ბრძანება N 95

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.01.2026
№ დოკუმენტი 95
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 95

09 იანვარი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“ (ს/ნ -----) (მის : ----- )

2025 წლის 10 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი N 105) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ ----- ) N 198102/21 საჩივარი, რომელიც ეხება 2025 წლის 28 ნოემბრის N ----- საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემის (სეს ესნ კოდი) სისწორეს, დარიცხულ დღგ-ის და N ----- შეტყობინებას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ პროდუქცია ----- საბაჟო დეპარტამენტმა N C ----- საქონლის საბაჟო დეკლარაციაში განახორციელა სასაქონლო კოდის ცვლილება და იმპორტისას საქონელი დაიბეგრა დღგ-ით.

მომჩივანი მიუთითებს, რომ 2013 წელს შემოიტანა საქონელი -----, რომელიც დეკლარირებული იყო 3004901900 სასაქონლო კოდით და რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად გათავისუფლებულია დაბეგვრისგან. მისივე განმარტებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, აღნიშნული პრეპარატი გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელებისგან, რაც არ გაითვალისწინა საბაჟო დეპარტამენტმა და საქონლის სეს ესნ კოდად მიუთითა 33079000000. მომჩივნის მოსაზრებით ამ საქონლისთვის სწორი სეს ესნ არის 3004901900 და არა 33079000000.

საჩივრის ავტორიტორი ასევე მიუთითებს, რომ ----- 2018 წელს შეეცვალა სახელი და ეწოდა -----; 2018 წელს შეეცვალა სახელი და ეწოდა -----,;

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი N ----- შეტყობინება, ცვლილება განხორციელდეს N C ----- 28.11.2025 საბაჟო დეკლარაციაში და საქონლის სეს ესნ კოდად განისაზღვროს 3004901900.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 28 ნოემბერს შპს „-----“ (ს/ნ ----- ) მიერ შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადებისა N ID: ----- და დოკუმენტების საფუძველზე, ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“-ის მიერ შევსებულ იქნა N ----- საქონლის საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცეულ იქნა საქონელი ----- (----- საერთო საბაჟო ღირებულება 27 421.29 ლარი).

საქონელი არის ჰიპერტონული ზღვის წყალი, რომელიც ბუნებრივად მდიდარია მინერალური მარილებით და მიკროელემენტებით. დამზადებულია ოკეანიდან ამოტუმბული დისტილირებული (გაფილტრული) ზღვის წყლით, დაფასოებულია სპრეის და წვეთების სახით.

საბაჟო დეკლარაციის შევსებისას საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შეიცვალა თანმხლებ დოკუმენტებში მითითებული სეს ესნ-ის კოდი, კერძოდ, საქონელს (----- – 4 400 ერთეული) ნაცვლად თანმხლებ დოკუმენტებში მითითებული 3004 90 990 სასაქონლო კოდისა, განესაზღვრა 3307 90 000 00 სასაქონლო კოდი.

ვინაიდან 3307 სასაქონლო პოზიციაში შემავალი საქონელი არ თავისუფლდება დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან, ხსენებული საქონლის იმპორტი დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 34-ე მუხლი ადგენს, რომ ვაჭრობაში დამცავი ღონისძიება გულისხმობს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრინციპებისა და ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემოღებულ ღონისძიებას.

ამავე კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. მე-2 ნაწილში მითითებულია, რომ სეს ესნ არის სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც შეესაბამება „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურას და დეტალიზებულია თერთმეტი ნიშნით, ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით.

ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ადგენს, რომ საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი. ამასთან, საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს.

საქონლის კლასიფიცირება ხორციელდება საერთაშორისო ჰარმონიზებული სისტემის (HS-ის) შესაბამისად, რომელიც შექმნილია საბაჟო ტარიფების, სავაჭრო სტატისტიკისა და ვაჭრობასთან დაკავშირებული კლასიფიკაციის ერთიანი მიდგომებისთვის. ის უზრუნველყოფს პროდუქციის კატეგორიზაციისა და მათი სატარიფო განაკვეთების განსაზღვრის სისტემატურ მეთოდს. ჰარმონიზებული სისტემის ინტერპრეტაცია რეგულირდება წესების ნაკრებით, რომელიც ცნობილია როგორც ინტერპრეტაციის ძირითადი წესები.

საქართველოს მხარის მიერ აღნიშნული წესები დამტკიცებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის N 21 ბრძანებით.

„საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის N 21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მე-3 მუხლით დადგენილია საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესები. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურაში (სეს ესნ) საქონლის კლასიფიკაცია ხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირველი წესი მიუთითებს, რომ კარების, ჯგუფებისა და ქვეჯგუფების სახელწოდებები მოცემულია მხოლოდ ინფორმაციის ძიების გასაადვილებლად. იურიდიული მიზნებისთვის, საქონლის კლასიფიკაცია სეს ესნ-ში ხორციელდება სასაქონლო პოზიციების ტექსტების, აგრეთვე კარებისა და ჯგუფების შესაბამისი შენიშვნების მიხედვით და, თუ ასეთი ტექსტებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომდევნო წესების დებულებების შესაბამისად.

სეს ესნ-ის 30-ე ჯგუფის შენიშვნების პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, მოცემულ ჯგუფში არ ჩაირთვება:

წყლის დისტილატები ან ეთერზეთების წყალხსნარები, განკუთვნილი სამედიცინო მიზნებისათვის (სასაქონლო პოზიცია 3301);

3303–3307 სასაქონლო პოზიციების პრეპარატები, მათ შორის, თერაპევტული ან პროფილაქტიკური თვისებების მქონე.

გამომდინარე აქედან, წყლის დისტილატები მაშინაც კი არ კლასიფიცირდება 30-ე ჯგუფში, თუ მათ აქვთ თერაპიული ან პროფილაქტიკური თვისებები და კლასიფიცირდება 33-ე ჯგუფში (Aqueous distillates or aqueous solutions of essential oils and preparations of headings 33.03 to 33.07, even if they have therapeutic or prophylactic properties (Chapter 33)).

საქართველო, როგორც „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ხელშემკვრელი მხარე, ხელმძღვანელობს დასახელებული კონვენციის ფარგლებში მოქმედი მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ჰარმონიზებული სისტემის ტექნიკური კომიტეტის გადაწყვეტილებებით. მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია წარმოადგენს უმაღლეს კომპეტენტურ ორგანოს საქონლის სეს ეს-ის შესაბამისად კლასიფიკაციისთვის სასაქონლო კოდის განსაზღვრის საკითხში. მათ მიერ კენჭისყრის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების ერთობლიობა წარმოადგენს ორგანიზაციის კომპენდიუმს. კომპენდიუმში შესული ერთ - ერთი გადაწყვეტილების თანახმად, ზღვის წყლის ნაზალური სპრეი (----- ანალოგი) კლასიფიცირებულია 3307 სასაქონლო კოდში. კომპენდიუმში შესული გადაწყვეტილება სავალდებულოდ შესასრულებელია ხელშემკვრელი მხარეებისთვის. შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ორგანო, როგორც კონვენციის ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია საქონლის კლასიფიკაცია მოახდინოს მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) შესაბამისი გადაწყვეტილებით.

მომჩივნის არგუმენტზე საქონლის 3004 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქონელი წარმოადგენს ჰიპერტონულ ზღვის წყალს, რომელიც ბუნებრივად მდიდარია მინერალური მარილებით და მიკროელემენტებით, დამზადებულია ოკეანიდან ამოტუმბული დისტილირებული (გაფილტრული) ზღვის წყლით, დაფასოებულია სპრეის და წვეთების სახით.

3004 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირდება სამკურნალო და თერაპიული საშუალებები, როგორიცაა პენიცილინების ან მათი წარმოებულების შემცველი, პენიცილინის მჟავის სტრუქტურით, სტრეპტომიცინის ან მათი წარმოებულების პროდუქტები ან სხვა ანტიბიოტიკების შემცველი პროდუქტები, ჰორმონების შემცველი და ინსულინის შემცველი. ასევე, ამ პოზიციაში მოიაზრება ისეთი საქონელი როგორიცაა გარკვეული დაავადებისთვის (მაგ.: ალკოჰოლიზმი, დიაბეტი, კომა და ა.შ.) პირდაპირ სამკურნალოდ გამოყენებისთვის განკუთვნილი აბები, კაფსულები, წვეთები ან პასტილები, მედიკამენტები ტრანსდერმული შეყვანის სისტემების სახით, ან მცირე რაოდენობით ფხვნილი, რომელიც მზადაა ერთჯერადად დოზირებისთვის. 3001 სასაქონლო პოზიციაში კი კლასიფიცირდება ჯირკვლები და ცხოველური წარმოშობის სხვა ორგანოები თერაპიული გამოყებენისთვის. მაგალითად, ზურგის ტვინი, ღვიძლი, თირკმელები, ელენთა, პანკრეასი, სარძევე ჯირკვლები, საკვერცხეები, გველის ან ფუტკრის შხამი, წითელი ძვლის ტვინი, ჰეპარინი და მისი მარილები და მსგავსი ტიპის საქონელი.

ამდენად, საქონლის დეკლარირება სეს ესნ-ის 3307 90 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში და შესაბამისად, ხსენებული საქონლის იმპორტისას დამატებული ღირებულების გადასახდელის დარიცხვა მართლზომიერია.

2025 წლის 28 ნოემბრის N ----- შეტყობინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ინფორმაციული ხასიათის მქონე წერილს, რომლითაც დეკლარანტს წერილობით ეცნობება კონკრეტული საბაჟო დეკლარაციით დარიცხული/გადასახდელი იმპორტის გადასახდელის და/ან მომსახურების საფასურის ოდენობა და მისი გადახდის ბოლო ვადა.

რაც შეეხება მომჩივნის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აპელირებას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნულ დავაში შემოსავლების სამსახურის მსჯელობის მთავარ საგანს წარმოადგენდა არა სეს ესნ კოდი, არამედ მისი დაბეგვრის საკითხი პროდუქტის ფარმაცევტულ პროდუქციად განხილვის ჭრილში, ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამის პერიოდში მოქმედი 168-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-სგან გათავისუფლებულ იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო (ფარმაცევტული) მიზნებისათვის განკუთვნილი საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებით გათვალისწინებული წარმოდგენილი ნედლეულისა და სუბსტანციების, 30-ე ჯგუფით გათვალისწინებული ფარმაცევტული პროდუქციის (გარდა საღეჭი რეზინისა), მათ შორის, ვაქცინების, მიწოდება ან/და იმპორტი. ამდენად, სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენდა განეკუთვნებოდა თუ არა პროდუქტი ფარმაცევტულ პროდუქციას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ N ----- (28.11.2025) საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემი (სეს ესნ კოდი), დარიცხული დღგ და N ----- 28.11.2025 შეტყობინება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების განხორციელებას და შეტყობინების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „eGez“-ის მიერ შევსებულ იქნა საქონლის საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცეულ იქნა საქონელი, რა დროსაც საბაჟო დეკლარაციის შევსებისას საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მოხდა თანმხლებ დოკუმენტებში მითითებული სეს ესნ-ის კოდის შეცვლა. აღნიშნული საქონლის იმპორტი დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით.

 

გადაწყვეტილება:

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემი (სეს ესნ კოდი), დარიცხული დღგ და შეტყობინება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 35;.