გადაწყვეტილება №28196/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 28196/2/2026
11 ნოემბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ ----- )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 06.11.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,-----" 30.09.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 28196/2/2026).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 19.09.2025 წლის N 25517/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 25.08.2026 წლის N 081-178 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 1 770 311.14₾.
მათ შორის:
გადასახადი - 955 131 ₾.
დღგ - 390 299 ₾;
საშემოსავლო გადასახადი - 564 832 ₾.
ჯარიმა - 476 550 ₾;
საურავი - 338 630.14 ₾;.
პროცედურული გარემოებები:
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 10.10.2023 წლიდან 01.11.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 28.03.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების გამო:
1. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ბაზების, გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი/დეკლარირებული დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემების, საწარმოს სააღრიცხვო საბუღალტრო პროგრამისა და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის შესწავლით გამოვლინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა ბინების რეალიზაცია ნასყიდობა - გამოსყიდვის უფლებით. გამყიდველი მყიდველს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცემს უძრავ ქონებას, სრული თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში უქმდება გამოსყიდვის უფლება და ფართი უპირობოდ გადადის მყიდველის საკუთრებაში და მყიდველს უფლება ეძლევა, მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ფართზე ვალდებულებების ჩახსნის თაობაზე, გამყიდველის თანხმობის გარეშე.
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ ყიდვა/გამოსყიდვის უფლებით რეალიზებული ბინების სახელშეკრულებო ღირებულებამ შეადგინა - 1 388 716 -----, ხოლო ეკვივალენტი ლარში - 3 615 247 ლარი (ხელშეკრულების თარიღში მოქმედი ეროვნული ბანკის შესაბამისი კურსით). ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში აღნიშნული ბინების გამოსყიდვა არ მომხდარა. გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა აღნიშნული ოპერაციების აღრიცხვას და არ განიხილავდა დასაბეგრ ოპერაციად.
შემოწმების შედეგად, შეზღუდული საკუთრების უფლებით ქონების გადაცემა საგადასახადო მიზნებისთვის ჩაითვალა მიწოდებად, ხოლო გამოსყიდვის უფლების გამოყენება მიწოდების კორექტირების გარემოებად. განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა პირველი დავის საგნის ნაწილში აღნიშნული ოპერაციების აღრიცხვას და ფულის მოძრაობაში ჩართვას. გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში ასევე რეალიზებული იყო 3 ბინა (280 780 ლარად), რომელიც არ იყო ასახული ბუღალტერიაში და შესაბამისად ფულის გაანგარიშებაში. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ბინების ყიდვა/ნასყიდობის სახელშეკრულებო ღირებულება, დამფუძნებლის მიერ კომპანიაში განხორციელებული ფულადი შენატანების (299 304 ლარი) გათვალისწინებით, ჩაითვალა მიღებულად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
აღნიშნული საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 16.04.2025 წლის N 7212 ბრძანება და N 081 - 80 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 08.07.2025 წლის N 15832 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 19.09.2025 წლის N 25517/2/2025 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
1. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გამოსყიდული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია;
2. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი ინფორმაციის/მტკიცებულებების გათვალისწინებით, სადავო საკითხის მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა, ოპერაციის კვალიფიკაცია განსაზღვრა სიტუაციური სახელმძღვანელოებისა და საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით სხვა საკითხების განმხილველი საბჭოს 07.12.2022 წლის N 21 ----- სხდომის ოქმის მიხედვით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 19.09.2025 წლის N 25517/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 29 ივლისის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა 808 545 ლარით, მათ შორის: გადასახადი 538 353 ლარით (დღგ 204 005 ლარით, საშემოსავლო გადასახადი 334 348 ლარით), ხოლო ჯარიმა 270 192 ლარით, რაზეც გადასახადის გადამხდელს წარედგინა 25.08.2026 წლის N 19109 ბრძანება და N 081-178 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია:
1. აუდიტორმა ჩათვალა ქონების რეალიზაციად და საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჩათვალა საქონლის მიწოდებად, ხოლო ასევე მოიშველია 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად: გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში;
2. აუდიტორმა არ გაითვალისწინა შემდეგი გარემოება, რომ კომპანიის მიზანს არ წარმოადგენს ნასყიდობა გამოსყიდვით გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბინების გაყიდვა. აუდიტორმა ასევე, არ გაითვალისწინა, რომ ნასყიდობა გამოსყიდვაში მითითებული ბინის ღირებულება არ შეესაბამება ბინის საბაზრო ღირებულებას.
3. აუდიტორმა ჩათვალა, რომ ნასყიდობა გამოსყიდვის ხელშეკრულებით გაფორმებით მოახდინა საქონლის მიწოდება, თუმცა, არ გაითვალისწინა გარემოება, რომ აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმა ატარებდა ფიქტიურ ხასიათს კერძოდ: კომპანია დაინტერესებულია მოიძიოს ფულადი სახსრები და აღნიშნული თანხების უზრუნველყოფის მიზნით ხდება გარანტიის სახით ნასყიდობა გამოსყიდვის ხელშეკრულების გაფორმება.
4. აუდიტორმა ასევე არ გაითვალისწინა გარემოება, რომ ნასყიდობა გამოსყიდვის ხელშეკრულებით, მართალია, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში თანხის მომცემი პირობითად დარეგისტრირდა მესაკუთრედ, თუმცა, არა სრული საკუთრების უფლებით, ანუ ვიდრე გამოსყიდვის უფლება აქვს კომპანიას მას უფლება არა აქვს განკარგოს ქონება, ანუ საკუთრების რეგისტრაცია ფორმალურ ხასიათს ატარებს. საქონლის მიწოდება უნდა განიმარტოს ინდივიდუალურად ხელშემკვრელი მხარეების ნების გამოვლენის ჭრილში და არა საგადასახადო აგენტის შეხედულებით, რომელიც შესაძლებელია ზიანის მომტანი იყოს როგორც კომპანიისათვის ასევე, სახელმწიფოსათვისაც. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ბოლო წინადადება:
ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში;
5. აღნიშნული სტანდარტით თუკი ჩაითვლება ნასყიდობა გამოსყიდვის ხელშეკრულებას დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად გამოსყიდვის ვადის გასვლამდე, მაშინ სახელმწიფო რჩება წაგებული, რადგანაც ნასყიდობა გამოსყიდვის ფასი საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით ნაკლებია და როგორ უნდა ჩაითვალოს რეალიზაციად. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აღიშნულ თანხებში კომპანია რა თქმა უნდა არ გაყიდის ქონებას და სახელმწიფოს არ აზარალებს.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოწმებისას, შეზღუდული საკუთრების უფლებით ქონების გადაცემა საგადასახადო მიზნებისთვის განხილულ იქნა მიწოდებად და დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. ამასთან, გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა აღნიშნული ოპერაციების აღრიცხვას და ფულის მოძრაობაში ჩართვას. ბინების ყიდვა/ნასყიდობის სახელშეკრულებო ღირებულება, დამფუძნებლის მიერ კომპანიაში განხორციელებული ფულადი შენატანების (299 304 ლარი) გათვალისწინებით, ჩაითვალა მიღებულად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
მომჩივნის წარმომადგენელმა, საბჭოს 05.09.2025 წლის სხდომაზე, სადავო საკითხების ზეპირი განხილვისას, განაცხადა, რომ ძველ პერიოდში დაწყებული ბინების მშენებლობის გაგრძელების და დასრულების მოტივით, ფულადი რესურსის მოზიდვის მიზნით იპოთეკარებთან გააფორმა სესხის ხელშეკრულებები ნასყიდობა - გამოსყიდვის უფლებით, კომპანიის მიზანს წარმოადგენდა სესხის აღება და არა ნასყიდობა-გამოსყიდვით გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბინების გაყიდვა. შესაბამისად, მიაჩნია, რომ გამოსყიდული ბინების მიწოდებად ჩათვლა არამართლზომიერია. მომჩივანმა 11.09.2025 წლის N -----/----- განცხადებით წარმოადგინა შემოწმების პერიოდის შემდეგ გამოსყიდული ბინების შესახებ რეესტრი (ექსელის ფორმატში), რომელიც გაეგზავნა შემმოწმებელს.
საბჭომ 19.09.2025 წლის N 25517/2/2025 გადაწყვეტილების მიღებისას, ყურადღება გაამახვილა მომჩივნის არგუმენტებზე და მიუთითა სიტუაციური სახელმძღვანელოებისა და საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით სხვა საკითხების განმხილველი საბჭოს 07.12.2022 წლის N 21 (13.12.2022 წლის N -----) სხდომის ოქმზე, რომლის მიხედვით საბჭომ დაადგინა:
- მხარეთა გარიგება (განხორციელებული ოპერაცია) სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე გადაკვალიფიცირდეს, თუკი გარემოებათა შესწავლისას გამოვლინდება მხარეთა რეალური ნება და ის განსხვავდება განსახილველ გარიგებაში დაფიქსირებულისაგან, ანუ მხარეთა ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ნების გამოხატულება ნაკლოვანია ამა, თუ იმ გამორკვეული/დადგენილი მიზეზით (სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ხელშეკრულების/გარიგების სახეების გამოყენებით, თვალთმაქცობა, შეცდომა და ა.შ.).
- მხარეთა ნების ნაკლოვანება შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი გზით:
1. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში;
2. აუდიტორული შემოწმების ფარგლებში;
3. საგადასახადო დავის წარმოების ფარგლებში.
- თუ კომპანია, უძრავი ქონების რეალიზაციის დროს ხელშეკრულებაში აფიქსირებს და გამოხატავს ნებას - ქონების გაყიდვას - გამოსყიდვის უფლებით, რომელიც შესაძლოა არ შეესაბამებოდეს და გამოხატვის ფორმა ასცდა მხარეთა რეალურ ნებას, ასეთი ქონების ჯერ მიწოდების და შემდეგ ამ ქონების გამოსყიდვის ოპერაციები ერთობლიობაში შესაძლებელია დაბეგვრის მიზნებისათვის განხილულ იქნეს, როგორც სასესხო (ქონების უზრუნველყოფით) გარიგება.
- ოპერაციების გადაკვალიფიცირების შესაძლებლობა მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული ისეთი გარიგებების მიმართ, როცა ქონების გაყიდვა - გამოსყიდვა საგადასახადო შემოწმების პერიოდშივეა განხორციელებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია (გარდა იმ შემთხვევისა, როცა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილია, რომ ნასყიდობა - გამოსყიდვის ოპერაცია შინაარსით სასესხო ოპერაციაა).
მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეისწავლა მომჩივნის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია (ექსელის ფაილი) და დაადასტურა, რომ ბინები ზოგ შემთხვევაში გამოსყიდულია, თუმცა ხელმეორედ გაცემულია ნასყიდობა - გამოსყიდვის ხელშეკრულებით.
საბჭო მიიჩნევს, რომ თუ დასტურდება უძრავი ქონების გამოსყიდვის ფაქტი, მიუხედავად შემდგომ განხორციელებული ქმედებისა, უნდა განხორციელდეს ოპერაციის კვალიფიკაციის განსაზღვრა აღნიშნული ოქმის მიხედვით.
საბჭოს 19.09.2025 წლის N 25517/2/2025 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
1. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გამოსყიდული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია;
2. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი ინფორმაციის/მტკიცებულებების გათვალისწინებით, სადავო საკითხის მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა, ოპერაციის კვალიფიკაცია განსაზღვრა სიტუაციური სახელმძღვანელოებისა და საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით სხვა საკითხების განმხილველი საბჭოს 07.12.2022 წლის N 21 (13.12.2022 წლის N ----- ) სხდომის ოქმის მიხედვით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3.დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 19.09.2025 წლის N 25517/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 29 ივლისის დასკვნის მიხედვით, გადაანგარიშების ეტაპზე დაკორექტირდა საგადასახადო ვალდებულებები იმ ბინების ნაწილში, რომლებიც გამოსყიდულია შესამოწმებელი პერიოდის გარეთ და ცნობილი გახდა საგადასახადო დავის მიმდინარეობის ფარგლებში. აღნიშნული ბინების რეალიზაციის ნაწილში, დასკვნის შედეგად შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა 808 545 ლარით, მათ შორის: გადასახადი 538 353 ლარით (დღგ 204 005 ლარით, საშემოსავლო გადასახადი 334 348 ლარით), ხოლო ჯარიმა 270 192 ლარით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე ორგანოს მიერ წარმოდგენილ ზემოაღნიშნულ ინფორმაციაზე და იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანს მიეცა საჩივრის ზეპირ განხილვაზე დასწრების და პოზიციის წარმოდგენის (დაცვის) შესაძლებლობა, მან როგორც საჩივარში, 28.03.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხვის მართლზომიერებაზე ისაუბრა, რომელიც თავდაპირველი 25.07.2025 წელს წარმოდგენილი N 25517/2/2025 საჩივრითაც ჰქონდა წარმოდგენილი და რაზეც იმსჯელა და მიიღო კიდეც საბჭომ 19.09.2025 წლის N 25517/2/2025 გადაწყვეტილება. მას არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი ან მტკიცებულება, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა საბჭოს 19.09.2025 წლის N 25517/2/2025 გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ და 2026 წლის 29 ივლისის დასკვნით არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება. განსახილველ შემთხვევაში საბჭო მსჯელობს მხოლოდ 19.09.2025 წლის N 25517/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების მართლზომიერებაზე, რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ, შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულის ფარგლებს.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საბჭოს 19.09.2025 წლის N 25517/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 19.09.2025 წლის N 25517/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ კომპანიის საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლინდა უძრავი ქონების რეალიზაციის ოპერაციების აღურიცხაობა, რის საფუძველზეც დაერიცხა დამატებული ღირებულებისა და საშემოსავლო გადასახადები, შესაბამის ჯარიმებთან ერთად. გადაწყვეტილების გასაჩივრების შედეგად საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რის საფუძველზეც ოპერაციები დამატებით იქნა შესწავლილი და დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები შემცირდა. მიუხედავად აღნიშნულისა, გადასახადის გადამხდელმა დარჩენილი დარიცხვებიც გაასაჩივრა.
გადაწყვეტილება:
საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (21); 275;