გადაწყვეტილება №27758/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27758/2/2026
24 აგვისტო 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 9.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27758/2/2026).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 3.04.2026 წლის №7777 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 8.06.2026 წლის №001-119 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 19.06.2026წლის №13525 ბრძანება
დარიცხული თანხა: 165 414,09 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 80 733,55
დღგ - 50 096,78
მოგების გადასახადი - 30 636,77
ჯარიმა - 40 191,41
საურავი - 44 489,13
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელს 4 ფართი რეალიზებული აქვს ურთიერთდამოკიდებულ პირებზე, კერძოდ, დამფუძნებლებზე, მათი ოჯახის წევრებსა და თანამშრომელზე. აღნიშნულ პირებთან მიმართებაში გაანალიზდა ხელშეკრულებით დაფიქსირებული ფასები, შედეგად დადგინდა, რომ სამ პირთან მიმართებაში ხელშეკრულების ფასი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა საბაზრო ფასისგან, ხოლო ერთ პირზე განსხვავდებოდა უმნიშვნელოდ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სამი ფართის რეალიზაციის თანხა განისაზღვრა საბაზრო ფასით. ამასთან, საბაზრო ფასსა და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ღირებულებას შორის სხვაობით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შედეგად, საგადასახადო კოდექსის მე-18, მე-19, 981 , 97-ე, 159-ე, 163-ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2025 წლის №001-318 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 3.04.2026 წლის №7777 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 11.06.2026 წლის №27175/2/2026 გადაწყვეტილებით ფართების ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდების საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს შპს „-------“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
შემოსავლების სამსახურის 3.04.2026 წლის №7777 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 5.06.2026 წელს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შპს „-------“ (ს/ნ -------) შეუმცირდა დარიცხული თანხები სულ 41 252 ლარით, მათ შორის, გადასახადი 27 500 ლარით და ჯარიმა 13 752 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 8.06.2026 წლის №001-119 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 19.06.2026 წლის №13525 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის 3.04.2026 წლის №7777 ბრძანებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული ფართების საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს შპს „-------“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და აღნიშნული დასკვნის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მკაფიოდ დაევალა აუდიტის დეპარტამენტს „მრავლობით“ ფორმაში - „პირებზე“ – „ფართების“. რაც ცალსახად განსაზღვრავს, რომ სამივე სადავო ფართზე დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შპს „-------“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის შესწავლა. წარდგენილი ხელშეკრულებაც მოიცავდა სამივე ფართის შეფასების ვალდებულებას.
შემოსავლების სამსახურის დაბების განხილვის საბჭოს 2026 წლის 3 აპრილის N 7777 ბრძანებაში (გადაწყვეტილებაში) არსად წერია, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული ბინების სადავო საბაზრო ფასის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ასევე არსად არის მინიშნებული, რომ საჩივარი დაკმაყოფილდა მხოლოდ კომერციული ფართის სადავო საბაზრო ფასის ნაწილში.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ შეფასებული საცხოვრებელი ბინების საბაზრო ფასი არ შეესაბამება რეალობას, გაზრდილია არსებითად. 1 ბინის თანხა მიღებულია სრულად, წინასწარ, მშენებლობის საწყის ეტაპზე, ხოლო მეორე ბინის ნაწილი მიღებულია ასევე მშენებლობის საწყის ეტაპზე. რეალიზაციის პერიოდი ემთხვევა კოვიდ პანდემიის პირველ წელს, როდესაც მსოფლიოში იყო გაურკვევლობა, შეფერხებული იყო ეკონომიკური აქტივობა, სარისკო იყო დაწყებული მშენებლობის დასრულების საკითხი. აუდიტის დეპარტამენტის მიერ საბაზრო ფასის გამოყენების დროს არჩეული შესადარისი ბინები არაა სწორად შერჩეული, არსებითად განსხვავდება თანხის მიღების პერიოდები, თითქმის 2 წლით ადრე აქვთ ურთიერთდამოკიდებულ პირებს თანხა გადახდილი. შეუსაბამოა ბინების ფართები (კვადრატულობა), სართული და ხედი.
წარმოუდგენელია, რომ შემოსავლების სამსახურის დაბების განხილვის საბჭოს ერთსა იმავე სადავო საკითხზე მიეღო განსხვავებული გადაწყვეტილება, თუ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა კომერციული ფართის საბაზრო ფასის შესწავლა, რით განსხვავდებოდა ორი ბინა? სამივე ფართის შემთხვევაში სადავოა საბაზრო ფასი, არ არსებობს კომერციულ ფართსა და ბინებს შორის სადავო საბაზრო ფასის პრინციპზე განსხვავება.
შპს „-------“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა წარდგენილია აუდიტის დეპარტამენტში (ასევე თან ერთვის საჩივარს), რომელითაც დადგენილია საბაზრო ფასი სადავოდ დარჩენილ ორ ბინაზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 3.04.2026 წლის №7777 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული ფართების საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს შპს „-------“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და აღნიშნული დასკვნის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 3.04.2026 წლის №7777 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 5.06.2026 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, საიდანაც დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილია შპს „-------“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, სადაც შესაფასებელი კომერციული ფართის ღირებულება განსაზღვრულია 2020 და 2021 წლების მდგომარეობით და დადგენილია 134 000 აშშ დოლარის ოდენობით. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, 33 200 აშშ დოლარით შემცირდა შემოწმებით დადგენილი კომერციული ფართის საბაზრო ღირებულება, ხოლო ნასყიდობის დღეს არსებული ეროვნული ვალუტის კურსის მიხედვით სხვაობამ შეადგინა 91 031 ლარი. აღნიშნულმა გამოიწვია დღგ-ით და მოგების გადასახადით დასაბეგრი მონაცემები შემცირება 77 145 ლარით (91 031/1,18). შედეგად, პირს შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადები და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭომ იმსჯელა შემოსავლების სამსახურის 3.04.2026 წლის №7777 ბრძანებაზე და 11.06.2026 წლის №27175/2/2026 გადაწყვეტილებით, ფართების ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდების საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს შპს „-------“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ, შემოსავლების სამსახურის 3.04.2026 წლის №7777 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
შემოსავლების სამსახურის 3.04.2026 წლის №7777 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელს 4 ფართი რეალიზებული აქვს ურთიერთდამოკიდებულ პირებზე, კერძოდ, დამფუძნებლებზე, მათი ოჯახის წევრებსა და თანამშრომელზე. აღნიშნულ პირებთან მიმართებაში გაანალიზდა ხელშეკრულებით დაფიქსირებული ფასები, შედეგად დადგინდა, რომ სამ პირთან მიმართებაში ხელშეკრულების ფასი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა საბაზრო ფასისგან, ხოლო ერთ პირზე განსხვავდებოდა უმნიშვნელოდ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სამი ფართის რეალიზაციის თანხა განისაზღვრა საბაზრო ფასით. ამასთან, საბაზრო ფასსა და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ღირებულებას შორის სხვაობით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შედეგად, პირს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ, შემოსავლების სამსახურის 3.04.2026 წლის №7777 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)