გადაწყვეტილება №24638/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.03.2025
№ დოკუმენტი 24638/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24638/2/2025

19 მარტი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------“ 22.01.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24638/2/2025).

 

დავის საგანი:

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2024 წლის №082-4 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 22.01.2025 წლის №474 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 18 852,23 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 8 768

ჯარიმა - 4 365

საურავი - 5 719,23

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სატრანსპორტო მომსახურების გაწევა. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 17.08.2010 წელს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 6.09.2017 წელს.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმება -------, -------, --------, --------- ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე 2021 წლის აპრილის, ივლისის და 2023 წლის სექტემბრის პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში მიღებული ჩათვლის სისწორის დადგენის მიზნით.

შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 17.12.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის თანახმადაც გადამხდელს უფიქსირდებოდა ჩათვლაზე წარდგენილი და 2021 წლის ივლისის თვის და 2023 წლის სექტემბრის დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით საბოლოო ანგარიშ-ფაქტურებით (------- და -------) გაუნაშთავი ავანსის (-------- და --------) ანგარიშ-ფაქტურები. შესაბამისად გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა (18 014 ლარი) და შემოწმებით დადგენილ (9 245 ლარი) დღგ-ის ჩასათვლელ თანხებს შორის სხვაობა განისაზღვრა 8 768 ლარის ოდენობით, აღნიშნულიდან გამომდინარე საწარმოს შესაბამის პერიოდებში შეუმცირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა. საზოგადოებას დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

შემოწმების აქტის საფუძველზე 24.12.2024 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №27045 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა 25.12.2024 წლის №082-4 საგადასახადო მოთხოვნა, აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 22.01.2025 წლის №474 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ 2021 წლის ივლისის თვის დღგ-ის დეკლარაციაში, ჩათვლილი იყო (ფაქტურა --------) 8721.23 ლარი დღგ, აღნიშნული დღგ ასევე ჩათვლილი იყო 2021 წლის აპრილის თვეში ავანსის ფაქტურით (ფაქტურა --------) და 2021 წლის სექტემბრის თვეში შეცდომით მოხდა დღგ-ის განმეორებით ჩათვლა, ნაცვლად ავანსის ფაქტურასთან დაწყვილებისა. იგივე შეცდომაა დაშვებული 2023 წლის სექტემბრის თვეში 47,78 ლარის დღგ-ზე (ფაქტურა ---------), რომელიც უკვე ჩათვლილი იყო როგორც ავანსის დღგ (ფაქტურა ---------) არასწორად მიღებული დღგ-ის ჩათვლის მიზეზი არის მხოლოდ მექანიკური შეცდომა და კომპანიის მხრიდან ადგილი არ ჰქონია გადასახადებისგან თავის არიდებას. კომპანია აცნობიერებს, რომ მსგავსი ხარვეზი შემოსავლების სამსახურის მხრიდან მარტივი აღმოსაჩენია და ვერ დაიმალება.

ბოლო ერთი წელი კომპანიას ფაქტიურად არ აქვს შემოსავალი და მიუხედავად იმისა, რომ აცნობიერებენ არასწორად ჩათვლილი დღგ გადასახდელი აქვთ, მათთვის მტკივნეულია ამ დღგ-ის გადახდა მიმდინარე პერიოდში. 2021 წელში კომპანია იყო აქტიური და იმ პერიოდში აღნიშნული დღგ-ის გადახდა არ გაუჭირდებოდა, მაგრამ ახლა, კომპანიისთვის მძიმე ტვირთია. მომჩივანი ითხოვს კომპანიის მდგომარეობის გათვალისწინებას და დაშვებული შეცდომებით გამოწვეული სანქციებისგან კომპანიის გათავისუფლებას, ხოლო გადასახადზე საგადასახადო გრაფიკის გაფორმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

მომჩივანი არ დავობს დარიცხვის მართლზომიერებაზე, არ უარყოფს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, მაგრამ მიაჩნია, რომ აღნიშნული გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით, რასაც საბჭო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან გადამხდელის არგუმენტი, რომ შეცდომა გამოწვეული იყო ადამიანური ფაქტორით, არ წარმოადგენს კომპანიისთვის საპატიო გარემოებას საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების არაჯეროვნად შესრულებისთვის.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე საფუძვლიანი არგუმენტი იმის დასადასტურებლად, რომ სამართალდარღვევა გამოწვეული იყო მისი შეცდომით/არცოდნით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სატრანსპორტო მომსახურების გაწევა.

შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ 2021 წლის ივლისის თვის დღგ-ის დეკლარაციაში, ჩათვლილი იყო ფაქტურა, აღნიშნული დღგ ასევე ჩათვლილი იყო 2021 წლის აპრილის თვეში ავანსის ფაქტურით და 2021 წლის სექტემბრის თვეში შეცდომით მოხდა დღგ-ის განმეორებით ჩათვლა, ნაცვლად ავანსის ფაქტურასთან დაწყვილებისა. იგივე შეცდომაა დაშვებული 2023 წლის სექტემბრის თვეში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 272(1);275(2)