გადაწყვეტილება №24781/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.03.2025
№ დოკუმენტი 24781/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24781/2/2025

17 მარტი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ ------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ს 18.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24781/2/2025).

 

დავის საგანი:

დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება და დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2024 წლის №232-9 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 28.01.2025 წლის №807 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 71 632,46 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 42 161

ჯარიმა - 21 618

საურავი - 7 853,46

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 17.12.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის მიერ ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2022 წლის დეკემბრის, 2023 წლის სექტემბრის და ნოემბრის და 2024 წლის მარტის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორე. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

2023 წლის სექტემბრის, ნოემბერის და 2024 წლის მარტის საანგარიშო პერიოდებში კომპანიას გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც არ აქვს შესაბამის საანგარიშო პერიოდში ასახული. ასევე, 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში კომპანიას გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და არ აქვს დეკლარირებული, მაგრამ აღნიშნულ პერიოდზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს აქვს დარიცხული გადამხდელის დაუდეკლარირებელი დღგ-ის თანხა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2024 წლის №232-9 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 28.01.2025 წლის №807 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან დაკავშირებით, მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, სადავო საგადასახადო შემოწმების აქტით 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე დღგ-ის დარიცხვა არ განხორციელებულა.

საქმის ფაქტობრივი გარემოებების და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა თემატური საგადასახადო შემოწმება დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვების სისწორის დადგენის მიზნით, რის შედეგადაც შპს -----ს დაერიცხა გადასახადები.

არ ეთანხმება შემოწმების შედეგებს ვინაიდან 2022 წლის პერიოდზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა უკვე განახორციელა დღგ-ის დარიცხვა, ხოლო ამ შემოწმების ფარგლებში აუდიტის დეპარტამენტმა ხელახლა მოახდინა დღგ-ის დარიცხვა.

ითხოვს, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საკითის შესწავლა და მოახდინოს დარიცხული თანხების კორექტირება, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს დარიცხული სანქციებისგან და მოხდეს დარიცხული თანხების კორექტირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ 2023 წლის სექტემბრის და ნოემბერის და 2024 წლის მარტის საანგარიშო პერიოდებში კომპანიას გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და არ აქვს შესაბამის საანგარიშო პერიოდში დღგ-ის დეკლარაციაში ასახული. ასევე 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში კომპანიას გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და არ აქვს დეკლარირებული, მაგრამ აღნიშნულ პერიოდზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა დღგ-ის თანხის დარიცხვა.

მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ 2022 წლის პერიოდზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა უკვე განახორციელა დღგ-ის დარიცხვა, ხოლო ამ შემოწმების ფარგლებში აუდიტის დეპარტამენტმა ხელახლა დაარიცხა დღგ.

აუდიტის დეპარტამენტის 27.02.2025 წლის №15007-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ვინაიდან 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა განახორციელა დაუდეკლარირებელი ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დღგ-ის დარიცხვა, შემოწმების მიერ აღარ განხორციელებულა არნიშნულ პერიოდზე გამოწერილი და დაუდეკლარიებელი ანგარიშ-ფაქტურების ხელმეორედ დაბეგვრა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით, შესაბამისად არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება და დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 17.12.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის მიერ ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2022 წლის დეკემბრის, 2023 წლის სექტემბრის და ნოემბრის და 2024 წლის მარტის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორე. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

2023 წლის სექტემბრის, ნოემბერის და 2024 წლის მარტის საანგარიშო პერიოდებში კომპანიას გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც არ აქვს შესაბამის საანგარიშო პერიოდში ასახული. ასევე, 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში კომპანიას გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და არ აქვს დეკლარირებული, მაგრამ აღნიშნულ პერიოდზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს აქვს დარიცხული გადამხდელის დაუდეკლარირებელი დღგ-ის თანხა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №232-9 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №807 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ამასთან,განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით, შესაბამისად არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1„ა“ და „ბ“); 163(1 და მე-2); 269(7);