჩივნის არგუმენტაციის გათვალიწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის გადატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით.
ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გადატანის ფაქტზე, მომჩივანს, №EL205803 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა .
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №11680 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ორივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6);
ასევე საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 5; ; 6(1 „ზ“ „ჟ“ „ჰ5“); 12(1); 16(10); 27(1); 29(2); 33(6); 73(1 „ა“); 163(1); 164(4); 169(3);
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) (2 ,15 „დ“ );
„საბაჟო ფორმალობის განხორციელებისთვის საჭირო სხვა ადგილების საბაჟო კონტროლის ზონად განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 12 თებერვლის №3386 ბრძანების (2 „ა“ );