გადაწყვეტილება №20058/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 20058/2/2023
27 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------ის 24.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20058/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 18.05.2022 წლის №12409 ბრძანების აღსრულების შედეგები. გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №056-63 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 ივნისის №12673 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 173 850.15 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 90 790
დღგ - 25 685
საშემოსავლო გადასახადი - 65 105
ჯარიმა - 43 031
საურავი - 40 029.15
ფაქტების აღწერა
მომჩივნის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა საოჯახო ტექნიკით.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 26 აპრილის N12579 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 14 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
1. შემოწმებით დგინდება, რომ მომჩივანს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტერია აღრიცხვის პრინციპების შესაბამისად. შიდა აღრიცხვის მასალები არ არსებობს, რომლის საფუძველზეც განისაზღვრებოდა თითოეული საქონლის ჩამოწერა, გადასახადის გადამხდელის შემოსავლების განსაზღვრისათვის
გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. ვინაიდან, მომჩივნის მიერ არ არის გამოწერილი არსებითი რაოდენობის საგადასახადო დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრებოდა პირის ფასნამატი, შემოწმებით გამოყენებული იქნა მსგავსი საქმიანობის მწარმოებელი გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი. განხორციელებული შეძენების და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბოლოო ნაშთის მიხედვით მიღებული შემოსავლები განაწილდა შესაბამის პერიოდებში და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის დებიტორკრედიტორების ნაშთები, ფულის მოძრაობა ყველა საბანკო ამონაწერში, ფულადი სახსრების გადატანა და შეტანა სალაროს პასუხისმგებელი პირის მიერ ბანკიდან სალაროში და სალაროდან ბანკში, პირის მიერ გაწეული ხარჯების მიხედვით ასევე განისაზღვრა სალაროდან გასაწევი ხარჯი, შემოსავლები და მიღებული ფულის ოდენობა. შემოწმებით დადგენილი სალაროს ნაშთის შესაბამისი თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად ყოველი წლის ბოლოს და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ასევე დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 20 დეკემბრის №39408 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 21 დეკემბრის №056-82 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 18.05.2022 წლის №12409 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 მაისის №12409 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 7 დეკემბრის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 103 404 ლარი, მათ შორის: გადასახადი 69 070 ლარი, ჯარიმა 34 334 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 29 დეკემბრის №056-63 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12673 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მიხედვით, შემოსავლების სამსახური ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აღნიშნული პრინციპების დარღვევით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ საჩივარი განიხილა მათი თანდასწრების გარეშე, მხედველობაში მიღებულ იქნა მხოლოდ აუდიტორის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, შესაბამისად გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საკითხის სრულყოფილი შესწავლის გარეშე.
შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მოხდა სალაროში არსებული ნაღდი ფულის ოდენობის განსაზღვრა და ფულის ფაქტობრივ ნაშთთან სხვაობა დაიბეგრა ხელფასის სახით განაცემად. არ ეთანხმება შემოწმებით მიღებულ შედეგს, ვინაიდან ადგილი ქონდა მთელ რიგ შეუსაბამობებს. გადაანგარიშების პროცესში მის მიერ წარდგენილ იქნა არგუმენტები, რომელთა უმრავლესობა დასკვნით გათვალისწინებულია, თუმცა შემოწმების მიერ გადაანგარიშებისას, დასაბეგრი ხელფასის ოდენობის განსაზღვრისას ხარჯების ნაწილში არ იქნა გათვალისწინებული განვადებით რეალიზებული საქონლის საკომისიო (საუბარია არაპირდაპირი მეთოდით დათვლილ ფულის მოძრაობაზე).
უფრო კონკრეტულად, შემოწმების მიერ გათვალისწინებული არ არის განვადებით რეალიზებული პროდუქციის საკომისიო, რაც ამცირებს შესამოწმებელ პერიოდში არაპირდაპირი მეთოდით დათვლილ გასულ ფულად სახსრებს. შესამოწმებელ პერიოდში მხოლოდ აღნიშნულ ნაწილში არსებული საკომისიო თანხები შეადგენდა 161 776 ლარს. აქედან სს კრისტალში გაცემული განვადების საკომისიო შეადგენს 51 922 ლარს, ხოლო სს კრედოში 109 854 ლარს. აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად, გადაანგარიშების პროცესში მის მიერ წარდგენილ იქნა სს ---------- და სს ----------- განვადებით რეალიზაციის ამონაწერები. საიდანაც გარკვევით ჩანს რეალიზაციის თანხის ოდენობა, განვადების საკომისიოს ოდენობა, რომელიც დარჩა სესხის გამცემ ორგანიზაციაში და თანხის ოდენობა, რომელიც ჩაირიცხა მის საბანკო ანგარიშებზე.
მიუხედავად წარდგენილი ინფორმაციისა, დასკვნის მიხედვით მოცემული საკითხი არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას. დასკვნაში, შემმოწმებელს აღნიშნული საკითხის გაუთვალისწინებლობის მიზეზად მოჰყავს არგუმენტი, რომ მათ შემოწმების მიმდინარეობის პროცესში არ ითანამშრომლეს და არ განუმარტეს პროდუქციის განვადებით რეალიზაციის შესახებ, რის გამოც განვადებით რეალიზაციის ფაქტი დარჩა უცნობი და არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლების დადგენის დროს გამოიყენა ისეთი მესამე პირის აუდირებული ფასნამატი, რომელსაც არ გააჩნდა განვადებით რეალიზაციები. შემმოწმებლის აღნიშნულ შეფასებას არ დაეთანხმა შემდეგი გარემოებების გამო: შემოწმების მიმდინარეობისას მის მიერ შემოწმებისთვის მიწოდებულ იქნა საბანკო ამონაწერები, სადაც გარკვევით ჩანდა ინფორმაცია განვადებით რეალიზებული საქონლის შესახებ და შესაბამისი შემოსავლების ოდენობა. აღნიშნულმა შემოსავლებმა შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა 3 მილიონ ლარზე მეტი.
აქვე აღსანიშნავია რომ მომჩივნის ეკონომიკური საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა საოჯახო ტექნიკით, შესაბამისად აღნიშნული საქმიანობის განმახორციელებელი პირების აბსოლუტური უმრავლესობისთვის რეალიზაციაში, მნიშვნელოვანი წილი უჭირავს განვადებით გაყიდვებს. მოცემული ფაქტებიდან გამომდინარე, გაურკვეველია თუ როგორ დარჩა შემოწმების მიმდინარეობისას განვადებით რეალიზაციის ფაქტი უცნობი. შესაბამისად, განვადებით საქონლის რეალიზაციის ფაქტი ვერ ჩაითვლება ახლად აღმოჩენილ გარემოებად. გარდა ამისა, დასკვნაში აღნიშნულია რომ „შემოწმების დროს ფულის მოძრაობის ანალიზისას საკომისიოს თანხა გათვალისწინებულ იქნა საზოგადოების შემოსავლებსა და ხარჯებში (დაკლებულია მიღებული ფულის გაანგარიშებისას).“ რეალურად, შემოწმების მიერ ფულის მოძრაობის ანგარიშში, შემოსავლების ნაწილი დათვლილია მესამე პირის ფასნამატის გათვალისწინებით, ამიტომ დასკვნაში მოყვანილი მსჯელობა რომ თითქოს განვადების საკომისიოები დაკლებულია მიღებული ფულის ნაწილში, არის მცდარი. აღნიშნული ფაქტი თვალნათლივ ჩანს შემოწმების მიერ მათთვის მოწოდებული გაანგარიშებებიდან, სადაც შემოსულ ფულად მიჩნეულია შემოწმების მიერ დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების ჯამი (დღგ-ს ჩათვლით). აღნიშნული მცირდება სხვადასხვა სახის ხარჯებით (შესამოწმებელ პერიოდში). სწორედ ამ ხარჯებში არ არის გათვალისწინებული მის მიერ ნახსენები განვადების საკომისიოს თანხები. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ განვადებით რეალიზაცია ხორციელდებოდა სს კრედოში და სს კრისტალში. განვადების საკომისიო შეადგენდა 5%-ს. კომპანიის ანგარიშებზე ხდებოდა რეალიზებული თანხების ჩარიცხვა, საკომისიოს გამოკლებით. შესაბამისად, საკომისიოს თანხები არ მოხვედრილა კომპანიის საბანკო ანგარიშზე და ვერ მოხდებოდა მისი განკარგვა კომპანიის მიერ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია საკომისიოს თანხების ხელფასის სახით გაცემულ თანხად კვალიფიკაცია.
მოითხოვს, გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 ივნისის №12673 ბრძანება, 2022 წლის 29 დეკემბრის N056-63 მოთხოვნა და დაკორექტირდეს 2022 წლის 7 დეკემბრის დასკვნა, მომჩივნის საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შესახებ.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საქმეზე წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის 13.09.2023 წლის №---------- წერილი, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ გადამხდელმა წარადგინა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, კერძოდ წარადგინა საბანკო ამონაწერები სადაც ხდებოდა განვადებით რეალიზებული საქონლის საკომისიოს გადარიცხვები, საგულისხმოა, რომ გადამხდელმა შემოწმებასთან არ ითანამშრომლა. შესაბამისად, შემოწმების ეტაპზე არ იყო წარდგენილი ინფორმაცია პროდუქტის განვადებით რეალიზაციასთან დაკავშირებით და ასევე შესაბამისი საბანკო ამონაწერები. ამასთან, უცნობი იყო განვადებით რეალიზაციის შესახებ. შემოწმებამ იხელმძღვანელა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის ფასნამატით, რომელსაც არ უფიქსირდებოდა განვადებით რეალიზაცია. გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელმა უარი განაცხადა რეალიზებული ფასნამატის გაშიფვრაზე, დაეთანხმა საგადასახადო აქტით მიერ განსაზღვრულ ფასნამატს და მოითხოვა გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული განვადების საკომისიოების გამოქვითვა ხარჯებიდან, რაც შემოწმების შეფასებით არ ექვემდებარება გათვალისწინებას, რადგან შემოწმების მიერ გავრცელებული აუდირებული ფასნამატი წარმოადგენს კომპანიის ფასნამატს რომელსაც არ უფიქსირდება განვადებით რეალიზაცია. აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული საგადასახადო შემოწმებების მიერ განვადებით და განვადების გარეშე რეალიზებული საქონლის დადგენილი ფასნამატები განსხვავდება ერთმანეთისგან, განვადებით რეალიზებული საქონლის ფასნამატი აღემატება განვადების გარეშე რეალიზებულის ფასნამატს. შპს ----------შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია კონკრეტულად რომელი საქონლის რეალიზება განხორციელდა განვადებით. გადამხდელის განმარტებით განვადების საკომისიო შეადგენს 5%-ს.
შემოწმების შედეგად, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, განვადების საკომისიოს ოდენობით უნდა გაიზარდოს განვადებით რეალიზებული საქონლის ფასნამატი (თუმცა რეალურად გადამხდელის მიერ ვერ ხდება განვადებით რეალიზებული საქონლის სახეობის და რაოდენობის დადგენა) და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც იწვევს დღგ-ის გადასახადში დამატებით საგადასახადო ვალდებულებას. ფულადი სახსრების გადაანგარიშების დროს გაიზრდება განკარგვადი ფულადი სახსრები 5%-ით და ხარჯი გაიზრდება 5%-ით რის მიხედვითაც სხვაობა რჩება უცვლელი.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით ასევე დგინდება შემდეგი:
გადაანგარიშებით გადამხდელის მიერ საჩივარში დასმული საკითხი სასაქონლო ზედნადებებთან დაკავშირებით გათვალისწინებულ იქნა სრულად. აღებული ბიზნეს სესხის ნაწილში გამოქვითვას დაექვემდებარა საბანკო ამონაწერში დაფიქსირებული გადახდილი საპროცენტო ხარჯები და საკომისიოები. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.
გადამხდელმა გადაანგარიშების ეტაპზე წარადგინა კრედიტორებთან დამოწმებული ურთიერთშედარების აქტები. შესაბამისად, კორექტირება განიცადა საწყის-საბოლოო კრედიტორული დავალიანების ნაშთებმა, რამაც გამოიწვია საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 18.05.2022 წლის №12409 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 18.05.2022 წლის №12409 ბრძანების აღსრულების შედეგები
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა საოჯახო ტექნიკით.გადამხდელმა წარადგინა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, კერძოდ წარადგინა საბანკო ამონაწერები, სადაც ხდებოდა განვადებით რეალიზებული საქონლის საკომისიოს გადარიცხვები. საგულისხმოა, რომ გადამხდელმა შემოწმებასთან არ ითანამშრომლა. შესაბამისად, შემოწმების ეტაპზე არ იყო წარდგენილი ინფორმაცია პროდუქტის განვადებით რეალიზაციასთან დაკავშირებით და ასევე შესაბამისი საბანკო ამონაწერები. ამასთან, უცნობი იყო განვადებით რეალიზაციის შესახებ. შემოწმებამ იხელმძღვანელა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის ფასნამატით, რომელსაც არ უფიქსირდებოდა განვადებით რეალიზაცია.უდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული საგადასახადო შემოწმებების მიერ განვადებით და განვადების გარეშე რეალიზებული საქონლის დადგენილი ფასნამატები განსხვავდება ერთმანეთისგან, განვადებით რეალიზებული საქონლის ფასნამატი აღემატება განვადების გარეშე რეალიზებულის ფასნამატს.ფულადი სახსრების გადაანგარიშების დროს გაიზრდება განკარგვადი ფულადი სახსრები 5%-ით და ხარჯი გაიზრდება 5%-ით რის მიხედვითაც სხვაობა რჩება უცვლელი.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;304(21);